კურორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველრომაული თერმები ინგლისში
მაიამი-ბიჩი

კურორტი (გერმ. Kurort, სიტყვასიტყვით — სამკურნალო ადგილი) — ადგილი, რომელსაც აქვს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოსაყენებლად. კურორტის ტერიტორიაზე სამკურნალო დაწესებულებების ძირითადი ტიპია სანატორიუმი: არის სხვა დაწესებულებებიც — პანსიონატი, დასასვენებელი სახლი, წყალსამკურნალო, საკურორტო პოლიკლინიკა, სამედიცინო პლაჟი და სხვა. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები — მინერალური წყალი, ჰაერი, სამკურნალო ტალახი და სხვა უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჰიპოკრატე მათ ფართოდ იყენებდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.

XX საუკუნემდე შემორჩა შავ ზღვაზე ძველი რომაელების მიერ აშენებული თერმები და სხვა ბალნეოლოგიური ნაგებობანი.

შუა საუკუნებში ევროპის ზოგიერთმა კურორტმა დღემდე შიენარჩუნა მნიშვნელობა, რომელთა შორისაა აახენი, ვისბადენი, ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი, ბეილე-ერკულანე და სხვა. კურორტის პროფილს განსაზღვრავს წამყვანი ბუნებრივი ფაქტორი.

განარჩევენ კურორტის 3 ძირითად ჯგუფს: კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს. კლიმატური კლიმატი თავის მხრივ შეიძლება იყოს მთის, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველის, ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი მინერალური წყლის გამოყენების მიხედვით — სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო.

თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, ის შერეული პროფილისაა — კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ბალნეოლოგიურ-ტალახის, კლიმატურ-ტალახის, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ-ტალახისა და სხვა. ერთმანეთთან ალხომდებარე კურორტები, საკურორტო დაბები და სამკურნალო ადგილები საკურორტო რაიონებისა და კურორტების ჯგუფების სახელითაა გაერთიანებული, მაგალითად, თბილისის კურორტების ჯგუფი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]