ბათუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ბათუმი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბათუმი (მრავალმნიშვნელოვანი).
თვითმმართველი ქალაქი
ბათუმი
ბათუმი
ბათუმი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აჭარის არ
კოორდინატები 41°38′45″ ჩ. გ. 41°38′30″ ა. გ. / 41.64583° ჩ. გ. 41.64167° ა. გ. / 41.64583; 41.64167
თვითმმართველი ქალაქი 1878  წლიდან
ფართობი 64.9 [1][2] კმ²
მოსახლეობა 160 ათასი [3] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 7 293.8[4] კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი +995 422[5]
საფოსტო ინდექსი 6000[6]
ოფიციალური საიტი www.batumi.ge/

ბათუმი მდებარეობა საქართველო

Red pog.svg

ბათუმი მდებარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

Red pog.png

ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 160 ათასი.

ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

ეტიმოლოგია

ქალაქის სახელი „ბათუმი“ მოდის ბერძნული სიტყვიდან - „ბათუსი“ (Bathus), რაც ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს. ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის IV ს-ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ მომდევნო ხანის რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე.

ისტორია

წარმოშობა

ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს „თამარის ციხეს“ უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.

ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (II ს.) დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი ქართლს შეუერთა.

ფეოდალური ხანა

ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი). XIII საუკუნის დასასრულს - XIV საუკუნის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს — დადიანებს ეკუთვნოდათ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელოა. 1547 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 1564 წელს როსტომ გურიელმა დაიბრუნა, მალე ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა. ოსმალებმა ბათუმი აქციეს ბათუმის საჯნაყის, ანუ ლივანის ადმინისტრაციულ ცენტრად და სხვა სანჯაყებთან, ტრაპიზონსა და გონიოსთან ერთად ტრაპიზონის გუბერნატორს დაუქვემდებარეს.

1609 წელს მამია გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ბათუმს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, XVIII საუკუნეში ბათუმი მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. 1807 წელს ბათუმი მოინახულა ადრიან დიუპრემ. ამ დროს ბათუმში 2000-მდე მცხოვრები იყო, მაგრამ სოფელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალაქს, მას არ იცავდა არავითარი სიმაგრე, ერთადერთი ხის კოშკი, უქვემეხო, თხრილშემოვლებული აღმართული ქვის საძირკველზე იდგა ბაზართან.

XIX საუკუენში ბათუმი ლაზისტანის საფაშოს დედაქალაქი იყო. საფაში 11 კაზას, ანუ ოლქს მოიცავდა: ბათუმი, ჩურუქ-სუ, ზემო აჭარა, [ქვემო აჭარა]], მაჭახელი, ლივანი, გონია, ხოფა, ახროვე, ემშინა და ათინა. მას მართავდა მუთასარიფი, ანუ გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პორტას, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებას. ბათუმში იყო მეჯლისი,ანუ საგუბერნიო საბჭო, სასამართლო,თურქული და ბერძნული სკოლები, სამი მეჩეთი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია.

ბერლინის ტრაქტატით (1878) ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

რუსეთის იმპერიაში

ბათუმის ყურე, XIX ს.
ბათუმი 1911 წელს.

1878 - 1886 წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883) და ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897 - 1907) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ კასპიის ზღვის ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში.

ცარიზმი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ახორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. საპასუხოდ აქ წარმოიქმნა ეროვნული მოძრაობის ძლიერი კერა, რომელსაც მესვეურობდნენ ი. მესხი, ვ. ასათიანი, მ. და ჰ. აბაშიძეები, გ. კაიკაციშვილი, დ. კლდიაშვილი და სხვები. ქართველი მოღვაწეები რუს შოვინისტ მოხელეებს და თურქ ანექსიონისტებს ეწინააღმდეგებოდნენ. ქართული სულისკვეთბის აღორძინებაში დიდ როლს თამაშობდა ბათუმის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

1828 წელს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე (ძველად აკამფსისის), რომელიც შეერთვის შავ ზღვას ბათუმის იქით, დასავლეთით. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან, რომელიც შეედინება ზღვას ბათუმის აქეთ, ჩრდილო-დასავლეთით. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა, და ამ შეცდომის შედეგად ბათუმი ოსმალეთს შერჩა.[7]

XX საუკუნე

XX საუკუნის დამდეგს ბათუმის ნავთობის საწარმოებში შეიქმნა მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური ხასიათის აქციებს აწყობდნენ. 1905 წლის ივლისში ბათუმის მუშები ჩაებნენ სამხრეთ რუსეთის საყოველთაო გაფიცვაში. 30 ნოემბერს მოხდა მუშათა შეიარაღებული აჯანყება, რომელსაც მხარი დაუჭირეს გურიის და ქვემო აჭარის შეიარაღებულმა "წითელმა ასეულებმა", თუმცა რეაქციის წლებში ცარიზმმა ბათუმში რეპრესიები გააძლიერა.

I მსოფლიო ომის (1914 - 1918) დროს თურქეთის სარდლობის ცდა, ხელთ ეგდო ბათუმი, ჩაიშალა. ბრესტის ზავის (1918) თანახმად, ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის თანხმობის გარეშე, ბათუმი და სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთს მიეკუთვნა. 1918 წლის აპრილში თურქებმა ბათუმში თავიანთი ჯარები შემოიყვანეს. I მსოფლიო ომში გერმანია-თურქეთის ბლოკის დამარცხების შემდეგ, მუდროსის დაზავების (1918) თანახმად, ბათუმში ინგლისელთა ჯარები შემოვიდნენ. ინგლისმა აქ შექმნა თავისი საგუბერნატორო. ამ დროს ბათუმის დაპატრონებას ცდილობდა, ერთი მხრივ, გენერალი ა. დენუკინი, მეორე მხრივ - პანთუქრისტული წრეების წარმომადგენელი სერვერ-ბეგ ათაბაგი, რომელიც ე. წ. „ყარსის მთავრობას“ მესვეურობდა.

ბათუმ-აჭარის მუსლიმანი ქართველობა წინ აღუდგა თეთრგვარდიელებისა და ოსმალო დამპყრობლების მცდელობას. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში შეიკრიბა მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლობა, რომელმაც შეიმუშავა მიმართვა საქართველოს დამფუძნებული კრებისა და პარიზის საზავო კონფერენციისადმი. ამ მიმართვაში ბათუმი, ისევე, როგორც მთელი აჭარა, აღიარებული იყო საქართველოს ნაწილად ავტონომიური მმართველობის უფლებით. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 25 დეკემბერს აჭარის ოლქი ბათუმითურთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა, რაც აღიარებულია რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებითაც.

1920 წლის 4 ივლისს ბათუმიდან ინგლისის ჯარი გავიდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, თურქეთმა კვლავ სცადა ბათუმის აღება, მაგრამ გენერალ გ. მაზნიაშვილის ჯარებმა თურქებს ქალაქი დაატოვებინა. 1921 წლის 19 მარტს ბათუმი საბჭოთა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

ბათუმის მოსახლეობა და მოწინავე საზოგადოება არ შერიგებია კომუნისტურ რეჟიმს. აქაური ინტელიგენცია აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებაში, რისთვისაც მწვავე რეპრესიები განიცადა.

საბჭოთა რეჟიმი ანგარიშს არ უწევდა ბათუმ-აჭარის ისტორიული ცხოვრების თავისებურებას. ფორსირებულად მიმდინარეობდა ბრძოლა ისლამური რელიგიის წინააღმდეგ, ადგილობრივი ტრადიციების (ჩადრი და სხვა) დასაძლევად, რაც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ინდუსტრიალიზაციისა და საყოველთაო კოლექტივიზაციის წლებში საბჭოთა ხელისუფლება აჭარაში იძულებით ღონისძიებებს ახორციელებდა. ყოველივე ამის გამო 1928 წელს აჭარის მოსახლეობა აჯანყდა. 1937-1938 წლებში საბჭოთა ხელმძღვანელობამ ბათუმში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უმკაცრესი რეპრესიები განახორციელა ე. წ. „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გეოგრაფია

ბათუმის ხედი მახინჯაურიდან

ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; ის გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

ბათუმის ბუნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვარში — 7,1 °C, აგვისტოში — 23,2 °C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7 °C-ია. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.

ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმპარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.

წლიური ამინდი — ბათუმი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 23 (73) 26 (79) 28 (82) 32 (90) 33 (91) 36 (97) 40 (104) 32 (90) 34 (93) 31 (88) 30 (86) 24 (75) 40 (104)
საშუალო მაღალი °C (°F) 9 (48) 10 (50) 11 (52) 15 (59) 18 (64) 22 (72) 25 (77) 25 (77) 22 (72) 19 (66) 15 (59) 11 (52) 17 (63)
საშუალო დაბალი °C (°F) 3 (37) 4 (39) 5 (41) 9 (48) 13 (55) 17 (63) 19 (66) 19 (66) 16 (61) 13 (55) 9 (48) 6 (43) 11 (52)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -5 (23) -7 (19) -5 (23) 1 (34) 5 (41) 6 (43) 11 (52) 7 (45) 10 (50) 1 (34) 1 (34) -6 (21) -7 (19)
ნალექი მმ (დუიმი) 281 (11.1) 228 (9) 174 (6.9) 122 (4.8) 92 (3.6) 163 (6.4) 182 (7.2) 255 (10) 335 (13.2) 306 (12) 304 (12) 276 (10.9) 2,718 (107)
წყარო: weatherbase.com[8] 6.04.2009

მოსახლეობა

1926 წლის აღწერით ბათუმში იყო 48,5 ათ. მცხოვრები, 1939 წ. - 70 ათ., 1959 წ. - 82,3 ათ., 1970 წ. - 101 ათ., 1979 წ. - 122, 8 ათ., 1989 წ. - 136, 9 ათასი. უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობის საშუალო წლიური მატება დაახლოებით 2%-ს შეადგენს. მოსახლეობა ეროვნული შემადგენლობა (1989): ქართველი - 65,9%, რუსი - 15,4%, სომეხი - 9,8%, უკრაინელი - 2,9%, ბერძენი - 2,0%, დანარჩენი - 4%.

გამოჩენილი ბათუმელები

ეკონომიკა

ანბანის კოშკი
ბათუმის ნავსადგური
ბათუმის ნავსადგური

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. მთავარი დარგებია ნავთობგადამუშავება, მანქანათმშენებლობა, ფარმაკო-ქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა. განვითარებულია აგრეთვე საშენი მასალების წარმოება და ხე-ტყის გადამუშავება. ზოგიერთი სამრეწველო საწარმო უმთავრესად ადგილობრივი მოთხოვნილების ფართო მოხმარების საგნებს ამზადებს.

ბათუმის ენერგეტიკული ბაზის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აჭარისწყლის ჰესმა, რომელიც ამჟამად ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. ქალაქის უმსხვილესი საწარმოა ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. 5 მანქანათსაშენი ქარხანა ამზადებს კვების მრეწველობის მანქანა-დანადგარებს, მცირე წყალწყვის გემებს (მ. შ. წყალქვეშაფრთიან კატარღებს), სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. მძლავრი ფარმაკო-ქიმიური საწარმო ამუშავებს სამკურნალო მცენარეებს და უშვებს 40-მდე დასახელების სამედიცინო პრეპარატს. სამრეწველო წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ავეჯის დამზადებას. მსუბუქი მრეწველობის საწარმოები - ტყავ-ფეხსაცმლისა და სამკერვალო გაერთიანებები - ამზადებებ საპირე ტყავს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ფართო მოხმარების სხვა საგნებს. კვების მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ციტრუსკომბინატი (უშვებს ციტრუსებსა და სხვა ხილი კონსერვებს). ქალაქში არის აგრეთვე თამბაქოსა და ჩაის ფაბრიკები, ხოცკომბინატი, პურკომბინატი, ლუდის, რძისა და თევზის ქარხნები. ბათუმზე მოდის აჭარის მრეწველობის მთლიანი პროდუქციის უდიდესი ნაწილი.

ბათუმი რესპუბლიკის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, სადაც თავს იყრის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები. აქ წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთლ სანაპიროზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება. სატრანსპორტო კვანძის საერთო ტვირთბრუნვაში სატრანზიტო ტვირთებთან ერთად დიდი ადგილი უკავია თვით ქალაქის და მისი უახლოესი მიდამოების სამეურნეო ტვირთებს. მთლიანად მექანიზებულია მშრალი ტვირთბის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები. აშენდა ახალი საზღვაო ვაგზალი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა შორეული და ადგილობრივი მარშრუტებით. ბოლო წლებში ქალაქის ეკონომიკური კავშირურთიერთობაში დიდად გაიზარდა ავტოტრანსპორტის როლი. თანამედროვე საავტომობილო გზატკეცილებით ბათუმი დაკავშირებულია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრებთან, აჭარის შიგა რაიონებთან და თურქეთთან.

ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2007 წლის მაისში გახსნა.

ტურიზმი

ბათუმის რუკა

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც. 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის 1.5 კილომეტრით დაგრძელება, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები.

ღირსშესანიშნაობანი

აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ — დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ბათუმის საფოსტო მარკები

ბათუმის მარკები

ბრიტანეთის ოკუპაციის დროს ადრე გამოშვებული რუსული საფოსტო მარკების მარაგი ამოიწურა და 1919 წლის თებერვალში ადმინისტრაციამ ახალი მარკები დაბეჭდა. ეს იყო პერფორირებული მარკები ალოეს ხის გამოსახულებით და წარწერით БАТУМСКАЯ ПОЧТА. მოგვიანებით ბრიტანელებმა მასზე შტამპი „BRITISH OCCUPATION“ (ბრიტანეთის ოკუპაცია) დაარტყეს. შტამპებზე ფასი ცვალებადი იყო, თუმცა მოგვიანებით, 1920 წელს, ინფლაციის დონის ზრდის გამო, ყოფილი 5 კაპიკიანი მარკები ახალი დენომინაციებით გამოიცა (50 რუბლამდე). ბრიტანეთის მმართველობის ხანმოკლეობის მიუხედავად სამი სახის მარკა დიდი რაოდენობით არსებობს (შესაძლოა დამატებითი მარკები ოკუპაციის შემდეგაც დაიბეჭდა), თუმცა ხელმეორედ გადაბეჭდილი შტამპები არც ისე ბევრია და 2003 წლისთვის კოლექციონერთა შორის მათი ფასი $500 ამ. დოლარზე მეტს აღწევდა.

დაძმობილებული ქალაქები

ქალაქი ქვეყანა წელი
1 აღჯაბედი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
2 ვანაძორი სომხეთის დროშა სომხეთი 2006
3 პირეუსი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1996
4 ბარი იტალიის დროშა იტალია 1987
5 კისლოვოდსკი რუსეთის დროშა რუსეთი 1997
6 სავანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 1992
7 სან-სებასტიანი ესპანეთის დროშა ესპანეთი 1987
8 ართვინი თურქეთის დროშა თურქეთი 1999
9 ტრაპიზონი თურქეთის დროშა თურქეთი 2000
10 კარტახენა კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1987
11 ცზიბო ჩინეთის დროშა ჩინეთი
12 ბლაგოევგრადი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
13 იალტა უკრაინის დროშა უკრაინა 2008[9]
14 ვერონა იტალიის დროშა იტალია 2010[9]
15 კუშადასი თურქეთის დროშა თურქეთი 2010[10]
16 ორდუ თურქეთის დროშა თურქეთი 2011[9]
17 ტერნოპოლი უკრაინის დროშა უკრაინა 2011[9]
18 ნიუ-ორლეანი აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 2012[9]
19 იალოვა თურქეთის დროშა თურქეთი 2012[9]
20 ნახიჩევანი აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 2012[9]

გალერეა

ბათუმის პანორამა
ბათუმის პანორამა

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. ბათუმის ტერიტორიის სრული აღწერა მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით
  2. ბათუმი — გეოგრაფია და ბუნება
  3. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით geostat.ge
  4. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვით
  5. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  6. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  7. ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989, გვ. 8
  8. Weatherbase. წაკითხვის თარიღი: April 6, 2009.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Batumi - Twin Towns & Sister Cities. Batumi City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-05-04-ში. წაკითხვის თარიღი: 2013-08-10.
  10. ბათუმი და კუშადასი 2010 წლის ოქტომბერში დაძმობილდნენ.