საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სსრკ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი
Союз Советских Социалистических Республик

კავშირი
Flag of Russian SFSR (1918-1937).svg

 
Flag of Ukrainian SSR (1919-1929).svg
 
Flag of Transcaucasian SFSR.svg
 
Flag of Byelorussian SSR (1919-1927).svg





30 დეკემბერი 192226 დეკემბერი 1991 Flag of Georgia (1990-2004).svg
 
Flag of Moldova.svg
 
Flag of Latvia.svg
 
Flag of Lithuania.svg
 
Flag of Estonia.svg
 
Flag of Azerbaijan.svg
 
Flag of Turkmenistan 1992.png

 
Flag of Ukraine.svg
 
Flag of Armenia.svg
 
Flag of Kazakhstan.svg
 
Flag of Tajikistan.svg
 
Flag of Uzbekistan.svg
 
Flag of Russia (1991-1993).svg
 
Flag of Belarus (1991-1995).svg
 
Flag of Kyrgyzstan.svg

Flag of the Soviet Union.svg Coat of arms of the Soviet Union.svg
დროშა გერბი
დევიზი
ქართ. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!
რუს. Пролетарии всех стран, соединяйтесь!
ჰიმნი
«Союз нерушимый»
Union of Soviet Socialist Republics (orthographic projection).svg
საბჭოთა კავშირის რუკა 1945 წლიდან
დედაქალაქი მოსკოვი
უდიდესი ქალაქები მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, მინსკი, ალმათი, ტაშკენტი, თბილისი
ენა არა (სამუშაო რუსული)
რელიგია არცერთი (ფაქტ. ათეიზმი)
ფულის ერთეული საბჭოთა რუბლი
ფართობი 22 402 200 კმ² [1]
მოსახლეობა 293 047 571 000[2]
მმართველობის ფორმა მარქსისტ-ლენინისტური ერთპარტიული სახელმწიფო
ფაქტიური ლიდერი
 - 1922-1924 ვლადიმერ ლენინი
 - 1924-1953 იოსებ სტალინი
 - 1953 გიორგი მალენკოვი
 - 1953-1964 ნიკიტა ხრუშჩოვი
 - 1964-1982 ლეონიდ ბრეჟნევი
 - 1982-1984 იური ანდროპოვი
 - 1984-1985 კონსტანტინე ჩერნენკო
 - 1985-1991 მიხეილ გორბაჩოვი
ინტერნეტ დომენი .su
სატელეფონო კოდი +7
  1. 1991 წლისთვის
  2. 1989 წლისთვის

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას).

სექციების სია

სახელწოდება[რედაქტირება]

ოფიციალური:

საბჭოთა კავშირის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (1990 წლის მონაცემებით – 78%) შედგებოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისგან, რომელიც 1917 წლის 7 ნოემბრის რევოლუციის შედეგად რუსეთის ცარისტული იმპერიის ტერიტორიაზე დაარსდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ რუსეთის ფედერაციის სახით მის იურიდიულ მემკვიდრედ დარჩა. რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის დომინირების გამო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს მსოფლიოში, მეტწილად კი დასავლეთში, ძირითადად როგორც „რუსეთს“ იცნობდნენ.

გეოგრაფია[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ზრდა მისი დაარსებიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გრძელდებოდა, როდესაც მან ბალტიის ქვეყნებიესტონეთი, ლიტვა და ლატვია, ასევე ბესარაბიას (რუმინეთის ნაწილი, შემდგომში მოლდავეთის სსრ), ტანუ-ტუვას (ტუვის რესპუბლიკა), აღმოსავლეთ პრუსიის ჩრდილო ნაწილები, ფინეთის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და იაპონიის ტერიტორიული ნაწილები შემოიერთა.
ამგვარად საბჭოთა კავშირი კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფო იყო (თუ არ ჩავთლით რუსეთის იმპერიას 1917 წლამდე, რომლის შემადგენლობაშიც ამის გარდა შედიოდა ფინეთი, პოლონეთი და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილები).

1945 წლიდან საბჭოთა კავშირი ესაზღვრებოდა რუმინეთს, ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთს, ფინეთს, ნორვეგიას, ჩრდილოეთის ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, მონღოლეთს, ავღანეთს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, თურქეთსა და შავ ზღვას.

22,4 მილიონი კვადრატული კილომეტრი სიდიდის სსრკ-ის ტერიტორია დედამიწის ხმელეთის თითქმის მეექვსედს იჭერდა და 11 სასაათო სარტყელს მოიცავდა.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ფიზიკური რუკა
 


მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობის დინამიკა

1988 წლის მონაცემებით საბჭოთა კავშირის 15 მოკავშირე რესპუბლიკაში მოსახლეობის რიცხვი 286,717 მილიონს შეადგენდა. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა როგორც ტერიტორიულად, ასევე მოსახლეობის რიცხვის მხრივ, მთელ კავშირზე პოლიტიკური და ეკონომიური თვალსაზრისით დომინირებდა.

რელიგიის საკითხი საბჭოთა კავშირში[რედაქტირება]

საბჭოეთის სახელმწიფო დოქტრინას სამეცნიერო ათეიზმი წარმოადგენდა. რელიგიის მიმდევრობა სხვადასხვა დროში ან აკრძალული იყო, ან სახელმწიფოებრივ შეზღუდვას განიცდიდა, მაგალითად, აკრძალული იყო საჯარო საეკლესიო გალობა.

1920 წლისთვის რუსეთის მოსახლეობის 90% მიეკუთვნებოდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 1940 წლისთვის ეს რიცხვი 30%-ზე დაბლა დაეშვა. ურიცხვმა მორწმუნემ რეპრესირება განიცადა ან ციმბირში იქნა გადასახლებული. ბევრი მათგანი აწამეს ან დახვრიტეს.

ლენინის მეთაურობით საბჭოთა მთავრობამ გამოსცა დეკრეტები და კანონები (1918 წლის იანვარ-თებერვლის „დეკრეტი სინდისის თავისუფლებაზე, საეკლესიო და რელიგიურ გაერთიანებაზე“, აგრეთვე 27 ივნისის იუსტიციის სახალხო კომისრის პეტრე სტუჩკას მიერ გამოცემული „ლიკვიდირების კანონი“, რომლებიც ქაღალდზე რელიგიური თავისუფლების გარანტიას იძლეოდნენ, მაგრამ ეკლესიას მის საკუთრებას ართმევდნენ).
სინამდვილეში ეკლესია ძველი წესწყობილების წარმომადგენლად, ხოლო მისი მიმდევრები - კონტრრევოლუციონერებად იქნენ აღიარებული (”რევოლუციის ზურგში ხანჯლის ჩამცემნი”). ამ დეკრეტებს მოჰყვა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა მასობრივი დახვრეტები. სტალინის მმართველობისას ათასობით ეკლესიის მსახურნი ე.წ. „გულაგში“ გადაიგზავნენ (ციმბირის ტერიტორიაზე მოქმედი საბჭოური ტიპის სამუშაო-საკონცენტრაციო ბანაკები). ასევე შუააზიის რესპუბლიკებში, რომლებშიც მეტწილად მუსლიმები ცხოვრობდნენ, მეჩეთების უმრავლესობა დაიხურა და რელიგიური პრაქტიკა აიკრძალა.

გარდა ამისა, ციმბირში, ძირითადად ტბა ბაიკალის სამხრეთ მხარეს, მრავალრიცხოვნად ცხოვრობდნენ ბუდისტები და სხვასხვა ადგილობრივი ტრადიციული რწმენის ხალხები, რომელთა რელიგიური პრაქტიკაც ძლიერ შეზღუდვას განიცდიდა.

1939 წელს მკაცრი სახელმწიფო ანტირელიგიური დამოკიდებულება შესუსტდა. მღვდელთა გარკვეული ნაწილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ხელახლა გაიხსნა რამდენიმე უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი და ეკლესია-მონასტერი.

ნიკიტა ხრუშჩოვის დროში ანტირელიიგიური ბრძოლა განახლდა. ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ იგი „საბჭოთა კავშირის უკანასკნელ მღვდელს ტელევიზიაში გამოიყვანდა“.

მიხეილ გორბაჩოვმა 80-იან წლებში ხელისუფლების მხრიდან რელიგიის შეუწყნარებლობა ძლიერ დაასუსტა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის მოკავშირე რესპუბლიკებში რელიგიური პრაქტიცირების რეალური თავისუფლების ხანა დადგა.

პოლიტიკა[რედაქტირება]

1990 წლის 18 სექტემბერს მოსკოვში წითელ მოედანზე მოწყობილი სამხედრო აღლუმი

საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად – ცენტრალიზებულად (მოსკოვიდან) მართული და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დომინირებული სახელმწიფო. ასევე ფორმალურად ხელისუფლება შედგებოდა „დემოკრატიულად“ არჩეული საბჭოებისა და პარლამენტისგან, რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას - ტოტალიტალურად, ხოლო მის შემდეგ - დიქტატორულად მართავდა ქვეყანას.
სსრკ-ის დაშლამდე გორბაჩოვის მიერ დაწყებულ ე.წ. „გარდაქმნის“ პერიოდში სახელმწიფოში რეალური დემოკრატიის შემოღების მცდელობა განხორციელდა, რამაც მხოლოდ მის დაშლას შეუწყო ხელი.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას სახელმწიფოში არა მხოლოდ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოებრივი ფუნქცია ჰქონდა, არამედ მის ეკონომიკასაც განაგებდა. ქვეყნის ყველა ფუნდამენტალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ინსტიტუციები.

80-იანი წლების ბოლოს საბჭოეთის სახელმწიფო სტრუქტურა თეორიულად უკვე დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემას დაემსგავსა. ასე მაგალითად, კონსტიტუცია სახელმწიფო ორგანოებს განსაზღვრავდა და მოქალაქეებს მათ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს გარანტირებდა.

1) სახელისუფლებო ძალაუფლება, 2) სახალხო დეპუტატთა საბჭო და 3) მმართველი უზენაესი საბჭო – ეს სამი ორგანო სახალხო წარმომადგენლობის სახით საბჭოთა ხალხის სუვერენიტეტს განასახიერებდა.

პრეზიდიუმს უზენაესი საბჭო ირჩევდა, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურიც იყო და სახალხო კომისართა საბჭოსაც განაგებდა (მოგვიანებით სსრკ-ის მინისტრთა საბჭო, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებდა).

სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის არჩევა სახელისუფლებო ძალაუფალთა მიერ დადასტურებული უნდა ყოფილიყო, საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდებოდა.

საკონსტიტუციო იურიდიული ორგანო წარმოადგენდა სასამართლოთა სისტემას, რომელსაც უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობდა.

უზენაესი სასამართლო სახელისუფლებო ორგანოების კანონიერების მეთვალყურეობას ახორციელებდა.

1977 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას გააჩნდა ფედერალური სტრუქტურა, რომელიც თითოეული მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს გარანტირებდა (მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკურ საკითხებში).

პრაქტიკაში კი - თითოეული სახელმწიფო ორგანოს უმეტეს ამოცანებს წყვეტდა ერთადერთი ლეგალური პარტია – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (სსრკ-ის კომპარტია).

კომპარტია იღებდა უმთავრეს ფუნდამენტალურ და პოლიტიკურ ორიენტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო ხელისუფლება, თავად რამის დაკანონების გარეშე, ამ გადაწყვეტილებებს ასრულებდა.

მთელი რიგი მექანიზმებისა მუშაობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა ორგანოს კომპარტიის გადაწყვეტილებები მიეღო და განეხორციელებინა ისინი.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს არჩევნებში გარკვეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის თავისუფლება ჰქონდათ, ეს კანდიდატი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო, და ამასთანავე არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავად პარტიის მიერვე იყვნენ წამოყენებულნი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის მიმართ ლოიალურად განწობილნი უნდა ყოფილიყვნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტებში მომუშავე პირები კომუნისტური პარტიის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც გამორიცხავდა მათი მხრიდან საერთო ოფიციალური პოლიტიკური ხაზიდან გადახვევის შესაძლებლობას.

აღმასრულებელი ორგანოს – მინისტრთა საბჭოს – უმთავრესი ამოცანა იყო ეკონომიკის მართვა.

მინისტრთა საბჭო შედგებოდა კომუნისტური პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებისგან. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ინსტანციის – პოლიტბიუროს – წევრიც იყო.

ხშირად ამ თავმჯდომარედ თავად კომპარტიის გენერალური მდივანივე ხდებოდა. თავმჯდომარეს დანარჩენ მინისტრთა მიმართებაში დომინანტური პოზიცია ეკავა.

1988 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის უზენაეს ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა საბჭო წარმოადგენდა. ამ საბჭოს უმთავრესი ამოცანა იყო სახელისუფლებო კრების ანუ უზენაესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც ამასთანავე სახელმწიფოს მეთაური ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დეპუტატთა საბჭოს თეორიულად კანონების შემოღების უფლება ჰქონდა, იგი იშვიათად იკრიბებოდა, და ისიც იმისთვის, რომ კომპარტიის, მინისტრთა საბჭოსა და უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისთვის მხარი დაეჭირა.

უზენაეს საბჭოს სსრკ-ის ძალაში მყოფ კანონთა ინტერპრეტაციისა და მინისტრთა საბჭოსთან ერთად დეკრეტების მიღების უფლება ჰქონდა, თუ კანონებში რამე გაურკვევლობები წარმოიქმნებოდა.

სამართლებრივი სისტემა დასავლეთის ქვეყნებისგან ძლიერ განსხვავდებოდა: თუ დასავლეთის სისტემაში ბრალდებულს მოსამართლის წინაშე ადვოკატი იცავს, ხოლო პროკურორი ბრალდებას უყენებს, - საბჭოთა სასამართლოში მოსამართლე როგორც ადვოკატთან, ასევე ბრალმდებელთან ერთად მუშაობდა. საბჭოთა გაგებით ასეთი სისტემა ჭეშმარიტების ძიებას ემსახურებოდა, სინამდვილეში კი - კორუპციას უხსნიდა ხელს.

მეთვალყურეობა, კონტროლი და რეპრესიები[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.

ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება „ზემოდან“ უნდა დაშვებულიყო. მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („სუკი“). დისიდენტებს სახელმწიფო რეპრესიები და მძიმე სასჯელები ელოდა, რომელთაგან უსაშინლესი იყო დახვრეტა ან „გულაგის“ ტყვეობაში მოხვედრა.

თვითოეულ მოქალაქეზე ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით სტალინისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდებში სუფევდა, ხრუშჩოვის დროს ოდნავ შესუსტდა, ხოლო გორბაჩოვმა ქვეყანაში გარკვეულ წილად შეზღუდული, მაგრამ მაინც საგრძნობი კულტურული და პირადული თავისუფლებები დაუშვა.

სტალინის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირში ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი ჩამოყალიბდა, რომელიც აკრძალული ლიტერატურისა („სამიზდატი“) და პოლიტიკური იუმორის - „ერევნის რადიოს“ სახით წლების განმავლობაში არსებობდა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დაარსების პირველივე წლებში ქვეყანაში ჩამოყალიბდა ცენტრალიზებულად მართული ე.წ. გეგმიური ეკონომიკა. საქონლის წარმოება ექვემდებარებოდა მკაცრ ხუთწლედიან დაგეგვმას.

1945 წლის 25 იანვარს დაარსდა აღმოსავლეთ ბლოკის სატელიტურ (ე.ი. სსრკ-ის „თანამგზავრ“) სახელმწიფოთა „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო“. ეს იყო თითქმის ყველა სოციალისტური სახელმწიფოს ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ქვეყნების საერთო გეგმიური ეკონომიკას.

საკუთრების ფორმები[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირში არსებობდა ორი სახის საკუთრება: კერძო და კოლექტიური. საკუთრების ეს ორი ფორმა ძლიერ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან შინაარსითა და კანონებრივი სტატუსის მიხედვით.

კომუნისტური თეორიების მიხედვით ინდივიდუალური კაპიტალის ქონა, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, დაუშვებელი იყო.

1921 წელს ლენინის მიერ მცირე ხნით „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ (რუსულად: НЭП) შემოღების შემდეგ, რომლის დროსაც გარკვეულ წილად დაიშვა კერძო კაპიტალური საკუთრება, ძალიან მალე ლენინმავე ყველა სახის ინდუსტრიული საკუთრება და მიწა - ფორმალურად სახალხო საკუთრებად, სინამდვილეში კი – სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა. ამით საბჭოთა ხელისუფლება კომუნისტური წესწყობილების შემოღებით თავად ერთადერთი და უკონკურენტო კაპიტალისტი გახდა.

მოქალაქის კერძო საკუთრებად მხოლოდ მისი პირადი ნივთები გამოცხადდა.

ფულის ერთეული[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ოფიციალური ფულის ერთეული იყო რუბლი (ქართულად: მანეთი), რომელიც 100 კაპიკისგან შედგებოდა.

რუბლი დღესაც რუსეთის ფედერაციის ფულის ერთეულია.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება]

სოფლის მეურნეობისთვის საბჭოთა კავშირში ყველაზე გამოსადექი რეგიონი იყო ტერიტორია ლენინგრადის ოლქიდან ოდესამდე და კრასნოიარსკამდე, რომელსაც აგრარული სამკუთხედი ერქვა.

სსრკ-ის ისტორია[რედაქტირება]

1917: რუსეთი და ოქტომბრის რევოლუცია[რედაქტირება]

ლენინი

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ცარისტული რუსეთის მმართველობას ბოლო მოუღო.

რამდენიმე თვის შემდეგ ლენინის მეთაურობით ბოლშევიკებმა მოაწყვეს ე.წ. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია, რის შედეგადაც დაარსდა „რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკა“.

1922 წლის დეკემბერს რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ დაარსებული იქნა მსოფლიოში პირველი მუშათა და გლეხთა სახელმწიფო - „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი“, რომელმაც უკვე ამ დროისთვის დაშლილი რუსეთის ცარისტული იმპერიის უმეტესი ნაწილი მოიცვა და ხელახლა რუსეთს შემოუერთა.

საბჭოთა კავშირში ცენტრალიზებულ-ეკონომიკური გზით განხორციელდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია.

მსოფლიო რევოლუციის მოსამზადებლად მოსკოვში განვითარებული ინდუსტრიალიზებული და სამხედრო პლაცდარმის მშენებლობა დაიგეგმა, რომელიც 20 წლის ვადაში უნდა განხორციელებულიყო. და ეს იმ ფონზე, როცა სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ ძლიერ ჩამორჩენილი იყო, ანუ, ფაქტობრივად, ფეოდალური მესაქონლეობის ფორმით არსებობდა.

ამ უტოპიური გეგმის შესასრულებლად 1928 წელს დაიწყო მძიმე ინდუსტრიის ნაჩქარევი მშენებლობა.

მოსახლეობაში კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის გასაძლიერებლად ჩატარდა მასობრივი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრა მასებში.

რევოლუციისა და სამოქალაქო ომის (1917–1921) მოწინააღმდეგეებთან (ე.წ. კონტრრევოლუციონერებთან) ბრძოლის შედეგად სახელმწიფოში კატასტროფული ეკონომიკური სიტუაცია სუფევდა. ამ კრიზისის დასაძლევად მთავრობამ ე.წ. „სამხედრო კომუნიზმი“ შემოიღო, რომელიც გლეხის ძარცვასა და მუშის აბსოლუტურ ექსპლუატაციაში გამოიხატა.

1924–1939: სტალინის ტერორი[რედაქტირება]

1922 წლიდან რუსეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა იოსებ სტალინი, რომელმაც 1924 წლის 21 იანვარს ლენინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მასა და ლენინის თანამოღვაწის ლევ ტროცკისა შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და მისი შენარჩუნებისთვის შეუბრალებელი ბრძოლა.

ძალაუფლების ხელში დასაკავებლად სტალინმა თავის მეტოქეებს – „მემარჯვენე“ ნიკოლაი ბუხარინს და „მემარცხენეებს“ - ლევ ტროცკის, გრიგორ ზინოვიევსა და ლევ კამენევს, ასევე კომუნისტური პარტიის ყველა მისთვის არასასურველ პირს - გამიზნული ტერორი გაუმართა. ამ ბრძოლაში თითქმის ყველა დახვრეტილი იქნა, ლევ ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს და შემდეგ იგი უცხოეთში გაურკვეველ პირობებში მოკლული იქნა.

1928 წლიდან სახელმწიფო ეკონომიკა ხუთწლედიან გეგმიურ სისტემაზე გადავიდა. მეტწილად ქვეყნის აზიურ ნაწილებში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, ყველგან შეიქმნა კოლექტიური და საბჭოთა მეურნეობები.

შეძლებული გლეხობა „კულაკებად“ გამოცხადდა და მათთან ბრძოლა გაიმართა. გლეხს მხოლოდ ერთი ცხენისა ან ერთი ძროხის ყოლის ნება დაერთო, დანარჩენი საქონელი მას კოლმეურნეობისთვის უნდა გადაეცა. ურჩი გლეხი-„კულაკები“ მასობრივად ან დახვრიტეს, ან ციმბირში გადაასახლეს. ამ ეკონომიკურმა გარდაქმნას მილიონობით ადამიანი შეიწირა – ვოლგისპირეთისა და უკრაინის სოფლებში ხალხი შიმშილისგან ამოიხოცა. მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია (უკრაინელი ისტორიკოსების მონაცემებით - 2 მილიონამდე ადამიანი).

1935 წლიდან სტალინმა პარტიისა და საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობის მიმართ თავისი საყოველთაოდ ცნობილი ტოტალიტარული ტერორი წამოიწყო, ე.წ. „ჩისტკი“ („წმენდა“). მან ჩამოიცილა აბსოლუტურად ყველა (თეორიულად თუ რეალურად) იდეოლოგიურად მოწინააღმდეგე სუბიექტი.

სტალინის ტერორი ხშირად სასამართლო პროცესებით იყო შენიღბული, ხოლო დანაშაულის აღიარებები წამების შედეგად გამოძალვული იყო.

საბჭოთა კავშირის მთელი რიგი ეთნიკური უმცირესობები „გულაგში“ გადაასახლეს, ურიცხვი „კულაკები“, მღვდელ-ბერები, უმაღლესი რანგის სამხედრო პირები, კომუნისტური პარტიის ფუნქციონრები და მათი ოჯახის წევრები დახვრიტეს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით სტალინის ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობაზე გატარებულმა ტოტალიტარულმა ტერორმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიასთან ბრძოლაში დაიღუპა (20 მილიონ ადამიანამდე).

1922–1939: საბჭოეთის საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება]

გერმანიამ, როგორც ერთ-ერთმა პირველმა, საბჭოთა კავშირი დიპლომატიურად უკვე 1922 წლიდან აღიარა. სსრკ-ის გერმანიასთან „რაპალოს ხელშეკრულების“ დადება თავისი საკუთარი არჩევნით მოწყობილი საგარეო-პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ 1933 წელს გერმანიის ხელისუფლების სათავეში ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მოსვლიდან ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძლიერ დაიძაბა.

ჰიტლერის აგრესიული საგარეო პოლიტიკა და მისი ფანატიკური სიძულვილი საზოგადოდ სლავი ხალხების, ასევე მარქსიზმის (კომუნიზმის) იდეოლოგიური სისტემის მიმართ - საბჭოეთთან პოლიტიკურ დიალოგს ძლიერ ართულებდა.

მიუხედავად ამისა, 1939 წლის 23 აგვისტოს ამ ორ სახელმწიფოს შორის დაიდო სამშვიდობო „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი“, რომლის ერთ-ერთი საიდუმლო მუხლის თანახმად როგორც გერმანიამ, ასევე საბჭოთა კავშირმა პოლონეთის ტერიტორიები ფაქტობრივად მიისაკუთრა და აღმოსავლეთ ევროპაში ძალაუფლება გაინაწილა.

1934 წლის 18 სექტემბერს სსრკ ერთა ლიგაში შევიდა.

1939–1945: მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი 1941 – 1942 წწ ომის დროს
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეორე მსოფლიო ომი.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიამ პოლონეთში ჯარები შეიყვანა, რის შედეგადაც მას ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადა. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

16 დღის შემდეგ პოლონეთში საბჭოთა კავშირმაც თავისი ჯარები შეიყვანა და ეს აგრესია ოფიციალურად იმით ახსნა, რომ მას გერმანელი დამპყრობლებისგან ბელორუსიისა და უკრაინის ხალხების დაცვის მიზანი ამოძრავებდა.

კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ - 1939 წლის 28 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიზე ამ ორ აგრესორს შორის სასაზღვრო და საზავო, ხოლო 1940 წლის 10 თებერვალს – ეკონომიკური ხელშეკრულებები დაიდო.

ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგიის მქონე და ერთმანეთის მიმართ ძლიერ მტრულად განწყობილ ამ ორ დიქტატორს – ჰიტლერსა და სტალინს – შორის დადებული ხელშეკრულებების მიზეზები ისტორიულ კვლევაში დღემდე საკამათო თემად რჩება.

1939 წლის 30 ნოემბრიდან სსრკ ომობდა ფინეთთან, რომელსაც მან კარელია წაართვა და იგი, როგორც „კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ შემოიერთა. ამის გამო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერთა ლიგიდან გააძევეს.

1940 წლის ივნისში მან ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთის ნაწილი „ბესარაბია“ (შემდგომში მოლდავეთის სსრ) და ბუკოვინა დაიპყრო.

1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. ამ დღიდან საბჭოთა ხალხს თავისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დაუდგა და მისთვის ე.წ. დიდი სამამულო ომი (1941–1945) დაიწყო.

1941 წლის 24 აგვისტოს სსრკ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იმ დროისთვის ნეიტრალური ირანის ოკუპირება მოახდინა.

თეირანისა და იალტის კონფერენციებზე - მიუხედავად ერთმანეთის მიმართ უნდობლობისა - ნაცისტურ გერმანიის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კოალიცია დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მეორე მსოფლიო ომმა საბჭოთა კავშირი ძლიერ დაასუსტა და დააზარალა, მაგრამ იგი ომიდან გამარჯვებული და ამაყი გამოვიდა. მსოფლიო ისტორიაში სსრკ შევიდა ნაციზმისა და ფაშიზმის შემმუსვრელად.

გერმანიის დამარცხების შემდეგ პოტსდამის კონფერენციაზე მოკავშირეები სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის გამო ბევრ საკითხში ვერ მორიგდნენ, რასაც უკვე მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე მოჰყვა დასავლეთისა და აღმოსავლეთის (კაპიტალისტური და კომუნისტური სისტემების ) კონფლიქტი, ცნობილი როგორც „ცივი ომი“.

ნიკიტა ხრუშჩოვი (მარჯნივ) და რიჩარდ ნიქსონი (კრემლი, მოსკოვი 1959 წლის ივნისი)
ლეონიდ ბრეჟნევი (1974 წელს ვლადივოსტოკში)

1945–1985: მეორე მსოფლიო ომის შემდგომი განვითარება[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამჭოთა კავშირმა ომში მოგებულ ტერიტორიებზე - ჰიტლერ-სტალინის ხელშეკრულებების თანახმად - მთელ აღმოსავლეთ ევროპაში თავისი გავლენა განამტკიცა, ხოლო ბალტიისპირეთი შემოიერთა.

აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები: ალბანეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია – საბჭოეთის პოლიტიკურ ზეგავლენაში მოექცა და პრაქტიკულად მის თანამგზვარ (სატელიტურ), კომუნისტური „სახალხო დემოკრატიული“ ხელისუფლებების მიერ მართებულ ქვეყნებად იქცა.

1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვი. 1956 წელს პარტიის მე-20-ე ყრილობაზე მან სტალინიზმი დაგმო და მოგვიანებით საბჭოთა პოლიტიკის ლიბერალიზების ფრთხილი მცდელობა გააკეთა.

და მაინც, მაგალითად, 1956 წლის რეფორმატორული მოძრაობა უნგერთში წითელმა არმიამ სისხლში ჩაახშო.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობებისდა მიუხედავად „ცივი ომი“ გრძელდებოდა. დასავლეთი და აღმოსავლეთი იარაღით აღჭურვის საქმეში მძლავრად პაექრობდა.

1962 წლის კუბის კრიზისმა მსოფლიო ატომური ომის პირას მიიყვანა. აშშ-ის ძალდატანებით ხრუშჩოვმა კუბაში ატომური რაკეტების განლაგების გეგმებზე უარი თქვა და პოლიტიკური დაძაბულობის ძლიერი ესკალაცია დროულად შეაჩერა.

1957 წელს ჩელიაბენსკის ოლქში მდებარე ატომურ სადგურ „მაიაკ“-ში მოხდა ძლიერი ატომური ავარია, რომელიც საბჭოთა კავშირმა, ჩვეულებრისამებრ, მიჩქმალა.

1957 წლიდან დაიწყო კოსმოსის ათვისების, და ამით ქვეყნის პრესტიჟისთვის ბრძოლის ხანა.

1957 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე გაუშვა პირველი ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკი“, ხოლო იმავე წელს მის მიერ კოსმოსში გაგაზავნილი ძაღლი „ლაიკა“ პირველი „კოსმონავტი“ ცოცხალი არსება გახდა.

1961 წელს პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში აღმოჩნდა, გახდა საბჭოთა კავშირის მოქალაქე იური გაგარინი.

1964 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი მის თანამდებობაზე შეცვალა კონსერვატიულმა ლეონიდ ბრეჟნევმა. სხვა დანარჩენ კომუნისტური რეჟიმების ქვეშ მყოფ სახელმწიფოთა რეფორმატორული მოძრაობები ბრეჟნევის მოსვლისთანავე შენელდა.

1968 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩეხოსლოვაკთა ამბოხებას პრაღაში ვარშავის პაქტის ტანკებმა გადაუარა.

1979 წელს საბჭოთა ჯარები (დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი) ავღანეთში შევიდა, სადაც მათ „ინტერნაციონალური ვალდებულების მოსახდელად“ ავღანეთის სამოქალაქო ომში მმართველი სოციალისტური ძალებისთვის მუჯაჰედინების (საბჭოური ტერმინოლოგიის მიხედვით – „დუშმანების“, ე. ი. მტრების) წინააღმდეგ მხარი უნდა დაეჭირა. მსოფლიო პოლიტიკურ მასშტაბზე კრიტიკული საომარი სიტუაცია შეიქმნა.

ომმა ავღანეთი მიწასთან გაასწორა და მისი ინფრასტრუქტურა დაანგრია. მისი შედეგები იყო 1,2 მილიონი დაღუპულთა და ხუთი მილიონ ლტოლვილთა რიცხვი.

მიხეილ გორბაჩოვმა ავღანეთის სამოქალაქო ომში საბჭოეთის სამხედრო ჩარევა შეაჩერა და 1988-1989 წლებში ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა.

1985–1991: რეფორმაციის მცდელობა და სსრკ-ის დაშლა[რედაქტირება]

მიხეილ გორბაჩოვი

1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა ქვეყნის რეფორმირება დაიწყო. მის მიერ წამოწყებულ „გარდაქმნას“ საბჭოთა კავშირში რეალური სოციალიზმის მშენებლობისა და კრიტიკული აზროვნების ხანა უნდა შემოეტანა. პოლიტიკის ასეთმა განვითარებამ კომპარტიას მაკონტროლებელი როლი ნელ-ნელა დაუკარგა.

საგარეო პოლიტიკაც განძაბულებისა და განიარაღების მხარეს დაიძრა.

1986 წელს ჩერნობილის (უკრაინა) ატომურ სადგურზე მსოფლიო მასშტაბში უკვე მეორედ უდიდესი და უსაშინლესი ავარია მოხდა. ათასობით ადამიანი პირველივე წუთებში და დღეებში დაიღუპა, ხოლო ატომური დასხივების შედეგად წლების განმავლობაში მრავალნაირი დაავადებისგან გარდაიცვალა. ავარიის მოხდენის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მთავრობა, როგორც ყველა დროში, მის მიჩქმალვას ცდილობდა. ამან უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1989-1991 წლის ციმბირის მეშახტეების გაფიცვებმა მთელ ქვეყანაში ე. წ. სოციალიზმის განვითარების შედეგები – პრივილიგირებულ ფუნქციონერთა მიერ მუშათა კლასისადმი ზურგშექცევა - ნათლად აჩვენა.

1990-1991 წლებში საბჭოეთს პირველები ბალტიისპირეთის ქვეყნები – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გამოეყვნენ.

1991 წლის 20 აგვისტოს გორბაჩოვს რამდენიმე მოკავშირე რესპუბლიკის ძალაუფალთან ერთად ახალ საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა. ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს, მაღალპარტიულ და სამხედრო ფუნქციონერთა ჯგუფი მოსკოვში პუტჩის მოწყობას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადა.

21 აგვისტო21 აგვისტოს ბორის ელცინის მეთაურობით წამოწყებული პუტჩი დამარცხდა, მაგრამ მან საბოლოოდ განაპირობა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლა.

საბჭოთა კავშირის კომპარტია შესაბამისი დეკრეტის ხელმოწერით აიკრძალა. ელცინმა ქვეყნის უმთავრესი სამინისტროები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხელში ჩაიგდო. მიხეილ გორბაჩოვიგორბაჩოვი გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგა, მაგრამ 1991 წლის 25 დეკემბრამდე სახელმწიფოს პრეზიდენტად დარჩა.

მოკავშირე რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

საბოლოოდ, 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა გადაწყდა. დარჩა 15 სუვერენული (დამოუკიდებელი) სახელმწიფო, რომელიც ნაწილობრივ ახალ გაერთიანებაში – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში („დსთ“) შევიდა.

სსრკ-ის საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულმა სოციალისტურმა რესპუბლიკამ დაიკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციამ).

საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა[რედაქტირება]

  • გაერო: 1945 წლიდან საბჭოთა კავშირი გაეროს დამაარსებელ წევრთაგან ერთ-ერთი იყო და უშიშროების საბჭოში მას განსაკუთრებული ვეტო-უფლება ჰქონდა.

სსრ კავშირის მეთაურები[რედაქტირება]

ბოლშევიკური (1922-1952) და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (სკკპ) (1925-1991) ცენტრალური კომიტეტის (ცკ) გენერალური მდივნები და ამით სსრკ-ის რეალური მმართველები იყვნენ:

  1. 1922–1953: იოსებ სტალინი
  2. 1953–1964: ნიკიტა ხრუშჩოვი (პირველი მდივანი)
  3. 1964–1982: ლეონიდ ბრეჟნევი (1966 წლამდე პირველი მდივანი)
  4. 1982–1984: იური ანდროპოვი
  5. 1984–1985: კონსტანტინ ჩერნენკო
  6. 1985–1991: მიხეილ გორბაჩოვი
  7. 1991: ვლადიმირ ივაშკო

საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაურები: (1917–1946: სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, 1946–1991: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 28 აგვისტო 1991–25 დეკემბერი 1991: სსრკ-ის პრემიერ-მინისტრი და რესპუბლიკათშორისო ეკონუმიური კომიტეტის თავმჯდომარე).

  1. 1917–1924: ვლადიმირ ლენინი
  2. 1924–1930: ალექსეი რიკოვი
  3. 1930–1941: ვიაჩესლავ მოლოტოვი
  4. 1941–1953: იოსებ სტალინი
  5. 1953–1955: გიორგი მალენკოვი
  6. 1955–1958: ნიკოლაი ბულგანინი
  7. 1958–1964: ნიკიტა ხრუშჩოვი
  8. 1964–1980: ალექსეი კოსიგინი
  9. 1980–1985: ნიკოლაი ტიხონოვი
  10. 1985–1991: ნიკოლაი რიჟკოვი
  11. 1991: ვალენტინ პავლოვი (იანვრიდან აგვისტომდე)
  12. 1991: ივან სილაევი (აგვისტოდან დეკემბრამდე)

სსრ კავშირის სახელმწიფოს მეთაურები (1922–1938: ცენტრალური აღმასკომის თავმჯდომარე, 1938–1946: კავშირის უხუცესები 1946-1989: უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, 1989–1990: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 1990–1991: სახელმწიფოს პრეზიდენტი)

  1. 1919–1946: მიხაელ კალინინი
  2. 1946–1953: ნიკოლაი შვერნიკი
  3. 1953–1960: კლიმენტ ვოროშილოვი
  4. 1960–1964: ლეონიდ ბრეჟნევი
  5. 1964–1965: ანასტას მიქოიანი
  6. 1965–1977: ნიკოლაი პოდგორნი
  7. 1977–1982: ლეონიდ ბრაჟნევი
  8. 1983–1984: იური ანდროპოვი
  9. 1984–1985: კონსტანტინ ჩერნენკო
  10. 1985–1988: ანდრეი გრომიკო
  11. 1988–1991: მიხაილ გორბაჩოვი

ფედერალური შემადგენლობა[რედაქტირება]

საბჭოთა კავშირი ფორმალურად ფედერაციული სტრუქტურა იყო. 1956-1991 წლებში იგი 15 ნაციონალური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკისგან შედგებოდა, რომელთაც ქვეყნის კონსტიტუციის 72-ე პარაგრაფის მიხედვით კავშირიდან გასვლის უფლება გარანტირებული ჰქონდათ.

ყოველ მოკავშირე რესპუბლიკას ჰქონდა საკუთარი დედაქალაქი, მაგრამ მოსკოვი ითვლებოდა ერთდროულად რუსეთის საბჭოთა ფედერაციისა და მთელი საბჭოთა კავშირის დედაქალაქად, რაც მას განსაკუთრებულ სტატუსს აძლევდა (მაგალითად, პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო საქონლით მომარაგების საკითხში მთელ სსსრ-ში უმაღლესი პრიორიტეტი ეკავა).

რესპუბლიკებს გააჩნდათ საკუთარი კონსტიტუციებიც, რომლებიც კავშირში მათ პოლიტიკურ ძალაუფლებებს გარანტირებდა.

პრაქტიკაში კი რეალური ძალაუფლება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას მოსკოვში ჰქონდა, ხოლო რეგიონალური სამინისტროები ცენტრის გადაწყვეტილებებს ასრულებდნენ.

მოკავშირე რესპუბლიკების შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ე.წ. ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკები (მაგ. ნახიჩევანი) და ავტონომიური ოლქები.

1977 წლის კონსტიტუციის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციამ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე ეთნიკური კონფლიქტები განაპირობა. ამის მაგალითებია აფხაზეთი, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა, ან მთიანი ყარაბაღი – ყოფილი ავტონომიური ოლქი.

მოკავშირე რესპუბლიკები 1991 წელს და დღევანდელი სახელმწიფოები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პოსტ–საბჭოთა ქვეყნები.
მოკავშირე რესპუბლიკა სსრკ სახელმწიფოები დღეს დსთ ნატო ეკ ევრაზეს სუამი კუხო შთო
Flag of Azerbaijan SSR.svg
აზერბაიჯანის სსრ
1936–1991 Flag of Azerbaijan.svg
აზერბაიჯანი
1991 1997
Flag of Byelorussian SSR.svg
ბელორუსიის სსრ
1922–1991 Flag of Belarus.svg
ბელარუსი
1991 2002 Blank vertex Hexagonal Icon.svg
Flag of Estonian SSR.svg
ესტონეთის სსრ
1940–1991 Flag of Estonia.svg
ესტონეთი
2004 2004
Flag of Turkmen SSR.svg
თურქმენეთის სსრ
1925–1991 Flag of Turkmenistan.svg
თურქმენეთი
1991–2005
Flag of Latvian SSR.svg
ლატვიის სსრ
1940–1991 Flag of Latvia.svg
ლატვია
2004 2004
Flag of Lithuanian SSR.svg
ლიტვის სსრ
1940–1991 Flag of Lithuania.svg
ლიტვა
2004 2004
Flag of Moldavian SSR.svg
მოლდავეთის სსრ
1940–1991 Flag of Moldova.svg
მოლდოვა
1991 დამკვირვებელი 1997
Flag of Russian SFSR.svg
რუსეთის სფსრ
1922–1991 Flag of Russia.svg
რუსეთის ფედერაცია
1991 2002 Blank vertex Hexagonal Icon.svg 1996
Flag of Georgian SSR.svg
საქართველოს სსრ
1936–1991 Flag of Georgia.svg
საქართველო
1993-2009 1997
Flag of Armenian SSR.svg
სომხეთის სსრ
1936–1991 Flag of Armenia.svg
სომხეთი
1991 დამკვირვებელი Blank vertex Hexagonal Icon.svg
Flag of Tajik SSR.svg
ტაჯიკეთის სსრ
1929–1991 Flag of Tajikistan.svg
ტაჯიკეთი
1991 2002 Blank vertex Hexagonal Icon.svg 1996
Flag of Uzbek SSR.svg
უზბეკეთის სსრ
1925–1991 Flag of Uzbekistan.svg
უზბეკეთი
1991 1999–2005 2001
Flag of Ukrainian SSR.svg
უკრაინის სსრ
1922–1991 Flag of Ukraine.svg
უკრაინა
1991 დამკვირვებელი 1997
Flag of Kazakh SSR.svg
ყაზახეთის სსრ
1936–1991 Flag of Kazakhstan.svg
ყაზახეთი
1991 2002 Blank vertex Hexagonal Icon.svg 1996
Flag of Kyrgyz SSR.svg
ყირგიზეთის სსრ
1936–1991 Flag of Kyrgyzstan.svg
ყირგიზეთი
1991 2002 Blank vertex Hexagonal Icon.svg 1996

Coat of arms of the Soviet Union.svg ქართულ ვიკიპედიაში არსებობს პორტალი „სსრკ“.