ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები
20100422 235222 Cyanobacteria.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ბაქტერიები
კლასი: ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები
ლათინური სახელი
cyanophyta

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (ლათ. Cyanophyta), წყალმცენარეთა განყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმებია; განეკუთვნებიან პროკარიოტებს. მოლურჯო-მწვანე ფერი აქვთ, თუმცა გვხვდება მოყვითალო-მწვანედ, ვარდისფრად, იისფრად, ზოგჯერ შავად შეფერილი ფორმებიც. მორფოლოგიურად ჩამოყალიბებული ბირთვი და ქლოროპლასტი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს არა აქვთ. პლანქტონურ სახეობებს აქვთ. ე. წ. გაზის ვაკუოლები - პროტოპლასტში გაზით ამოვსებული სივრცეები. მრავალდებიან დაყოფით (ერთუჯრედიანები), ჰორმოგონიუმებით - ძაფის ფრაგმენტებით (მრავალუჯრედიანები) და სხვადასხვა სახის სპორებით. სქესობრივი გამრავლება და მოძრავი შოლტიანი სტადიები განვითარების ციკლში არა აქვთ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები აერთიანებს 2000-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მტკნარ წყლებსა და ზღვებში. ცხოვრობენ ნიადაგზე და ნიადაგში, თოვლზე, ნესტიან ადგილებსა და ცხელ წყაროებში, ზოგი ლიქენების კომპონენტია. პლანქტონური ფორმები ინტენსიური გამრავლებისას იწვევენ „წყლის ყვავილობას“ და სასმელად უვარგისს ხდიან წყალს. იწვევენ აგრეთვე წყალსადენი ფილტრების დაცობას და თევზის სიკვდილს; ზოგჯერ წყალსაცავში ქმნიან კუნძულებსაც კი. ბაქტერიებთან ერთად ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ სამკურნალო ტალახის შექმნაში, ახდენენ ნიადაგში ატმოსფერული აზოტის ფიქსაციას. ნიადაგზე მცხოვრები ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მონაწილეობენ ნიადაგთწარმოქმნის პროცესში. უძველესი ჯგუფია, ნათესაური კავშირი სხვა წყალმცენარეებთან არა აქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნ. ა. კომარნიცი, ლ. ვ. კუდრიშოვი, ა. ა. ურანოვი, „მცენარეთა სისტემატიკა“, გვ. 39, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1973
  • ყანჩაველი ქ., ქსე, ტ. 6, გვ. 315, თბ., 1983