ურეკი — დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2.
ურეკი ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი. დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. 1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი, რომელიც შეიცავდა III ს-ის ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები.
არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი "ნა-ეკ-ურ-ა" ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.
2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 1422 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 970 კაცი. მათი 73% ქართველია, 21% - რუსი, 2% - სომეხი. მოსახლეობის 5% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 8%.[3]
ურეკი ზღვის კლიმატური კურორტია. 2003 წელს აქ საფუძველი ჩაეყარა დასასვენებელ-გასართობ კომპლექსს - „იმედის ქალაქი“. კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ .