ბიჭვინთა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
ბიჭვინთა
Пиҵунда
ბიჭვინთის სანაპირო
ბიჭვინთის სანაპირო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°10′ ჩ. გ. 40°20′ ა. გ. / 43.167° ჩ. გ. 40.333° ა. გ. / 43.167; 40.333
პირველი ხსენება ძვ. წ. II საუკუნე
ადრეული სახელები Pityus, Pitiunt
დაბა  1963  წლიდან
კლიმატის ტიპი სუბრტოპიკული
მოსახლეობა 11000 კაცი (1989)
სატელეფონო კოდი +995 443[1]
საფოსტო ინდექსი 6700[2]

GEO-AB-GG.svg

Red pog.svg

ბიჭვინთა მდებარეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

Red pog.png

ბიჭვინთა (ასევე პიცუნდა, აფხ. Пиҵунда) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. მოსახლეობა 11,0 ათ. მცხ. (1991).

სახელწოდება[რედაქტირება]

ბიჭვინთის როგორც ქართული და აფხაზური, ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი (Πιτυοῦς), ფიჭვიდან (ლათ. Pitios) მომდინარეობს. ბიჭვინთის კონცხზე ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები.

კლიმატი[რედაქტირება]

ჰავა — ზღვის, ნოტიო, რბილი. იცის თბილი ზამთარი და ზომიერად ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,6 °C, იანვარი 6,2 °C, აგვისტო 24 °C. ნალექები 1501 მმ. წელიწადში, მაქსიმუმი — იანვარში (160 მმ). ზღვის წყლის ტემპერატურა ზედაპირზე მაისიდან ნოემბრამდე 20 °C-ზე მაღალია. ფარდობითი ტენიანობა ივლის-აგვისტოთვის 80%, მზის ნათების ხანგრძლივობა 1800სთ წელიწადში. ყველაზე მშრალი პერიოდია გაზაფხული. იშვიათია ძლიერი ქარი და ზღვის ღელვა. სანაპიროს 7 კმ-ზე გასდევს რელიქტური ფიჭვის ტყის მასივი.

ბიჭვინთა ზღვისპირა კლიმატური კურორტია. აქვს საუკეთესო ქვიშიანი პლაჟი. სამედიცინო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციური დავადებები. მსხვილი საკურორტო კომპლექსი აქ შეიქმნა 1959-67 წლებში (არქიტექტორი მ. პოსოხინი და სხვები). სეზონი — მთელი წელი.

ისტორიული ცნობები[რედაქტირება]

ხედი კავკასიონზე ბიჭვინთის კონცხიდან

ბიჭვინთის კონცხზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულების განძი და საქართველოს შავიზღვისპირეთის დიუნების ძველ კოლხურ ნამოსახლართათვის დამახასიათებელი ე. წ. ქსოვილიანი კერამიკა ადასტურებს, რომ ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ბიჭვინთის კონცხზე არსებული კოლხური დასახლებანი. ბიჭვინთა პირველად მოხსენიებულია სტრაბონის „გეოგრაფიაში“, როგორც „დიდი პიტიუნი“. სტრაბონი ემყარებოდა ძვ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფის არტემიდორე ეფესელის ცნობას. ირკვევა, რომ ქალაქი აქ უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდა, თუმცა იმდროინდელი კულტურის ფენები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის.

II-III საუკუნეებიდან ბიჭვინთის ციხეში იდგა რომაელთა გარნიზონი, რომელიც რომის იმპერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მისადგომებს იცავდა მთიელთა შემოსევებისაგან. ბიჭვინთა ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი და ძლიერი ცენტრი იყო. IV საუკუნის I მეოთხედში აქ საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა. ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების (325) მონაწილე იყო. ბიჭვინთა დიდ საეკლესიო ცენტრად დარჩა შუა საუკუნეებშიც.

აფხაზეთის სამეფოს შექმნის შემდეგ ბიჭვინთაში იჯდა აფხაზეთის კათოლიკოსი, ხოლო საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV-XVI სს.) — აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი.

ბიჭვინთის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს 1952 წლიდან (ა. აფაქიძე — 1952-1974 ხელმძღვანელი, 1975 წლიდან — კონსულტანტი; გ. ლორთქიფანიძე — 1975 წლიდან ხელმძღვანელი). მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპივარი (წითელლაკიანი კერამიკა, ნუმიზმატიკური მასალა. ბერძნულ-ლათინური წარწერათა ფრაგმენტები და სხვა) გვიჩვენებს, რომ ბიჭვინთა მძლავრი კულტურისა და სავაჭრო სახელოსნო ცენტრი გვიანდელ ანტიკურ ხანაში. გამოვლინდა II-IV საუკუნეების ციხე, რომლის კედლები, კონტრფორსებითა და კოშკებით არის გამაგრებული. გალავნის შიგნით განლაგებული ყოფილა ნაგებობათა მთელი სისტემა — საცხოვრებელი სახლები, სასიმაგრო, საკულტო და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი (აბანო, მარანი, კერამიკული ქურა, საოქრომჭედლო სახელოსნო და სხვა).

წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი

ბიჭვინთაში არსებული საკანალიზაციო სისტემა მიგვითითებს გვიანდელი ანტიკური ხანის საქალაქო-სანიტარული კულტურის მაღალ დონეზე, ნაქალაქარის გარეთ, ასევე გალავნით შემოზღუდულ ტერიტორიაზე, აღმოჩენილია ქრისტიანული ტაძრის — სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რომელსაც შვერილი ხუთწახნაგოვანი აფსიდი ჰქონია. შუა ფართო ნავი გვერდის ნავებისაგან ხუთი წყვილი ბურჯით იყო გამოყოფილი. დასავლეთის მხრიდან ტაძარს ნართექსი ეკვროდა, რომელიც ნავებს 3 შესასვლელით უკავშირდებოდა. ტაძარი V საუკუნეს მიეკუთვნებოდა. იგი აუგუათ, როგორც ჩანს, უფრო ძველი, IV საუკუნის ბაზილიკის ნანგრევებზე, რომელიც რამდენადმე უფრო დიდი ზომისაც ყოფილა და უფრო მდიდრულად მორთულიც. ამას მოწმობს მარმარილოს არქიტექტურული ფრაგმენტები და მოზაიკით შემკული იატაკი.

ძველი ტაძრის დასავლეთით აღმოჩნდა კიდევ ერთი, უფრო მცირე ზომის ტაძრის ნანგრევები; ტაძარი, როგორც ჩანს, VI-VII საუკუნეებში აუგიათ. ბიჭვინთის ცენტრში, ნაქალაქარიდან 300 მ-ზე, ჯვარულ-გუმბათოვანი დიდი ტაძარი დგას (X საუკუნის ბოლო — XI საუკუნის დასაწყისი), რომელსაც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს, დასავლეთით ნართექსი. ფართო მრგვალი გუმბათი თავისუფლად მდგარ ორ ბურჯსა და საკურთხეველის აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ტაძრის კედლები შეულესავთ და შეუთეთრებიათ, შემორჩენილია XVI საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ტაძრის ტერიტორიაზე შემონახულია პატარა სამლოცველოები და ეკლესიები. ტყეში, ზღვის პირას, გათხრილია ორაფსიდიანი ტაძრის ნანგრევები (VI საუკუნე).

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]