ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი
დევიზი Ligamus ლათ.
დაფუძნდა 2006
ტიპი საჯარო
რექტორი გიგა ზედანია [1]
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი 0162, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი № 3, თბილისი, საქართველო.
ტელეფონი (+995 32) 23 10 26
(+995 32) 29 41 97
უნივერსიტეტის გერბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსდა 2006 წელს ექვსი განსხვავებული, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ინსტიტუციური ისტორიის მქონე ინსტიტუტის შერწყმის შედეგად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტთა გაცვლასა და მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში. შემოქმედებითად იყენებს ალმა მატერის (Alma Mater) ფუნდამენტურ პრინციპებს (ეს პრინციპები გამომდინარეობს ერთმანეთისაგან და განაპირობებს ერთმანეთს):

  1. აკადემიურ თავისუფლებას
  2. სინდისის თავისუფლებას
  3. არჩევანის თავისუფლებას

2013 წლის საერთაშორისო რეიტინგის Ranking Web Of Universities გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არა მხოლოდ ინარჩუნებს პირველ ადგილს საქართველოში (შარშანდელთან შედარებით 716 ერთეულით გაუმჯობესებული ქულით - 1821), არამედ კავკასიაშიც პირველია..


მისია / სწავლა[რედაქტირება]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია ემყარება ლოგიკას, რომ ცოდნის ეკონომიკა შესაძლებელია განვითარდეს მხოლოდ ძლიერი კვლევითი უნივერსიტეტის მიერ, რომელიც ზრდის კარგად განათლებული ინდივიდების ჯგუფს, რომელსაც, თავის მხრივ, გააჩნია კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარი. ამდენად, კვლევითი უნივერსიტეტის წვლილი სახელმწიფოს განვითარებასა და ზრდაში, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა ცოდნის ეკონომიკისათვის შესაძლებლობების შექმნას,უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტს გამოუმუშაოს ინტერდისციპლინური ხედვა, კრიტიკული აზროვნების უნარი; მისცეს არჩეულ სფეროში ღრმა ცოდნა, ცოდნის განახლებისა და კვლევისათვის აუცილებელი უნარები.

თავის საქმიანობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს კვლევის სამკუთხედის მოდელს. ეს ასაბუთებს სამი ინტერდისციპლინული მიმართულების არსებობას უნივერსიტეტში:

  1. ქართველოლოგია;
  2. მეცნიერებების ფუნდამენტური პრობლემების კვლევა;
  3. საერთაშორისო კვლევა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, რაც სტუდენტს მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევის საშუალებას აძლევს.

RESULT -Research and Education Systems Unified as Learning Tools[რედაქტირება]

2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა RESULT-ის სწავლების ფორმა, რაც გულისხმობს კონკრეტულ კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას, როდესაც სტუდენტები და პროფესორები იკვლევენ კონკრეტულ საკითხებს. RESULT-ის განხორციელების მთავარი ფორმა არის უნივერსიტეტში სალექციო კურსის ორიენტირება კვლევის და კვლევის საშუალებით სწავლებაზე.

RESULT-ის ცნებები:

  • სალექციო კურსი: სალექციო კურსი შედგება სამი ნაწილისაგან: ჩაწერილი ვიდეოკურსი, ინსტრუქცია და კვლევითი პროექტები. პროფესორის და სტუდენტის შეხვედრა ხდება ინსტრუქციის პერიოდში და კვლევით ჯგუფებში. სტანდარტული, ერთსემესტრიანი კურსის კვლევითი შეხვედრების რაოდენობა ერთ კვლევით ჯგუფთან არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.
  • ჩაწერილი ვიდეო კურსი: კურსის თეორიული ნაწილი, რომელიც ჩაწერილია ვიდეო-ლექციის ფორმატში. ჩაწერილი ვიდეო-ლექციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.
  • სალექციო კურსის ინსტრუქციის ნაწილი : ინსტრუქციის პერიოდში პროფესორი აზუსტებს სტუდენტებთან ვიდეოლექციებით მოსმენილ ინფორმაციას, განიხილავს ძირითად ტექსტებს, რომლებიც სტუდენტებმა უნდა წაიკითხონ კვლევით პროექტზე მუშაობის დაწყებამდე. პროფესორი ყოფს ჯგუფს კვლევით გუნდებად (მაქს. 12 სტუდენტი ერთ ჯგუფში). სტანდარტული ერთსემესტრიანი კურსის საინსტრუქციო ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს 6 აკადემიურ საათს..
  • კვლევითი პროექტები: პროფესორის მიერ კონსტრუირებული კვლევითი ამოცანები, რომლებსაც ის სთავაზობს სტუდენტებს. სალექციო კურსს აქვს იმდენი კვლევითი პროექტი, რამდენი X (სტუდენტების რაოდენობა) /12 (სტუდენტების რაოდენობა ერთ კვლევით გუნდში).
  • კვლევითი შეხვედრა: კვირაში მინიმუმ ერთი შეხვედრა, რომელზეც პროფესორი სტუდენტების კვლევით გუნდთან ერთად განიხილავს კვლევითი პროექტის შესრულების მიმდინარეობას.

კვლევითი პროექტის საბოლოო პრეზენტაცია: მზადდება კვლევითი ჯგუფების მიერ სემესტრის ბოლოსთვის.

ფაკულტეტები[რედაქტირება]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტები:

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების მიზანია, სტუდენტს მისცეს, ერთი მხრივ, ფართო განათლება, გამოუმუშაოს ინტერდისციპლინური ხედვა, შესწავლის, გაცნობიერების, გააზრებული დასკვნების გამოტანისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარი, მეორე მხრივ კი, მისცეს ღრმა ცოდნა სტუდენტის მიერ არჩეულ რომელიმე კონკრეტულ სფეროში. ამიტომ სწავლება აქ ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება, რაც სტუდენტის დამოუკიდებელი არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს და მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევისა და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის საფუძველია.

ბიზნესის სკოლა- ბიზნესის სკოლის მიზანია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ კორპორაციულ, აკადემიურ, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორებში წარმატებული ადმინისტრირების და/ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

სამართლის სკოლა- სამართლის სკოლის მიზანია, უმაღლესი იურიდიული განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უზრუნველყოს თითოეული საფეხურის შესაბამისი (ადეკვატური) დონის სპეციალისტის მომზადება, რაც გულისხმობს სტუდენტების როგორც თეორიულ-პრაქტიკული ინფორმაციით (ცოდნით) აღჭურვას, ისე სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების შესწავლა/გამომუშავებას, უმაღლესი იურიდიული განათლების თითოეული საფეხურისათვის დადგენილი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საინჟინრო ფაკულტეტი- საინჟინრო ფაკულტეტის მიზანია, შექმნას და გაავრცელოს ცოდნა და ხელოვნება კვლევისა და მხატვრული გამოსახულების საშუალებით; სტუდენტს დაანახვოს კავშირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ მოღვაწეობას შორის, რათა მან მიიღოს მულტიდისციპლინური განათლება და შეასრულოს ინტერდისციპლინური პროექტები. დაეუფლოს დამოუკიდებლად კვლევის, მუშაობის, საკუთარი პროექტის კრიტიკულად შეფასების უნარებს.

კვლევითი ინსტიტუტები[რედაქტირება]

უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი. აღნიშნული კვლევითი ინსტიტუტების და ლაბორატორიების მრავალფეროვანი პროფილი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას კვლევისა და პრაქტიკასა აქტუალურ საკითხებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - კვლევითი ინსტიტუტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-კვლევითი ინსტიტუტები

  • გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი
  • გამოყენებითი ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
  • ზოოლოგიის ინსტიტუტი
  • ეკოლოგიის ინსტიტუტი
  • ენტომოლოგიის და ბიოკონტროლის კვლევითი ცენტრი
  • თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი
  • კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა
  • ლინგვისტურ კვლევათა ცენტრი
  • მედიცინის სამეცნიერო კვლევითი-ინსტიტუტი
  • მოდერნულობის შესწავლის ინსტიტუტი
  • სემიოტიკის კვლევითი ცენტრი
  • ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი
  • ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი
  • შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი
  • ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია
  • ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
  • გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
  • პოლიტოლოგიის ინსტიტუტი
  • სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
  • დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
  • ბიოფიზიკის ინსტიტუტი
  • ენების დიდაქტიკის კვლევითი ცენტრი

საერთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანია, განავითაროს და ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კვლევით ცენტრებთან პარტნიორობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის შემდეგი საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრი:

  • ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში
  • შრომითი თერაპიის ევროპული ქსელი
  • ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგენტო
  • ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია
  • უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
  • ასოციაცია „რონდინეს მშვიდობის ციტადელი“
  • შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი - BSUN
  • ასოციაცია „გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი“ - ÖSD

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურად თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით:

  • ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბერლინ-დალემის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკური მუზეუმი, გერმანია
  • დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტი, სინიკას აკადემია, ტაივანი, ჩინეთი
  • თავისუფლების უნივერსიტეტი (Liberty University), აშშ
  • ინსბრუკის უნივერსიტეტი, ავსტრია
  • კალიფორნიის უნივერსიტეტი, დევისის კამპუსი, აშშ
  • კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ
  • ლიუვენის უნივერსიტეტი, ბელგია
  • ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტი, იტალია
  • პენსილვანიის უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების კოლეჯი, აშშ
  • სიენას უნივერსიტეტი, იტალია
  • ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია და ა.შ.

გერბის აღწერა[რედაქტირება]

უნივერსიტეტის გერბზე გამოსახულია ოთხველიანი ,,ევროპული” ფარი. პირველ ლაჟვარდოვან ველზე ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნია. აღნიშნავს უნივერსიტეტის ექვს ფაკულტეტს. წიგნებზე აწერია ის პრინციპები, რომლებიც უნივერსიტეტს უდევს საფუძვლად: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება. მეორე ველზე დიდი მეწამული, სწორი ჯვარია. მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი მეწამულივე ბოლნურ-კაცხური ჯვარია. საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახვა უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსზე მიანიშნებს. მესამე ველზე ორი ანდრიას ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლის და ნახევრად მეწამული ფერის გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას. მეოთხე - ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველზე, სამი მეწამული და ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოტარებული პროფესორის ქუდი აღნიშნავს ორი უმაღლესი სასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის და ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტების წარსულს, მათ გაერთიანებასა და ახალი უნივერსიტეტის მომავალს. საგერბო ფარის ქვეშ სადევიზო ბაფთაა. ბაფთაზე ლათინურად აწერია LIGAMUS, რაც ნიშნავს ,,ჩვენ ვაერთიანებთ”. ანუ, უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს სტუდენტებსა და საზოგადოებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]