რომის იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რომის იმპერია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რომის იმპერია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
რომის იმპერია
Imperium Romanum
დაიშალა

ძვ.წ. 27–ახ.წ. 476

რომის იმპერიის ვექსილოიდი

დევიზი
დევიზი: Senatus Populusque Romanus
(ლათ.: რომის ხალხი და სენატი)
-ს მდებარეობა
დედაქალაქი რომი; მოგვიანებით ასევე მილანი, რავენა და კონსტანტინოპოლი
ენები ლათინური, ბერძნული
რელიგია ძველი რომის რელიგია
ქრისტიანობა   (380 წლიდან)
მთავრობა მონარქია
იმპერატორები
 -  ძვ.წ. 27–14 წ. ოქტავიანე ავგუსტუსი
 -  284–305 დიოკლეტიანე
 -  306–337 კონსტანტინე I დიდი
 -  379–395 თეოდოსიუს I
 -  475–476 რომულუს ავგუსტულუსი
ისტორია
 -  შეიქმნა ძვ.წ. 27
 -  რესპუბლიკის ბოლო ომი ძვ.წ. 32-30
 -  იმპერიის დაარსება ძვ.წ. 30-2
 -  იმპერიის გაყოფა 293
 -  კონსტანტინოპოლის დაცემა 1453
 -  გაუქმდა ახ.წ. 476
ფართობი
 -  ძვ.წ. 25 2 750 000 კმ² (1 061 781 მლ²)
 -  117 6 500 000 კმ² (2 509 664 მლ²)
 -  390 4 400 000 კმ² (1 698 849 მლ²)
მოსახლეობა
 -  ძვ.წ. 25 წელი 56 800 000 
სიმჭიდროვე 20,7 /კმ²  (53,5 /მლ²)
 -  117 წელი 88 000 000 
სიმჭიდროვე 13,5 /კმ²  (35,1 /მლ²)
ვალუტა რომაული მონეტა

რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

სულასა და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ, რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თანაც საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსისა და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისრის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.

კეისრის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.

რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთისა და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად, რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა, რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმდროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.

ოქტავიანე ავგუსტუსის პრინციპატი

ოქტავიან ავგუსტუსი

ოქტავიანეს იმპერატორობის ეპოქა იწყება ძვ. წ. 27 წლის 13 იანვარს, როდესაც ანტონიუსთან გამარჯვების შემდეგ იგი გამოვიდა სენატში და სთხოვა სენატორებს ჩამოერთმიათ მისთვის ტრიბუნის უფლებამოსილება, რომელსაც იგი სუსტი ჯანმრთელობის გამო ვეღარ განახორციელებდა, მაგრამ სენატორები შეეხვეწნენ არ დაეტოვებინა რესპუბლიკის მმართველობა და მიანიჭეს მას ავგუსტუსის წოდება. ოქტავიანემ ვითომ იყოყმანა და დათანხმდა. ამის შემდეგ მან აიღო თავისი მამობილის სახელი, და დაირქვა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიან ავგუსტუსი.

ოქტავიანემ გარეგნულად არ შეცვალა რესპუბლიკური ინსტიტუტები, მაგრამ, რეალურად, მისი კონტროლის გარეშე უკვე არაფერი არ ხდებოდა. მან დაიკავა ცენზორის თანამდებობა და სენატიდან დაითხოვა მისთვის არასასურველი პირები და შეავსო იგი მისი ერთგული ხალხით. ოქტავიანე ერიდებოდა მეფის ტიტულს, მან მხოლოდ პრინცეპსტის წოდება აიღო. მის მიერ ჩამოყალიბებულ სისტემასაც პრინციპატი ეწოდა და გასტანა III საუკუნემდე.

ავგუსტუსმა განასახლა ლეგიონების ვეტერანები დაპყრობილ ტერიტორიებზე, სადაც შექმნა რომაული კოლონიები. მის დროს, ასევე, დასრულდა იტალიის რომანიზაცია, გამაგრდა სახელმწიფოს საზღვრები. იგი არ იყო გამოჩენილი მხედართმთავარი, მაგრამ იყო კარგი დიპლომატი და პოლიტიკოსი. მისი მმართველობის დროს რომის იერსახე სრულიად შეიცვალა, როგორც ავგუსტუსი ამბობდა, მან მიიღო აგურის რომი, ხოლო დატოვებს მარმარილოს ქალაქს. ოქტავიანემ შექმნა ქალაქებში სახანძრო რაზმები, რომლებიც ასევე პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდნენ, ასევე შექმნა გზების და წყლის გაყვანილობების ზედამხედველების თანამდებობები.

ოქტავიანემ შეკვეცა ლეგიონების რაოდენობა, დარჩენილი ლეგიონერები კი განასახლა არასტაბილურ პროვინციებში. საკუთარი დაცვისთვის კი მან პრეტორიანელთა გვარდია შექმნა, რომელიც ელიტარულ ჯარად ითვლებოდა. თვითონ მთავარსარდალი გახდა, ამგვარად მთელი სამხედრო ძალაუფლება მის ხელთ იყო. იტალიაში პრეტორიანელების და ქალაქური კოჰორტების გარდა არანაირი სახის ჯარი არ დატოვა. მის დროს შეიქმნა სახელმწიფო კანცელარიაც. იტალიაში მან ააღორძინა საშუალო მიწათმფობელობა, სწორედ ეს კლასი და არმია იყო იმპერატორის ხელისუფლების დასაყრდნობი. ხოლო პროლეტარებისთვის ეწყობოდა უფასო პურის გაცემები.

რომის იმპერიის სახელმწიფო სიმბოლო - არწივი

მან, როგორც მთავარმა ცენზორმა, ითავა ერის ზნეობრივი მდგომარეობის ზედამხედველობა. ამ პერიოდში პატრიარქალური რომაული ზნეჩვეულებები დაკნინებული იყო. ავგუსტუსმა მთელი რიგი კანონები გამოსცა ზნეობის ასამაღლებლად, მაგრამ რომაელები ამას უკმაყოფილებით შეხვდნენ. ავგუსტუსი, ასევე, ცდილობდა რომაელების დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამ მიზნით იგი 3 და მეტ შვილიან მამებს მრავალ წასახალისებელ პრივილეგიებს ანიჭებდა, ხოლო მის სახელმწიფო აპარატში დაუცოლშვილებელი კაცი მაღალ თანამდებობას ვერ მიიღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად პრინცეპსტი მართავდა ქვეყანას სენატთან ერთან, მან აუკრძალა სენატორებს განსაკუთრებული ნებართვის გარეშე დაეტოვებინათ იტალია, რადგან ეშინოდა პროვინციებში მათი გავლენის ზრდის. ქალაქებში და პროვინციებში მან დანიშნა პრეფექტები, რომლებიც პირადად მის წინაშე აგებდნენ პასუხს. პრეტორიანულ გვარდიასაც სათავეში პრეფექტი ედგა, იმპერიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოსტი იყო.

პროვინციებში აჯანყენები საკმაოდ ხშირად ხდებოდა, მაგრამ რომაელებს არ უჭირდათ მათი ჩახშობა. ყველაზე სერიოზული აჯანყება იყო დალმაციაში და პანონიაში. (დუნაისპირეთი). ტიბერიუსმა შეკრიბა 20 ლეგიონი. აჯანყების ჩახშობა მოხერხდა დუნაელი ტომების ერთ-ერთი ლიდერის ღალატის შედეგად. ამის შემდეგ იგი ეცადა დაეპყრო გერმანია, მოხდა არაერთი ლაშქრობა, რომლებსაც ტიბერიუსი და დრუზუსი ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწიეს, ხოლო ტევტობურგის ტყის ბრძოლაში კი 9 წელს მხედართმთავარი პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი სასტიკად დამარცხდა, ჯარი კი განადგურდა.

ამ აჯანყებების ჩახშობის გარდა ავგუსტუსს, პრაქტიკულად, არ უწარმოებია დამპყრობლური ომები. მისი საგარეო პოლიტიკა აქტიური დიპლომატიით შემოიფარგლებოდა. იგი ყოველგვარად ცდილობდა მოსაზღვრე სახელმწიფოებსა და ტომებთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა, ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას პართიელებთან, რომლებმაც რომში დააბრუნეს კრასუსისა და ანტონიუსის ლაშქრობებიდან დარჩენილი ტყვეები, ასევე, დააბრუნეს დამარცხებული ლეგიონების სიმბოლოები.

ოქტავიანე ავგუსტუსი გარდაიცვალა 14 წელს, იგი, როგორც მისი მამობილი, ღმერთად იყო აღიარებული.

კლავდიუსების დინასტია

ტიბერიუსი

ტიბერიუსი

პრინცეპსტის სიკვდილის შემდეგ აჯანყდნენ გერმანული და პანონური ლეგიონები. ტიბერიუსმა სიტუაციის განსამუხტად საკუთარი ვაჟი დრუზუსი გაგზავნა. ნაწილობრივ დათმობებით, ხოლო ნაწილობრივ პრევენციული ზომებით, ლეგიონებში სიტუაციის სტაბილიზაცია მოხერხდა. გერმანული ლეგიონების აჯანყება კი გერმანიკუსმა, ტიბერიუსის ძმისშვილმა, ჩაახშო.

კიდევ ერთმა აჯანყებამ იფეთქა აფრიკაში 17 წელს, რომლის ჩახშობაც რომაელებმა მხოლოდ 24 წელს მოახერხეს. ტიბერიუსი არ სარგებლობდა პოპულარობით არც ხალხში არც სენატში, იგი ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო, არავის ენდობოდა, თავისი მმართველობის დროს, მან თითქმის მთელი თავისი სანათესავო გაწყვიტა, რადგან ეშინოდა, რომ მასზე უფრო პოპულარული ნათესავი სამხედრო გადატრიალებას მოუწყობდა. ასე გერმანიკუსი, რომელიც ლეგიონებშიც და არისტოკრატიაშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, და მას არაერთხელ სთავაზობდნენ მხარდაჭერას, თუ იგი იმპერატორობას მოისურვებდა, ტიბერიუსის ბრძანებით მოწამლეს, მისი მეუღლე გადაასახლეს, ხოლო უფროსი შვილები სიკვდილით დასაჯეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ტიბერიუსმა თავის ვილაზე კუნძულ კაპრიზე გაატარა, სადაც 37 წელს იგი პრეტორიანელთა პრეფექტმა დაახრჩო.

კალიგულა

კალიგულა

ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა მისი მემკვიდრე გაიუს კეისარი, რომელიც ისტორიაში თავისი მეტსახელით კალიგულათი შევიდა. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ როგორც გიჟს. იგი მოითხოვდა, რომ მისთვის, როგორც ღმერთისთვის, ეცათ პატივი და აპირებდა საკუთარი ცხენის კონსულად დანიშვნას. მან სწრაფად გაფლანგა ტიბერიუსის მიერ დაგროვილი ფული, შემდეგ კი მდიდარი სენატორებისა და უბრალო მოქალაქეების ქონების კონფისკაცია დაიწყო. მან უამრავი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, პრაქტიკულად ყოველგვარი მიზეზის გარეშე. იერუსალიმის ტაძარში მას საკუთარი ქანდაკების დადგმა უნდოდა, მაგრამ იუდევლებმა სასტიკი პროტესტი გამოთქვეს. ისინი დარბევას მხოლოდ კალიგულას მკვლელობამ გადაარჩინა. 41 წელს პრეტორიანელთა პრეფექტმა კასიუს ჰერეამ მოკლა კალიგულა. ამბოხებულთა ნაწილს ისევ რესპუბლიკის დაბრუნება უნდოდა, მაგრამ პრეტორიანელებმა იმპერატორად კალიგულას ბიძა კლავდიუსი აღიარეს.

კლავდიუსი

თავიდან სენატს არ სურდა კლავდიუსის იმპერატორად აღიარება და იყო კიდევაც რესპუბლიკის აღდგენის მცდელობა, მაგრამ ლეგიონებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, სენატს მოუწია კლავდიუსის ცნობა, მაგრამ მათსა და ახალ იმპერატორს შორის საკმაოდ ცივი უერთიერთობა იყო.

კლავდიუსი

კლავდიუსი ბავშვობიდან გონებაჩლუნგად მიაჩნდათ, ალბათ მხოლოდ ამიტომ გადაურჩა იგი თავის დროზე ტიბერიუსს. მიუხედავად ამისა, იგი უკეთესი იმპერატორი აღმოჩნდა ვიდრე ამას მოელოდნენ. მან გაამყარა იმპერიის სახელმწიფო აპარატი, შექმნა ახალი კანცელარიები, გადმოიბირა გალიის არისტოკრტია, ამისთვის იგი უხვად არიგებდა რომის მოქალაქეობას. მან გააფართოვა პორტი და აღადგინა გზები. რომაელებში პოპულარობის მოსაპოვებლად იგი ხშირად აწყობდა სანახაობებს.

წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი აქტიურად აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს. მისი პრინციპატის დროს იმპერიას შემოუერთდა ბრიტანეთი, მავრიტანია, თრაკია და მცირე აზიის ზოგიერთი რეგიონები. იგი, ასევე, ცდილობდა სომხეთში გაემყარებინა პოზიციები, რაც პართიასთან ომით დასრულდა, ეს ომი 60-ანი წლების შუამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი ურთიერთობა სენატთან მაინც დაძაბული დარჩა.

კლავდიუსის ოჯახური ცხოვრება კი ცუდად აეწყო, მას შემდეგ რაც მისმა ცოლმა, მესალინამ უღალატა, მან ცოლად აგრიპინა უმცროსი მოიყვანა, რომელმაც აიძულა ეშვილებინა თავისი შვილი პირველი ქოწინებიდან - ლუციუს დომიციუს ნერონი. ამის შემდეგ, 54 წელს, როგორც თვლიან მან მოწამლა იმპერატორი და 17 წლის ვაჟთან ერთად წავიდა პრეტორიანელების ბანაკში, სადაც ლეგიონერებმა იგი ახალ იმპერატორად აღიარეს.

ნერონი

ნერონი

თავის პრინციპატის დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში. როგორც ავღნიშნეთ იგი სულ 17 წლის იყო როდესაც გახდა იმპერატორი, მან იმპერიის მმართველობა სენატს მიანდო. იგი იმყოფებოდა თავისი ამღზრდელის ლუციუს ანეუს სენეკას, პრეტორიანელთა პრეფექტის, სექსტუს აფრანიუს ბურუსის და საკუთარი დედის გავლენის ქვეშ, ასე რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში იგი არანაირ მონაწილეობას არ იღებდა. უმეტესად იგი დაკავებული იყო სიმღერით და ლექსების წერით. მოგვიანებით იგი იმდენად მოექცა სენეკას გავლენის ქვეშ, რომ დედამისმა კლავდიუსის ვაჟის, ბრიტანიკუსის დაპირისპირება სცადა მისთვის, მაგრამ 55 წელს მოაკვლევინეს ბრიტანიკუსი, ხოლო 59 წელს ნერონმა საკუთარი დედა მოაკვლევინა. მისი შემდეგი მსხვერპლი გახდა მისი მეუღლე ოქტავია, რომელიც რომაელებს ძალიან უყვარდათ, მისი მკვლელობის შემდეგ ნერონის პოპულარობა ხალხში ძალიან დაეცა. 62 წელს მოკვდა ბურუსი, სენეკამ კი დაკარგა ნერონზე გავლენა და მას თავი მოაკვლევინეს.

64 წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა „ტროას“ დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა „მოძებნა“ დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.

ნერონის დროს ხაზინა ისევე მალე დაცარიელდა, როგორც ეს კალიგულას დროს მოხდა და მან იგივე ხერხებს მიმართა მის შესავსებად. ამას რა თქმა უნდა სენატორებში დიდი უკმაყოფილება მოყვა. 65 წელს სენატორებმა სცადეს შეთქმულების მოწყობა, მაგრამ ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო და შეთქმულები სასტიკად დასაჯა.

ამ მოვლენების შემდეგ ნერონი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი საჯაროდ გამოდიოდა სცენაზე როგორც მსახიობი და მომღერალი. ბერძნები კი პირფერობდნენ როგორც შეეძლოთ და ყოველგვარ შეჯიბრებში აჯილდოვებდნენ მას. ამისთვის ნერონმა ბერძნული ქალაქები მთელი რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლა. ამასთან ერთად ნერონმა რომში დაიწყო მდიდრული სასახლის მშენებლობა, რომელსაც "ოქროს სახლი" უწოდა. ამან ყველაფერმა რომაელებში აღშფოთება გამოიწვია, ხოლო სენატმა იმპერატორთან ურთიერთობა გაწყვიტა. 66 წელს ნერონმა მეორე ცოლიც მოაკვლევინა და მესამედ დაქორწინდა. უკმაყოფილებას იწვევდა პართიასთან გაჭიანურებული ომიც, რომელშიც რომაელებმა საგრძნობელ წარმატებებს ვერ მიაღწიეს. 63 წელს ნერონმა მაინც მოახერხა პართიელებთან კომპრომისული სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 66 წელს იუდეაში დაიწყო აჯანყება. მათ წინააღმდეგ ნერონმა გაგზავნა ლეგიონი ცესტიუს გალუსის მხედართმთავრობით, მაგრამ იუდეველებმა იგი სასტიკად დაამარცხეს. ნერონს ეშინოდა იუდეველთა წინააღმდეგ გავლენიანი მხედართმთავრის გაგზავნა, რადგან ლეგიონებზე დაყრდნობით მხედართმავარს შეეძლო გადატრიალების მოწყობა, ამიტომ მისი არჩევანი ვერპასიან ფლავიუსზე გაჩერდა, რომელიც არც წარჩინებული წარმომავლობის იყო და არც გავლენა ჰქონდა.

68 წელს ნერონი დაბრუნდა რომში, მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან საბოლოოდ გამოვიდა. აჯანყდნენ ლეგიონები გალიაში, მალე მათ ესპანური ლეგიონებიც შეუერთდნენ. რომის იმპერიას ჩამოშორდა ბრიტანეთი, იუდეაში სიტუაციას რომაელები უკვე აღარ ფლობდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდი იყო. ესპანეთში აჯანყებულმა ლეგიონებმა იმპერატორად გალბა აღიარეს. ნერონს ამ სიტუაციის უკვე ძალიან შეეშინდა და ეგვიპტეში გაქცევა დააპირა, როდესაც პრეტორიანელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, ისინიც აუჯანყდნენ იმპერატორს. ყველასგან მიტოვებულმა, ნერომნა თავი მოიკლა. ასე დასრულდა იულიუს-კლავდიუსების მმართველობა რომში.

სამოქალაქო ომი

შემდეგი 69 წელი ისტორიაში შევიდა როგორც ოთხი იმპერატორის წელი. ნერონის სიკვდილის შემდეგ გალბა ჩამოვიდა რომში, მაგრამ, როგორც მიღებული იყო, მან არ დააჯილდოვა თავისი მომხრეები, პირიქით, მან პრეტორიანელებს ის საჩუქრებიც წაართვა რაც მათ ნერონისგან ჰქონდათ მიღებული. უკმაყოფილო ლეგიონერებმა ქვემო გერმანიის მმართველი ვიტელიუსი აიჩიეს იმპერატორად, ხოლო ახალი კანდიდატი სენატს სძულდა, რადგან იგი ნერონთან იყო დაახლოვებული. ხოლო 69 წლის 15 იანვარს პტრეტორიანელებმა მოაწყეს შეთქმულება, გალბა და მისი შვილობილი მოკლეს, ხოლო იმპერატორად ოტონი აღიარეს.

პროვინციების უმეტესობამ სცნო ოტო, მაგრამ ვიტელიუსი არ შეეგუა ბედს და გერმანული ლეგიონებით შეიჭრა იტალიაში. 69 წლის აპრილში მოხდა ოტოს და ვიტელიუსის ჯარებს შორის შეტაკება, სადაც ოტო დამარცხდა და თავი მოიკლა. ვიტელიუსი აღიარეს იმპერატორად, მაგრამ მისი ლეგიონერები იტალიაში ისე იქცეოდნენ, როგორც მტრის მიწაზე. ვიტელიუსიც კი აღშფოთდა მარადიორობის მასშტაბებით და ლეგიონები გერმანიაში დააბრუნა ამით მისი პოზიციებიც რომში დასუსტდა.

იუდეის აჯანყება ნაწილობრივ უკვე ჩახშობილი იყო ვესპასიანეს მიერ, მარტო იერუსალიმი იყო ასაღები. 69 წლის ზაფხულში აღმოსავლური პროვინციების მმართველებმა იმპერატორად ვესპასიანე აღიარეს. სენატმაც იგი ამჯობინა ვიტელიუსს. მალე ვესპასიანის მხარეს პროვინციების უმეტესობა გადმოვიდა. იმავე წელს მან დაამარცხა ვიტელიუსის ჯარი და გახდა იმპერატორი. ასე დაიწყო ფლავიუსების დინასტიის მმართველობა.

ფლავიუსების დინასტია

ვესპასიანე და ტიტუსი

ვესპასიანე აღიარეს როგორც სენატორებმა, ასევე ლეგიონერებმაც. მაგრამ იმპერიაში მშვიდობა ჯერ არ სუფევდა. იუდეაში აჯანყება გრძელდებოდა, აჯანყდა ასევე გალიაც და ქვემო გერმანიაც. 70 წელს, როდესაც იტალიაში სამოქალაქო ომი დასრულდა, რომის ლეგიონებმა ვესპასიანეს ვაჟის, ტიტუსის მეთაურობით აიღეს იერუსალიმი და დაანგრიეს ტაძარი. აჯანყება არნახული სისასტიკით ჩაახშვეს. იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, ხოლო მოსახლეობა მონებად გაყიდეს. იუდეამ ამ დღიდან არსებობა შეწყვიტა. აჯანყებულების ბრძოლა კი კიდევ 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

გალიაში კი აჯანყებულებს სურდათ გალიის ცალკე იმპერიად ჩამოყალიბება. აჯანყებულთა ნაწილს რომთან ღია ომი სურდა, მაგრამ გალურმა არისტოკრატიამ მათ მხარი არ დაუჭირა. რომაელებმა აქაც ჩაახშეს აჯანყება, მაგრამ რეპრესიები არ ჩაუტარებიათ. რომაელი მხედართმთავარი პეტილიუს ცერეალისი გამოვიდა გალების წინაშე და წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც იგი გალებს არწმუნებდა, რომ რომაელები მათი მტრები არ იყვნენ და მათ იმპერია ისევე ეკუთვნოდათ, როგორც რომაელებს. ამგვარად გალიაშიც მშვიდობა დამყარდა.

სენატს და ვესპასიანეს შორის თავიდანვე კარგი ურთიერთობა დამყარდა. სენატმა იმპერატორს იმხელა ძალაუფლება მიანიჭა რაც არცერთ მის წინამორბედს არ ჰქონია. მას შეეძლო უკვე არსებული კანონების გაუქმება. ამის გარდა ვესპასიანე ყოველ წელს ირჩეოდა კონსულად. ფლავიუსების ტახტზე ასვლიდან დაიწყო იმპერიის ოქროს ხანა.

კოლიზეუმი დღეს

ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში მოხდა პროვინციების რომანიზაცია. სენატორები ახლა არა მარტო რომაული წარმოშობის იყვნენ, არამედ პროვინციული არისტოკრატებიც. მეორე მხრივ ამან ლათინების გათქვეფა და მომდევნო გადაშენება გამოიწვია. ბევრ ესპანურ და გალურ ქალაქებს მან ლათინური და რომაული მოქალაქეობა უბოძა. ვესპასინემ გააუქმა ყველა ის პრივილეგია რაც ნერონმა ბერძნულ ქალაქებს უბოძა. მან ასევე იმპერიას შეუერთა როდოსი, კილია, ბიზანტიუმი, სამოსი, კილიკია და კომაგენა.

ვესპასიანემ რომში დაიწყო კოლიზეუმის მშენებლობა და აღადგინა კაპიტოლიუმი. მან შეძლო იმპერიის ეკონომიკის აღორძინება, საზღვრების გამაგრება და პართიასთან მშვიდობის შენარჩუნება. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა.

ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორი მისი უფროსი ვაჟი ტიტუსი გახდა. მას თანამედროვენი ძალიან დადებითად ახასიათებდნენ, მაგრამ მისი მმართველობა მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა, რადგან 81 წელს იგი გარდაიცვალა. მისი მმართველობის დროს მოხდა საშინელი კატასტროფა, ვულკანმა ვეზუვიმ ამოხეთქა და გაანადგურა ქალაქები პომპეუსი, ჰერკულანუმი და სტაბიუმი.

დომიციანე

დომიციანე

ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ პრეტორიანელებმა იმპერატორად მისი უმცროსი ძმა დომიციანე აღიარეს. იგი უფროს ძმას და მამას თითქმის არაფრით არ ჰგავდა, ხასიათის და ქცევებით იგი იულიუს-კლავდიუსების დინასტიის „სახელგანთქმულ“ იმპერატორებს დაემსგავსა. მან ჯერ კიდევ გაპრინცეპსტებამდე გაიფუჭა სენატთან ურთიერთობა და ეყრდნობოდა მხოლოდ სამხედროებს. მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა პოპულარობა პლებეებში, რისთვისაც ხშირად აწყობდა ნაირნაირ სანახაობებს.

მისი მმართველობის პერიოდში შემოერთებულ იქნა გერმანიის სამხრეთ დასავლეთი, სადაც ვეტერანების კოლონიები შეიქმნა. დუნაის პირეთზე კი დაკების, მარკომანების და სარმატების ტომებმა სერიოზულად დაამარცხეს რომაელები, ომი 89 წლამდე გრძელდებოდა, სანამ დომიციანმა დაკების ბელადთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადო. ამ ხელშეკრულებამ რომაელების უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიტანეთში სამხედრო მოქმედებები წარმატებით ხორციელდებოდა, მაგრამ აღმოსავლეთ პროვინციებში მცირე აზიიდან კავკასიის მიმართულებით ექსპანსია ვერ განხორციელდა.

89 წელს ქვემო გერმანიის ლეგატი ანტონიუს სატურნინუსი იქაურმა ლეგიონებმა იმპერატორად აღიარეს, მაგრამ დომიციანმა მოახერხა ამ აჯანყების ჩახშობა. 96 წლის შეთქმულებისას კი იმპერატორი მოკლეს. სენატორებმა ახალ იმპერატორად აირჩიეს ერთ-ერთი უხუცესი სენატორი მარკუს კოკციუს ნერვა.

ანტონინუსების დინასტია

ნერვა

ნერვას იმპერატორობის არჩევით ლეგიონერები და პრეტორიანელები უკმაყოფილონი დარჩნენ, ამიტომ მათ გადმოსაბირებლად მან იშვილა ზემო გერმანიის მმართველი მარკუს ულპიუს ტრაიანე. ამგვარად ჩამოყალიბდა იმპერატორთა მემკვიდრეობის ახალი ფორმა, პრინცეპსტობა უკვე არა მამიდან შვილზე ან უახლოეს ნათესავზე გადადიოდა, არამედ სენატის რჩეულზე, რომელსაც მოქმედი იმპერატორი იშვილებდა. ამგვარად ანტონიუსების დინასტიის წარმომადგენლები ერთმანეთის სისხლით ნათესავები აღარ იყვნენ. იმპერატორი არჩევის შემდეგ ფიცს დებდა რომ სენატის განაჩენის გარეშე სენატორს არ დასჯიდა სიკვდილით და მხოლოდ ამ პირობით დებდა სენატი იმპერატორისადმი ერთგულების ფიცს.

ნერვამ ჩაატარა ახალი აგრარული რეფორმა, რომლითაც გაღატაკებულ მოსახლეობას დაურიგა მიწები, მისი მმართველობის დროს ასევე შეიქმნა „ალიმენტარული ფონდი“ ობოლ ბავშვთა მოსავლელად და აღსაზრდელად. 98 წელს ნერვა გარდაიცვალა.

ტრაიანე

ტრაიანე

ნერვას სიკვდილის შემდეგ 98 წელს, იმპერატორი მისი შვილობილი ტრაიანე გახდა. იგი წარმოშვებით ესპანეთიდან იყო. რომის იმპერატორი პირველად გახდა პროვინციელი. ეს მიუთითებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიაში იმ დროს რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. იგი ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც, უმეტესად, უკვე არა ძველი ლათინური არისტოკრატებით იყო დაკომპლექტებული, არამედ მასში უკვე პროვინციელი არისტოკრატები ჭარბობდნენ.

მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი, ასევე, ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან დაიწყო ომი. დაკები მხოლოდ 2 წლიანი გაცხარებული ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელს განახლდა დაკების რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რასაც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით უპასუხეს; მომდევნო წელს კი პროვინციად აქციეს. ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ტრაიანემ ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა.

109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ და კოლხებს და იბერიელებს მათი ბატონობა აღიარებინეს. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო-დასავლეთი დაიპყრეს. 114 წელს ტრაიანე სომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციად აქცია. მომდევნო წელს კი რომაელმა ლეგიონერებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა უკვე პართიის დედაქალაქი ქტეზიფონი დაიკავეს. ასურეთი, მესოპოტამია და ბაბილონია რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანემ ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება მოხდა არა მხოლოდ დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიასა და კვიპროსზეც. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანეს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაწყვიტეს.

რომის იმპერია ტრაიანეს პრინციპატისას

117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით, მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანეს უნდოდა აღედგინა არმიის ბრძოლისუნარიანობა და გაეგრძელებინა ომი. ამისთვის იგი გაემგზავრა რომისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა და მოკვდა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო.

ადრიანე

ადრიანე

ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა პუბლიუს ელიუს ადრიანე. იგი კარგად ხვდებოდა, რომ ჩაუხშობელი აჯანყებების ფონზე პართიასთან ომის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ამიტომ მან ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი ტრაიანეს ყველა დაპყრობაზე არაბეთის გარდა უარს ამბობდა. იგი წინამორბედისგან განსხვავებით ყურადღებას თავდაცვას უფრო უთმობდა. მის დროს ხდებოდა იმპერიის საზღვრებზე ციხესიმაგრეების და სხვა თავდაცვითი შენობების მშენებლობა.

აღმოსავლეთში დაპყრობებზე უარმა სამხედროებში უკმაყოფილება გამოიწვია. მოეწყო შეთქმულება, მაგრამ იგი გამომჟღავნდა და იმპერატორმა შეთქმულნი სასტიკად დასაჯა. ამან სენატის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ახალი იმპერატორი დაპირდა სენატს რომ სასამართლოს გარეშე არავის დასჯიდა, რის შემდეგაც 118 წელს იგი ცნეს იმპერატორად.

ადრიანე ბევრს ზრუნავდა ქალაქების კეთილმოწყობაზე. იგი, ასევე, ცდილობდა მოეგვარებინა კრიზისი, რომელიც ტრაიანეს აგრესიული საგარეო პოლიტიკის შედეგად შეიქმნა. მისი მმართველობის პერიოდში რომის საგარეო პოლიტიკა დამპყრობლურისგან თავდაცვითზე შეიცვალა. პროვინციებში აჯანყებების ჩახშობის შემდეგ, მან დაიწყო სახელმწიფო და სასამართლო აპარატის გაძლიერება. მან, ასევე, სახელმწიფო ფოსტა შექმნა იმპერიის ცენტრსა და პროვინციებს შორის კომუნიკაციების გასაადვილებლად. პროვინციებში მმართველების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად მან პროვინციების კურატორების პოსტი შექმნა.

ქალაქ რომის გეგმა იმპერიის ეპოქაში

კრიზისი იყო ასევე სამხედრო სფეროშიც. რომის მოქალაქეებში სამხედრო სამსახური აღარ ითვლებოდა უწინდებურად პრესტიჟულად, ამიტომ მსურველების რაოდენობაც შემცირდა. ადრიანემ ეს პრობლემა იმით გადაწყვიტა, რომ ლეგიონებში იღებდა არა მარტო რომის მოქალაქეებს, არამედ ნებისმიერ თავისუფალ პროვინციელს. ამგვარად, რომაულმა ლეგიონებმა დაკარგეს რომაული სახე, ლათინური ენა აქ მხოლოდ სამუშაო ენად დარჩა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 132 წელს იუდეა ისევ აჯანყდა. ამ აჯანყების ჩახშობა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. დანგრეული იერუსალიმის ადგილზე აღმოცენდა რომაული კოლონია. ადრიანე 138 წელს გარდაიცვალა. იგი მავზოლეუმში დაკრძალეს, რომელიც დღემდე შემორჩა რომში.

ანტონინუს პიუსი

ანტონიუს პიუსი

ადრიანეს სიკვდილის შემდეგ, იმპერატორი გახდა გალური წარმოშობის სენატორი ანტონინუს პიუსი. მისი მმართველობის პერიოდში რომაელმა ლეგიონერებმა ბრიტანეთში გადაკვეთეს ადრიანეს სიმაგრეები და კუნძულის ყველაზე ვიწრო ზოლზე ააშენეს ანტონიუსის სიმაგრე. ამის გარდა, ხდებოდა დაკებისა და გერმანელების აჯანყებებისა და საზღვრებზე თავდასხმების შეჩერება. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში რიგი მიწისძვრები და ხანძრები მოხდა. 152 წელს ერთდროულად დაიწყო აჯანყება ეგვიპტეში, იუდეასა და აქაიაში, რომში კი შიმშილისგან ბუნტები დაიწყო.

ანტონინუსმა ალიმენტარული ფონდი გაზარდა. მან, ასევე, შეცვალა მონების მდგომარეობა იმპერიაში, ახლა მონის მკვლელობა უკვე თავისუფალი ადამიანის მკვლელობას გაუტოლდა, ხოლო თუ მონამ თავი ტაძარს ან იმპერატორის ქანდაკებას შეაფარა, მაშინ იგი ძველ პატრონს აღარ დაუბრუნდებოდა.

მისი საგარეო პოლიტიკა ადრიანეს პოლიტიკისგან არ განსხვავდებოდა. ანტონინუსი 161 წელს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გახდა მისი შვილობილი მარკუს ავრელიუსი.

მარკუს ავრელიუსი

მარკუს ავრელიუსის ქანდაკება, რომი

მარკუს ავრელიუსის პრინციპატის დასაწყისშივე დაიწყო პართიასთან ომი სომხეთის გამო. პართიელები შეიჭრნენ სომხეთსა და სირიაში. 165 წელს რომაელებმა მოახერხეს პართიელების განდევნა და ჩრდილოეთ მესოპოტამიის დაკავება, მაგრამ დაპყრობილი მიწების შენარჩუნება ვერც ამჯერად შეძლეს. შუამდინარეთში დაიწყო შავი ჭირის ეპიდემია, რომელიც ლეგიონებშიც გავრცელდა. რომაელებს უკან დახევა მოუწიათ, მაგრამ ამასთან მათ შავი ჭირი აღმოსავლეთ და შემდგომ დასავლეთ პროვინციებშიც გადაიტანეს. 168 წელს პართიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლითაც ჩრდილოეთი მესოპოტამია რომის მფლობელობაში გადადიოდა. მაგრამ ამან მაინც ვერ აანაზღაურა ომის დანაკარგები.

167 წელს გერმანულმა ტომებმა გადმოლახეს დუნაი და დაიწყეს რომაულ პროვინციებში თარეში. მარკუს ავრელიუსმა გაილაშქრა მათ წინააღმდეგ 169 წელს. მან მოახერხა გერმანელების განდევნა, მაგრამ წინ ვეღარ წაიწია, რადგან აღმოსავლეთ საზღვრებზე ისევ დაიძაბა სიტუაცია. გერმანელების ტომებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. 172 წელს ეგვიპტეში დაიწყო მწყემსების აჯანყება. ამ აჯანყების ჩასახშობად მან სირიის მმართველი ავიდიუს კასიუსი გაგზავნა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი კასიუსმა განიზრახა მის ხელთ არსებული სამხედრო ძალის გამოყენება და გადატრიალების მოწყობა. ავრელიუსი პირადად გაემგზავრა ეგიპტეში აჯანყების ჩასახშობად. პირველივე ბრძოლაში კასიუსი დაიღუპა.

177 წელს გერმანულმა ტომებმა დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება და გადმოვიდნენ იმპერიის ტერიტორიაზე. ავრელიუსი გაემგზავრა საომრად, მან წარმატებით განდევნა გერმანელები, მაგრამ 180 წელს ჯარში შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო, იმპერატორი ავად გახდა და მოკვდა. მისი სიკვდილით დასრულდა იმპერიის ოქროს ხანა.

კომოდუსი

კომოდუსი 20 წლის ასაკში

მარკუს ავრელიუსის სიკვდილის შემდეგ, იმპერატორი მისი ვაჟი კომოდუსი გახდა. იგი ანტონინების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. საკუთრ მამას იგი არაფერში არ ჰგავდა. იგი მამის გარდაცვალებისას მასთან იმყოფებოდა. კომოდუსს უნდოდა სწრაფად დაემთავრებინა ომი და რომში დაბრუნებულიყო, ამისთვის მან სასწრაფოდ დადო სამშვიდობო ხელშეკრულება და გერმანელებს დიდძალი ფული მისცა მშვიდობის შესანარჩუნებლად.

რომში დაბრუნების შემდეგ, მან მოაწყო მდიდრული თამაშები, რამაც ხაზინა მალე დააცარიელა. კომოდუსმა მისი შევსება მდიდრების ქონების კონფისკაციით სცადა, მაგრამ ქალაქში ისედაც საკვები პროდუქტების უკმარისობა იყო და ამით საქმეს ვერ უშველა. 189 წელს რომში შიმშილისგან ბუნტი ატყდა, რამაც პროვინციებში პლებსს აჯანყებისკენ უბიძგა. განსაკუთრებით ფართო მასშტაბი აჯანყებამ გალიაში მიიღო. კომოდუსმა ჯარები გააგზავნა გალიაში და აჯანყება ჩაახშო.

მოგვიანებით რომში მოეწყო შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ და 192 წლის 31 დეკემბერს იგი მოკლეს.

სევერუსების დინასტია

სამოქალაქო ომი

მეორე საუკუნის მიწურულს რომის იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო, სამხედრო ძალა შესუსტდა და პოლიტიკური მდგომარეობაც არასტაბილური იყო. კომოდუსის მკვლელობის შემდეგ რომში იმპერატორად პერტინაქსუსი გამოაცხადეს, მაგრამ ნახევარ წელში იგი პრეტორიანელებმა მოკლეს, მათ თავისებური აუქციონი მოაწყეს, ვინც მეტს გადაუხდიდა, მას აღიარებდნენ იმპერატორად. ეს „აუქციონი“ სენატორმა დიდიანუს იულიანუსმა მოიგო, მაგრამ იგი არ იყო ტახტზე ერთადერთი პრეტენდენტი. სირიაში პესცინიუს ნიგერმა, ბრიტანეთში კლოდიუს ალბინუსმა, ხოლო პანონიაში სეპტიმიუს სევერუსმა გამოთქვეს იმპერატორიბაზე პრეტენზიები. ამ უკანასკნელის ლეგიიონებმა პირველებმა დაიკავეს რომი, სადაც პრეტორიანელებმა დიდიანუს იულიანე მოკლეს.

სეპტიმიუს სევერუსი

სეპტიმიუს სევერუსმა დაითხოვა პრეტორიანელები და შემოირიგა ალბინუსი. ამის შემდეგ იგი ნიგერიუსის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელსაც იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციები ეკავა. მათ შორის ორი დიდი შეტაკება მოხდა, რომელშიც ნიგერიუსი დაიღუპა. მისი მხარდამჭერები პართიაში გაიქცნენ. ამ ამბების შემდეგ სეპტიმიუსმა პართიასთან დაიწყო ომი, ამავდროულად ალბინუსი აჯანყდა, რომელსაც გალიის და ესპანეთის არისტოკრატიამ დაუჭირა მხარი, მაგრამ რეინის არმია სევერუსის ერთგული დარჩა და დაამარცხა აჯანყებულები.

ამ გამარჯვების შემდეგ მან რომაელი არისტოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრა. კომოდუსი ღმერთად აღიარა, საკუთარი თავი კი მის ძმად, ხოლო მემკვიდრეებად თავისი ვაჟები გამოაცხადა. იგი აფრიკიდან იყო წარმოშობით. მისი მმართველობის პერიოდში სენატში აფრიკელი არისტოკრატია შევიდა. მან ასევე მრავალი პრივილეგია უბოძა აფრიკულ ქალაქებს.

პართიასთან ომი 4 წელი გაგრძელდა (195-198). ომის შედეგად რომაელებმა დაიპყრეს მესოპოტამია, ქალაქები სელევკია და კტესიფონი.

საზღვრების გამაგრების შემდეგ მან შინაურ საქმეებზე გადაიტანა ყურადღება. მან გაატარა სახელმწიფო მოწყობის რეფორმა, რის შედეგადაც იმპერატორი სენატისგან დამოუკიდებელი გახდა. შეიქმნა ფართო ბიუროკრატიული აპარატი, რომლის შიდა სტრუქტურიზაცია ძალიან მილიტარიზებული იყო. სახელმწიფო წყობა კიდევ უფრო მიუახლოვდა მონარქიას. სენატს არც კანონმდებლობის და არც მაგისტრების არჩევის უფლება აღარ დაუტოვა.

იტალიის პრივილეგირებული მდგომარეობისგან სხვა პროვინციებთან შედარებით პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. მან რეფორმები არმიაშიც ჩაატარა. ახლა სამხედროს შეეძლო იკვე ცოლის მოყვანა, თან რიგით ლეგიონერს შეეძლო მიეღწია ცენტურიონის პოსტისთვის, რაც უკვე მხედრის კლასს გაუტოლდა. პრეტორიანელებიც უკვე არა მხოლოდ იტალიელებისგან შედგებოდნენ, არამედ ყველა ლეგიონის საუკეთესო მეომრებისგან. ჯარში ახლა არა მარტო რომის მოქალაქეები მიჰყავდათ არამედ პროვინციების მაცხოვრებლებიც და ბარბაროსებიც. ამ რეფორმებმა სამხედრო სამსახურის პრესტიჟი აამაღლა, მაგრამ ამავე დროს შეასუსტა ლეგიონები, რადგან ცოლიანი ლეგიონერები ნაკლებად მობილურნი იყვნენ.

გარდაცვალებამდე ცოტა ადრე იგი ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც რომაულ კოლონიებს ადგილობრივი ტომები ესხმოდნენ თავს. იგი იქ გარდაიცვალა 211 წელს.

კარაკალა

სეპტიმიუს სევერუსის სიკვდილის შემდეგ იმპერატორებად მისი ვაჟები მარკუს ავრელიუს ანტონინი (რომელიც ისტორიაში მეტსახელით კარაკალა შევიდა) და მისი ძმა გეტა გამოაცხადეს. 212 წელს კარაკალამ მოკლა გეტა და გაჟლიტა მისი მომხრეები.

იმპერიის მართვა მან დედინაცვალს მიანდო, ხოლო თვითონ დუნაის საზღვარზე გაემგზავრა, სადაც წარმატებით შეაჩერა გერმანული ტომების შემოტევა. ამის შემდეგ იგი სირიაში გაემგზავრა, საიდანაც გეგმავდა პართიასთან ფართომასშტაბიან ომს.

იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ჯერ კიდევ სეპტიმიუსმა დაიწყო ფულის გამოშვება, სადაც ოქრო და ვერცხლი ნაკლები იყო, მაგრამ ნომინალი იგივე, კარაკალამ ამის გამოყენება უფრო ხშირად დაიწყო, მაგრამ ამ ზომამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 212 წელს იმპერიის მთელმა თავისუფალმა მოსახლეობამ მიიღო რომის მოქალაქეობა, მაგრამ არც ამან უშველა საქმეს.

კარაკალა ისტორიაში თავისი სისასტიკით, სიგიჟით, გარყვნილობით და ვერაგობით შევიდა. 215 წელს მან ალექსანდრიელი ახალგაზრდობა ცირკში დაპატიჟა, სადაც მათი ამოწყვეტა ბრძანა. 217 წელს იგი ჯერ პართიის მეფეს მეგობრობას დაპირდა, შემდეგ კი ვერაგულად დაესხა ასურეთის რამდენიმე ქალაქს და გაანადგურა. იმავე წელს კარაკალა შეთქმულებმა მოკლეს.

მაკრინუსი და ელაგაბალუსი

კარაკალას მკვლელობის შემდეგ იმპერატორი გახდა შეთქმულების მეთაური, პრეტორიანელთა პრეფექტი მაკრინუსი. მან განახორციელა კარაკალას გეგმა პართიასთან ომის თაობაზე. ომში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ. მათ პართიას დაუთმეს ყველა სადავო ტერიტორია და დიდი კონტრიბუცია გადაუხადეს. ამის შემდეგ მაკრინუსის პოპულარობა რომში ძალიან დაეცა. მის წინააღმდეგ შეთქმულება კარაკალას დედინაცვლის დამ იულია მესამ მოაწყო. იმპერატორი მოკლეს, მისი ადგილი კი მესას 14 წლის შვილიშვილმა მარკუს ავრელიუს ანტონინუსმა დაიკავა, რომელიც ეფესოში ღმერთ ელაგაბალუსის ქურუმი იყო. სწორედ ამ სახელით შევიდა იგი ისტორიაში.

ელაგაბალუსი ღმერთის ფანატიკური თაყვანისმცემელი იყო. ყოველდღიურად აწყობდა მსხვერპლთშეწირვის რიტუალებს, რაც რომისთვისაც უნახავი ორგიებით სრულდებოდა. 4 წლის მმართველობის შემდეგ ელაგაბალუსმა საყოველთაო სიძულვილი გამოიწვია. მის წინააღმდეგ შეთქმულება მისმა ბებიამ იულია მესამ მოაწყო და მის ადგილას მეორე შვილიშვილი, ალექსანდრე სევერუსი დასვა.

ალექსანდრე სევერუსი

ბრინჯაოს მონეტა ალექსანდრე სევერუსის გამოსახულებით

ალექსანდრე ყველაფერში ჯერ თავის ბებიას იულია მესას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დედას უჯერებდა. მათი გავლენით მან სენატს დაუბრუნა უწინდებური პრივილეგიები. სამხედროებში კი იგი პოპულარობით არ სარგებლობდა.

231 წელს დაიწყო ომი სპარსეთთან. იმპერატორის დედამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ იმპერატორი პირადად უხელმძღვანელებდა რომაულ ლეგიონებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იყო წარმატებული, ალექსანდრე მხოლოდ ხელს უშლიდა სამხედროებს. 232 წელს სპარსებმა შეუტიეს რომაელებს და განდევნეს სომხეთიდან სირიაში. ბუნტის თავიდან აცილება იმპერატორმა მხოლოდ ჯარისკაცთა უხვი დასაჩუქრებით შეძლო. მიუხედავად აშკარა წაგებისა, ალექსანდრემ რომში ტრიუმფი აღნიშნა.

234 წელს ალექსანდრე გაემგზავრა გერმანულ საზღვრებთან, სადაც გერმანული ტომები ისევ თარეშობდნენ. მან მოახერხა არმიის შეკრება, მაგრამ დედამისს და მის მრჩევლებს სურდათ ომის თავიდან აცილება, რისთვისაც მათ გერმანელებს დიდძალი ფული გადაუხადეს. ამან ჯარში ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ 235 წელს ისინი აჯანყდნენ, იმპერატორი, დედამისი და ყველა დაახლოებული პირი ამოხოცეს. ასე დასრულდა სევერუსების დინასტიის მმართველობა და დაიწყო მესამე საუკუნის მწვავე კრიზისი.

რომის ექსპანსია, ანიმაცია

მესამე საუკუნის კრიზისი — „ჯარისკაცთა იმპერატორების“ ეპოქა

ალექსანდრე სევერუსის მკვლელობის შემდეგ იმპერატორი გახდა გერმანული ლეგიონების მხედართმთავარი მაქსიმინუსი (235-238). იგი არც კი ჩავიდა რომში, მხოლოდ ლეგატი გაუგზავნა სენატს. იგი მთელ ყურადღებას ლეგიონებს უთმობდა. მისი მმართველობით, როგორც ამბობდნენ, „ჯარისკაცთა იმპერატორთა“ ეპოქა დაიწყო.

არც სენატი და არც არისტოკრატია არ იყვნენ კმაყოფილნი მაქსიმინუსით. სენატორებმა 238 წელს იმპერატორებად 2 სენატორი გამოაცხადეს. ამავდროულად აფრიკაში იმპერატორად მდიდარი მიწათმფლობელი გორდიანუსი გამოაცხადეს, მაგრამ მაქსიმინუსის ლეგატმა დაამარცხა ისინი და გორდიანუსი დაიღუპა. სენატის განდგომის შემდეგ მაქსიმინუსმა ჯარებით იტალიისკენ გაილაშქრა, რაც იტალიელებს არ მოეწონათ. იმპერატორს ჩაუკეტეს ქალაქები. მალე მისივე ლეგიონები აჯანყდნენ და მოკლეს მაქსიმინუსი.

ამ ამბების შემდეგ პრეტორიანელებმა იმპერატორად აფრიკელი გორდიანუსის მცირეწლოვანი შვილიშვილი გორდიანუს III (238-244) აღიარეს. სენატი იძულებული იყო დათანხმებოდა. მალე პრეტორიანელებმა მოკლეს ორი სენატორი იმპერატორი. გორდიანუსით მართავდა პრეტორიანელთა პრეფექტი ტიმესტეუსი, რომელმაც ახალგაზრდა იმპერატორს თავისი ქალიშვილი შერთო ცოლად. ტიმესტეუსის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილი არაბმა ფილიპემ დაიკავა, რომელმაც აიძულა იმპერატორი იგი თანამმართველი გაეხადა. 244 წელს მან მოაწყო გადატრიალება და გახდა ერთადერთი იმპერატორი.

ფილიპემ სპარსებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო, დაუთმო მესოპოტამია და გადაუხადა კონტრიბუცია. ამის შემდეგ იგი რომში ჩავიდა. რომაელთა და სენატის სიმპათიების მოსაპოვებლად 247 წელს მან დიდი ზარზეიმით ქალაქის ათასი წლისთავი მოაწყო, მაგრამ საქმეს ამით ვერ უშველა. 249 წელს დუნაის ლეგიონები აჯანყდნენ. ფილიპემ მათ დასაშოშმინებლად სენატორი დეციუსი გაგზავნა. ეს უკანასკნელი კი აჯანყებულებს სათავეში ჩაუდგა, გაემართა იტალიისკენ და ვერონასთან ბრძოლაში დაამარცხა იმპერატორის ჯარები, ფილიპე კი მოკლა.

ამგვარად დეციუსი გახდა იმპერატორი. 250 წელს მან გამოსცა კანონი, რომლითაც იმპერატორის გენიის კულტი ცხადდებოდა ერთადერთ კულტად, ხოლო ყოველი სხვა რელიგია აკრძალა. აღმოსავლური რელიგიების მიმდევრების (მათ შორის ქრისტიანების) წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყო. ამავე დროს იმპერიის დასავლეთ საზღვრებზე გააქტიურდნენ გერმანული ტომები. 251 წელს იმპერატორი ბრძოლაში დაიღუპა.

იმპერატორის დაღუპვამ გამოიწვია ძალაუფლებისთვის გაცხარებული ბრძოლა. მომდევნო 2 წლის მანძილზე 3 იმპერატორი შეიცვალა.

253 წელს რეინის ლეგიონებმა სენატორი ვალერიანუსი აღიარეს იმპერატორად. იგი სენატმაც მოიწონა. მან თანამმართველად თავისი ვაჟი გალიენუსი გამოაცხადა. მათი მმართველობის პერიოდში კრიზისმა პიკს მიაღწია. საზღვრებზე მდგომარეობა გაუარესდა. გოთები შეიჭრნენ დასავლეთ პროვინციებში და გადაწვეს ბევრი ქალაქი. ფრანკების და ალემანების შემოსევები არა მარტო სასაზღვრო რეგიონებს ემუქრებოდა, არამედ მათ პირენეებამდე მიაღწიეს. აფრიკაში მდგომარეობა არანაკლებ მძიმე იყო, რომაულ ქალაქებს მომთაბარე მავრიტანალები არბევდნენ, ხოლო იმპერიის აღმოსავლეთით სპარსები შეიჭრნენ მესოპოტამიაში, რომაული გარნიზონები გაანადგურეს და რიგი ქალაქები დაიპყრეს.

ვალერიანუსმა რომში დატოვა თავისი ვაჟი იმპერიის დასავლეთის სამართავად, თვითონ კი აღმოსავლეთით გაემგზავრა სპარსების შემოტევის შესაჩერებლად. მან განდევნა სპარსები სირიიდან, მაგრამ 260 წელს ქალაქ ედესასთან ბრძოლისას დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.

ვალერიანუსის დატყვევებამ გამოიწვია სრული ანარქია. სხვადასხვა პროვინციებში მხედართმთავრები თავს იმპერატორებად აცხადებდნენ, ხოლო გალიენუსის ძალაუფლება იტალიას არ სცდებოდა. გოთებმა საბერძნეთამდე გააღწიეს, ხოლო ალემანები უკვე ჩრდილოეთ იტალიაში თარეშობდნენ. ქალაქ პალმირის მმართველმა 262 წელს დაამარცხა სპარსები, რის შემდეგაც გახდა აღმოსავლეთ პროვინციების ფაქტობრივი მმართველი. ამგვარად ამ პერიოდში რომის იმპერია, როგორ პოლიტიკური ერთეული აღარ არსებობდა.

სიტუაცია დაამძიმა რიგმა აჯანყებებმა იტალიასა და გალიაში თან მიწისძვრების და ეპიდემიების მთელმა სერიამ. ფული გაუფასურდა, რაც ვაჭრობაზე აისახა. აღორძინდა ნატურალური მეურნეობა. 268 წელს შეთქმულებმა მოკლეს გალიენუსი.

მდგომარეობა იმპერიაში უკიდურესად დამძიმდა. ყოველ რეგიონში ლეგიონები ან არისტოკრატია აცხადებდნენ იმპერატორებად თავის კანდიდატებს, მაგრამ ეს უზურპატორები დიდხანს ვერ ძლებდნენ, ან ერთმანეთთან შეტაკებაში იხოცებოდნენ, ან საკუთარი მომხრეები განუდგებოდნენ და კლავდნენ. ეს პერიოდი "ოცდაათი ტირანის" ეპოქად შევიდა ისტორიაში. პროვინციები პრაქტიკულად დამოუკიდებლები გახდნენ. აფრიკულ პროვინციებს დამოუკიდებლად უწევდათ მომთაბარეთა შემოტევების მოგერიება. გალია, ესპანეთი და ბრიტანეთი ჩამოშორდა იმპერიას.

ვაჭრობის შემცირებამ და ლატიფუნდიების რაოდენობის ზრდამ ქალაქების ეკონომიკური მნიშვნელობის დაცემა გამოიწვია. მუნიციპალურმა მონათმფლობელობამ დაკარგა უწინდებური მნიშვნელობა, ხოლო ლატიფუნდიების სოციალური წყობა მონათმფლობელურიდან ფეოდალურში გადაიზარდა.

კლავდიუს II რეინის ლეგიონებმა გამოაცხადეს იმპერატორად 268 წელს. მან სცადა იმპერიის მთლიანობის აღორძინება. მან შეკრიბა ჯარი და გაემართა ბერძნული ქალაქების გოთებისგან დასახსნელად. ქალაქ ნაისასთან ბრძოლაში რომაელებმა მოახერხეს გოთების დამარცხება. ამ გამარჯვების ნადავლმა ამოასუნთქინა რომის დაცარიელებულ ხაზინას. მაგრამ რომაელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს რადგან არ დამარხეს ბრძოლის ველზე დარჩენილი გვამების მთები. ამან გამოიწვია შავი ჭირის საშინელი ეპიდემია, რომელსაც 270 წელს შეეწირა იმპერატორი.

მისი მემკვიდრე გახდა მხედართმთავარი ავრელიუსი. მან შეძლო გოთების განდევნა და დაკიის საზღვრების გამაგრება. ამის შემდეგ 271 წელს იგი გაემართა ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ალემანებმა რომაელები დაამარცხეს და უკვე რომს ემუქრებოდნენ. იმპერატორმა მათი განდევნაც შეძლო. ამან ავრელიანუსს აიძულა რომისთვის ახალი გალავნის აშენება, რადგან ქალაქი დიდი ხნით ადრე გაცდა ძველ გალავანს.

ამის შემდეგ 273 წელს მან გალიისკენ და ესპანეთისკენ გაილაშქრა და შეძლო მათი იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნება. ამავდოულად მან დაამარცხა პალმირის მმართველის ჯარები და დაიბრუნა აღმოსავლეთ პროვინციებში ძალაუფლება. ამგვარად 274 წელს რომის იმპერიის პოლიტიკური ერთიანობა აღდგა. იმპერატორმა რესპუბლიკური ტრადიციების წინააღმდეგაც გაილაშქრა,, მან საკუთარ თავს ბატონი და ღმერთი უწოდა, რითიც სენატის უკმაყოფილება გამოიწვია. 275 წელს ავრელიანუსი ლაშქრობაში მოკლეს.

276 წელს იმპერატორად პრობუსი აღიარეს. იგი წარმატებით გაუმკლავდა ფრანკების და ალემანების ახალ შემოტევას. შემდეგ განდევნა ეგვიპტიდან მომთაბარეები. 282 წელს იგი აჯანყებულმა ლეგიონერებმა მოკლეს.

დომინანტი

დიოკლეტიანე და ტეტრარქია

როგორც აღვნიშნეთ, მესამე საუკუნის მიწურულს ქალაქების მნიშვნელობა მკვეთრად შემცირდა და დაიწყო მათი დაცარიელება. ეს უფრო მკვეთრად დასავლეთ პროვინციებში გამოიხატა. სამაგიეროდ დიდმა ლატიფუნდიებმა მოიმატა. ლატიფუნდიებზე მონების და თავისუფალი კოლონების მდგომარეობა პრაქტიკულად ერთნაერი იყო. პრინციპატის დასაყრდნობი სოციალური ფენა პრაქტიკულად გაქრა. მონათმფლობელურ წყობას ფეოდალური წყობა ჩაენაცვლა.

284 წელს არმიამ იმპერატორად გაიუს ვალერიუს ავრელიუს დიოკლეტიანე აღიარა. ან დროისთვის გალიაში დიდი აჯანყება იყო. აჯანყებულებმა იმპერატორებიც აირჩიეს. მძიმე სიტუაციით ბრიტანეთში რომის ფლოტის უფროსმა კარაუზიუსმა ისარგებმა, 287 წელს მან თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამის გარდა მავრიტანიაში აჯანყდნენ ბერბერები. ფრანკები და ალემანები ისევ იმუქრებოდნენ შემოჭრით. რეინის საზღვარზე იმპერატორმა გაგზავნა მხედართმთავარი მაქსიმიანუსი, რომელიც 286 წელს ავგუსტუსად და თავის თანამმართველად გამოაცხადა. მაქსიმიანუსს დასავლეთ პროვინციები უნდა ემართა, ხოლო დიოკლეტიანეს აღმოსავლეთი.

ტეტრარქები

მაქსიმიანუსს გალიაში აჯანყების ჩახშობა ძალიან გაუჭირდა. ჩახშობის შემდეგ კი გალიის უამრავი სოფელი დაცარიელდა და გაპარტახდა. ასევე დიდი მსხვერპლით ჩაახშო მან აჯანყება აფრიკაში. ამით არისტოკრატია ძალიან კმაყოფილი დარჩა.

შეიცვალა იმპერატორების სტატუსიც. ახლა იმპერატორი პრინცეპსტი კი აღარ იყო, არამედ დომინუსი (ბატონი). ამგვარად ავგუსტუსის დროს დამყარებული პრინციპატი დასრულდა. ეს აისახა კარის ეტიკეტზეც. ახლა იმპერატორის წინაშე ყველა უნდა დამხობილიყო. ეტიკეტი ძალიან დაემსგავსა სპარსულს.

დიოკლეტიამენ რიგი რეფორმები ჩაატარა. გადასახადების აკრეფის ნორმალიზებისთვის, მან მათი აკრეფა ფულის მაგივრად ნატურით დაიწყო. გადასახადების აკრეფის მიზნით 288-290 წლებში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა.

რეფორმა ადმინისტრაციულ სისტემაშიც ჩატარდა. იმპერია გაიყო ოთხ რეგიონად, ყოველ რეგიონს საკუთარი მმართველი ჰყავდა. დიოკლეტიანემ დამხმარედ და თანამმართველად აირჩია მხედართმთავარი გაიუს გალერიუსი და კეისრის წოდება მიანიჭა. იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილიდან გალერიუსს სამართავად ბალკანეთის ნახევარკუნძული მიეცა. ამავდროულად მაქსიმიანუსმა თანამმართველად და კეისარად აირჩია ფლავიუს კონსტანციუს ქლოროსი. იგი გახდა ბრიტანეთის, გალიის და ესპანეთის მმართველი. დიოკლეტიანეს და მაქსიმიანუსს ჰქონდათ ავგუსტუსების ტიტულები. დიოკლეტიანემ აზიის პროვინციები დაიტოვა, ხოლო მაქსიმინუსს ერგო იტალია და აფრიკა.

ძველი პროვინციები უფრო მცირე ერთეულებად დაიყო, ასევე იტალიაც. 10-12 პროვინცია ერთიანდებოდა დიოცეზებად, რომლებსაც ვიკარიუსები ხელმძღვანელობდნენ. ეს რეფორმა მიმართული იყო პროვინციის თავდაცვის უნარის ასამაღლებლად. გალერიუსი და ქლორუსი ავგუსტუსების ქალიშვილებზე დაქორწინდნენ და მათი შვილობილები გახდნენ. დიოკლეტიანეს და მაქსიმინუსის მმართველობის დაწყებიდან 20 წლის შემდეგ მათ უარი უნდა ეთქვათ იმპერატორიბაზე და იმპერატორებად კეისრები გამოეცხადებინათ, რომლებსაც უნდა აერჩიათ ახალი კეისრები მხედართმთავრებიდან. მმართველობის ეს სისტემა ტეტრარქატის (ოთხთა მმართველობის) სახელით შევიდა ისტორიაში. ეს იყო აბსოლუტიზმის და სამხედრო ადმინისტრაციული მმართველობის შერწყმა. მმართველობის ამ ფორმამ ცენტრალური ხელისუფლების გამაგრება გამოიწვია.

იმპერიის გაყოფა ტეტრარქებს შორის

ამ რეფორმებმა გაამართლა. პატარა პროვინციების მართვა უფრო ადვილი იყო, სეპარატისტული მოძრაობები ჩანასახშივე იხშობოდა. რომი პრაკტიკულად აღარ იყო დედაქალაქი, სენატმაც დაკარგა უწიდნებური მნიშვნელობა, იგი პრაკტიკულად ქალაქის საბჭოდ გადაიქცა.

ჩატარდა სამხედრო რეფორმაც. მიწის მაგნატებს ჯარისთვის მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის ჯარისკაცები უნდა მიეწოდებინათ. პარალელურად არსებობდა სეპტიმიუს სევერუსის მიერ შექმნილი სასაზღვრო არმიები, რომლებიც საზღვრების მახლობლად სოფლებში ცხოვრობდნენ ოჯახებთან ერთად.

დიოკლეტიანე ასევე ცდილობდა დაეცვა იმპერიის მოსახლეობის ყველაზე დაბალი ფენა, მან მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარა ამისთვის, გამოუშვა ედიქტი მაქსიმალური ფასების შესახებ. მაგრამ ამ ედიქტმა არ დაამართლა და დიოკლეტიანეს გადადგომის შემდეგ გაუქმდა.

დიოკლეტიანე ყველაფერს აკეთებდა ორი ავგუსტუსის კულტის გამყარებისათვის. ამან ქრისტიანების მორიგი დევნა გამოიწვია, რადგან ეს უკანასკნელები იმპერატორების ღვთაებრიობას არ ცნობდნენ. ამის გარდა იმპერატორებს არ მოსწონდათ კარგად ორგანიზებული საეკლესიო სტრუქრურა. 303 წელს ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოიცა პირველი ედიქტი, რასაც ქრისტიანების სასტიკი დევნა მოჰყვა.

305 წელს ტახტზე ასვლიდან 21 წლის შემდეგ დიოკლექტიანმა და მაქსიმიანუსმა საზეიმო ვითარებაში უარი თქვეს ხელისუფლებაზე და გადადგნენ. ავგუსტუსები გახდნენ ყოფილი კეისრები, დასავლეთში ქლორუსი, ხოლო აღმოსავლეთში გალერიუსი.

რომის იმპერიის დაღმასვლა, ქრისტიანობა, იმპერიის გაყოფა

ახალმა ავგუსტუსებმა, ტრადიციისამებრ, აირჩიეს ახალი კეისრები, მაგრამ ერთი წელიც არ გავიდა, რომ ტეტრარქია დაირღვა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში აცხადებდნენ მხედართმთავრებს ავგუსტუსებად და კეისრებად, რომელთა შორის დაიწყო ძალაუფლებისთვის სასტიკი ბრძოლა.

კონსტანტინე დიდის ბრინჯაოს თავი

კონსტანტინე

ამ ბრძოლაში წინ წამოიწია კონსტანტინე ქლოროსის ვაჟმა კონსტანტინემ, რომელიც 306 წელს მამის სიკვდილის შემდეგ ბრიტანელმა ლეგიონერებმა აღიარეს კეისრად. მის არჩევას გალერიუსმაც დუჭირა მხარი. მალე ატყდა იმპერიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა გალერიუსსა და მაქსიმიუანუსს შორის, რომელმან ძალაუფლების დაბრუნება განიზრახა. გალერიუსი 311 წელს მოკვდა და უფროსი ავგუსტუსი გახდა ლიცინიუს ლიციანუსი. კონსტანტინემ მასთან ხელშეკრულება დადო მაქსიმიუანუსის ვაჟის მაკსენციუსის წინააღმდეგ, რომელიც იტალიას და აფრიკას მართავდა. კონსტანტინესა და მაკსენციუსის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა 312 წელს რომთან ახლოს მოხდა, რომელშიც კონსტანტინემ გაიმარჯვა, ხოლო მაკსენციუსი დაიღუპა. ამგვარად იგი დასავლეთის მმართველი გახდა, ხოლო ლიციანუსი იმპერიის აღმოსავლეთის.

მიუხედავად მოკავშირეობისა, ახალ ავგუსტუსებს შორის 314 წელს დაიწყო ომი ბალკანეთის ნახევარკუნძულისთვის. 316 წელს ბალკანეთი თრაკიის გარდა კონსტანტინეს მმართველობაში გადავიდა. 323 წელს კი თრაკიას გოთები შემოესივნენ, მათი განდევნის საბაბით კონსტანტინემ ჯარები შეიყვანა იქ და თრაკიაც მიიერთა. მომდევნო წელს ლიციანუსი გადააყენეს და მოკლეს, ამგვარად კონსტანტინე გახდა იმპერიის ერთადერთი მმართველი.

კონსტანტინემ ჩაატარა ფულის რეფორმა, რითიც გააჯანსაღა იმპერიის ეკონომიკა. მის დროს პროფესიები გახდა მემკვიდრეობითი, ეს უმეტესად ხელოსნებს ეხებოდათ. მან ასევე დაასრულა დიოკლეტიანეს მიერ დაწყებული სამხედრო რეფორმა. ბარბაროსული წარმოშობის მეომრებს საშუალება ჰქონდათ გაეკეთებინათ სამხედრო კარიერა და მიეღწიათ ყველაზე მაღალი თანამდებობებისთვის. ამან იმპერიის ბარბარიზაცია კიდევ უფრო გააძლიერა.

მიუხედავად იმისა, რომ ტეტრარქატი აღარ არსებობდა, იმპერია მაინც იყო 4 ნაწილად დაყოფილი, ამ ნაწილებს პრეფექტურები ეწოდებოდა და მათ იმპერატორის მიერ დანიშნული პირები მართავდნენ. დომინუსს ასევე ჰყავდა სამრჩევლო ორგანო კონსისტორიუმი. ამ ორგანოს უწინდელ სენატთან საერთო არაფერი ჰქონდა. აქ მხოლოდ დომინუსს ჰქონდა გადამწყვეტი ხმა. იგი ნიშნავდა საბჭოს წევრებს და კრების დროს არავის ჰქონდა დომინუსის თანდასწრებით დაჯდომის უფლება. მმართველობის ფორმა საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც ბიუროკრატიული მონარქია.

კონსტანტინე, დიოკლეტიანესგან განსხვავებით, სხვაგვარად უყურებდა რელიგიის საკითხებს. იგი მიხვდა ქრისტიანების დევნის უშედეგობას და გადაწყვიტა გამოეყენებინა ქრისტიანული იდეოლოგია იმპერატორის აბსოლუტური ძალაუფლების განსამტკიცებლად. 313 წელს დომინუსმა გამოსცა მილანის ედიქტი რომლითაც ქრისტიანობამ მიიღო იგივე უფლებები რაც სხვა რელიგიებმა. მოგვიანებით იმპერატორმა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა. ამ დროისთვის ეკლესიაში უკვე არსებობდა განხეთქილებები. ამის მოსაგვარებლად 325 წელს კონსტანტინემ ქალაქ ნიკეაში მოიწვია ნიკეას საეკლესიო კრება, სადაც მოხდა შეთანხმება ქრისტიანობის ძირითად დოგმებისა და რწმენის სიმბოლოს შესახებ. ამ კრებამ ქრისტიანობის შემდგომი განვითარების სახე ჩამოაყალიბა.

რომი უკვე დიდი ხანი აღარ იყო იმპერატორების რეზიდენცია, კონსტანტინემ კი რეზიდენციად აირჩია ძველბერძნული ქალაქი ბიზანტიუმი ბოსფორის სრუტის ნაპირზე. 328 წლიდან კონსტანტინემ აქ ახალი ქალაქის კონსტანტინოპოლის მშვენებლობა დაიწყო. 330 წელს მოხდა ქალაქის საზეიმო კურთხევა და იმპერიის დედაქალაქად ცნობა.

337 წელს კონსტანტნე გარდაიცვალა, სიკვდილამდე იგი მოინათლა, ხოლო სიკვდილის შემდეგ სენატმა იგი ღვთაებრივად აღიარა, რაც მეტყველებს იმდროინდელ იდეოლოგიურ ვითარებაზე, ორი რელიგიის შერწყმაზე, რომელიც მოხდა ამ იმპერატორის ტახტზე ყოფნის დროს. დომინუსის ძალაუფლება ეყრდნობოდა ამიერიდან არა მარტო არმიას, არამედ დიოკლეტიანეს მიერ შექმნილ ბიუროკრატიულ მანქანას და ეკლესიას.

კონსტანციუსი და იულიანე

კონსტანტინემ სიკვდილის წინ იმპერია გაყო თავის ვაჟებსა და ძმის შვილებს შორის. მისი გარდაცვალებისთანავე მისმა ვაჟმა კონსტანციუსმა მოაწყო სამხედრო აჯანყება კონსტანტინოპოლში და მოაკვლევინა თავისი ბიძაშვილები. ამგვარად აღმოსავლეთის მმართველი გახდა კონსტანციუსი, ხოლო მის ძმას კონსტანტს დასავლეთი ერგო. მან 13 წელი გაძლო ტახტზე, იგი მხედართმავარმა მაგნეციუსმა მოკლა. ამგვარად 351 წელს კონსტანციუსი იმპერიის ერთადერთი მმართველი გახდა.

ფრანკებმა და ალემანებმა განაახლეს გალიაში შემოტევები. ჯარი მათ წინააღმდეგობას ფაქტობრივად ვერ უწევდა, რის შედეგადაც ბარბაროსები თავისუფლად სახლდებოდნენ გალურ სოფლებში. ამავდროულად დაიწყო ომი დუნაელ სამანტებთან და აღმოსავლეთში სპარსეთთან შუამდინარეთსა და სომხეთის გამო.

ამ პირობების გამო კონსტანციუსმა აღმოსავლეთში კეისრად ერთ-ერთი გადარჩენილი ბიძაშვილი გალუსი დანიშნა, მაგრამ იგი მალევე მოაკვლევინა და მის ნაცვლად მისი ძმა, იულიანე დანიშნა. დომინუსმა იგი გალიაში გაგზავნა საკმაოდ მცირე ჯარით, ბარბაროსების განსადევნად.

გალიაში იულიანუსმა მოულოდნელ წარმატებებს მიაღწია. ჯარისკაცებში და ადგილობრივ მოსახლეობაში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. რამდენიმეჯერ სასტიკად დაამარცხა ფრანკები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრძოლა არგენტორატესთან, სადაც კეისარმა ტყვედ ფრანკების ბელადი ჩაიგდო. ამ ყველაფრით მან აღმოსავლეთშიც მოიპოვა პოპულარობა, თან იქაურმა წარმართებმა იცოდნენ, რომ იულიანე მზეს სცემდა თაყვანს და წარმართული ტრადიციების მიმდევარი იყო. ეს ყველაფერი იულიანუსს სასურველ იმპერატორად ხდიდა წარმართებისთვის.

კონსტანციუსის ომი სპარსეთის წინააღმდეგ კი არ იყო წარმატებული. მან იულიანუსს დამატებით ჯარი მოსთხოვა, მაგრამ ჯარისკაცებმა უარი თქვეს აღმოსავლეთში წასვლაზე, აჯანყდნენ და ავგუსტუსად იულიანე გამოაცხადეს. დასავლეთის პროვინციებმა იგი მაშინვე სცნეს. კონსტანციუსთან ომი ამ უკანასკნელის სიკვდილის გამო იქნა აცილებული. ამგვარად 360 წელს იულიანე იმპერატორი გახდა.

ახალი იმპერატორის ავტორიტეტი გალიაში ძალიან მაღალი იყო. იგი ყველანაერად ცდილობდა აღმოსავლეთშიც ისეთივე ავტორიტეტი მოეპოვებინა. იგი მფარველობდა ქალაქებს და ზრუნავდა იმპერიის საზღვრების გამაგრებაზე.

მან უარი თქვა ქრისტიანობაზე, როგორც სახელმწიფო რელიგიაზე და სცადა წარმართობისთვის უწინდებური პოზიცია დაებრუნებინა. მან აღადგინა ბევრი წარმართული ტაძარი და კულტი. დააარსა ღარიბებისთვის უფასო საავადმყოფოები. იგი თვლიდა რომ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებული უთანხმოებები ასუსტებს მას, ამიტომ დააბრუნა გადასახლებაში მყოფი ყველა ერეტიკოსი და მოაწყო სამღვდელოების კრება, სადაც ყველა ტიპის ქრისტიანული სწავლებების მიმდევრები შეკრიბა რათა კიდევ უფრო გადაეკიდებინა ისინი ერთმანეთზე.

ამასთან ერთად მან სცადა წარმართობის რეორგანიზაცია, მას სურდა სხვადასხვა ტაძრების ქურუმებისგან ეკლესიის მაგვარი სტრუქტურა შეექმნა. იგი აქეზებდა ტაძრების ქველმოქმედებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იულიანეს პოლიტიკა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და წარმართული კულტების უწინდებური დიდებით დაბრუნებაც ვერ განხორციელდა.

იულიანეს მოკლე მმართველობა სპარსეთთან ომში დასრულდა. 363 წელს იგი ბრძოლაში დაიღუპა. იგი რომის უკანასკნელი ღირსეული იმპერატორი იყო ვინც სცადა რომის სამხედრო ძალის და რელიგიის აღორძინება. მისი სიკვდილის შემდეგ ცხადი იყო, რომ რომი უწინდებურ სიძლიერეს ვეღარ დაიბრუნებდა.

იულიანეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორი იოვიანუსი გახდა. მან დაუთმო სპარსებს მესოპოტამია და დაბრუნდა ჯარის ნარჩენებით იმპერიაში. ახალმა იმპერატორმა დაუბრუნა ქრისტიანებს იულიანეს მიერ წართმეული პრივილეგიები და აღადგინა ქრისტიანობა როგორც სახელმწიფო რელიგია. 364 წელს იგი გარდაიცვალა.

ვალენტინიანუსების დინასტია

იოვიანუსის სიკვდილის შემდეგ იმპერატორად ვალენტინიანუსი აირჩიეს. მან აღმოსავლეთი თავის ძმას ვალენტუსს გადასცა. ამ დროს იმპერიაში მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. აღმოსავლეთიდან შემოჭრილმა ჰუნებმა შეავიწროვეს გოთები, რომლებმაც იმპერიაში ითხოვეს თავშესაფარი.

მათი იმპერატორობის დროს სახელმწიფო აპარატში კორუფციამ და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ პიკს მიაღწია. გლეხები და ჯარისკაცები მასიურად გარბოდნენ და ყაჩაღობას იწყებდნენ, ზოგი ბარბაროსებთან გარბოდა. მიუხედავად მკაცრი ზომებისა, სიტუაციის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ეკლესიაში არიანობასა და მარლთმადიდებლობას შორის დაძაბულობაც გამწვავდა. ეპისკოპოსების არჩევნები არაერთხელ დამთავრდა სისხლისღვრით.

დასავლეთ პროვინციებში აჯანყებების მთელმა ტალღამ იფეთქა, ბრიტანეთში ამას პიქტების, სკოტების და საქსების შემოსევაც დაემთხვა. აფრიკაში მავრები აჯანყდნენ. ყველაზე მძიმე კი გოთების აჯანყება იყო დუნაისპირეთში.

ამავდროულად იულიანეს ძმისშვილმა პროქოპიუსმა დაიკავა კონსტანტინოპოლი და თავი იმპერატორად გამოაცხადა. იგი დაპირდა არმიას იულიანეს პოლიტიკის გაგრძელება და მათი მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ აღმოსავლელმა დიდგვაროვნებმა არ დაუჭირეს მის პოლიტიკას მხარი. ვალენტუსსმა მოახერხა ამ აჯანყების ჩახშობა და 366 წელს პროქოპიუსი სიკვდილით დასაჯეს.

366-369 წლებში მიმდინარეობდა პროქოპიუსის მხარდამჭერ გოთებთან ბრძოლა, რაც იმპერიის გამარჯვებით დასრულდა. 370 წელს დუნაისპირეთში სიტუაცია დაიძაბა, მეზიუმს თავს სარმატები დაესხნენ. მათთან ბრძოლაში დაიღუპა ვალენტინიანუსი. დასავლეთ იმპერიის მმართველები გახდნენ მისი ძმები, ჰორაციანუსი, რომელიც უკვე იყო მისი თანამმართველი (367-383) და მცირეწლოვანი ვალენტინიანუს II (375-392).

376 წელს ჰუნების მიერ შევიწროებული ვესტგოთები, იმპერატორის თანხმობით, თრაკიაში დასახლდნენ. მალე ამ რეგიონში ატყდა აჯანყება, რომელსაც ბევრი ქალაქი შეუერთდა. თანდათან გოთების სტიქიური აჯანყება გადაიზარდა რომაელების წინააღმდეგ ნამდვილ ომში. საფრთხე იმდენად დიდი იყო, რომ ვალენტინუსი იძულებული გახდა აღმოსავლეთის ლეგიონები გადაეყვანა კონსტანტინოპოლში და პირადად სათავეში ჩაუდგა გოთების წინააღმდეგ ლაშქრობას. მის დასახმარებლად იტალიიდან ჰორაციანუსის არმია გამოემართა. 378 წლის 9 აგვისტოს ადრიანოპოლისთან სისხლისმღვრელ ბრძოლაში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ. ვალენტინუსი ბრძოლაში დაიღუპა.

ამის შემდეგ გოთები თავისუფლად თარეშობდნენ მთელს აღმოსავლეთ რომის იმპერიაშიც, ისინი კონსტანტინოპოლსაც მიადგნენ, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლეს. ჰორაციანუსმა ესპანეთიდან თეოდოსე გამოიძახა, აღმოსავლეთ იმპერიის ავგუსტუსად დანიშნა და აჯანყების ჩახშობა დაავალა. მან ენერგიული ზომები მიიღო არმიის ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად და ასევე მრავალი ეფექტიანი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა, რის წყალობითაც 382 წელს მოხერხდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება გოთებთან. ამ მოლაპარაკების თანახმად გოთებს შეეძლოთ ილირიაში დასახლება თავისი კანონებით და ადათ წესებით.

რომის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფა IV საუკუნის მიწურულს

თეოდოსეს მართველობის პერიოდში მიღწეულ იქნა იმპერიის უკანასკნელი ეფემერული გაერთიანება. იგი უმეტესად დამოკიდებული იყო გოთებზე. დასავლეთ იმპერიაში კი პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია იყო. 387 წელს ჰორაციანუსი უზურპატორმა მაგნუს მაქსიმუსმა მოკლა. ვალენტინიანუს II-მ მოახერხა უზურპატორის დამარცხება და მოკვლა. ფაქტობრივი მმართველი კი გალური ლეგიონების მხედართმთავარი არბოგასტუსი იყო, რომელმაც საბოლოოდ, 392 წელს მაინც შეცვალა ვალენტინიანუს II ევგენიუსით. ევგენიუსმა სცადა იულიანეს რელიგიური პოლიტიკის აღორძინება. 394 წელს იგი დაამარცხა თეოდოსეს არმიამ.

თეოდოსეს მმართველობის პერიოდში არეანობა ქრისტიანობამ საბოლოოდ დაამარცხა, იმპერატორმა ნიკეის კრებაზე მიღებული დებულებების დასაცავად ედიქტი გამოსცა 380 წელს. იგი ასევე ებრძოდა წარმართობას; მისი ბრძანებით დაინგრა უამრავი ტაძარი. 393 წელს უკანასკნელად ჩატარდა ოლიმპიური თამაშები - ანტიკური და წარმართული კულტურის განუყოფელი ნაწილი.

თეოდოსეს სიკვდილის შემდეგ, 395 წელს, დასავლეთ რომის იმპერიის მმართველი 11 წლის ჰონორიუსი გახდა, ხოლო აღმოსავლეთის 18 წლის არკადიუსი.

დასავლეთ რომის იმპერიის აღსასრული

მცირეწლოვანი ჰონორიუსის ტახტზე ასვლის შემდეგ იმპერიის მმართველობის სათავეში ვანდალური წარმოშობის სტილიხონუსი იყო. მის წინაშე ორი ამოცანა იდგა: დაეცვა იტალია ბარბაროსების შემოჭრისგან და აღეკვეთა გალური სეპარატიზმი.

402 წელს გოთების შემოსევა იტალიაში დიდი სირთულით შეაჩერეს. 405 წელს აღმოსავლეთ ალპებიდან შემოიჭრნენ გოთები და ფლორენციამდე მიაღწიეს. აქ მოხერხდა მათი დამარცხება. იმპერიის ისტორიულ დედაქალაქს რომს და იმპერატორის რეზიდენციას — რავენას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. ამ ქალაქების გასამაგრებლად სტილიხონუსმა გადმოიყვანა ჯარები ბრიტანეთიდან და გალიიდან. ამით მან შეასუსტა ამ პროვინციების დაცვა. ამით 407 წელს ისარგებლეს ალანებმა, ვანდალებმა, სვევებმა, რომლებმაც გადმოკვეთეს რაინზე საზღვარი და შეესივნენ გალიას. აქაური არისტოკრატია იძულებული გახდა თვითონ ეხელმძღანელა თავდაცვისთვის, ვინაიდან იმპერატორისგან დახმარების იმედი აღარ ჰქონდა.

407 წელს გალიაში არმიამ იმპერატორად კონსტანტინე აღიარა. მან შეძლო ვანდალების განდევნა, რაინის საზღვრის გამაგრება და გალიაში სტაბილურობის აღდგენა. ცენტრალური ხელისუფლების უმოქმედობამ გააძლიერა კონსტანტინეს პოზიციები გალიაში.

რომის აღება ვესტგოთების მიერ

408 წელს სტილიხონუსი მოკლეს. გოთებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაირღვა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი ალარიქუსის მეთაურობით შეიჭრნენ იტალიაში. შემოდგომაზე ალარიქუსმა ალყა შემოარტყა რომს. რომის მოსახლეობამ თავის დახსნა მხოლოდ დიდი გამოსასყიდის გადახდის შედეგად შეძლო. ამის შემდეგ ალარიქუსმა სცადა იმპერატორთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, მაგრამ მმართველმა წრეებმა ჩაშალეს მოლაპარაკება. ალარიქუსი ისევ რომისკენ გაემართა, რათა დაეძალებინა იმპერატორი მიეღო მისთვის სასურველი პირობები. იმპერატორმა რომი ფაქტობრივად გაწირა. 410 წლის 24 აგვისტოს რომის ჭიშკარი მონებმა გახსნეს და გოთებმა აიღეს ქალაქი. იმ დროინდელი სამყაროსთვის ეს უდიდესი კატასტროფა იყო. რომმა დაცემის შემდეგაც განაგრძო არსებობა, მაგრამ მან დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა. რომის ფორუმი, სადაც ოდესღაც მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის ბედი წყდებოდა, დაცარიელდა და ბალახი ამოვიდა. ამ დღიდან დასავლეთ რომის იმპერიის განწირულობა ცხადი გახდა. იმპერიის საბოლოო დაცემა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

ბარბაროსული სახელმწიფოების ჩამოყალიბება

ამ მოვლენების შემდეგ იმპერატორი იძულებული გახდა დათანხმებულიყო იმპერიის ტერიტორიაზე ნახევრად დამოუკიდებელი ბარბაროსული სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც იმპერიაში მხოლოდ ფორმალურად შედიოდნენ.

ასე 418 წელს, აკვიტანიაში დასახლებულმა ვესტგოთებმა შექმნეს პირველი ბარბაროსული სახელმწიფო, 429 წელს აფრიკაში გადასახლებულებმა სვევებმა შექმნეს ვანდალური სამეფო. ვესტგოთები ადგილობრივ რომანიზებულ მოსახლეობასთან მშვიდობიან ურთიერთობებს ინარჩუნებდნენ, ხოლო ვანდალები სდევნიდნენ რომაელებს, ანგრევდნენ და ძარცვავდნენ ქალაქებს. 435 წელს ვანდალური სამეფო რომის მოკავშირედ სცნეს, ფორმალურად მათ უნდა დაეცვათ რომის ინტერესები, მაგრამ რეალურად რომმა საბოლოოდ დაკარგა აფრიკული პროვინციები. 443 წელს სამხრეთ გალიაში ბურგუნდიის სამეფო ჩამოყალიბდა, 451 წელს ბრიტანეთში კი — ანგლოსაქსების სამეფო.

ყველა ეს სამეფო მხოლოდ ფორმალურად ემორჩილებოდა რომის იმპერატორს. ამ პერიოდის განმავლობაში იმპერატორის კარი ყველანაირად ცდილობდა, შეენარჩუნებინა იმპერიის არსებობის ილუზია.

ჰუნების შემოსევა

დაუძლურებული იმპერიისთვის ახალი საფრთხე ჰუნების სახით წარმოიშვა. ჰუნების ტომებს სათავეში ატილა ჩაუდგა. იგი ჯერ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში შეიჭრა, ხოლო შემდეგ გალიისკენ გაემართა. იგი საფრთხეს არა მარტო რომანიზირებული არისტოკრატიისთვის, არამედ ბარბაროსული სახელმწიფოებისათვისაც წარმოადგენდა. ჰუნების წინააღმდეგ გაერთიანდნენ ალანები, ვესტგოთები, გალები, ბურგუნდები და საქსები. მათ ჯარებს ფლავიუს აეციუსი ხელმძღვანელობდა.

კოალიციის ჯარებსა და ჰუნებს შორის გადამწყვეტი შეტაკება მოხდა კატალაუნის ველზე 451 წლის ივნისში, ეს ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სისხლისმღვრელი იყო. ამ ბრძოლაში ჰუნები დამარცხდნენ, ხოლო ატილას სიკვდილის შემდეგ (453) ჰუნები საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენდნენ.

რომის აღება ვანდალების მიერ 455 წელს

რომის აღება ვანდალების მიერ

ჰუნების საშიშროებამ ცოტა ხნით გააერთიანა რომაელები და გერმანული ტომები, მაგრამ კატალაუნის ბრძოლის შემდეგ იმპერიის დაშლის პროცესები უფრო დაჩქარდა. ბარბაროსული სახელმწიფოები იმპერატორს ანგარიშს აღარაფერში აღარ უწევდნენ. ვესტგოთებმა თავისი სახელმწიფო ესპანეთის მიერთებით გააფართოვეს.

ვანდალებმა ამასობაში შექმნეს ფლოტი და დაიწყეს სიცილიაში, სარდინიაში და კორსიკაში შემოსევები. 455 წელს მათ ისარგებლეს რავენის მთავრობის უძლურებით და აიღეს რომი, რომელიც ეკლესიის მეთაურის — რომის პაპის რეზიდენცია იყო. ვანდალები 14 დღე ძარცვავდნენ ქალაქს. მათ ყველაფერი გაანადგურეს რისი წაღებაც ვერ შეძლეს. მას შემდეგ „ვანდალიზმი“ გახდა რბევის და განადგურების აღმნიშნავი სიტყვა.

იმპერიის დასასრული

ამგვარად, ამ დროისთვის ესპანეთი და გალია სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ. გალიის ჩრდილოეთით გადმოსახლდნენ ფრანკები. რავენაში კი, მიუხედავად იმპერიის უძლურებისა, გრძელდებოდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა. იმპერატორები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს და ისინი არანაირ ძალაუფლებას აღარ ფლობდნენ. გამონაკლისი მხოლოდ იულიუს მაიორიანუსი იყო (457-461). მან სცადა იმპერიის კონსოლიდაცია და შესთავაზა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა. მან მოკლე ხნით მოახერხა გალიაში და ესპანეთში რომის კონტროლის აღდგენა, მაგრამ იმპერიის აღორძინება არც პროვინციალურ არისტოკრატიას, და მით უმეტეს არც ბარბაროს მეფეებს არ სურდათ, ამიტომ მათ მოაკვლევინეს იმპერატორი და იმპერიის აღორძინების უკანასკნელი იმედიც დასამარდა.

რომულუს ავგუსტუსი, რომის უკანასკნელი იმპერატორი

ამ დროიდან იმპერიის ტახტი ბარბაროსთა მეფეების ხელში სათამაშოდ იქცა. 476 წელს გვარდიის ხელმძღვანელმა ოდოაკრმა ჩამოაგდო 16 წლის რომის უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც ბედის ირონიით იგივე სახელი ექვა რაც რომის ლეგენდარულ დამაარსებელს რომულუსს. მან ამით მოსპო იმპერატორის ინსტიტუტი როგორც ასეთი.

ასე დაასრულა არსებობა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა იმპერიამ, რომელიც აერთიანებდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ჩაესვენა ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია და ევროპა გადავარდა ათასწლეულით უკან - ბნელ შუა საუკუნეებში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში


რომი
რომის სამეფო | რომის რესპუბლიკა | რომის იმპერია