ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) — პირველი ქართული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი, რომელიც მოიცავს 70 ათასამდე ტერმინ-სტატიას. გამოვიდა საქართველოს კპ ცკ-ისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე. გამოსცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ (მთავარი რედაქტორი — ირაკლი აბაშიძე, რედაქტორი — როინ მეტრეველი), გამოიცა 12 ტომად (11 ძირითადი და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ 2 წიგნად, ქართულ და რუსულ ენებზე, რომლებიც პერიოდულად გამოიცემოდა).
სექციების სია |
შინაარსი [რედაქტირება]
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. განსაკუთრებით ფართოდ არის გაშუქებული საქართველოს სსრ მიღწევები ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ბრძოლა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია აშუქებს სსრკ და სხვა სოციალისტური ქვეყნების მსოფლიო-ისტორიულ მიღწევებს ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; საერთაშორისო კომუნისტური, მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების ისტორიულ გამოცდილებას.
დიდ ადგილს უთმობს ფიზიკის, ასტრონომიის, გეოფიზიკის, ბიოფიზიკის, კიბერნეტიკის, კოსმონავტიკის, გენეტიკის. ბიოლოგიის, სასოფლო-სამეურენეო მეცნიერებათა, მედიცინის და სხვა საკითხებს.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სტატიათა დიდი ნაწილი აღჭურვილია ბიბლიოგრაფიით, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს უფრო ფართოდ გაეცნოს ლიტერატურას ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნაში მთავარი სამეცნიერო რედაქციის დარგობრივ და ფუნქციონალურ რედაქციებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მეცნიერთა დიდი კოლექტივი (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით, რომელიც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიას მნიშვნელოვან სამეცნიერო-მეთოდურ დახმარებას უწევდა) და შემოქმედებითი ინტელიგენცია. წინასწარ მომზადდა და დაიბეჭდა მთელი გამოცემის თემატური სიტყვანები (36 დასახელებისა) და მაკეტი, რომელთა განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, პარტიულმა, სახელმწიფო, პროფკავშირულმა და კომკავშირულმა ორგანიზაციებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა, უწყებებმა, საწარმოებმა და სხვა.
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში უხვადაა წარმოდგენილი ფერადი და შავ-თეთრი ჩანართი და სატექსტე ილუსტრაციები, ფერადი (ჩანართი) და შავ-თეთრი რუკები. ტექსტი აიწყო (შრიფტი სპეციალურია - „ენციკლოპედიური“, ავტორი ა. დუმბაძე) და დაიბეჭდა საქართველოს სსრ გახსახკომის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში. ტირაჟი 80 ათასი (სპეციალური ტომისა - 90 ათასი).
შემადგენლობა [რედაქტირება]
| ტომი | დასახელება | გამოცემის წელი |
|---|---|---|
| 1 | ა — ატოცი | 1975 |
| 2 | ატოცობა — გარიგა | 1977 |
| 3 | გარიგება — ეგე | 1978 |
| 4 | ეგევსი — თუთა | 1979 |
| 5 | თუთია — კოქტეილი | 1980 |
| 6 | კოქტო — მინკუსი | 1983 |
| 7 | მინორი — პეგუ | 1984 |
| 8 | პედაგოგი — სამეული | 1984 |
| 9 | სამეურვეო — ტიხტიხი | 1985 |
| 10 | ტიხუანა — შინდარა | 1986 |
| 11 | შინდი — ჰუხი | 1987 |
| საქართველოს სსრ | 1981 |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მეტრეველი რ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 483, თბ., 1986 წელი.
|
|||||
