შინაარსზე გადასვლა

ბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბონი
გერმ. Bonn
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ფედერალური მხარე ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია
შიდა დაყოფა ბად-გოდესბერგი[1] , ბოიელი[1] , ბონი[1] და ჰარდტბერგი[1]
კოორდინატები 50°44′02″ ჩ. გ. 7°05′59″ ა. გ. / 50.73389° ჩ. გ. 7.09972° ა. გ. / 50.73389; 7.09972
მმართველი Katja Dörner
ფართობი 141.06 კმ²
ცენტრის სიმაღლე 60±1 მეტრი
მოსახლეობა 336 465 (31 დეკემბერი, 2022)[2]
სიმჭიდროვე 2 300 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0228
საფოსტო ინდექსი 53111–53229
საავტომობილო კოდი BN
ოფიციალური საიტი https://www.bonn.de/ და https://international.bonn.de/
ბონი — გერმანია
ბონი
ბონი — ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია
ბონი

ფედერალური ქალაქი ბონი (გერმ. Bundesstadt Bonn) — ქალაქი გერმანიაში. მდებარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სამხრეთში, მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე.

ბონი რომაელების მიერ 2000 წლის წინ დაარსებული, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. XVIII საუკუნის ბოლომდე ბონი კიოლენლი კურფიურსტების რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დაიბადა 1770 წელს დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი XIX საუკუნის განმავლობაში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უმაღლეს სასწავლებლად იქცა.

1949-დან 1990 წლამდე ბონი დასავლეთ გერმანიის დედაქალაქი იყო, ხოლო გერმანიის გაერთიანების გამო, დედაქალაქის ბერლინში გადატანის შემდეგ - 1999 წლამდე ბუნდესტაგისა და მთავრობის რეზიდენცია. პარლამენტისა და მთავრობის ერთი ნაწილის ახალ დედაქალაქში გადასვლის შემდეგ ბონში ექვსი ფედერალური სამინისტრო დარჩა. ყოფილ ე.წ. ფედერალურ უბანს (გერმ. Bundesviertel) დღეს დიდი გერმანული კომპანიების სათავო ოფისები ამშვენებენ. 2006 წლის ივლისში კი, აქ გაეროს კამპუსი „UN-Campus“ გაიხსნა, რომელშიც ბონში მოქმედი გაერთიანებული ერების თორმეტი ორგანიზაცია დამკვიდრდა.

ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი
აუგუსტ მაკე ავტოპორტრეტი 1909, ხელოვნების მუზეუმი ბონი

ბონში ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ავსტრიელი არქიტექტორის გუსტავ პაიხელის მიერ აგებულ შენობაში 1992 წელს გახსნილი გერმანიის ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი (Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland - „Bundeskunsthalle“) და 1994 წ. „გაერთიანების“ კანცლერის - ჰელმუტ კოლის მიერ გახსნილი გერმანიის ისტორიის სახლი (Haus der Geschichte) დაარსების დღიდან ქვეყნის ათ ყველაზე ხალხმრავალ მუზეუმთა სიაში შევიდა. ყოველი მათგანი წლიურად 500000-ზე მეტ მნახველს იზიდავს.

აგრეთვე 1990-იან წლებში დაფუძნდა ბონის ხელოვნების მუზეუმი (Kunstmuseum Bonn) და გერმანული მუზეუმი (რომელიც მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებს ეთმობა). ეს მუზეუმები ერთ გამზირზეა თავმოყრილი, აქვეა უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის გაელრეა (ifa-Galerie) და მდიდარი ტრადიციების მქონე ზოოლოგიური მუზეუმი კიონიგი (Zoologisches Forschungsmuseum Alexander Koenig).

ცნობილი პიროვნებების სახლ-მუზეუმებიდან აღსანიშნავია ბეთჰოვენის, რობერტ შუმანის და აუგუსტ მაკეს სახლები. 2005 წლიდან ბონგასე - ქუჩა, რომელზეც ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, ბონში დაბადებული, მოღვაწე ან მცხოვრები ცნობილი პიროვნებების პორტრეტებითაა მოპირკეთებული.

გერმანიის ისტორიის სახლი

ბონის ალმა მატერსაც მრავალი მუზეუმი თუ გამოფენა გააჩნია:
ეგვიპტოლოგიის მუზეუმში 3000-მდე ობიექტის ნახვაა შესაძლებელი. აკადემიურ ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია უნივერსიტეტის არქეოლოგიური კოლექცია, ხოლო არითმეუმში ძველი და ახალი გამომთვლელი მანქანები. საინტერესოა ბოტანიკური ბაღიც, რომელშიც 2003-2005 წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი გაზარდეს. აღსანიშნავია აგრეთვე მინეროლოგიის მუზეუმი ძვირფასი ქვებისა და მეტეორიტების გამოფენით და გოლდფუს მუზეუმი წარმოდგენილი ფოსილური გადმონაშთებით.

1981 წელს ბონში გაიხსნა იმ დროისთვის, როგორც სახელწოდებით ასევე შინაარსით, უნიკალური - ქალთა მუზეუმი (Frauenmuseum). ამ დაწესებულებამ მალევე გაითქვა სახელი და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.

1995-2003 წლებში სრულიად რეკონსტრუირებულ რაინლანდის მუზეუმში (Rheinisches Landesmuseum) ამ მიწის კულტურულ-ისტორიული წარსულის არქეოლოგიური ძეგლებია წარმოდგენილი.

ქალაქ ბონის პანორამა
ქალაქ ბონის პანორამა

ცნობილი პიროვნებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რობერტ შუმანი – 1850 წ. ნახატი

კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, უთუოდ ბონის ყველაზე ცნობილი შვილია. სახლი, რომელშიც იგი დაიბადა ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. არანაკლებ ცნობილმა კომპოზიტორმა რობერტ შუმანმა სიცოცხლის ბოლო წლები ბონში გაატარა და ბონის ძველ სასაფლაოზეა დაკრძალული. მეორე მსოფლიო ომამდე სწორედ ბონში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ექსპრესიონისტი აუგუსტ მაკე.

200 წელიწადზე მეტია ბონის უნივერსიტრეტი იზიდავს ცნობილ მეცნიერებსა თუ შემოქმედებს, მათ შორის იყვნენ: მწერლები ერნსტ მორიც არნდტი და აუგუსტ შლეგელი, ფიზიკოსები ჰაინრიხ ჰერცი და ნობელის პრემიის ლაურეატი ვოლფგანგ პაული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Stadt Bonn - Die Stadtbezirke
  2. Alle politisch selbständigen Gemeinden mit ausgewählten Merkmalen am 31.12.2022DESTATIS, 2023.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბონი&oldid=4623588“-დან