ბახმარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კურორტი
ბახმარო
ბახმაროს საერთო ხედი.jpg
ბახმაროს საერთო ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°51′06″ ჩ. გ. 42°19′32″ ა. გ. / 41.85166694° ჩ. გ. 42.32555611° ა. გ. / 41.85166694; 42.32555611
დაარსდა 1892
ამჟამინდელი სტატუსი 1923
ფართობი 29,44 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1950
მოსახლეობა 0 კაცი (2017)
ბახმარო — საქართველო
ბახმარო
ბახმარო — გურიის მხარე
ბახმარო

ბახმარო — დაბა და კურორტი, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ბახმარო კლიმატური მაღალმთიანი კურორტია, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. კურორტი სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1950-2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს სამკურნალო თვისებები 1890-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი კურორტად ჩამოყალიბება მაშინვე დაიწყო. 1923 წელს ოფიციალურად მიეჭინა კურორტის სტატუსი. ბახმაროს სეზონი ზაფხულში დაახლოებით ორ თვეს გრძელდება და ყოველი წლის 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღითა და დღესასწაულით სრულდება.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახმარო მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2050 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ., ჩოხატაურიდან 52 კმ., რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია აღმოსავლური ნაძვის, სოჭის და კავკასიური ფიჭვის მარადმწვანე ტყის კორომებისაგან.

გეოლოგიურად ბახმაროს ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ვულკანოგენურ-დანალექი ქანებით, რომლებიც ხასიათდებიან ინტენსიური დანაოჭებითა და ტექტონიკური რღვევების სიხშირით, რაც განაპირობებს გრუნტის წყლების სიუხვეს. საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების სქემის მიხედვით ტერიტორია შედის მცირე კავკასიონის ნაოჭა ბელტური სისტემის, ჰიდროგეოლოგიური ოლქის დასავლეთი დაძირვის ზონაში.

დასავლეთის მხრიდან ბახმარო ღიაა, რის წყალობითაც ხეობაში იჭრება ზღვის თბილი ქარი – ბრიზი. მთა-ველის ქარების სიჭარბე (საშუალო სიჩქარე – 2-3 მ/წმ) კურორტის კარგ განიავებას უწყობს ხელს, ამიტომ ჰაერი აქ მუდამ სუფთა და გამჭირვალეა. ეს ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს. ზამთარი აქ ზომიერად რბილია, (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C), თოვლის საფარი ძალიან მაღალია (ზოგჯერ 4-5 მეტრსაც აღწევს) და 6 თვემდე რჩება. ზაფხული ზომიერად გრილი და მშრალია, (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4°C), მზის ნათება წელიწადში 2000 საათის ფარგლებშია. საკურორტო სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუამდე გრძელდება. სექტემბრის ბოლოს შესაძლოა თოვლიც კი მოვიდეს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1900 მმ-ია, შეფარდებითი სინოტივე 73%-ია.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახმაროს მიმდებარედ მცენარეულობა კანონზომიერად იცვლება, როგორც ზღვიდან დაშორების, ისე სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით. ზ.დ. 1000-1200 მ-მდე გაბატონებულია პოლიდომინანტური შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები, სადაც ტყის შემქმნელი სახეობებია: წაბლი, წიფელი, მუხა, კავკასიური რცხილა, ლეკა, კავკასიური ცაცხვი, მდგნალი, მურყანი. მუხის სახეობებიდან, აღსანიშნავია ბუჩქოვანი ტიპის პონტური მუხა, რომელიც ფართო დაჯგუფებას ქმნის ათობით ჰექტარ ფართობზე სოფელ ჩხაკოურას ზემოთ, ბახმაროს საავტომობილო გზის მიმდებარედ, სამხრეთ-დასავლეთისკენ მიმართულ ფერდობებზე.

ზ. დ. 1500 მ-დან 2000-2200 მ-მდე გავრცელებულია მუქწიწვიანი ტყის ქვესარტყელი. სარტყელი ხასიათდება ცივი ჰავით და ნალექების დიდი რაოდენობით. მთავარ ტყისშემქმნელ ჯიშებს ამ სარტყელში წარმოადგენს აღმოსავლეთის ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებსაც ერევა აღმოსავლეთის წიფელი. წიწვიანი ტყის ტიპებიდან დიდ ფართობზეა წარმოდგენილი აგრეთვე წმინდა ნაძვნარები, ნაძვნარ-სოჭნარები და წმინდა სოჭნარები. გვხვდება წმინდა წიფლნარი და წიფლის სიჭარბით შერეული წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის დაჯგუფებებიც. ნაძვნარ-სოჭნარი ტყის ფარგლებში წიწვოვან მცენარეებს, წიფელთან ერთად აქა-იქ ერევა ფართოფოთლოვანი ტყის შემქმნელი ელემენტებიც. მაღალმთის ნეკერჩხალი (ბოკვი), მთრთოლავი ვერხვი, კავკასიური ცაცხვი, ჩვეულებრივი იფანი. ნაძვი და სოჭი ქმნის მაღალმწარმოებლურ შერეულ ტყეებს, ნაძვნარ-სოჭნარი ტყეები ძვირფასი ჯიშების მერქნის მიღების წყაროს წარმოადგენს. ასეთი თვისებების გამო, XX საუკუნის ბოლო ათწლეულში, მასიურად ხდებოდა მაღალმწარმოებლური ხეების გაჩეხვა. სოჭნარს ძირითადად უჭირავს კურორტის სამხრეთით მდებარე ფერდობები, ხოლო ნაძვნარს - ჩრდილოეთის და ჩრდილო - აღმოსავლეთის ფერდები. მშრალ და ღია ადგილებში, უმეტესად სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, გავრცელებულია კავკასიური ფიჭვის ტყეები. ფიჭვნარის კვალი შემორჩენილია მდინარე ბაისურას ხეობაში.

ზემოაღწერილი ტყეების მაღლა მდებარეობს სუბალპური სარტყელი. ბახმაროს ქვაბულის ირგვლივ გვხვდება მეჩხერი სუბალპური ტყე, რომელსაც ძირითადად ქმნის მაღალმთის ბოკვი და არყი. ამნაირ ტყეში ხეები ერთმანეთისგან მოშორებით იზრდება, მათ შორის სივრცე დაფარულია ბალახოვანი მცენარეებით და ნიადაგის ზედაპირი მეტწილად გაკორდებულია. ბახმაროს ქვაბულის ირგვლივ - სუბალპებში, უფრო მეტად გავრცელებულია ტანბრეცილი ტყეები. იგი ჩვეულებრივ განვითარებულია ჩრდილოეთის და დასავლეთის ფერდობებზე ჩაღრმავებულ ღარტაფებში, ძირითადად ისეთ ადგილებზე, სადაც თოვლის საფარი ღრმაა და ხანგრძლივად დევს. ამ ტიპის კორომებს ქმნის ლიტვინოვის არყი და ცირცელი. ამავე სარტყელში ხშირია სოჭის, ნაძვის და წიფლის დაბალტანიანი, მეჩხერი კორომები.

სუბალპური მაღალბალახეულობა გამოირჩევა კოლხური სახეობების სიუხვით, რომელშიც დომინირებს პოლიდომინანტური შედგენილობის მაღალბალახეულობა. ფართოფოთოლა დუცი, მთის ღოლო, ხარისშუბლა, კულმუხო, მზიურა, სამტატა, ტელეკია მშვენიერი, ნამიკრეფია, ბრძამი და მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები, რომლებიც მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი: ცხვრის წივანა, სამყურები, კავკასიური კურდღლისბრჩხილა, ბაია, ვარსკვლავა, ბაბუაწვერა, ნემსიწვერა, მარმუჭი, დიდყვავილა ბარისპირა, ცის ფოლიო, ჩვეულებრივი ფრინტა და ბევრი სხვა.

ალპური სარტყელი გამოსახულია ცალკეულ მწვერვალებზე, რომელთა სიმაღლე ზ.დ.-დან 2500 მ.-ზე მეტია. ალპურ მდელოთა შორის გაბატონებულია პოლიდომინანტური მარცვლოვან-ნაირბალახოვანი მდელოები, რომლებსაც ქმნის ალპური თივაქასრა, ძიგვა, წივანა, ისლი, სამყურები, უძოვარა, ნემსიწვერას, მაჩიტას და ბაიას სხვადასხვა სახეობები და სხვ. ჩრდილო ფერდობებზე გავრცელებულია ალპური დეკიანის რაყეები.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახმაროსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბინადრობენ ფრინველები: ყორანი, მთის არწივი, ქედანი, მთის ბოლოქანქარა, თეთრგულა შაშვი, თოხიტარა, მთის გრატა, ჩხიკვი, ჩვეულებრივი ცოცია. გარდა მობინადრე ფრინველებისა, ბახმაროზე გადის გადამფრენ ფრინველთა ევრაზია-აფრიკის სამიგრაციო მარშრუტი, სადაც გაზაფხულსა და შემოდგომაზე გადაადგილდებიან შორეულ მოგზაურობაში დაძრული სხვადასხვა ფრინველთა გუნდები: კაკაჩები, კირკიტები, ძერები, არწივი, ქედნები, ბატები, წეროები და სხვ.

ძუძუმწოვრებიდან ბახმაროს ტერიტორიაზე ბინადრობს ან წელიწადის სხვადასხვა დროის განმავლობაში სტუმრობს: მურა დათვი, კავკასიური მგელი; არჩვი, მელა, ტყის კატა, თეთრყელა კვერნა, დედოფალა, ევროპული კურდღელი, წავი, ფოცხვერი. ასევე გავრცელებულია სხვადასხვა მცირე ძუძუმწოვართა პოპულაციები: განსაკუთრებული სიმრავლით აღირიცხება მცირე ტყის თაგვი, მინდვრის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრიაi, კავკასიური თხუნელა, ფუღუ, ღამურისებრი.

ქვეწარმავლებიდან ყველაზე ხშირია - კლდეზე მცოცავი ქართული ხვლიკი, წითელმუცელა და ართვინული ხვლიკები; კავკასიური გველგესლა. ამფიბიებიდან საკვლევ ტერიტორიაზე ბინადრობს: ტყის ბაყაყი, მცირეაზიური ბაყაყი, კავკასიური ჯვარულა და სავარცხლიანი ტრიტონი. მდინარე ბახვისწყალში ბინადრობს მდინარის კალმახი.

ბახმაროს მიმდებარედ ფაუნის წარმომადგენლების სახეობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული ადამიანის ზემოქმედებიდან გამომდინარე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახმარო და მის მიმდებარედ მდებარე 30 000 დესეტინა მიწის ფართობი (დაახ. 33000 ჰა) ეკუთვნოდა გურიის ფეოდალებს, ერისთავებს, რომელთა საცხოვრებელი რეზიდენცია სოფელ გორაბერეჟოულში იყო. რამდენადაც გურულებს მესაქონლეობა სათაკილო საქმედ მიაჩნდათ, აქ საქონელი ღორჯომის ხეობის მოსახლეობას ამოჰყავდა, ხოლო ერისთავები მათგან იღებდნენ „ბალახის ბაჟს“. ეს იყო ერთი თავი ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა.

ბახმაროს, როგორც სამკურნალო ადგილს პირველმა ყურადღება მიაქცია არტემ დავიდიანცმა, ოზურგეთის მაზრის ექიმმა. დავიდიანცი 1875 წლიდან მსახურობდა ოზურგეთში და ჰყავდა მრავალი ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი. ის თავადაც იყო დაავადებული ტუბერკულოზით. დავიდიანცი პაციენტებს სამკურნალოდ აგზავნიდა აბასთუმანში, სურამში და სხვა კურორტებზე მანამ, სანამ ნაცნობი მწყემსებისგან არ გაიგო, რომ მათ ციებისგან იცავდა აჭარა-გურიის მთებზე ზაფხულის საძოვრებზე არსებული ჰავა. დავითიანცმა 1892 წელს ქრონიკული ციებით დაავადებული რამდენიმე პაციენტი გაგზავნა აჭარა-გურიის მთებში. შემდეგ წელს მან გაგზავნა უფრო მძიმე ავადმყოფები, რომლებსაც ციებასთან ერთად ტუბერკულოზიც ჰქონდათ (დიმიტრი ქიქოძე, ძმები ნესტორ და მ. კონტრიძეები, ი. საბაშვილი). დავიდიანცმა აღმოაჩინა, რომ პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელებული დაბრუნდა და მათ გაუქრათ ისეთი სიმპტომები, როგორიც იყო ცხვირიდან სისხლდენა, წონის დაკარგვა, უძილობა, ფილტვების, ელენთისა და ღვიძლის გადიდება ამის შემდეგ თავად დავითიანცმა სთხოვა მაზრის უფროსს ჩაფრები და მათთან ერთად გაემართა გურიის მთებში, მოიარა ისინი და ყველაზე მეტად მოეწონა ბახმარო. მანამდე მწყემსები ჩერდებოდნენ პატარა ბახმაროდ და ბაისურად წოდებულ ადგილებზე. დავიდიანცმა ბახმაროში თავისთვის პატარა სახლი ააშენებინა და გურულებს ურჩია, დაეყოთ ბახმარო უბნებად და აეშენებინათ იქ სააგარაკო სახლები. 1895 წელს დავიდიანცი ექიმ ვადაჭკორიასთან, ბერეჟიანთან და ი. ძიძიშვილთან ერთად კვლავ იმყოფებოდა ბახმაროში. ექსპედიცია ბახმაროში დარჩა (ძვ. სტ.) 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე. ამავე წელს 100-მდე მოაგარაკე ეწვია ბახმაროს. მეტწილად ეს იყო გურიის ინტელიგენცია. 1896 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია . მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან. 1896 წლიდან ბახმარო და მისი მიწები სახაზინო საკუთრებაში გადავიდა. კურორტს მართავდა ბახმაროს კოოპერატიული საზოგადოების გამგეობა.

1900 წელს ჩამოყალიბდა „ბახმაროს მომხმარებელთა საზოგადოება ჯანმრთელობა“, რომლის ფუნქცია კურორტის მართვა-გამგეობა და კეთილმოწყობა იყო. შეიქმნა გზის, სასურსათო-საკონტროლო, ტყეებისა და საკურორტო ზონის დაცვის კომისიები, დაიწყო მისასვლელი გზების გაჭრა და სახლების აგების ხელშეწყობის სამუშაოები. გაჩნდა პირველი მაღაზია, რომელიც კასიანე ქინქლაძემ გახსნა. 1908-1914 წლებში ყველა დასახლებული უბანში წყაროს წყლები გაიყვანეს. 1899 წელს მოაწყვეს სახალხო თეატრი, სადაც მსახიობებად ალექსანდრე, ევგენი, სამსონ წუწუნავები, კოლია ბებურიშვილი და სხვები იყვნენ. დგამდნენ ნაწყვეტებს შილერის „ყაჩაღებიდან“ და გოგოლის „რევიზორიდან“. 1905 წელს თეატრის შენობა დაიწვა. ახალი შენობა 1913 წელს ააგეს. 1913-1917 წლებში ბახმაროში ადიოდა სიმებიანი ორკესტრი კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით.

1923 წელს ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. დაიწყო ბახმაროს სამეცნიერო შესწავლა და პოპულარიზაცია. ბახმაროს კურორტად გამოცხადებაში დიდი როლი შეიტანა ექიმმა ა. ინგოყროყვამ , რომელიც მის მიერ შეგროვებული სამედიცინო ცნობების საფუძველზე ცდილობდა დაემტკიცებინა ბახმაროს სამკურნალო თვისებები და გაეგზავნა სამეცნიერო ექსპედიციები. 1932-1933 წლებში პროფესორ გავრილენკოს ხელმძღვანელობით ბახმაროზე მოეწყო ექსპედიცია, რომლის მიზანიც იყო ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის პოტენციალის შესწავლა. ექსპედიციამ ბახმაროში გაატარა ერთი სრული წელი 1 ნოემბრიდან 1 ნოებრამდე. ექსპედიციაში მონაწილეობდა ქირურგიული ტუბერკულოზით დაავადებული ათი ბავშვი, რომელზეც ექიმები ახდენდნენ დაკვირვებას. გავრილენკოს ექსპედიციამ დაასკვნა, რომ ბახმაროში ზამთრის მეტეოროლოგიური პირობები უფრო ეფექტურია მკურნალობისთვის.

1940 წელს გამოსულ წიგნში „მასალები ბახმაროს ისტორიისათვის“ ბახმარო საბჭოთა კავშირისა და ევროპის მასშტაბით მაღალ კურორტად მოიხსენიება. წმინდა მორიცის სიმაღლეა ზღვის დონიდან 1855 მ; აროზასი - 1.720 მ; დავოსის - 1.560 მ; ბახმაროსი კი - 2050 მ.“ 1940-იანი წლების ბოლოს ბახმაროში მკურნალობდა ტუბერკულოზით დაავადებული ედუარდ შევარდნაძე.

1930-იან წლებში ბახმაროზე ასასვლელად ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ვაკიჯვრისა და ჩოხატაურის გზები. ვაკიჯვარსა და ჩოხატაურამდე მიდიოდა საავტომობილო გზა. ვაკიჯვრიდან ბახმაროში ადიოდა საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკი (23 კმ.), ხოლო ჩოხატაურიდან ბახმარომდე გზა (40 კმ), რომელიც გადიოდა ერკეთს, ხევსა და ნაბეღლავს, უფრო განიერი იყო შესაძლებელი იყო ურმით ასვლაც. საავტომობილო გზა ბახმაროს მიმართულებით 1980-იან წლებში გაიჭრა. 1934 წლისთვის კურორტზე მოქმედებდა პოლიკლინიკა, აფთიაქი, სანატორიუმი. 1980-იან წლებში აშენდა ბახმაროსთან დამაკავშირებელი კაპიტალური საავტომობილო გზა. 2019 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი.[1]

ტიპური სააგარაკო სახლები ბახმაროში

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური სიხარულიძის აზრით ბახმარო სვანური წარმოშობისაა და კაცის გადასასვლელს ნიშნავს. „ბახ“ არის გადასასვლელი, ხოლო „მარო“ არის სახეცვლილება სვანური „მარესი“, რომელიც კაცს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ - ნახეთ თქვენი მარო.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზამთარში თოვლის საფარი ბახმაროში შვიდ მეტრს აღწევს. ამიტომ გავრცელებული იყო დაბალი, ხის სვეტებზე შემდგარი და ხისგან აშენებული, ყავრით გადახურული სააგარაკო სახლები, რომლებიც უკეთ უძლებენ დიდთოვლობას.

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველწლიური ტრადიციული სამოყვარულო დოღი ბახმაროში

ბახმარო მთის კლიმატური კურორტია, პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი. ოქტომბრიდან მაისამდე ბახმაროს გზა თოვლის გამო იკეტება.

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები, რითიც სეზონის დასრულება აღინიშნება. პოპულარული ადგილების მზის „ამოსავალი“ (მთა გადრეკილი) და „ჩასავალი გორები“ (მთა საქასარია), საიდანაც დამსვენებლები მზის ამოსვლასა და ჩასვლას აკვირდებიან

სეზონი დამსვენებელთა რაოდენობა
1895 100
1917 6500
1930 10 000
1939 19 000
2002 5 000

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბახმაროს ქუჩები
ბახმაროს მთები
ბახმაროს ხედები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 255, თბ., 1977 წელი.
  • თედო სახოკია, მოგზაურობანი: გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი, - ბათუმი, "საბჭოთა აჭარა", 1985.
  • წითელმთიელი ან., „ბახმარო“ - ქ. მახარაძე, 1934.
  • აგარაკი ბახმარო / [წინასიტყვ. ავტ.: ა. ალადაშვილი] — ტფილისი, 1926
  • ინგოროყვა ავთ. „აგარაკი ბახმარო“ — ბათომი, 1928
  • ბახმარო, საქართველოს პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპ. საბჭო — თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1982 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]