შინაარსზე გადასვლა

ხევი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხევი.
სოფელი
ხევი

ჩოხატაური - ბახმაროს საავტომობილო გზა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხევი
კოორდინატები 41°57′42″ ჩ. გ. 42°16′50″ ა. გ. / 41.96167° ჩ. გ. 42.28056° ა. გ. / 41.96167; 42.28056
დაარსდა ბრინჯაოს ხანა
ადრეული სახელები მამალაძე
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 205[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხევი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხევი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ხევი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ხევი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ხევისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხევი, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 250 მ. ჩოხატაურიდან 15 კმ, საჯავახოდან 35 კმ. სოფელში დგას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და ბუღარა მამალაძის ძეგლი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.

1970-იან წლებში წყალტუბოს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელში, სატობისყელის და გუბაზეულის შესართავთან გამოავლინა ადრე ნეოლითური ნამოსახლარი, აღმოჩენილია ადრე-ბრინჯაოს ხანის განძი.[3] XVI საუკუნეში სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 1 კომლი იყო, თეიმურაზ სალუქვაძის ოჯახი. სოფელი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. სოფლის ძველი სახელია მამალაძე. ამ გვარის წარმომადგენელი იყო ბუღარა მამალაძე, რომელიც უკანასკნელი გურიელების დროს ცხოვრობდა, როცა ხევში სულ 6 კომლი სახლობდა.

1870-იან წლებში ხევის მოსახლეობა 100 კომლამდე იყო გაზრდილი. შედიოდა ერკეთის სასოფლო საზოგადოებაში. 1919 წელს შეიქმნა ხევის თემი[4]. საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა. მოქმედებდა ბიბლიოთეკა, კლუბი, საავადმყოფო, აფთიაქი, კავშირგაბმულობის განყოფილება.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 510
1911[6] 1229
2002[7] 238 122 116
2014[1] 205 105 100

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუღარა მამალაძის ძეგლი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუღარა მამალაძის ძეგლი

ბუღარა იცავდა სოფელსა და გუბაზეულის ხეობას თავდასხმებისაგან, რომელთა მიზანი გოგო-ბიჭების გატაცება და ოსმალეთის იმპერიაში გაყიდვა იყო. ბუღარამ ბევრი გამტაცებელი მოკლა და მანვე გაანადგურა ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილის მეკობრული რაზმი 1819 წელს.[8]

გადმოცემის მიხედვით ბუღარა მამალაძე თურმე ტანად არც თუ ისე მაღალი ყოფილა, მაგრამ გოლიათურად ღონიერი იყო და მჭექარე ხმა ჰქონდა. გადმოცემის თანახმად, მისი ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა, თუ სადმე ორსული ქალი იყო, აუცილებლად მუცელი მოეშლებოდაო. ამიტომ მას ხშირად აფრთხლილებდნენ, ამა და ამ ადგილას ფეხმძიმე ქალი არისო.

სოფელ ხევში, საქორისთავში, სასაფლაოზე შემორჩენილია რამდენიმე საუკუნოვანი ქვის ჯვარი ქვაიჯავარა. ჯვარი დასვენებული იყო ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 2000 წლამდე. 2000 წელს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით ის დააბრუნეს სოფელ ხევში სასაფლაოზე.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
  3. კ. კალანდაძე, „დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური კულტურა ახალი აღმოჩენების შუქზე“ გვ. 56 — 1986 წ.
  4. გურიის ერობის მოამბე N1 გვ. 7 1 იანვარი 1920
  5. Кавказский календарь на 1910 год
  6. Кавказский календарь на 1912 год
  7. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  8. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 189 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987