ბედიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბედიანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბედიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
დაბა
ბედიანი

ბედიანი გაზაფხულის პირზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი ბედიანი
კოორდინატები 41°32′13″ ჩ. გ. 44°15′12″ ა. გ. / 41.53694° ჩ. გ. 44.25333° ა. გ. / 41.53694; 44.25333
ცენტრის სიმაღლე 850 მეტრი
მოსახლეობა 148 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 55 %
სომხები 20 %
ბერძნები 7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბედიანი — საქართველო
ბედიანი
ბედიანი — ქვემო ქართლი
ბედიანი

ბედიანიდაბა წალკის მუნიციპალიტეტში.

მდებარეობა და ბუნებრივი პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბა ბედიანი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე. იგი განლაგებულია მდინარე ხრამის ვიწრო ხეობაში და გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ბედიანის ჰავა გამოირჩევა საკმაოდ ცივი ზამთრით (ტემპერატურა იანვარში აქ ზოგჯერ მინუს 20 გრადუსამდეც ეცემა) და შედარებით ცხელი ზაფხულით. ბედიანი და მისი მიდამოები უმეტესწილად ტყეებით არის დაფარული, რომელიც ძირითადად მუხით, რცხილით, კაკლით, ფიჭვით, არყით, თხილით არის წარმოდგენილი. ბევრია ასევე სხვადასხვა, ველურად მზარდი ხილი და კენკროვნები. ტყის ზედა ზონაში გვხვდება მარადმწვანე ფიჭვიც. მდიდარია ცხოველთა სამყაროც. ტყეებში გვხვდება შველი, გარეული ღორი, კურდღელი, მელა, ზღარბი, მხეცებიდან დათვი, მგელი და ფოცხვერი. მნიშვნელოვანია ბედიანისა და მისი მიდამოების რეკრეაციული პოტენციალი, რომელსაც ქმნის შესანიშნავი ბუნებრივი ლანდშაფტები და მრავალი ისტორიული ძეგლი. ბედიანი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან (წალკა) და ქ. თეთრიწყაროდან დაახლოებით ერთნაირი მანძილით, 30 კილომეტრით არის დაშორებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედიანის ტერიტორიაზე ისტორიულ წარსულში მხოლოდ სამონასტრო კომპლექსები არსებობდა, რომელთა ისტორია ადრეული შუა საუკუნეებიდან იღებს დასაბამს. კომუნისტურ ანექსიამდე ბედიანის საყდარი მოქმედი იყო, საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კი მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე სოფელი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იძებნება. XX საუკუნის 50-იან წლებამდე აქ დასახლებული პუნქტი აღარ არსებობდა. 1954 წელს კი საფუძველი ეყრება ბედიანის დასახლებას, რომელიც ჩნდება ხრამჰესების კასკადის ბაზაზე. დაბის პირველ მოსახლეობას სწორედ ამ მშენებლობაზე მომუშავე ხალხი წარმოადგენდა. 1963 წელს ბედიანის ტერიტორიაზე ფუნქციონირება დაიწყო რესპუბლიკურმა ფსიქონერვოლოგიურმა საავადმყოფომ. საავადმყოფო გათვლილი იყო 800 ავადმყოფზე. დაბის გაჩენამ გამოიწვია სოციალური ინფრასტრუქტურების ჩამოყალიბება. გაიხსნა სამედიცინო ამბულატორია, რომელიც სადაბო საბჭოში შემავალ დასახლებულ პუნქტებს ემსახურებოდა. შეიქმნა 220 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. სადაბო საბჭოს ტერიტორიაზე არსებობდა ორი პიონერთა ბანაკი, ხრამჰეს II (ჩათახი) და სოფელ პანტიანის ტერიტორიაზე, რომლებიც ყოველწლიურად ასობით დამსვენებელს მასპინძლობდნენ. 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მთელი სიმკაცრით აისახა ბედიანის ცხოვრებაზე. ამ პროცესების შედეგად, 90-იანი წლების ბოლოსათვის დაბაში მოსახლეობის რიცხოვნობა კატასტროფულად შემცირდა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედიანის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (90 %) 90-იან წლებამდე ბერძნები შეადგენდნენ. 1999 წლის სექტემბრის ბოლოს დაბაში გაჩნდა ახალმოსახლეობა, რომლებიც გიორგი მთაწმიდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს და მათ აღმზრდელებს შეადგენდნენ. ახალმოსახლეობამ ძირეულად შეცვალა დაბის როგორც მოსახლეობის სტრუქტურა, ისე მისი ყოფაცხოვრება, გააჩინა ახალი პერსპექტივები. ახალმოსახლეობის გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე დაბაში აღდგა დედათა მონასტერი, სადაც გადმოყვანილ იქნენ მონაზვნები თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრიდან. მონასტრის დედებს თავიდანვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვებთან, რადგან პირველი ბავშვები სწორედ ამ მონასტერმა შეიფარა და მათზე მზრუნველობა იკისრა. ბედიანში გადმოსული ბავშვები სხვადასხვა სახლებში განაწილდნენ, რომლებიც მათთვის უცხოური ორგანიზაციების დახმარებით იქნა შეძენილი. ბავშვებთან სახლებში ერთი ან ორი აღმზრდელი ცხოვრობს. 2014 წლის აღწერის მიხედვით დაბის მოსახლეობა 148 მცხოვრებს შეადგენს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.