დუშეთი
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
დუშეთი | |||
|
დუშეთის ხედი ბაზალეთის ტბისკენ მიმავალი გზიდან | |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
| მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი | ||
| კოორდინატები | 42°05′00″ ჩ. გ. 44°42′00″ ა. გ. / 42.08333° ჩ. გ. 44.70000° ა. გ. | ||
| პირველი ხსენება | 1215 | ||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1756 | ||
| ცენტრის სიმაღლე | 880 მ | ||
| ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
| მოსახლეობა | 6167[1] კაცი (2014) | ||
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
| სატელეფონო კოდი | +995 346[2] | ||
| საფოსტო ინდექსი | 1800[3] | ||
| ოფიციალური საიტი | https://dusheti.gov.ge/ | ||
დუშეთი — ქალაქი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია. დუშეთში არის წილკნის ეპარქიის რეზიდენცია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, თბილისიდან 54 კმ., ზღვის დონიდან 880 მ სიმაღლეზე.
დუშეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა — 9.7 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა — −1.4 °C, ივლისისა — +20.4 °C. ნალექები — 740 მმ წელიწადში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით, რაიმე დოკუმენტის ან სარწმუნო წყაროს არსებობა ამ დრომდე არ დასტურდება. მკვლევართა ინტერესის მიუხედავად, არც მისი სარწმუნო ეტიმოლოგია ჩანს. ტოპონიმის ამოსავალ (საყრდენ) ფუძედ გამოიყოფა „დუშ“-სიტყვა, თუმცა თავისი წარმოშობით და შინაარსით რას უკავშირდება იგი, გაურკვეველია. ამ დრომდე უცნობია ისიც, თუ რა ფუძის შემცველი სიტყვის, ან მისი როგორი ფონეტიკური ცვლის შედეგადაა ნაწარმოები ეს სახელი. პლატონ იოსელიანის მეორე ვერსიით, ჩერქეზულ ენაზე „დიუ შეთ“ ნიშნავს „საჯდომ-საბრძანებელს — ტახტს“, რაც, მკვლევარის ვარაუდით, შესაძლებელია, საარაგვოს დუშეთზე, როგორც არაგვის ერისთავების საბრძანისზე მიანიშნებდეს. ავტორი არც იმას გამორიცხავს, რომ ჩერქეზებმა მისცეს დუშეთს ეს სახელწოდება მაშინ, როცა აღნიშნული დასახლება მათთვის ცხენებით სავაჭრო ადგილს წარმოადგენდა. მკვლევარი იმასაც შესაძლებლად მიიჩნევს, რომ დუშეთის სახელწოდება მოდიოდეს სიტყვიდან „მთუშეთი“, რაც, მისი ვერსიით, მთებს შუა ადგილს ნიშნავს და შეესაბამება ქალაქის მდებარეობას. ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ცნობით, „დუშათ“ თათრული სიტყვაა და უწყლო, მწირმოსავლიან ადგილს ნიშნავს.[4]
დუშეთის ტერიტორიაზე გათხრილი სამაროვნები ადასტურებს, რომ ადამიანს აქ ადრინდელი ანტიკური ხანიდან უცხოვრია. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ერწოზე გადადიოდა საქართველოს მაშინდელი დედაქალაქის, მცხეთის — ალაზნის ველთან დამაკავშირებელი სავაჭრო მაგისტრალი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში, „შემოვლითი გზის“ სახელწოდებით არის ცნობილი. დუშეთიდან, ტინის და მჭადიჯვრის გავლით,[5] შიდა ქართლისკენ მიემართებოდა გზა, რომელიც აღნიშნული მიმართულების ძირითად მაგისტრალს მნიშვნელოვნად ამოკლებდა.[6]
დღევანდელი ქალაქის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ გამოვლენილია არაერთი არქეოლოგიური ძეგლი, რომლებიც მოწმობენ, რომ დუშეთი და მისი შემოგარენი, ჯერ კიდევ გვიანდელ შუა საუკუნეებამდე იყო დასახლებული. ქალაქის ერთ-ერთი ნამოსახლარის გათხრებისას, აღმოჩენილია თამარისა და ლაშა გიორგის სახელით მოჭრილი შუა საუკუნეების მონეტები, XII–XIII საუკუნეებისთვის დამახასიათებელი პოლიქრომიული ჯამები და სხვ.[4][კომ. 1]
წყაროებში პირველად იხსენიება 1215 წლის წარწერაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, აკადემიკოსმა მარი ბროსემ ხოფის მონასტერში (სამეგრელო) მიაკვლია სახარებას, რომელსაც ახლავს გადამწერის, 1215 წლით დათარიღებული მინაწერი: — „ოსეს იესე ვს—წერ მსხემობასა შინა—დუშეთის, თუმცა მეცნ-ხართ, ნო—იმან დახშულსა ცთომილთათჳს. ქორონიკონს ულე“ (ტექსტის თანახმად, დუშეთში განდეგილი სახარების გადამწერი, შენდობას ითხოვს დაშვებული შეცდომებისათვის).[7][8] „ქართლ-კახეთის აღწერაში“ იოანე ბატონიშვილი (1768–1830) დუშეთს მოიხსენიებს როგორც „ყასაბა“ — პატარა სავაჭრო ქალაქს.[4]
XIII საუკუნემდე ქართლის საერისთავოში შედიოდა და სამეფო დომენში იყო გაერთიანებული. XIV საუკუნეში არაგვის საერისთავოშია.
XIV საუკუნის დასასრულს თემურ-ლენგის ურდოებმა დუშეთის ტერიტორიაზეც გაითარეშეს. მთლიანად გადაწვეს და ააოხრეს არაგვის ხეობის სოფლები, ხოლო ქალაქი ჟინვალი მიწასთან გაასწორეს.[9]
XVII საუკუნეში დუშეთი არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. აქ იდგა ნუგზარ არაგვის ერისთავის სასახლე. არაგვის ერისთავთა კარზე დამკვიდრდა მნიშვნელოვანი კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები. ამ ტრადიციებზე აღიზარდა არაერთი ქართველი მწიგნობარი, მათ შორის კვიპრიანე სამთავნელი (XVII–XVIII სს.), ოთარ ერისთავი (XVIII ს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, კალიგრაფები იოსებ და სოფრონიოს ერისთავები, იოანე ოსეშვილი და სხვ.
1612 წელს, ლუარსაბ II-ის მიერ სასიკვდილოდ განწირული გიორგი სააკაძე წავკისიდან მკვლელებს გამოექცა, ნოსტედან ცოლ-შვილი წამოიყვანა და თავშესაფარი სიმამრთან, ნუგზარ არაგვის ერისთავთან, დუშეთში ჰპოვა.[კომ. 2]
1635 წელს ქართლის მეფე როსტომმა არაგვის საერისთავოს დასამორჩილებლად მოწყობილი ლაშქრობის დროს დუშეთი გადაწვა. 1688 წელს დუშეთი კვლავ დაარბია ქართლის მეფე გიორგი XI-მ.
1743 წელს საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო — მეფე ერეკლე მეორე ქალაქად აცხადებს დუშეთს და არაგვის ხეობას აბარებს თავის შვილს, ვახტანგ-ალმასხანს, რომელიც სახლდება დუშეთში, იწვევს მოვაჭრე სომხებს და აშენებს ბაღებს, შიგ ციხეში აშენებს პალატებს, ეკლესიას და აწესებს კარის წესებს ბიზანტიის და, ნაწილობრივ, სპარსეთის ეთიკის მიხედვით.[10][კომ. 3][11]
როდესაც 1799 წელს გენერალმა ლაზარევმა[კომ. 4] რუსეთიდან გადმოიარა რუსეთის ჯარებით და შევიდა სატახტო ქალაქ თბილისში, ის თავის აღწერაში, სხვათა შორის, ასახელებს დუშეთსა და ახალგორს, როგორც დაბებს.[10]
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, დუშეთი შედის ქართლის ერთ-ერთ მაზრაში და გადაკეთებულია, როგორც „Заштатный город“. 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი ხდება. 1803 წელს ბატონიშვილი ვახტანგი, გადასახლების გამო, რუსეთის მთავრობის განკარგულებით ტოვებს სამუდამოდ დუშეთს.[12] დუშეთიც ტოვებს სამაზრო ქალაქის სახელწოდებას და ამ სახელს უთმობს ანანურს, რომელსაც უპირატესობას აძლევენ, როგორც მდიდარს, წყლებითა და საძოვრებით.[10]
1821 წელს ისევ გადმოაქვთ დაწესებულებები დუშეთში, რომელიც მეორედ იღებს მაზრის ქალაქის სახელს. XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველო რუსეთს დაუკავშირდა სამხედრო გზით. ამავე წლებში დუშეთში აგებენ სამხედრო ყაზარმებს და ბანაკდება რუსეთის ჯარის ნაწილი. 1867 წელს, როდესაც საერთო ადმინისტრაციული და სასამართლო დაწესებულებანი ამიერკავკასიაში ისევ აღადგინეს, დუშეთი ისევ გადაიქცა სამაზრო ქალაქად.[10][კომ. 5]
1834 წელს დუშეთში სამაზრო სასწავლებელი გაიხსნა,[კომ. 6] 1874 წელს დაარსდა ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1880 წლის 1 აპრილს „სახლი კითხვისა“.[13]
1862 წელს დუშეთის მოსახლეობა 2320 სულს შეადგენდა. ქალაქის შემოსავალი არ აღემატებოდა 2305 მანეთს. ხარჯები უდრიდა 1951 მანეთს. სახლების რაოდენობა უდრიდა 88-ს, ქვითკირის დუქნებისა — 45-ს და ხისა — 10-ს. ვაჭრობა არ იყო ამ დროს ძალიან განვითარებული; იყო რამდენიმე შეძლებული და გამოჩენილი ვაჭარი, რომლებსაც ჰქონდათ სავაჭროები ვლადიკავკაზში. დუშეთში არსებობდა საფეიქროები, სამღებროები და საკირეები.[10]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ პირველი სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლის ორგანიზება საბჭოთა რუსეთმა 1918 წლის ზაფხულში შეძლო დუშეთის მაზრაში. აქ შეიარაღებული გამოსვლა ერთობლივად დაგეგმეს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა და რუსეთის კავკასიის არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ. რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობამ დუშეთის მაზრაში შემოგზავნა სამხედრო ინსტრუქტორები, შემოტანილ იქნა დიდი რაოდენობით იარაღი (შაშხანები და ტყვიამფრქვევები). ქართველმა ბოლშევიკებმა დუშეთის მაზრის ზოგიერთ სოფელში მიიმხრეს გლეხობის (ძირითადად, პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან დაბრუნებული ჯარისკაცების) ნაწილი. ბოლშევიკებმა ასევე მიიმხრეს დუშეთის მაზრის ოსი და სომეხი მოსახლეობა. აჯანყებულებმა რამდენიმე სოფელში დახოცეს სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გვარდიელები. აჯანყების დაწყების მომენტისათვის დუშეთის მაზრაში ქართული რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის ძალზე მცირე ძალები იმყოფებოდა. ამით ისარგებლეს ბოლშევიკებმა და მათმა შეიარაღებულმა რაზმებმა და დუშეთი დაიკავეს.
1918 წლის 25 ივნისს დუშეთში მოწვეულ იქნა გლეხთა დეპუტატების სამაზრო ყრილობა, ყრილობამ მაზრაში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და აირჩია მაზრის აღმასრულებელი კომიტეტი. ჩრდილო კავკასიიდან დარიალის ხეობით დუშეთისაკენ დაიძრა სპეციალურად მომზადებული რაზმი ბოლშევიკ საშა გეგეჭკორის მეთაურობით. მზადყოფნაში იყო რუსეთის კავკასიის არმია, რომელიც დარიალის ხეობით, აჯანყებულთა დახმარების საბაბით, დუშეთში უნდა შემოჭრილიყო, ხოლო შემდეგ თბილისი დაეკავებინა. თბილისის დაკავებისთანავე მთელ საქართველოში საბჭოთა წყობილება გამოცხადდებოდა. საბჭოთა რუსეთის გეგმები ჩაშალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ენერგიულმა მოქმედებამ. ქართული რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად აჯანყებულთა რაზმები გაიფანტნენ და საბოლოოდ ჩრდილო კავკასიას შეაფარეს თავი.
1921 წელს საქართველო გასაბჭოვდა. დუშეთში, გასაბჭოების აღსაღნიშნავად პირველი მიტინგი 4 მარტს გაიმართა.[14] ანალოგიური, საბჭოთა საქართველოს მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა 27 მარტსაც.[15]
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დუშეთის რელიეფურმა და მცხოვრებთა ეთნიკურმა თავისებურებებმა განაპირობეს ისიც, რომ პირველი კოლმეურნეობა ჩამოყალიბდა 1927 წელს (წითელსოფელი), ხოლო უკანასკნელი — 1950 წელს (ხევსურეთი). 1934 წელს დამთავრდა ჟინვალ-ბარისახოს გზა. საუკუნეობით ჩამორჩენილი ხევსურეთი საავტომობილო გზით დაუკავშირდა რაიონისა და რესპუბლიკის ცენტრებს, ხოლო იმავე ხანებში ფშავში, ჩარგლისა და შუაფხოს მოსახლეობამ თავისი ინიციატივით გაიყვანა სოფელში მისასვლელი გზები.
1928 წლიდან გახდა დუშეთის რაიონის ცენტრი. საბჭოთა პერიოდში ქალაქში მოქმედებდა საკონსერვო და რძის ქარხნები, ქართული ხალიჩების საქსოვი საამქრო, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა ჩაბმული იყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 6167 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნიკური შემადგენლობა |
|---|---|---|---|---|
| 1882[16] | 2041 | |||
| 1893[17] | 2027 | სომხები (57 %), ქართველები (36,5 %) | ||
| 1910[18] | 2105 | 1081 | 1024 | |
| 1989[19] | 8483 | - | - | |
| 2002[19] | 7315 | - | - | |
| 2014[1] | 6167 | 2997 | 3170 |
ისტორიული ძეგლები და ადგილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არსებული არქიტექტურული ძეგლები ისტორიულ ქარტეხილებს შეეწირა. არაგვის ერისთავების რეზიდენციის გარდა, აქ იყო ჯიმშერ ჩოლოყაშვილის აგებული ციხე-დარბაზი, ვახტანგ ბატონიშვილის სასახლე, ეკლესიები, იპოდრომი, რამდენიმე კოშკი, XVII საუკუნის ფეოდალთა გალავანშემორტყმული სახლები. გ. მოზდოკელის ცნობით, ჯიმშერ ჩოლოყაშვილის ციხე-გალავანი („შიდა ციხე“, 1888 წელს დაანგრიეს. ნანგრევი მასალა გამოიყენეს საძირკველში ჩასაყრელად, როდესაც ქართული „დრუჟინა“ ჩააყენეს დუშეთში და ყაზარმები ააშენეს. დუშეთის ქალაქის სამმართველომ და თავადაზნაურობამ ვერ შეძლო, ან არ მოინდომა ამ ისტორიული ძეგლის შენარჩუნება. „შიდა ციხის“ და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის შუა მდებარე, იპოდრომის ყოფილმა ტერიტორიამ, მოგვიანებით, ეკლესიის მოედნის სახელწოდება მიიღო. იქ იმართებოდა ბაზრობა, რომელმაც თანდათან, უფრო ზემოთ, „ბაზრის წყალთან“ გადაინაცვლა და იქ დამკვიდრდა.[20][კომ. 7]
დღეს შემორჩენილია XVII საუკუნის ყარანგოზიშვილების კოშკი (დუშეთის განაპირას), წმ. გიორგის სახელობის მცირე ეკლესია (IX–X საუკუნეთა მიჯნა),[კომ. 8] რომელშიც შემონახულია ძვირფას ფრესკულ მოხატულობათა ფრაგმენტები, ე. წ. „მოხელის დარბაზი“ (XVII ს.) და ჭილაშვილების ციხე-დარბაზი (1798–1801).[21][კომ. 9]
- ილია ჭავჭავაძე დუშეთის საზოგადოებაში
- დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- დუშეთი, ქუჩა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ზემოთ
- დუშეთის ცენტრი
- დუშეთის ძველი ცენტრი
- სახლების სახურავები და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გუმბათი
ისტორიული ბაღები, პარკები და სარეკრეაციო სივრცეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დუშეთის პარკი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ის მდებარეობს დუშეთის ცენტრში და სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეებისგან შემდგარი ორი გრძელი, მართკუთხა ნაკვეთისა და მათ შორის გამავალი ფეხით მოსიარულეთა ფართო ბულვარისგან შედგება.
დუშეთის ეს ადგილი ისტორიულადაც გაუნაშენიანებელი იყო, პლატონ იოსელიანის აღწერის თანახმად, ქალაქის შუაგულში, დუშეთის ციხესიმაგრის პირდაპირ, გაშლილი ვრცელი ტერიტორია XIX საუკუნემდე იპოდრომს წარმოადგენდა, 1859 წელს კი მართლმადიდებელი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, არქიტექტორ გრ. ივანოვის პროექტის მიხედვით დაიწყო წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ეკლესიის მშენებლობა, რომელსაც რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმები ჰქონდა. ტაძარი ამ ტერიტორიაზე XX საუკუნის 30-იან წლებამდე იდგა.
დუშეთის პარკის ტერიტორიას ფიქალითა და რიყის ქვით ნაშენი ზღუდის დაბალი კედელი ფარგლავს, რომელსაც ზედაპირზე ბაზალტის თლილი, მოზრდილი კვადრები შემოუყვება. ბულვარის თავსა და ბოლოში, ზღუდისავე სიმაღლის, ორფრთიანი ჭიშკარია შებმული. ღეროებისა და რგოლებისგან შემდგარი ჭვირული რკინის ჭიშკარი შუა ნაწილში რკალურად არის ამოზიდული; კიდეებში კუტიკარებია ჩართული. კარის ნაპირებში, ზღუდის კუთხის თლილ ქვებს დაბრტყელებული პირამიდის ფორმა აქვს.
პარკის დასავლეთი ნაწილში მხოლოდ ხეები დგას, აღმოსავლეთ ნაკვეთზე კი რამდენიმე ნაგებობაა განაწილებული: შუა ნაწილში 1989 წელს აშენებული გუმბათიანი ეკლესია დგას; შენობა, რომლის პროტოტიპად დუშეთის რ-ნის ფუძნარის ეკლესიაა აღებული, აგურითა და ბეტონით არის ნაშენი. მისგან ჩრდილოეთით უფრო მოგვიანებით აშენებული, ხისტი ფორმების მქონე აგურის სამრეკლოა, რომელსაც მაღალ კუბურ ძირზე დადგმული ვიწროყელიანი, წაწვეტებულსახურავიანი ფანჩატურის სახე აქვს. პარკის ამავე ნაწილის ჩრდილოეთ ნაპირთან ახლოს კი 1970-იანი წლების მსუბუქი პავილიონი დგას — ეს ბეტონის ნაგებობა წრეზე განლაგებულ სვეტებზე დაყრდნობილი ბრტყელი, დიდნაშვერიანი სახურავით სრულდება, რომელსაც სვეტებს შორის გადაყვანილი შეისრული თაღები და დანარჩენი ორი მხარის ნახევართაღებით შექმნილი ლოტოსისებური კონსტრუქცია იჭერს. პარკი და ბულვარი დუშეთის მნიშვნელოვანი ფასეულობაა.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დუშეთში დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება თავისი გამგეობითა და სარევიზიო კომისიით, რომელიც შემდგომ ერთგვარ შეფობას უწევდა დუშეთის სახალხო თეატრსაც. იგი ხელმძღვანელობდა ქალაქის კულტურულ ცხოვრებას და გარკვეული მიმართულებით წარმართავდა მას. დუშეთს და დუშეთის რაიონს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული კულტურის განვითარებაში. ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფშაურ, ხევსურულ, მთიულ-გუდამაყრულ ხალხურ პოეზიას, როგორც მხატვრულობით, ისე ფილოსოფიური და რომანტიკულ-საგმირო შინაარსით. გარკვეული პერიოდი დუშეთში ცხოვრობდნენ და შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდნენ ილია ჭავჭავაძე და პლატონ იოსელიანი.[22]
ილია ჭავჭავაძეს მუდამ იზიდავდა შინაარსით მდიდარი, ლაპიდარული ფორმის საგმირო აფორიზმები, რომელიც მან სიუჟეტიან საგმირო ლექსებთან ერთად საკმაო რაოდენობით ჩაწერა 1871 წელს დუშეთში მომრიგებელ-მოსამართლედ მუშაობისას. ილიას ჩანაწერებში ვარიანტებად არის სასიმღეროდ ატაცებული აფორიზმები: „ვაჟკაცსა გული რკინისა“, „კარგი ყმა მაშინ კარგია“, „კაი ყმა ლაშქარს მოკვდება“, „ნეტავი ლაშქრად შეგვყარნა“ და მრ. სხვ.[23]
დუშეთში ქალთა და ვაჟთა სიმღერის გუნდი („მგალობელი გუნდი“) ჩამოყალიბებულა 1899 წელს. გაზეთი „ივერია“ იტყობინებოდა გუნდის შექმნის საქველმოქმედო დანიშნულებას: „აქ შედგა ქალთა და ვაჟთა მგალობელი გუნდი, რომელიც მალე მომავალში აპირებს მცხეთის ტაძრის განსაახლებელი თანხის სასარგებლოდ კონცერტების გამართვას“.[24]
დუშეთის სახალხო თეატრის შესახებ შემორჩენილი მასალები გვაუწყებს, რომ 1880 წლიდან 1900 წლებს შორის, ოცი წლის განმავლობაში, სცენისმოყვარეებმა მრავალი ორიგინალური და თარგმნილი პიესა დადგეს, დააარსეს სიმღერის გუნდი, შინაარსობრივად გაამრავალფეროვნეს რეპერტუარი. დუშეთის სახალხო თეატრის დრამატული დასის დამფუძნებლის თამარ კვალიაშვილის წამოწყებულ საქმეს ენთუზიასტი გამგრძელებლები გამოუჩნდნენ, რომელთა თაოსნობით თითქმის ყოველთვე იმართებოდა სპექტაკლები.[25]
დუშეთის სახალხო თეატრი დაარსდა 1880 წლის 20 იანვარს ამჟამინდელ თეატრის ქუჩაზე, სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა. ეს სახლი იმ დროისთვის ეკუთვნოდა იოსებ ვასილის ძე მოზდოკელს. აქ მოაწყეს სცენა და დადგეს გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“. მთავარი როლი ნატო გაბუნიას უთამაშია. თეატრის პირველ რეჟისორად დუშეთის მკვიდრი თამარ კვალიაშვილი ითვლებოდა. სპექტაკლებში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ და ეხმარებოდნენ თეატრს ქართული სცენის ისეთი ოსტატები, როგორებიც იყვნენ: ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ნატო გაბუნია, ელისაბელ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გუნია, დიმიტრი ჩარკვიანი, ალექსანდრე კავსაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, იაკობ ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე და სხვები.
დუშეთის სახალხო თეატრის მსახიობის გიორგი ზაქარიას ძე დალაქიშვილის ჩანაწერების მიხედვით 1919 წელს დუშეთში დასასვენებლად ჩამოდის მსახიობი სოსო რევაზიშვილი. დუშელმა სცენისმოყვარეებმა იგი ჩამოსვლისთანავე რეჟისორად მოიწვიეს. მისი ხელმძღვანელობით დაიდგა „ჩვენი დროის გმირი“ და სხვა პიესები. სოსო რევაზიშვილმა დუშეთში იმუშავა 1920 წლის ბოლომდე. 1920 წლის შემოდგომაზე რეჟისორად მოუწვევიათ ალიოშა ჯაყელი, რომელიც დუშეთში დარჩენილა 1921 წლის ზაფხულამდე. 1921 წელს დუშეთის სახალხო თეატრის რეჟისორად დაინიშნა ბორის (ბორია) ლითანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით გადახალისდა დრამატული დასი, დაიდგა მრავალი სპექტაკლი. გ. დალაქიშვილის ჩანაწერების მიხედვით, ბორის ლითანიშვილის ხელმძღვანელობით დუშელმა სცენისმოყვარეებმა დადგეს შემდეგი პიესები: ა. ცაგარელის „ციმბირელი“ და „ქართველი დედა“, ვ. გუნიას „და-ძმა“, „ავგაროზი“ და „ნილღაბქვეშ“, ა. დენერის „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“, ია ეკალაძის „№21 ჯვრით“, ა. ყაზბეგის „არსენა“, ა. ცაგარლის „ორი ობოლი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ხანუმა“, უზეირ ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ ალან“ და სხვ.[26]
1923 წლიდან დუშეთში გაიხსნა კინოთეატრი. 1925 წელს დუშეთის სცენაზე დავით ჩარკვიანის რეჟისორობით იდგმება სპექტაკლები: აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერი“ და „კინტო“, ნიკოლოზ შიუკაშვილის „ამერიკელი ძია“, ს. ბელოვის „იუდას ამბორი“ და სხვა, ხოლო ქაიხოსრო ბახუტაშვილის რეჟისორობით დუშეთის დრამწრემ მოამზადა სპექტაკლები: „ძველ სასამართლოში“ და „წითელი კეტი“.[27]
1927–28 წლებში დუშეთის დრამატული დასის რეჟისორად მუშაობდა ალექსანდრე (საშა) მიქელაძე,[28] რომელმაც ერთი პიესა დადგა — ს. ტრეტიაკოვის „იღრიალე ჩინეთო!“ იმავე წლებში დუშეთის სცენისმოყვარეებმა ლ. ბერიძის რეჟისორობით დადგეს სპექტაკლები: ა. დენერის „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“, იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“, ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“, ა. ცაგარლის „ორი ობოლი“, ხოლო რეჟისორ დავით ჩარკვიანის ხელმძღვანელობით — „ავგაროზი“.[29]
1954 წლის 5 სექტემბერს დუშეთში სამუსიკო სკოლა დაარსდა. სკოლის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა კომპოზიტორს — ოთარ ხუციშვილს ჩააბარეს. დუშეთის მოსახლეობის სამუსიკო განათლებაში თავისი ღვაწლი შეიტანეს პროფესიონალმა პედაგოგებმა — ლილი გეჯაძემ, ლანა ჯიბლაძემ, ფაინა ბერმანმა. 1957 წელს სკოლას სათავეში ჩაუდგა ზაქარია დიაკვნიშვილი, რომელიც სკოლას ოცი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. 2009 წელს სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე დაფუძნდა სახელოვნებო სკოლა, სადაც ფუნქციონირებს სამუსიკო სკოლა 7-წლიანი სასწავლო პროგრამით, აგრეთვე — შემოქმედებითი საგანმანათლებლო წრეები: ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, ჟურნალისტიკის, ხალხური რეწვის, ხალხური სიმღერისა და საკრავების. 2019 წელს დუშეთის სამუსიკო სკოლას ზაქარია დიაკვნიშვილის სახელი მიენიჭა.[30]
1959 წელს დუშეთის თეატრს ოფიციალურად მიენიჭა სახალხო თეატრის წოდება,[31] ხოლო 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო არტისტის — იაკობ ტრიპოლსკის სახელი.[32]
1992 წელს დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირისა და დუშეთის რეგიონის ლიტერატურული ალმანახი „პირიმზე“, რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1993 წელს (მთ. რედ. ირ. გოგოლაური). 1996 წლის აგვისტოში შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირის დუშეთის რეგიონული განყოფილება (მდივანი ბაღათერ არაბული).[33]
2020 წლის 1–5 აგვისტოს ქ. დუშეთის შემოსასვლელში მდებარე სკვერში ჩატარდა დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „სინედოკის“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმების ჩვენება და შეხვედრები ფილმების ავტორებთან.
2023 წლის 20 იანვარს აღინიშნა დუშეთის სახალხო თეატრის 143 წლის იუბილე.[34] იმავე წლის 7 სექტემბერს გაიმართა „დუშეთობა-მთაბარობა“, 15 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფელ ჩოხში, 19–22 ივლისს დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა ხარლამპი სავანელის სახელობის მუსიკალური ფესტივალი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის პიანისტ ვატო ჟორდანიას მონაწილეობით, 18 მაისს — მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმში,[35] დუშეთის კულტურის სახლის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერის ფესტივალი „ვიოლინოს გასაღები“, თოჯინების თეატრის სპექტაკლები.
2023 წლის ნოემბერს თავისუფალმა თეატრმა დუშეთის კულტურის სახლის სცენაზე წარადგინა ორმოქმედებიანი კომედია „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“.
დუშეთის კულტურის სახლში ფუნქციონირებს დუშეთის სახალხო თეატრი, ანსამბლი „ქალილო“, დუშეთის ბენდი, მეტყველებისა და ლიტერატურის წრე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის შემსწავლელი, ტრადიციული ქართული რეწვის წრე, კამერული (ვოკალური) გუნდის წრე, ფშავის ფოლკლორული სტუდია.
2024 წლის ოქტომბერში დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში, იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის დასმა, გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების მიხედვით წარმოადგინა სპექტაკლი „ადამიანთა გზა“. სპექტაკლში ასევე გამოყენებული იყო ფრაგმენტები გუსტავ ოტის პიესიდან.[36]
2025 წელს დუშეთის სახალხო თეატრს 145 წელი შეუსრულდა. იმავე წლის სექტემბერში, ილია ზაქაიძის სახელობის ადგილობრივ კულტურის სახლში, საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. შესრულდა სპექტაკლი „ხანუმა“. დუშეთის კულტურის სახლის ფოიეში საგამოფენო სივრცე მოეწყო, სადაც გასული საუკუნისთვის დამახასიათებელი დეკორაციები, ავეჯი, თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის მიმდებარე სივრცეში, დუშეთის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობების — ელენე პაპიაშვილისა და მანანა დათოშვილის ვარსკვლავები გაიხსნა.[37]
მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1949 წელს დაარსდა, მუზეუმში დაცულია დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრებრინჯაოს ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე, მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, ქსოვილების ნიმუშები — აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მე-19 საუკუნის ფარდაგები, ხალხური სამოსელი და აქსესუარები. კერამიკის ჭურჭელი, მათ შორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები), ძვ. წ. VIII საუკუნით დათარიღებული საბრძოლო და სამუშაო იარაღი, მე-20 საუკუნის დასაწყისის ვერცხლის ქამრები და ხანჯლები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაოშვილი ვ. გვასალია ჯ. ბედუკაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 660.
- გოგოლაური, ირაკლი., დუშეთის სახალხო თეატრი, თბ.: „ხელოვნება“, 1983.
- გოგოლაური, ირაკლი., დუშეთის თეატრალური ცხოვრების მატიანე, თბ.: „აღმაშენებელი“, 1997.
- ქერაშვილი, გურამ., საარაგვო და არაგველები : წიგნი I, თბ.: „უნივერსალი“, 2017.
- იოსელიანი, პლატონ., აღწერა დუშეთისა თბილისის გუბერნიის ქალაქისა, დუშეთი, 2012.
- სიხარულიძე, ქ., ქართული ხალხური პოეზია, ტ. II, თბ.: „მეცნიერება“, 1975.
- Иоселиани П.И. Описание города Душета Тифлисской губернии. — Тифлис: тип. Гл. упр. наместника кавк., 1860.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არაბული, ამირან, თათარაიძე, ეთერ., შენდობით მომიხსენიეთ, თბ.: „ბაკმი“, 2007.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დუშეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
- დუშეთი — ბიბლიოვიკიზე
- დუშეთი — ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“
- დუშეთი — საქართველოს ისტორიული ქალაქები
- დუშეთი — ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დუშეთში, ნ. შამანაურის ქუჩაზე, ნამოსახლარის გათხრისას აღმოჩნდა მოჭიქული ჭურჭელი, მინის სასმისის ფრაგმენტები, კრამიტები და სპილენძის მონეტები (გიორგი III-ის, თამარის, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის). თარიღდება XII–XIII საუკუნეებით. მასალა ინახება დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და გ. ძიძიშვილის კერძო კოლექციაში.
- ↑ „რა სცნა ნუგზარ საქმე მოურავისა და მისვლა მისი სახლად მისა, მიეგება წინა მისაქციელსა, სოფელსა მუხრანისასა და წარუძღვა წინა და წარიყვანა სახლსა თვისსა დუშეთს“. იხ. ქართლის ცხოვრება : ტომი II, თბ., 1959, გვ. 391.
- ↑ ვახტანგ ბატონიშვილმა, დუშეთში, სასახლის კარის ეტიკეტის შესაბამისი სამსახურები დააწესა – დანიშნა ბოქაულთუხუცესი, მილახორი (იგივე ამილახორი, ანუ, მეჯინიბეთუხუცესი, ჭილაშვილების გვარიდან), მსაჯული, სახლთუხუცესი, ბაზიერთუსუცესი (კობიაშვილების გვარიდან), ეჯიბი, ფარეში (ფარესიშვილების გვარიდან), ნაზირი (მურვანიშვილების გვარიდან) და სხვ.
- ↑ ლაზარევი ივანე პეტრეს ძე (რუს. Лазарев, Иван Петрович; 1763–1803) — რუსი სამხედრო მოხელე კავკასიაში, გენერალ-მაიორი (1798), მეთაურობდა ლეგიონს, რომელიც 1799 ნოემბერში საქართველოში შემოვიდა რუსეთთან გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ლაზარევი ფაქტობრივად, 1800 დეკემბრის მიწურულიდან 1801 იანვრის ბოლომდე განაგებდა ადგილობრივ ხელისუფლებას. 1801–02 წლებში სათავეში ედგა დროებით მმართველობას.
- ↑ პლატონ იოსელიანის სიტყვით, დუშეთი წინათ შედგებოდა შემდეგი უბნებიდან: წინდუშეთი, ზემო დუშეთი და სასახლის დუშეთი. ეს უბნები ახლა გადაქცეულია სოფლებად — კობიანთ კარად, ჭილაანთ (მილახვრიანთ) კარად და ვარსიმაანთ კარად. მისივე სიტყვით, დუშეთი წინათ ბევრად დიდი უნდა ყოფილიყო, ამას მოწმობს სახლების ნანგრევები და გაუქმებული ეკლესიები.
- ↑ სამაზრო (საერო) სასწავლებლების გახსნა საქართველოში დაიწყო 1830 წლიდან. ქუთაისში სამაზრო სასწავლებელი გაიხსნა 1830 წელს, გორში, თელავსა და სამეგრელოში (სოფ. ნაოღალევში) — 1830 წელს, ახალციხესა და სიღნაღში — 1831 წელს, დუშეთში — 1834 წელს, თბილისში — 1836 წელს და ა. შ. სამაზრო სასწავლებლები განიკუთვნებოდა „ყველა მდგომარეობის ხალხისთვის“ და მიზნად ისახავდა დაწყებითი ცოდნის გავრცელებას. იხ. თავზიშვილი, გ., სახალხო განათლებისა და პედაგოგიკური აზროვნების ისტორია საქართველოში : ტომი II, 1948, გვ. 109.
- ↑ „ილიას დროს, 1864—1874 წლებში, დუშეთს ამშვენებდა შიდაციხე, აშენებული ჯიმშერ ჩოლოყაშვილის მიერ მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში. ეს იყო მსხვილი ქვისაგან აშენებული ოთხკუთხე ციხე. ყველა კუთხეში ამოყვანილი იყო სამსართულიანი ბურჯი. კედლების სიმაღლე უდრიდა 4 საჟენს. ალაყაფის კარების თავზე ჩასმული იყო მარმარილოს დიდი ფიცარი წარწერით, ამშენებლის და აშენების თარიღის ჩვენებით, ეს ძვირფასი ძეგლი, წარსული დროის ნაშთი, აღარ არსებობს ამჟამად: 1888 წელს ციხე დაანგრიეს და ნანგრევი მასალა გამოიყენეს საძირკველში ჩასაყრელად, როდესაც ქართული დრუჟინა ჩააყენეს დუშეთში და ააშენეს ყაზარმები. დუშეთის ქალაქის სამმართველომ და დუშეთის თავადაზნაურობამ ვერ შეძლო, ან არ მოინდომა ამ ისტორიული ძეგლის შენარჩუნება. ამ ციხის პირდაპირ იყო ცარიელი ადგილი — მოედანი, სადაც გლეხკაცებს მოჰქონდათ გასაყიდად თავიანთი ნაწარმები. სამებობას, 15 აგვისტოს, ამ მოედანზე იმართებოდა დოღი. მოედნიდან მიდიოდა ზევით სამი ქუჩა, რომლებზედაც მოთავსებული იყო სავაჭრო შენობები და სახელოსნოები. ზევით, საუკეთესო მაღლობ ადგილზე, აღმართულია ძველი ოთხკუთხა ციხე-კოშკი, რომელსაც მიკრული აქვს საცხოვრებელი სახლი. მის ქვევით დგას პატარა უგუმბათო ქვითკირის ეკლესია წმ. გრიგოლის სახელობისა, გალავნით და დარაჯის საცხოვრებლით.“ იხ. მოზდოკელი, გ., ილია ჭავჭავაძის დროინდელი დუშეთი // „მნათობი“, ივლისი, 1959, № 7, გვ. 174.
- ↑ „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ მიხედვით, დუშეთის ბაზილიკა წმინდა გიორგის სახელობისაა. პლატონ იოსელიანი მას წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელწოდებით მოიხსენიებს. ხალხი თვლის, რომ იგი წმინდა გრიგოლის სახელობისაა (რადგან გრიგოლ ნაზიანზელის სახელობის საწინამძღვრო ხატი იყო იქ დაბრძანებული). განეკუთვნება IX–X საუკუნეებს. გადაკეთებულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. 1981–82 წლებში ჩაუტარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები.
- ↑ „ძველი დუშეთის ნამდვილი სურათის წარმოსადგენად ჩვენ ხელშესახები თითქმის აღარაფერი არ დაგვრჩენია — არაგვის ერისთავთა რეზიდენცია, რომელიც პლატონ იოსელიანის დროს, ე. ი. XIX ს. შუა წლებში, ჯერ კიდევ არსებობდა (დაზიანებული სახით), ახლა უკვალოდაა გამქრალი (ერთი კოშკის მიწასთან გასწორებულ კვალს თუ არ ჩავთვლით). არსებობს მხოლოდ დუშეთის გეგმა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისა და პლატონ იოსელიანის უკვე დამოწმებული ნაშრომი, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ხასიათისა და ტიპისა იყო არაგვის ერისთავთა „დედაქალაქი“. მაგრამ გეგმაც და იოსელიანის ტექსტიც ცნობებს გვაწვდის მხოლოდ ჯიმშერ ჩოლოყაშვილისა და ვახტანგ ბატონიშვილის რეზიდენციის, ე. ი. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის დუშეთის შესახებ. სად იყო და როგორი იყო წინანდელი სამყოფელი ერისთავებისა — ჩვენ არ ვიცით. შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოითქვას“. იხ. ბერიძე, ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება : ტომი I, 1994.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- 1 2 3 ქერაშვილი, გ., 2017, გვ. 16.
- ↑ Иоселиани П.И., 1860, გვ. 16.
- ↑ ქერაშვილი, გ., 2017, გვ. 12–13.
- ↑ Иоселиани П.И., 1860, გვ. 43–44.
- ↑ ქერაშვილი, გ., 2017, გვ. 15–16.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 7.
- 1 2 3 4 5 ჩვენი ქალაქის წარსულიდან // „დუშეთის მაცნე“, 5 ივნისი, 2024, № 2 (117), გვ. 8.
- ↑ ქერაშვილი, გ., 2017, გვ. 46.
- ↑ სერგეი ტუჩკოვის ცნობები საქართველოს შესახებ. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები : ტომი XI. 2016.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 8.
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №8, 10 მარტი, 1921
- ↑ გაზ. „კომუნისტი“, №23, 30 მარტი, 1921
- ↑ Кавказский календарь на 1883 год გვ. 268
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- 1 2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2016.
- ↑ ქერაშვილი, გ., 2017, გვ. 48.
- ↑ ქერაშვილი, გ., 2017, გვ. 17.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 9.
- ↑ სიხარულიძე, ქ., 1975, გვ. 7.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 26.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 27.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 40.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 42.
- ↑ მიქელაძე ალექსანდრე (საშა) ილიას ძე
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 43.
- ↑ დუშეთის სამუსიკო სკოლის დაარსებიდან 70 წელი შესრულდა // „დუშეთის მაცნე“, 14 ნოემბერი, 2024, № 3 (118), გვ. 7.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 75.
- ↑ დუშეთის იაკობ ტრიპოლსკის სახელობის სახალხო თეატრი // „დუშეთის მაცნე“, 14 თებერვალი, 2025, № 1 (119), გვ. 8.
- ↑ გოგოლაური, ი., 1997, გვ. 14.
- ↑ ანა მასხარაშვილი. (03.02.2023) დუშეთის სახალხო თეატრს 143 წელი შეუსრულდა. 1tv.ge. საზოგადოებრივი მაუწყებელი. ციტირების თარიღი: 11.09.2025.
- ↑ დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმი
- ↑ სპექტაკლი „ადამიანთა გზა“ // „დუშეთის მაცნე“, 14 ნოემბერი, 2024, № 3 (118), გვ. 6.
- ↑ დუშეთის სახალხო თეატრის 145 წლის იუბილე. 1tv.ge. საზოგადოებრივი მაუწყებელი (28.09.2025). ციტირების თარიღი: 11.09.2025.
| ||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

