თეთრიწყარო
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
თეთრიწყარო | |||
|
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XIX ს.) | |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| მხარე | ქვემო ქართლი | ||
| მუნიციპალიტეტი | თეთრიწყარო | ||
| კოორდინატები | 41°33′00″ ჩ. გ. 44°28′00″ ა. გ. / 41.55000° ჩ. გ. 44.46667° ა. გ. | ||
| ადრეული სახელები | გარისი, აღბულაღი, ბელი-კლიუჩი | ||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1966 | ||
| ცენტრის სიმაღლე | 1180 მ | ||
| მოსახლეობა | 3093[1] კაცი (2014) | ||
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 64 % სომხები 26 % რუსები 4 % აზერბაიჯანელები 4 % ბერძნები 2 % ოსები 1 % | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
| სატელეფონო კოდი | +995 359[2] | ||
| საფოსტო ინდექსი | 2300[3] | ||
| ოფიციალური საიტი | https://tetritskaro.gov.ge/ | ||
თეთრიწყარო — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი.
მდებარეობს გომერის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე მდინარე ჭივჭავის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, თბილისი–წალკის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 57 კმ-ზე. 2014 წლის აღწერით ქალაქში 3 093 მცხოვრებია.
თეთრიწყარში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 8,6°C, იანვრის — –1,9ºC ივლისის — 19,5ºC. ნალექები 800 მმ წელიწადში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახლანდელი თეთრიწყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფლები — გარისი და ორთაშუა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ეს ადგილები უკვე ნაოხარი იყო და ძირითადად ეკუთვნოდათ მანანა ორბელიანს და ბარათაშვილებს. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ, 1820-იან წლებში აქ, გომერის მთის ძირში განთავსდა რუსული სამხედრო ნაწილი (შემდეგ მე-14 გრენადერთა ქართული პოლკი), 1837 წელს კი შეიქმნა სამხედრო დასახლება, რომელსაც რუსებმა „ბელი კლიუჩი“ (რუს. Белый Ключ) დაარქვეს. ადგილობრივი მოსახლეობა დასახლებას თურქულენოვანი მომთაბარეების მიერ შერქმეულ სახელს — აღბულახს უწოდებდა (ორივე სახელწოდება ქართული „თეთრი წყაროს“ პირდაპირი თარგმანია). ბელი კლიუჩის მიმდებარედ მდებარეობდა დასახლება „კონსტანტინოვკა“, სადაც ცხოვრობდნენ სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი ჯარისკაცები და მათი ოჯახები.
1857 წელს სამხედრო დასახლება გაუქმდა და გადაეცა სახაზინო უწყებას, რის შემდეგაც ბელი კლიუჩი დაბად გარდაიქმნა. 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დაბას ოფიციალურად უწოდა აღბულახი, ხოლო 1940 წლის 9 ოქტომბერს — თეთრიწყარო. 1966 წელს გამოცხადდა ქალაქად. საბჭოთა პერიოდში თეთრიწყაროში განთავსებული იყო განსაკუთრებული დანიშნულების ცალკე რადიოტექნიკური ბრიგადა, მუშაობდა საკონსერვო ქარხანა, მეხორცეობა-მერძევეობის „საბჭოთა მეურნეობა“. ამჟამად ქალაქში არის ადგილობრივი საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურული დაწესებულებები.
თეთრიწყაროს აღმოსავლეთ ნაწილში დგას XIX საუკუნეში აგებული რუსული ეკლესია, მის გვერდით X საუკუნის ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევებია, რომლის ჩუქურთმიანი ფრაგმენტები და რელიეფები ჩართულია ახალი ეკლესიის წყობაში. გარშემო მდებარე საფლავის ქვებზე მრავალი გამოსახულებაა. ქალაქის ცენტრში კიდევ ერთი ეკლესიის ნანგრევებია. ექვთიმე თაყაიშვილმა მიაკვლია ერთ-ერთი სააგარაკო სახლის სარდაფის კედელში ჩატანებულ წარწერიან ქვას, საიდანაც გაირკვა, რომ იოანე მახარებლის ეკლესია აუგია 1701 ქაიხოსრო აბაშიშვილს, ბარათაშვილთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს.
თეთრიწყაროს სიახლოვეს გათხრილია ადრეული ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსი პირღებული და სამშვილდის ნაქალაქარი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3093 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989[4] | 8642 | -- | -- |
| 2002[4] | -- | -- | |
| 2014[1] | 1433 | 1660 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეთრი წყარო // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 639.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- 1 2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
| ||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||

