ლესელიძე (დაბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლესელიძე.
დაბა
ლესელიძე
აფხ. Гьечрыԥшь
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°23′20″ ჩ. გ. 40°01′20″ ა. გ. / 43.38889° ჩ. გ. 40.02222° ა. გ. / 43.38889; 40.02222
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 969 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +995 443[1]
საფოსტო ინდექსი 6700[2]
ლესელიძე (დაბა) — საქართველო
ლესელიძე (დაბა)
ლესელიძე (დაბა) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ლესელიძე (დაბა)
ლესელიძე (დაბა) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ლესელიძე (დაბა)

ლესელიძე[3][4] (აფხ. Гьечрыԥшь[5] [გჲეჩრჷფშ]; ყოფილი ერმოლოვსკი — გადაერქვა 1944 წლის 1 ივნისს[6]) — დაბა და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ფსოუს მარცხენა ნაპირზე, მისშესართავთან, რუსეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 6 მეტრზე, გაგრიდან 18 კილომეტრში, სოხუმი–სოჭის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზზე. დაბაში მოქმედებს რკინიგზის ბაქანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სახელწოდება შედარებით ახალია. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე აქ არსებობდა სოფელი გეჩრიფშ. სახელწოდებას საფუძვლად უდევს ჯიქების თავადური საგვარეულოს გეჩ, გეჩბა ფუძე, რომლებიც 1864 წელს ოსმალეთში გადაასახლეს. სახელწოდება „გეჩბების მხარეს, საცხოვრისს“ ნიშნავს. XIX საუკუნის მიწურულს ერმოლოვსკი ეწოდა რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედებისა და ქონების მინისტრის ა. ს. ერმოლოვის პატივსაცემად, რომელმაც ეს ადგილები 1894 წელს შემოიარა. 1944 წელს ლესელიძე ეწოდა დიდი სამამულო ომის გენერლის კონსტანტინე ლესელიძის პატივსაცემად, რომელიც კავკასიის მისადგომებს იცავდა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა რომლის პროფილი იყო მეთამბაქოეობა, მეხილეობა და მევენახეობა. ლესელიძის სადაბო საბჭოში ასევე შედიოდა სოფლები სალმე და სულევო. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკამ უწოდა გეჩრიფში (Гьачрыҧшь//Гьечрыҧшь).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 969 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 969 -- --

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლესელიძე რესპუბლიკური მნიშვნელობის ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი, უთოვლო ზამთარი და ცხელი ნოტიო ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,5 °C, აგვისტოსი – 23,4 °C. ნალექები 1250 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1890 საათი. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ზღვაში ბანაობა, თალასოთერაპია. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები და ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლა. სეზონი მაისიდან ოქტომრამდე.

კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბაში იდგა კონსტანტინე ლესელიძის ბრინჯაოს ძეგლი. შეასრულა 1974 წელს მოქანდაკე ს. ი. კაკაბაძემ და აღმართეს მარმარილოს მაღალ პოსტამენტზე 1975 წელს. ლესელიძის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ დღეს — 1975 წლის 9 მაისს. მიტინგზე გამოვიდა გენერლის ქალიშვილი იზოლდა ლესელიძე, რომელმაც თქვა:

ვიკიციტატა
„მე უსასრულოდ გახარებული გილოცავთ თქვენ ყველას გამარჯვების დღეს. ამ უდიდეს დღესასწაულს დაემთხვა მამაჩემის ძეგლის გახსნა. ეს ძეგლი არის არა მარტო მამაჩემის, არამედ ყველა იმათი, ვინც წავიდა საომრად საქართველოდან და არ დაბრუნდა სახლში...“

[7]

აფხაზეთის ომის დროს, 1992 წლის სექტემბერში, ქ. გაგრის დაცემის შემდეგ, სხვა ქართულ ძეგლებთან ერთად მიწასთან იქნა გასწორებული ძეგლიც. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ლესელიძის სკულპტურული პორტრეტის აღდგენა შეუძლებელია: არ შემორჩა მასალები არც მოქანდაკის სახელოსნოში, არც ქანდაკებათა თბილისის კომბინატში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 200.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 62.
  4. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 103.
  5. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  7. Газета «Авангард». Орган гагрского ГК КП Грузии и гагрского городского Совета депутатов трудящихся. 12 мая 1975 г. № 56 (4403). Выдающемуся полководцу. Открытие памятника Герою Советского Союза, генералу Леселидзе.