ბიზანტიის იმპერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიზანტიის იმპერია
Βασιλεία Ῥωμαίων, Ῥωμανία
Basileia Rhōmaiōn, Rhōmanía
Imperium Romanum, Romania

330–1453
დროშა გერბი
ბიზანტიის იმპერია იუსტინიან I-ის დროს 550 წელს.
ბიზანტიის იმპერიის ზრდა
დედაქალაქი კონსტანტინოპოლი
ენები ლათინური (620 წლამდე)
ბერძნული (620 წლიდან)
რელიგია რომაული რელიგია
(380 წლამდე)
ქრისტიანობა
(1054 წლამდე)
მართლმადიდებლობა
(1054 წლიდან)
მთავრობა აბსოლუტური ავტოკრატია
იმპერატორი
 -  330–337 კონსტანტინე I დიდი
 -  1449–1453 კონსტანტინე XI
ისტორიული ერა გვიანი ანტიკური-
გვიანი შუა სააუკუნ.
 -  რომის იმპერიის გაყოფა 285
 -  კონსტანტინოპოლის დაარსება 330
 -  თეოდოსიუს I-ის გარდაცვალება 395
 -  დასავლეთ იმპერიის დასასრული 476
 -  IV ჯვაროსნული ლაშქრობა 1204
 -  კონსტანტინოპოლის ხელახალი დაპყრობა 1261
 -  კონსტანტინოპოლის დაცემა 29 მაისი 1453
 -  ტრაპიზონის დაცემა 15 აგვისტო 1461
ფართობი
 -  565 3,500,000 კმ² (1,351,358 მლ²)
მოსახლეობა
 -  565 წელი 26,000,000 
სიმჭიდროვე 7.4 /კმ²  (19.2 /მლ²)
 -  780 წელი 7,000,000 
 -  1025 წელი 12,000,000 
 -  1143 წელი 10,000,000 
 -  1282 წელი 5,000,000 
ვალუტა სოლიდუსი, ბიზანტიური მონეტა

ბიზანტიის იმპერია ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიაშუა საუკუნეებში რომის იმპერიის აღმოსავლეთით წარმოშობილი სახელმწიფო. დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი. ქვეყანას მართავდა იმპერატორი, იმპერატორის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდა. რომის იმპერიის და ბიზანტიის პირველი გაყოფის დადგენა საკმაოდ რთულია, თუმცა ამ მოვლენის დასაწყის ეტაპად მიიჩნევენ კონსტანტინე I მიერ აღმოსავლეთით ახალი დედაქალაქის კონსტანტინოპოლის დაარსებას, ახალ დედაქალაქს მეორენაირად „ახალ რომს“ უწოდებდნენ.

თავისი არსებობის მანძილზე ბიზანტია ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სახელმწიფოდ ითვლებოდა ევროპაში. ბიზანტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიებს კარგავდა, ეს ძირითადად გამოწვეული იყო რომაულ-სპარსული და ბიზანტია-არაბეთის ომებით. სპარსეთის და არაბეთის დასუსტების შემდეგ ბიზანტია აღმასვლას იწყებს. მაკედონელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში ბიზანტია დომინანტი ხდება მთელს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მოგვიანებით მცირე აზიაში დაიწყო თურქ-სელჩუკთა შემოსევები. 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტია დამარცხდა, ზავის შედეგად იმპერიამ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დათმო. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა კომნენოსთა დინასტია, კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება, იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1204 წელს ბიზანტიამ უდიდესი დარტყმა მიიღო, ამ წელს განხორციელდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ჯვაროსნებმა იერუსალიმის ნაცვლად კონსტანტინოპოლი აიღეს. იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული სახელმწიფოები. 1261 წელს ბიზანტია კვლავ გაერთიანდა, ქვეყანას სათავეში პალეოლოგოსთა დინასტია ჩაუდგა. ბიზანტიაში ხშირი იყო სამოქალაქო ომები, ქვეყანა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას დამპყრობლებს ვეღარ უწევდა. 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის იმპერიამ კონსტანტინოპოლის აღება შეძლო.

ისტორია[რედაქტირება]

ადრეული ისტორია[რედაქტირება]

რომის იმპერიამ შეძლო მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის დაპყრობა. ამ ტერიტორიებზე მრავალი ერი სახლობდა, რომლებსაც კულუტურულად ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ისინი განვითარების მიხედვითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იყო იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები, აქ მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობდა. აღმოსავლეთის განვითარებას თავისი მიზეზები ჰქონდა, აქ იყო უძველესი ბერძნული კულტურა, მოგვიანებით ამავე ტერიტოირაზევე არსებობდა მაკედონიის იმპერიაც. აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთმანეთისგან განსხვავება დიდხანს გაგრძელდა.

რომის იმპერიის გაყოფა[რედაქტირება]

კონსტანტინე I დიდის დროს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, სწორედ ამ დროს ხდება რომის იმპერიის ორად გაყოფა. ამ პერიოდში ქრისტიანული რელიგია თანდათანობით პრივილეგირებული ხდება, თუმცა კონსტანტინეს დროს ის სახელმწიფო რელიგიად არ ცხადდება. 325 წელს ნიკეაში გაიმართა პირველი საეკლესიო კრება. კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი 330 წელს ბოსფორის სრუტის სანაპიროზე გადაიტანა, ამ ადგილს სტრატეგიულად ხელსაყრელი პირობები ჰქონდა, აქ გადიოდა მთავარი სავაჭრო გზები. ახალი დედაქალაქის ადგილზე ადრეც მდებარეობდა ბერძნული დასახლებული პუნქტი ბიზანტიონი.

ბიზანტიის განვითარებას ხელს უწყობდა დაპყრობილი ტერიტორიებიდან აკრეფილი თანხები. თეოდოსიუს I-ის (379-395) მმართველობის დროს დაიწყო კონსტანტინოპოლის დიდი გალავნის მშენებლობა, ეს გალავანი 1204 წლამდე არცერთ დამპყრობელს არ გადაულახავს.

სწორედ ამ პერიოდში იწყება აღმოსავლეთიდან ჰუნების გამოჩენა. ბიზანტიაზე შემოსევების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა ჰუნებს ხარკის მიცემა დაუწყო (სავარაუდოდ 300 კგ ოქრო). 453 წელს გარდაიცვალა ჰუნების ბელადი ატილა, ამის შემდეგ ჰუნების იმპერია დაიშალა.

აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დროებითი სიმშვიდე დამყარდა. დასავლეთში კი კვლავ გრძელდებოდა შიდა არეულობა და ბარბაროსთა შემოსევები. 476 წელს ბარბაროსმა ოდოაკრმა რომი აიღო. დასავლეთის იმპერია დაემხო.

კონსტანტინე დიდი[რედაქტირება]

კონსტანტინე დიდი მოზაიკა აია-სოფიას ტაძარში

რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანების დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) სახელთან არის დაკავშირებული. ახალი სარწმუნოებით კონსტანტინე დიდი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებასა და განახლებას ცდილობდა. ქრისტიანობა, მისი აზრით, მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი - მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები მიანიჭა. მაშინ, როდესაც რომის იმპერია დაღუპვის პირას იყო, დაიწყო ეკლესიის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესი. ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო გვიანდელი რომის იმპერიისთვის, არამედ მთელი შუა საუკუნეებისთვის. კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის ის ქონება, რომელიც მათ დევნის დროს ჩამოართვეს.

ვიკიციტატა
„თავისუფლება რელიგიაში არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით, ყველას გულსა და გონებას უნდა მიეცეს უფლება, იზრუნოს ღვთიურ საგნებზე თავისი ნების მიხედვით.“
ვიკიციტატა
„გადავწყვიტეთ, რომ ქრისტიანებსა და სხვა ხალხებს ჩვენს იმპერიაში მივცეთ სრული თავისუფლება მისდიონ იმ სარწმუნოებას, რომელსაც თვითონ აირჩევენ. ყველა ადამიანს აქვს უფლება ქრისტიანი გახდეს, არც ერთი ღმერთის თაყვანისცემა და არც ერთი სარწმუნოება ჩვენგან შეზღუდული არ იქნება. ამდენად, ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დავადგინეთ: ვისაც ჩვენი ხაზინიდან ან სხვა ვინმესგან შეუძენია ადგილები, სადაც წინათ ქრისტიანები იკრიბებოდნენ, ის ადგილები უკან დაუბრუნდეს ქრისტიანებს უსასყიდლოდ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე.“

კონსტანტინოპოლი[რედაქტირება]

რომის იმპერია, მიუხედავად სირთულეებისა, არსებობას განაგრძობდა, თუმცა სიმძიმის ცენტრმა იმპერიის უფრო მდიდარ აღმოსავლურ პროვინციებში გადაინაცვლა. კონსტანტინე დიდმა 330 წელს იმპერიის ახალი დედაქალაქი — კონსტანტინოპოლი ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, კარგად დაცული ძველბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილას დააარსა (აქედან მოდის სახელმწიფო სახელწოდეაც, რომელიც რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ შემოიღეს). ბიზანტიელები საკუთარ ქვეყანას რომის იმპერიას უწოდებდნენ, თავს რომაელებად, ღვთის რჩეულ ხალხად, ხოლო იმპერატორს სრულიად საქრისტიანოს მეთაურად თვლიდნენ.

კონსტანტინოპოლს როგორც წარმართული რომის საპირისპროდ დაარსებული ქრისტიანულ დედაქალაქს, განსაკუთებული მნიშვნელობა მიენიჭა. „ახალი რომი“ აღმოსავლურ და დასავლურ კულტურის ბუნებრივი დამაკავშირებელი იყო. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის თეოდოსიუს I-ის (379-395) გარდაცვალების შემდეგ იმპერია საბოლოოდ გაიყო აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) და დასავლეთ რომის იმპერიად.

ბიზანტიამ შეინარჩუნა განვითარებული და მოქმედი სახელმწიფო, აგრეთვე ძლიერი არმია, გაუძლო ბარბაროსთა შემოტევას ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში. ბიზანტიამ ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებიდან უმრავი ფასეული რამ შეითვისა. ბიზანტიაში ერთმანეთს შეერწყა ქრისტიანობა, ელინური კულტურა, რომაული სახემწიფოებრიობა და ქვეყანა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულად განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოდ რჩებოდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

ქრისტიანული ეკლესიის იერარქიული წყობილების გართულებასთან ერთად წარმოიქმნა მთელი რიგი ავტოკეფალიური (დამოუკიდებელი) ეკლესიები, რომელთა სათავეში პატრიარქები იდგნენ. თავდაპირველად სამი ავტოკეფალიური ეკლესია იყო: რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის, შემდეგ დამოუკიდებელი სტატუსი მიიღო იერუსალიმის ეკლესიამ, ხოლო V საუკუნეში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმაც მოიპოვა პატრიარქის წოდება.

სულ მალე შესამჩნევი გახდა განსხვავება დასავლეთისა (ლათინური) და აღმოსავლეთის (ბერძნული) ეკლესიებს შორის. აღმოსავლეთში დროთა განმავლობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოიპოვა კონტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელიც „მსოფლიო საეკლესიო პატრიარქად“ იწოდებოდა. ქრისტიანებზე გავლენისათვის კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და რომის პაპს შორის მუდმივი მეტოქეობა იყო. თუ დასავლეთში ეკლესია ცდილობდა საერო ხელისუფლებაზე უპირატესობის მოპოვებას, აღმოსავლეთში ეკლესია და სახელმწიფო ერთიანი, კარგად აწყობილი სახელისუფლებო მექანიზმი იყო.

ბიზანტიაში საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობის კონცეფციას დიარქიის იდეა დაედო საფუძვლად. ამ იდეის თანახმად, საერო ხელისუფლება განაგებდა ქვეშევრდომთა საერო, ხოლო სასულიერო ხელიწუფლება — სულიერ ცხოვრებას. დიარქიის იდეის მთავარი პრინციპი ფუნქციათა განაწილება და მოვალეობათა ერთიანობა იყო.

პირველი პერიოდი[რედაქტირება]

პირველი პერიოდი, რომელიც მოიცავს IV-VII საუკუნეებს, იყო მონათმფლობელობის რღვევისა და ფეოდალური ურთიერთობათა ჩამოყალიბების ეპოქა. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფალი გლეხობა შეადგენდა. ბიზანტია ვაჭრობდა ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაჭრობაში ხმელთაშუა ზღვაზე.

IV-V საუკუნეების ბიზანტიის იმპერია ცენტრალიზებული სამხედრო-ბიუროკრატიული მონარქია იყო, რომელშიც რომაული სახელმწიფოებრივი წყობილების ტრადიციები აღმოსავლეთი დესპოტიის ელემენტებს ერწყმოდა. ხელისუფლების სათავეში იდგა იმპერატორი (ბასილევსი) - შეუზღუდველი თვითმპყრობელი (autocrator). სათათბირო ორგანოს იმპერატორის კარზე წარმოადგენდა სენატი ან სინკლიტი. IV საუკუნეში ბიზანტიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა (354 და 392 მთავრობამ გამოსცა კანონები წარმართობის წინააღმდეგ). ბრძოლა ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობებს (არიანელობა, ნესტორიანელობა და სხვ.) შორის დასრულდა VI საუკუნეში მართლმადიდებლობის გამარჯვებით. ბიზანტიის ხელისუფლება ქრისტიანობას პოლიტიკური მიზნით იყენებდა. თავისი გავლენის გასაძლიერებლად იგი ხელს უწყობდა სხვა ქვეყნებში ქრისტიანობის გავრცელებას. IV საუკუნის 70-იანი წლებიდან ბიზანტიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ურთიერთობა ბარბაროსებთან. 376 წელს ხელისუფალთაგან შევიწროებული ვესტგუთები აჯანყდნენ. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც მიემხრო. 378 წელს ვესტგუთებისა და აჯანყებულთა გაერთიანებულმა ძალებმა ადრიანოპოლთან დაამარცხეს იმპერატორ ვალენტის ჯარი. 380 წელს იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა ჩაახშო აჯანყება. 400 წლის ივლისში გუთებმა კონსტანტინოპოლის აღება სცადეს, მაგრამ ქალაქი იხსნა მოქალაქეთა თავგანწირულმა ბრძოლამ.

V-VI საუკუნეებში ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში გაძლიერდა მონოფიზიტების მოძრაობა. V-VI საუკუნეების მიჯნაზე იმპერიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე დუნაის მხრიდან დაიწყო სლავური ტომების შემოჭრა (493, 499, 502). ამ დროიდან სლავური ელემენტი მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს თამაშობდა ბიზანტიის ისტორიაში. განსაკუთრებულ პოლიტიკურ სამხედრო ძლიერებას მიაღწია ბიზანტიამ იუსტინიანე I-ის (527-565) დროს. მისმა რეფორმებმა ადმინისტრაციულმა და საკანონმდებლო ღონისძიებებმა (იუსტინიანეს კოდიფიკაცია, დიგესტები, ინსტიტუციები) განამტკიცა იმპერატორის ძალაუფლება და გაააქტიურა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. იუსტინიანე I-ის ძირითადი მიზანი იყო ერთინი რომის იმპერიის აღდგენა. ამ მხრივ მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია დასავლეთში; 533-534 წლებში დაიპყრო ვანდალების სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში, 535-555 წლებში - ოსტგუთების სამეფო იტალიაში, 554 წელს - ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

აღმოსავლეთში ბიზანტიის ირანთან ბრძოლის მთავარი ასპარეზი იყო ამიერკავკასიის ქვეყნები. ჯერ კიდევ IV საუკუნის 80-იანი წლებში სომხეთის დიდ ნაწილში, იბერიასა და ალბანეთში ირანის გავლენა დამკვიდრდა, მაგრამ დასავლეთი სომხეთი და ეგრისი (ლაზიკა) ბიზანტიას ექვემდებარებოდნენ. როდესაც ირანმა ეგრისში დამკვიდრება სცადა, ამას ხანგრძლივი ომი მოჰყვა (ხანმოკლე შუალედებით 527 წლიდან 562 წლამდე). მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ეგრისის ხელისუფალნი ხშირად იცვლიდნენ პოლიტიკურ ორიენტაციას. ბოლოს ბიზანტიასა და ირანს შორის 562 წელს დადებული ზავით ეგრისი ბიზანტიას დარჩა. იუსტინიანე I-ის აქტიურმა პოლიტიკამ უკიდურესად დაძაბა ბიზანტიის ძალები, რამაც ბოლოს და ბოლოს, დაასუსტა სახელმწიფო. ეს ნათელი გახდა იუსტინიანეს უახლოეს მემკვიდრეთა დროს. VI-VII საუკუნეებში ბიზანტიამ დაკარგა დასავლეთში დაპყრობილი ოლქები (სამხრეთ იტალიის გარდა). 632-642 წლებში არაბებმა დაიპყრეს ბიზანტიის მდიდარი აღმოსავლეთი პროვინციები (სირია, პალესტინა, ზემო მესოპოტამია).

მეორე პერიოდი[რედაქტირება]

მეორე პერიოდი მოიცავს პერიოდს VII საუკუნის შუა წლებიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე. ამ პერიოდში ინტენსიურად განვითარდა ფეოდალიზმი. VIII-IX საუკუნეებში გაძლიერდა საიმპერატორი ხელისუფლება, იმპერატორ ლეონ III-მ წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი პოლიტიკა მიმართული იყო დიდებულთა სეპარატისტული მისწრაფებების წინააღმდეგ - სახელმწიფო აპარატის განმტკიცება, თემების დაყოფა და დაქუცმაცება, საკანონმდებლო კრებულის „ეკლოგას“ გამოცემა (726), ქალაქების თვითმმართველობის შეზღუდვა. ლეონ III მიემხრო VIII-IX საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებული ფართო რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობას - ხატმებრძოლობას. გაბატონებული ეკლესიის წინააღმდეგ გაშლილი ეს სახალხო მოძრაობა თავისი პოლიტიკური პოზიციების განსამტკიცებლად და ეკლესიის დასამორჩილებლად გამოიყენა. ხატმებრძოლთა და ხატთაყვანისმცემელთა ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა კონსტანტინე V-ის (741-775 წწ.) მმართველობის დროს. 754 წელს საეკლესიო კრებაზე იმპერატორმა დაგმო ხატთაყვანისმცემლობა. ხატმებრძოლი იმპერატორების პოლიტიკამ გააძლიერა პროვინციული დიდკაცობა. მსხვილი მიწათმფლობელობის ზრდამ და საგლეხო თემის შევიწროებამ გაამწვავა კლასობრივი ბრძოლა. VII საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - დასავლეთ სომხეთში ჩაისახა სახალხო მწვალებლური მოძრაობა პავლიკიანობა, რომელიც VIII-IX საუკუნეებში მცირე აზიაში გავრცელდა. ამ პერიოდში მოხდა პირველი დიდი ანტიფეოდალური აჯანყება (820-825 წწ.) თომა სლავის მეთაურობით. აჯანყებამ მოიცვა მცირე აზია, თრაკიისა და მაკედონიის ნაწილი. კლასობრივი ბრძოლის გამწვავებამ გაბატონებული კლასი აიძულა დაეძლია შინაგანი წინააღმდეგობანი, შეკავშირებულიყო და 843 წელს აღედგინა ხატთაყვანისმცემლობა. 872 წელს პავლიკიანელთა მოძრაობა სასტიკად ჩაახშვეს და მოძრაობის გათიშვის მიზნით მისი მონაწილენი სხვადასხვა პროვინციაში გაასახლეს. ნაწილმა პარტიზანული ბრძლა დაიწყო, მათი აჯანყების მეთაური კარვეასი გახდა, რომელთანაც თავს იყრიდნენ გაქცეული პავლიკიანელები. მოძრაობის ცენტრად ქ. თეფრიკი იქცა. პავლიკიანელთა ბრძოლა მაკედონელთა დინასტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე გაგრძელდა.

მაკედონელთა დინასტიის ხანა (867-1057)[რედაქტირება]

ბიზანტიის იმპერია 867 წელს

ბიზანტიაში ახალი დინასტიის გამეფებამდე ხატმებრძოლეობა თანდათან შესუსტდა, ჯერ კიდევ VIII საუკუნის ბოლოს დედოფალმა ირინემ სცადა ხატებისადმი თაყვანისმცემლობის აღდგენა, მაგრამ ეკლესიისადმი დამოკიდებულების პოლიტიკის რადიკალური შეცვლა მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სამხედრო წოდება სავსებით დაკმაყოფილდა ეკლესიისაგან მიღებული მიწებით. 843 წელს დედოფალმა თეოდორა I-მა, რომელიც თავისი მცირეწლოვანი შვილის მიხეილ III-ის (842–867) მართავდა იმპერიას, აღადგინა მართლმადიდებლობა და ხატებისადმი თაყვანისცემაც.

მაკედონელთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი ბასილი I (867–886) წარმოშობით მაკედონელი გლეხი იყო, რომელმაც ხელისუფლებისკენ გზა თავისი მფარველის მიხეილ III-ის მოკვლით გაიკაფა. მეფობა მან პავლიკიანელებთან ბრძოლით დაიწყო. ეს ბრძოლა დამთავრდა მხოლოდ 872 წელს მათი სასტიკი დასჯით.

ახალმა იმპერატორმა ისავრიელთა დინასტიის თითქმის ყველა რეფორმა გააუქმა და იუსტინიანეს კანონმდებლობა აღადგინა.

მმართველობაში უფრო რეაქციული ხაზის გამტარებელი ბასილის მემკვიდრე ლეონ VI ბრძენი (886–912) აღმოჩნდა. მან სახელმწიფოს ცენტრალიზების მიზნით, ქალაქების მმართველობა მოსპო, გაზარდა ბიუროკრატიული აპარატი.

ამ ხანებში თანდათან მუშავდებოდა სასახლის ცხოვრების რთული ცერემონიალი, რომელიც მხატვრულ ფორმებშია გადმოცემული იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (ძოწითშობილის) (913–959) ტრაქტატში – „ცერემონიების შესახებ“.

ფეოდალიზაციის პროცესი მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელთა დროს იმდენად სწრაფი ტემპებით წარიმართა, რომ მნიშვნელოვანი საშიშროება შეიქმნა არმიის რიგითი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებისა თავისუფალი გლეხების მასობრივად ყმებად გადაქცევის გამო. პირველი იმპერატორი, რომელმაც ამ საშიშროების მნიშვნელობა გაითვალისწინა, რომანოზ I იყო (919–944). მისი მეფობის დროს კლასობრივი ბრძოლები წარმოებდა. გლეხთა მძლავრი აჯანყება მოხდა მცირე აზიაში დაახლოებით 932 წელს ვინმე ბასილის მეტსახელად, „სპილენძის ხელის“ ხელმძღვანელობით. 934 წელს სლავების აჯანყება დაიწყო პელოპონესში.

963 წელს ტახტზე ადის ნიკიფორე II ფოკა, რომელიც აგრესიული პოლიტიკით გამირჩეოდა გლეხების მიმართ. 967 წლის ერთ-ერთ კანონში იგი ამტკიცებდა, რომ მისი წინამორბედი იმპერატორები გადამეტებულ ყურადღებას უთმობდნენ გლეხებს, რაც „უსამართლობას წარმოადგენდა“ მსხვილი მემამულეების მიმართ.

მომდევნო იმპერატორმა იოანე I ციმისკემ (969–976) ხელი შეუწყო ეკლესიის გაძლიერებასდა მსხვილი მიწათმფლობელებისმიერ გლეხთა დაყმევებას. ყველა ძალის მობილიზაციის შემდეგ მან შეძლო ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავ I-ის განდევნა. 972 წელს ციმისკემ ბიზანტიას დუნაისპირეთის ბულგარეთი შემოუერთა, ხოლო 974–975 წლებში უკან დაუბრუნა იმპერიას არაბების მიერ მიტაცებული სირია და მესოპოტამიის ერთი ნაწილი.

კომნენოსთა დინასტიის ხანა (1081-1185)[რედაქტირება]

XI საუკუნის II ნახევარში ბიზანტია კრიზისს განიცდიდა, გამწვავდა ბრძოლა პროვინციელ დიდებულებსა და დედაქალაქის წარჩინებულებს შორის. გაუარესდა იმპერიის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა. ამას თან დაერთო ხელისუფლებისათვის ბრძოლა და დინასტიური ჭიდილი, რომელიც 1081 წლისათვის კომნენოსების დინასტიის გამარჯვებით დასრულდა. კომნენოსები გამეფდნენ მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოთა - პალეოლოგოსების, დუკების, კონსტანტინოპოლის კარზე მყოფი ქართველი ფეოდალების მხარდაჭერით და გამოხატავდნენ პროვინციული ფეოდალური არისტოკრატიის ინტერესებს. XII საუკუნეში ბიზანტია ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო ხმელთაშუა ზღვის აუზში. სახელმწიფოს და ჯარის გაძიერებით კომნენოსებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს (მოიგერიეს ნორმანების შემოტევები ბალკანეთში, მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვეს სელჩუკებს და დააწესეს სუვერენიტეტი ანტიოქიაზე).

ანგელოსების დინასტიის ხანა (1185-1204)[რედაქტირება]

მესამე პერიოდი[რედაქტირება]

მესამე პერიოდი (1204-1453) ხასიათდება შემდგომი ფეოდალური დაქუცმაცებით, ცენტრალური ხელისუფლების დაცემით და უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლით. ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს თავიანთი ძალაუფლების გავრცელება ბალკანეთის მთელ ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაზე. ბიზანტიის დაუპყრობელ ტერიტორიებზე წარმოიქმნა ბერძნული სახელმწიფოები: ნიკეის იმპერია (1204-1261 წწ.) და ეპირის დესპოტატი (1204-1337 წწ.). ბრძოლას ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა ნიკეის იმპერია, რომლის იმპერატორმა მიქაელ VIII პალეოლოგოსმა შეძლო კონსტანტინოპოლის აღება, ლათინების განდევნა და ბიზანტიის იმპერიის აღდგენა.

პალეოლოგოსების მმართველობის ხანა[რედაქტირება]

პალეოლოგოსები სახელმწიფოს 1261-1453 წლებში მართავდნენ. თავისი არსებობის ბოლო პერიოდში ბიზანტია პატარა ფეოდალური სახელმწიფო იყო. ტრაპიზონის იმპერია და ეპირის დესპოტატი დამოუკიდებელნი დარჩნენ. ბიზანტია შინაგანად დაუძლურდა. გლეხობის გაჩანაგებამ, მოქალაქეთა გაღატაკებამ, მსხვილ ფეოდალთა თვითნებობამ, სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა და ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებამ ეკონომიკურად დასცა, როგორც სოფელი ისე ქალაქი. ბიზანტიაში მძვინვარებდა შიდა ომები (ტახტს ერთმანეთს ეცილებოდნენ პალეოლოგოსები და კანტაკუზენები) და მწვავე კლასობრივი ბრძოლა. ანტიფეოდალურმა აჯანყებებმა მოიცვა თრაკია და მაკედონია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თესალონიკეს დიდი სოციალ-პოლიტიკური მოძრაობა ზილოტების მეთაურობით (1342-1349 წწ.).

XIV საუკუნის დასაწყისში თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს ბიზანტიის სამფლობელოები მცირე აზიაში - 1354 წელს აირეს ჰალიპოლისი, 1362 წელს კი - ადრიანოპოლი (1365 წელს სულთანმა იგი თავის დედაქალაქად გამოაცხადა) და მიიტაცეს მთელი თრაკია. მალე ბიზანტიის იმპერატორი სულთნის ვასალი გახდა. 1402 წელს ანკარასთან ბრძოლაში სულთნის ჯარები სასტიკად გაანადგურა თემურლენგმა. ამ ფაქტმა რამდენიმე ათეული წლით შეაჩერა ბიზანტიის საბოლოო დაღუპვა. ბიზანტიის ხელისუფლება ამოდ თხოულობდა დახმარებას დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან. არაფერი მოუტანა მას არც მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის 1439 წელს ფლორენციის კრებაზე დადებულმა უნიამ (ბიზანტიის მოსახლეობამ უარყო ეს უნია). თურქ-ოსმალებმა განაახლეს იერიში ბიზანტიაზე და ორთვიანი ალყის შემდეგ 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლი აიღეს. 1460 წელს მათ დაიპყრეს მორეის დესპოტატი, ხოლო 1461 წელს - ტრაპიზონის იმპერია. ბიზანტიის იმპერიამ შეწყვიტა არსებობა და მისი ტერიტორია ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ბიზანტიელები

ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელი იყო (ბერძნები, სირიელები, კოპტები, სომხები, ებრაელები, მცირე აზიის ელინიზებული ტომები, თრაკიელები, ილირიელები, დაკები, გუთები, სლავები, არაბები, პაჭანიკები და სხვა), რაც გავლენას ახდენდა ბიზანტიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე. წამყვან როლს იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. სახელმწიფო ენა IV-VI საუკუნეებში ლათინური იყო, VII საუკუნიდან - ბერძნული.

ბიზანტიის კულტურა[რედაქტირება]

ბიზანტიის იმპერატორების სია[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 136-168
  • ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4