სელევკიდების სახელმწიფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სელევკიდების იმპერია

სელევკიდების სახელმწიფო, სელევკიდების სირიის სამეფო ბერძნ. Σελεύκεια (ძვ. წ. 312-ძვ. წ. 64) — ელინისტური სახელმწიფო დასავლეთ აზიაში, წარმოიქმნა ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს ნანგრევებზე. სახელი ეწოდა დამაარსებლის - სელევკე I ნიკატორისა და მისი შთამომავლებიბის - სელევკიდების მიხედვით.

ტერიტორიულად სელევკიდების სახელმწიფო მოიცავდა სირიას, მესოპოტამიას, მცირე აზიის ნაწილს. სატახტო ქალაქები - ტიგრის სელევკია და ანტიოქია. სახელწიფო ენა ბერძნული. სელევკიდების სახელმწიფო იყო სხვადასხვა ენის, ზნე-ჩვეულებათა და ეკონომიკური დონის ხალხთაგან შეკოწიწებული პოლიტიკური კონგლომერატი.

სელევკიდთა საყრდენი სოციალური ბაზა იყო ბერძნულ-მაკედონური მონათმფლობელური არისტოკრატია. ეკონომიკური ცხოვრება ემყარებოდა ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს. მოჰყავდათ ხორბალი, აშენებდნენ ზეთისხილს, მისდევდნენ მევენახეობას და მესაქონლეობას. სელევკიდთა ხელში იყო ძველთაგანვე განთქმული სავაჭრო-სატრანზიტო გზები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებდა სირიას, მცირე აზიას, ინდოეთს, არაბეთს, ჩინეთს შუა აზიას და სპარსეთის ყურეს. წამყვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სტრატეგიულ და კულტურულ როლს თამაშობდნენ ქალაქები, რომელთაგან განსაკუთრებით დაწინაურდა ანტიოქია, ლაოდიკეა, პიერის სელევკია. ელინისტურ ქალაქებს ჰქონდათ დამოუკიდებელი კანონმდებლობა, საკუთარი მმართველობითი ორგანოები, ფინანსები და სხვა. მათ გარშემო ჩამოყალიბებული იყო სამხედრო-მიწადმფლობელური დასახლებანი - კატეკიები. მათზე დაყრდნობით ახდენდნენ სელევკიდები ქვეყნის ელინიზაციასა და თავიანთი უმაღლესი მონარქიული ხელისუფლების გავრცელება-დამკვიდრებას, მეფე - შეუზღუდველი, ღმერთად გამოცხადებული გვირგვინოსანი - სახელმწიფოს განაგებდა რთული ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით. ქვეყანა დაყოფილი იყო სატრაპებად. სატრაპების სათავეში ედგნენ სტრატეგოსები, რომელთაც ევალებოდათ ხარკის აკრეფა და კჯარების გამოყვანა.

სელევკიდების სახელმწიფოს სისუსტე გამომჟღავნდა დასაწყისშივე, როცა მისი ბატონობისაგან თავი იხსნეს პერგამონმა, კაპადოკიამ, ბითინიამ და პონტომ. ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში სელევკიდების სახელმწიფომ დაკარგა აღმოსავლეთ პროვინციები, სადაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა ბერძნულ-ბაქტრიული და პართიისა. სელევკიდების სამეფოს ხანგრძლივი ომი ჰქონდა პტოლემეების ეგვიპტესთან და მძიმე სისხლის ფასად დაინარჩუნა ფინიკია და პალესტინა.

სელევკიდების სახელმწიფო აღმავლობას განიცდიდა ანტიოქე III დიდის მეფობის დროს (ძვ. წ. 223-ძვ. წ. 187). ანტიოქე III-მ დაამარცხა პართელები და აღადგინა სელევკიდთა ძალაუფლება აღმოსავლეთში, მაგრამ მაგნეასთან რომაელთაგან განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ სელევკიდების სირია სამუდამოდ დაეცა და დაკნინდა. არც ეგვიპტესთან ორ გამარჯვებას მოჰყოლია შედეგი. 163 წლიდან 64 წლამდე სირია რომის პროვინციად გამოცხადდა. სელევკიდთაგან ანტიოქე I სოტერი „მეგობრობდა“ ქართველ მეფე ფარნავაზთან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 275, თბ., 1985 წელი.
  • A. Houghton, C. Lorber, Seleucid Coins. A Comprehensive Catalogue, Part I, Seleucus I through Antiochus III, With Metrological Tables by B. Kritt, I-II, New York - Lancaster - London, 2002.
  • G. G. Aperghis, The Seleukid Royal Economy. The Finances and Financial Administration of the Seleukid Empire, Cambridge, 2004.
  • Laurent Capdetrey, Le pouvoir séleucide. Territoire, administration, finances d'un royaume hellénistique (312-129 avant J.C.). (Collection "Histoire"). Rennes: Presses Universitaires de Rennes, 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]