ტაო
ტაო (სომხ. ტაიქ Տայք) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
სახელწოდება დაკავშირებულია ქართული ტომების ტაოხების სახელთან. პირველად მოიხსენიება ძვ. წ. 1112 წელს ასურულ წყაროებში “დაიაენის” სახელწოდებით. ურარტული წყაროები (ძვ. წ. IX-VIII სს) “დიაუხის” სახელით იცნობდნენ[1]. ამ წყაროების მიხედვით, XII-VIII სს-ში დიაუხი ძლიერ გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლის სამხრეთი საზღვარი დღევანდელი არზრუმის მიდამოებსა და ევფრატის ზემო წელს მოიცავდა და აქედან ჩრდილოეთით დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა[2]. დაახლოებით ამავე ტერიტორიაზე მოიხსენიებენ ძველი ბერძენი ავტორები[3] ტაოხებს.
შემდგომ პერიოდში ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოში, ძვ. წ. IV-III სს-ში იბერიის ორგანული ნაწილი იყო, ძვ. წ. II საუკუნეში სომხეთი დაეუფლა. ახ. წ. I-II საუკუნეებში ტაო კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია, IV-VII სს-ში მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. VIII საუკუნეში ტაო პოლიტიკურად ქართლის სამეფოს შეუერთდა, აქ გაიშალა ფართო სამონასტრო მშენებლობა, დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.
XII-XIII სს-ში ტაო საქართველოს სანაპირო საერისთავო იყო, XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოშია, XIV საუკუნიდან კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. XVI საუკუნის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა შეიერთა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ვალერი სილოგავა, კახა შენგელია, ტაო-კლარჯეთი, კავკასიის უნ-ტის გამ-ბა, თბილისი, 2006, ISBN: 99940-861-7-0
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- "საქართველო". ინტერნეტ ბრიტანიკა-ში.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Г.А. Меликишвили, Урартские клинообразные надписи, Изд. Академии наук СССР, М., 1960, გვ..424
- ↑ Г. А. Меликишвили, Диаухи, Вестник древней истории,1950, № 4, გვ.. 26-42
- ↑ ქსენოფონტი, ანაბაზისი, წ. IV, თავი VI, VII