იუსტინიანე I (ბიზანტია)
| იუსტინიანე I | |
| Flavius Petrus Sabbatius Justinianus | |
| იუსტინიანე I-ის მოზაიკური გამოსახულება რავენას სან-ვიტალეს ტაძარში | |
| ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1 აგვისტო 527 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 14 ნოემბერი 565 |
| წინამორბედი: | იუსტინეI |
| მემკვიდრე: | იუსტინე II |
| დაბ. თარიღი: | 11 მაისი 483 |
| დაბ. ადგილი: | ტაურესიუმი, დარდანია |
| გარდ. თარიღი: | 14 ნოემბერი 565 |
| გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
| მეუღლე: | თეოდორა |
| დინასტია: | იუსტინიანიდების |
| მამა: | საბატიუსი |
| დედა: | ვიგილანტია |
წმინდა იუსტინიან I – იმპერატორი 527–565 წწ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 ნოემბერი, ახალი სტილით - 27 ნოემბერი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
წმინდა იმპერატორი იუსტინიანე წარმოშობით ბულგარეთიდან, სრედეცის (დღევანდელი სოფია) მახლობლად მდებარე სოფელ ბერდიანიდან იყო. კეთილმსახური ხელისუფალი გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, მისი მეფობის დროს ბიზანტიამ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა სპარსეთში, აფრიკასა და იტალიაში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას ვანდალებსა და ვესტგუთებს შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.
ცრუსწავლების წინააღმდეგ წმინდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა“ და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს საგალობელი სრულდება საღვთო ლიტურგიის დროს, მცირე გამოსვლის წინ. იმპერატორის ბრძანებით, 553 წელს მოწვეულ იქნა V მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებანი. წმინდა იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფოში წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული Corpus Iuris Civilis.
პირად ცხოვრებაში იუსტინიანე მკაცრი ქრისტიანული კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. გარდაიცვალა 565 წელს. წმინდა ეკლესიამ იმპერატორთან ერთად წმიდანად შერაცხა მისი მეუღლე და თანამოაზრე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა მიიცვალა 548 წელს.
[რედაქტირება] დაპირისპირება წმინდა ევტიქისთან
სიკვდილამდე 1 წლით ადრე, წმინდა იუსტინიანეს დაპირისპირება მოუვიდა წმინდა ევტიქისთან, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. დაპირისპირების მიზეზი იყო ახლად აღმოცენებული ერესი, რომელსაც იმპერატორი თანაუგრძნობდა. წმინდა ევტიქი უდრეკად იდგა მართლმადიდებლურ სწავლებაზე, ამიტომაც იმპერატორმა 365 წელს იგი 12 წლით გადაასახლა, თუმცა თავად იმავე წელს გარდაიცვალა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 გვ. 145-153
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| წინამორბედი: იუსტინე I |
ბიზანტიის იმპერატორი 527 - 565 |
შემდეგი: იუსტინე II |