არსენ იყალთოელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არსენ იყალთოელი
ხსენების დღე ახ. სტილით19 თებერვალი (6 თებერვალი)

არსენ იყალთოელიXI-XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი.

წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე.წ. მანგანის აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა შავ მთაზე (სირია), სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში, შემდეგ თეოფილე ხუცესმონაზონთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოსულა საქართველოში. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. ტრადიციული ცნობის თანახმად, დავით აღმაშენებლის დახმარებით არსენ იყალთოელის იყალთოს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. საბოლოოდ შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრებულა.

არსენ იყალთოელმა თარგმა და ერთ კრებულში „დოგმატიკონში“ (ყველაზე სრული ნუსხაა S - 1463, XII-XIII სს.) გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიური-თეოლოგიური თხზულებები: ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“, მისივე რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი, თეოდორე აბუკარას პოლემიკური ეპისტოლენი, მიქაელ ფსელოსის „პირმშოსათვის“, კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმატურ-პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები, მრავალი უავტორო პოლემიკური თხზულება და სხვა. არსენ იყალთოელმა თარგმნა აგრეთვე „დიდი სჯულისკანონი“, გიორგი ამარტოლის „ხრონოღრაფი“ და სხვა.

არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიურ და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ ანატომიის მცოდნედ — „ანატომიკოსად“ (ანტონ I, იოანე ბაგრატიონი). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია „ვინ ნაჭარმაგევს მეფენი“. არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკური საკითხების გადაწყვეტას. არსენ იყალთოელის პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია. ფილოსოფიაში სქოლასტიკის არისტოტელიზმის მიმდევარია.

არსენ იყალთოელის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხახანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ იყალთოელს აიგივებს არსენ ბერთან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლოლაშვილი ი., ხიდაშელი შ., ქსე, ტ. 1, გვ. 585-586, თბ., 1975