ბარდა სკლიაროსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარდა სკლიაროსის გამოცხადება იმპერატორთან

ბარდა სკლიაროსი, ს კ ლ ე რ ო ს ი (ბერძნ. Βάρδας Σκλήρος; დ. უცნობია — გ. 991, თრაკია) — X საუკუნის ბიზანტიელი პოლიტიკური მოღვაწე, პატრიკიოსი, აღმოსავლეთ სხოლათა დომესტიკოსი, უზურპატორი. დაწინაურდა იმპერატორი იოანე ციმისხის დროს (969-976 წწ.). პირველად მასვე უჯანყდა, მაგრამ დამარცხდა და შეიწყნარეს. 976 წელს ხელახლა აჯანყდა მცირეწლოვანი ბასილი II-ისა და კონსტანტინე VIII-ის დროს. მალე თითქმის მთელი მცირე აზია სკლიაროსის განმგებლობაში აღმოჩნდა და საფრთხე შეექმნა დედაქალაქსაც. იმპერიის მმართველმა სასწრაფოდ გამოიძახა ექსორიაში მყოფი სარდალი ფოკა ბარდა და აჯანყების ჩახშობა დაავალა. მაგრამ ფოკა ბარდაც დამარცხდა. მაშინ ბიზანტიის მთავრობამ საქართველოს განმგებელს დავით კურაპალატს მიმართა ათონის ივერთა მონასტერში მყოფი თორნიკე ერისთავის საშუალებით. თორნიკე ერისთავმა 12 ათასი რჩეული ქართველი მეომრით ფოკა ბარდასთან ერთად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი (979 წლის მარტი). სკლიაროსმა აღმოსავლეთის ერთ-ერთ მთავარს შეაფარა თავი და იქ დიდხანს იყო ტყვეობაში. 987 წელს სკლიაროსი შეუერთდა აჯანყებულ ფოკა ბარდას, მაგრამ ამ უკანასკნელმა იგი მოატყუა და დაატყვევა. 989 წელს ფოკა ბარდას სიკვდილის შემდეგ, აჯანყებულმა სკლიაროსმა იმპერატორს მორჩილება და პატიების თხოვნა შეუთვალა, რაც მიღებულ იქნა კიდეც. უკვე ხანდაზმული სკლიაროსის შემდგომი ბედი აღარა ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება]