ანტიკური ხანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პართენონი - კლასიკური ერის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა
ჰომეროსის ნაშრომებით იწყება კლასიკური ანტიკური ხანა
ალექსანდრე მაკედონელის გამარჯვებებმა ჩაუყარა საფუძველი ელინისტური კულტურის აღორძინებას

ანტიკური ხანა (ლათ. antiquus — ძველი) — ტერმინი პირველად გამოჩნდა XVIII ს აუკუნის ფრანგულ სამეცნიერო ლიტერატურაში და თავდაპირველად აღნიშნავდა უძველესი წარსულის ხელოვნების განსაკუთრებულ სფეროს. მას შემდეგ მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ხელოვნების ისტორიის შესწავლას, საერთო აღიარება ჰპოვა აზრმა ძველი ბერძნული და რომაული კულტურების უაღრეს მნიშვნელობაზე ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. სწორედ ამ უაღრესობის გამო ეწოდა მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურებს „ანტიკური“.

ანტიკური ცივილიზაციის ქრონოლოგიური ჩარჩოები ასეთია: ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V საუკუნის შუა წლები. ეს არის თითქმის თორმეტი საუკუნე. თუმცა დროის ეს ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს, თუკი მივათვლით წინამავალ ოთხ საუკუნეს, რომელსაც კრეტა–მიკენის კულტურა ეწოდება და რომლის წიაღშიც აღმოცენდა ანტიკურობა.

ამ ცივილიზაციის ისტორიაში მკვეთრად გამოიყოფა რამდენიმე ლოკალური კულტურა: ბერძნული, რომლის აღმავლობის პერიოდია ძვ. წ. V - IV სს. (კლასიკა) და რომაული, რომლის აღმავლობის ხანა ძვ. წ. II სს – ს მოიცავს. გამოყოფენ აგრეთვე ელინისტურ ანუ ალექსანდრიულ ეპოქასაც (ძვ. წ. 330 – 220 წწ.), როდესაც კულტურის ეპიცენტრმა გადაინაცვლა ალექსანდრიაში.

რას მიიჩნევენ ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვრად? უპირველეს ყოვლისა ადამიანში პიროვნული ღირსებების აღიარებას, სულიერების უპირატესობას, მეცნიერების, ხელოვნების, მითოლოგიის აღმავლობას, თავისუფლების შეცნობას. ანტიკურობის უდიდეს მიღწევად აბსტრაქტული მეცნიერებების – ფილოსოფიის, ასტრონომიის, მათემატიკის, მექანიკის, მედიცინის, ისტორიის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის აღმოცენებაც ითვლება. სწორედ ანტიკურ ხანაში დაედო დასაბამი ფილოსოფოსთა სკოლას, პლატონის აკადემიას, არისტოტელეს ლიცეუმს, ალექსანდრიულ მუზეუმს (მუსეიონი); შეიქმნა განათლების სისტემა, რათა ახალგაზრდა თაობა დაუფლებოდა მეცნიერებას, ხელოვნებას, საბრძოლო საქმეს.

ადამიანში სულიერების აღორძინებამ ბიძგი მისცა მსოფლიო რელიგიების აღმოცენებას, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლას, რომლის განმაპირობებელ ფაქტორთა შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროთა ცენტრალიზაციისაკენ სწრაფვაც მოიაზრება. ჩვ. წ. I საუკუნეში რომაული იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში თავი იჩინა ქრისტიანობამ, რომელიც მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად IV საუკუნეში ოფიციალურ რელიგიად აღიარეს.

ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვარია საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ურთიერთობათა განსაკუთრებული წყობა – დემოკრატია. მისი ძირითადი პრინციპები, რომლებიც ბერძნული ცივილიზაციის აღმავლობის პერიოდში ჩამოყალიბდა, დღემდე ყველა ქვეყნის დემოკრატიულ პარტიათა და მოძრაობათა პროგრამების საფუძვლებად გვევლინებიან.

ანტიკური ცივილიზაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისებურებათა შორის ასახელებენ პოლისთა არსებობას. ანტიკური პოლისი იყო დამოუკიდებელი, თვითმართვადი ქალაქი–სახელმწიფო, სადაც სახელმწიფოებრივი წყობა შესაძლოა ყოფილიყო დემოკრატიაც, ტირანიაც, არისტოკრატიაც, ოლიგარქიაც და ა.შ., მაგრამ ნებისმიერი წყობის დროს მკაცრად იყო დაცული პოლისის მოქალაქეთა თანასწორობა და უფლებები.

დიდი იყო ანტიკური ცივილიზაციის წვლილი ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ანტიკურ ეპოქაში აღმოცენდა წარმოების ორგანიზაციის, საკუთრების, ფინანსურ, ფულად თუ სხვა ურთიერთობათა ფორმები; დაარსდა სახელმწიფო ბანკები და ხაზინები.

ანტიკურ ხანაში გახდა შესაძლებელი პირველი მსოფლიო იმპერიების წარმოქმნა. ამ მიმართულებით პირველი მოძრაობა დაიწყო ანტიკური ცივილიზაციის დასაბამიდანვე, როდესაც ბერძნულ ქალაქ–სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დააარსა კოლონიები ხმელთაშუა, შავი, აზოვისა თუ იონიის ზღვათა სანაპიროებზე. ეს პერიოდი (ძვ. წ. VIII – VI სს.) ისტორიაში ცნობილია „დიდი ბერძნული კოლონიზაციის“ სახელით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო იმპერია. ყოველი კოლონია დამოუკიდებელი იყო მეტროპოლიისაგან, თუმცა სულიერი, ეკონომიკური თუ ოჯახური ძაფებით მაინც მას უკავშირდებოდა. ამ საკოლონიზაციო მოძრაობამ დიდი როლი შეასრულა მსოფლიო პროგრესის ისტორიაში: განვითარდა ზღვაოსნობა, დაიწყო ინტენსიური მოგზაურობანი, რამაც ხელი შეუწყო განათლების განვითარებას, ხალხთა შორის კულტურულ ურთიერთობას. პირველი დიდი მსოფლიო იმპერიის შექმნა დაკავშირებულია ალექსანდრე III მაკედონელის სახელთან, შეიქმნა ასევე რომაული იმპერია.

ანტიკურობამ, როგორც ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურულმა მემკვიდრეობამ, უდიდესი გავლენა იქონია ევროპისა და საერთოდ მსოფლიოს ხალხთა პოლიტიკურ და რელიგიურ აზროვნებაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ფილოსოფიურსა და იურიდიულ შეხედულებებზე. ეს გავლენა დღემდე გრძელდება და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანტიკური მემკვიდრეობის ჰუმანისტურ იდეალებს, რომელიც კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პროგრესულ ძალთა მასაზრდოებელი არსენალი იყო

ლიტერატურა[რედაქტირება]