გიორგი I (საქართველოს მეფე)
| გიორგი I | |
| გიორგი | |
| საქართველოს მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1014 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1027 |
| წინამორბედი: | ბაგრატ III |
| მემკვიდრე: | ბაგრატ IV |
| დაბ. თარიღი: | 998 ან 1002 |
| დაბ. ადგილი: | ქუთაისი |
| გარდ. თარიღი: | 1027 წლის 16 აგვისტო |
| მეუღლე: | 1. მარიამი 2. ალდე |
| შვილები: | გურანდუხტი ბაგრატ IV კატაი მართა დემეტრე |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ბაგრატ III |
| დედა: | მართა დედოფალი |
გიორგი I (დ. 998 ან 1002 — გ. 16 აგვისტო. 1027) — საქართველოს მეფე 1014-იდან, ბაგრატ III-ის ძე.
გამეფებისთანავე დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს და ჰერეთ-კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს. გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ 1014-1016 წლებში ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა. 1019 ბასილ II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა.
1021 წელს ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ (შირიმნის ბრძოლა და საქართველოს-ბიზანტიის ომი XI საუკუნეში). გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთი გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა. კეისარი მოერიდა ომს, დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა. გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება დაიწყო და ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად. ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით. გიორგი I-მა ამით ისარგებლა, კავშირი დაამყარა და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე. მაგრამ აჯანყება დამარცხდა. გამომჟღავნდა მასში ქართველთა მონაწილეობაც. კეისარმა გიორგი I-ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა. საქართველოს მეფემ განაახლა საზავო მოლაპარაკება, თან ისევ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ ბიზანტიამ დაასწრო ომის დაწყება. თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I-ის მხარეზე იყო, მაგრამ საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ. 1022-1223 წლებში გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებს: სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა; ტახტის მემკვიდრე ბაგრატ IV სამი წლის ვადით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. საქართველომ დაკარგა ე.წ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა. ჩანს გიორგი I ემზადებოდა რევანშისათვის: 1025 წელს გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც გიორგი I იყო.
გიორგი I-ის დროს დიდ საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები. მის მეფობაში აიგო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ლორთქიფანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 158, თბ., 1978 წელი.
| წინამორბედი: ბაგრატ III |
საქართველოს მეფე 1014 - 1027 |
შემდეგი: ბაგრატ IV |
|
|||||