ხვარაზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხვარაზმის იმპერია 1200 წლისთვის

ხვარაზმი — ისტორიული ოლქი და უძველესი სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. მდინარე ამუდარიის ქვემო წელში. ხვარაზმი პირველად იხსენიება დარიოს I-ის ბეჰისთუნის წარწერაში და „ავესტაში“. ხვარაზმის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები ნეოლითის ხანას განეკუთვნება. ენეოლითის დროს აქ მოსახლეობა უკვე იცნობდა პრიმიტიულ სარწყავ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის საწყისებს. ძვ. წ. VI-V სს. მიჯნაზე ხვარაზმელთა ქვეყანას პირველად იხსენიებს ბერძენი ავტორი ჰეკატეოს მილეტელი, ჰეროდოტეს თანახმად, ხვარაზმი შედიოდა აქემენიდების სამეფოს XVI სატრაპიაში, ძვ.წ. I ს. ნახევარში კი იგი ცალკე სატრაპიად იქცა. როდესაც ალექსანდრე მაკედონელის არმია შეიჭრა ხვარაზმში, იგი უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. ძვ. წ.IV-III სს-ში ხვარაზმის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა დაიწყო. ჩამოყალიბდა ხვარაზმის თვითმყოფი კულტურა. სახვით ხელოვნებაში გამოიკვეთა ელინისტური გავლენა, არქიტექტურისათვის დამახასიათებელი გახდა მოცულობათა მასიურობა და ლაკონიურობა. ხვარაზმის დედაქალაქში მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ალ-ბირუნი და იბნ სინა (ავიცენა).

1043 წელს ხვარაზმი სელჩუკებმა დაიპყრეს. XI ს.დასასრულიდან ურგენჩში ე.წ. დიდი ხვარაზმშაჰების დინასტია. თექეშ იბნ ილ-არსლანმა (1172-1200) ხვარაზმი სელჩუკებისაგან გაათავისუფლა. (1194) თექეშის ვაჟის მუჰამად II ალა ალ-დინის (1200-1220) დროს ხვარაზმშაჰების სახელმწიფოს საზღვრები გადაჭიმული იყო კასპიის ზღვის ჩრდ. სანაპიროდან სპარსეთის ყურეში და კავკასიიდან ჰინდუქუშამდე. 1220 წელს ჩინგიზ-ყაენის ჯარების თვდასხმის შედეგად ხვარაზმშაჰების სახელმწიფო დაიშალა, ხვარაზმი ოქროს ურდოში მოექცა. XIV ს. II ნახევარში ხვარაზმის კულტურამ ახალი აღმავლობა განიცადა. 1388 წელს თემურლენგმა ურგენჩი დაანგრია და მთელი ხვარაზმი დაიმორჩილა. თითქმის საუკუნე გრძელდებოდა ხვარაზმისათვის ბრძოლა თემურიდებსა და ოქროს ურდოს ყაენებს შორის. 1512 წელს ხვარაზმს მართავდა ჯუჩის შთამომავლობის დინასტია (XVII ს. ბოლომდე) მოგვიანებით კი — უზბეკი სარდლები იყვნენ ყუნღირათის ტომიდან, თუმცა ტახტზე ფორმალურად ჩინგიზ-ყაენის შთამომავლები იყვნენ. XVII ს.დასაწყისში ხვარაზმის დედაქალაქი იყო ხივა, რომლის არქიტექტურული ანსამბლები გვიანდელი ფეოდალური ხვარაზმის არქიტექტურისა და დეკორატიულ-მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება]