ჯავახეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჯავახეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჯავახეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჯავახეთი
ფარავნის ტბა
ფარავნის ტბა
Javakhetihistorical.svg
ადმ. ცენტრი ახალქალაქი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 2
ფართობი 2 549 კმ²
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ჯავახეთი — მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში (ძირითადად მოიცავს ახლანდელი ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას), ისტორიულად საზღვრავდა დასავლეთით მდინარე მტკვარი (მდინარის მარცხენა შენაკადი ხევები მგელციხიდან ასპინძამდე ასევე ჯავახეთში შედიოდა), ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით შავვაშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები.

ისტორია[რედაქტირება]

წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; იმხანად იგი მოიცავდა ჩილდირის ტბის დასავლეთ მხარეს (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო (ცენტრი წუნდა). იგი როგორც აღმოსავლურქართულ, ისე დასავლურქართულ კულტურულ-ისტორიულ სფეროში იყო მოქცეული (ჯავახეთის, ისე როგორც მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საქართველოს ტოპონიმიკაში, შეიმჩნევა ზანური ენის დანაშრევი ელემენტები). ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა: ზემო ჯავახეთად (ახალქალაქის ზეგანი) და ქვემო ჯავახეთად (მდინარე მტკვრის კანიონი მარცხენა სანაპიროთი).

XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი. X საუკუნიდან ქვემო ჯავახეთის ცენტრი ხდება თმოგვი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ჯავახეთიც აღმავლობის გზას დაადგა; აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები (დლივი, ღრტილა, ბოჟანო, ვარძია, ალასტანი). XII საუკუნიდან დომენს თორელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებდნენ.

XIII საუკუნიდან ჯავახეთის ადმინისტრაციული საზღვრებში შედიოდა აგრეთვე პალაკაციო და სამცხის ნაწილი. XV საუკუნეში ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა. XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილმა იძულებით ისლამი მიიღეს.

XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადასახლებული რუსული მოსახლეობა — სექტანტი დუხობორები.

XIX საუკუნის პირველ მესამედში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამიერკავკასია მიიერთა, კიდევ უფრო გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და ირან-თურქეთს შორის. რუსეთის მთავარი ამოცანა იყო სამხრეთ საზღვრების საიმედო ჩაკეტვა. მთავრობის ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ირანისა და თურქეთის საზღვრებთან ყველაზე ერთგული ხალხის დასახლებით, რომლებიც შეძლებდნენ არა მარტო სამხრეთის საზღვრების საიმედო დაცვას, არამედ სახელმწიფოს გაათავისუფლებდნენ იმ კოლოსალური ხარჯებისაგან, რომლებსაც იგი ახმარდა საზღვრების დამცველი ჯარის შესანახად.

1828 წელს თურქეთთან რუსეთის ჯარების წარმატებებმა მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი სამცხე-ჯავახეთში საიმედო ხალხის ჩამოსახლებაზე. გადაწყდა, თრიალეთსა და ჯავახეთში თურქეთიდან ქრისტიანი სომხებისა და ბერძნების ჩამოსახლება.

1829 წლის 3 დეკემბერს გენერალმა ივანე პასკევიჩმა შეადგინა გადმოსახლების განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც სამოქალაქო გუბერნატორი ზავილეისკი თავჯდომარეობდა. კომიტეტმა შეიმუშავა გადმოსახლების დებულება. კომიტეტის წინასწარი ანგარიშით ყარსის, ერზურუმისა და ბაიაზეთის ვილაიეთებიდან საქართველოში გადმოსახლდებოდა 8000 ოჯახი. მაგრამ გადმოსახლების დაწყების შემდეგ ოჯახთა ეს რაოდენობა 14000-მდე ავიდა.

ცარიზმის პოლიტიკური მიზანი იყო საქართველოში ეთნიკური სიჭრელის შექმნა. რუსეთისადმი ქართველი ხალხის ერთგულება მეფის მთავრობას რატომღაც არ სწამდა. ამიტომ იყო, რომ უარი უთხრა იმერეთში გახიზნულ მესხ მოსახლეობას განთავისუფლებულ ტერიტორიზე დასახლებაზე.

ახალციხის აღებისთანავე პასკევიჩთან გამოცხადდნენ XVI-XVIIსს. მესხეთიდან გაქცეული ციციშვილების, ავალიშვილების, მუსხელიშვილების და სხვათა შთამომავლები. ქართველ,მეფეთა გაცემული სიგელები წარუდგინეს და მამაპაპისეული მამულების დაბრუნება სთხოვეს. პასკევიჩმა მათი თხოვნა არ შეიწყნარა და გარკვეული გულისწყრომაც გამოთქვა.

სახელწოდება[რედაქტირება]

ტერმინი „ჯავახეთი“ მიღებულია ჯავახ– ფუძეზე –ეთ ბოლოსართის დართვით, შესაბამისად „ჯავახეთი“ ჯავახების საცხოვრებელს, სამყოფელს ნიშნავს (შეადარეთ: სპარსეთი – სპარსთა ქვეყანა, რუსეთი – რუსთა ქვეყანა).

პირველი ცნობა ჯავახეთის სახელწოდების შესახებ ურარტუულ წყაროებში, მეფე არგიშთი I–ის წარწერებში გვხვდება (ძვ. წ. 785). აქ ჯავახეთი ზააბახას სახელითაა ნახსენები. პავლე ინგოროყვას მოსაზრებით სიტყვა ჯავახი უძველეს ქართულ სატომო სახელწოდებას – ტაოხ–ს უკავშირდება. ტაოხები დიაოხის (ტაოს) ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ და დღევანდელი ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთისა და სამხრეთ საქართველოს, მათ შორის ჯავახეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. პავლე ინგოროყვა თვლის, რომ ტაოხსა და ჯავახს შორის შუალედური ფორმა უნდა ყოფილიყო ჭაოხ–ი, ჭავახ–ი. [1]

დღევანდელი ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ჯავახეთს ჯავახქ–ს (სომხ. Ջավախք) ეძახის, რაც ქართული სახელის სომხური ინტერპრეტაციაა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;
  • მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1—2, თბ., 1977-1980;
  • ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 11, გვ. 525, თბ., 1987
  • თეთვაძე შ., თეთვაძე ო., სომხები საქართველოში, თბილისი, 1998
  • კუკური მეტრეველი, ჯავახეთი, თბ. 2010, ISBN 978-9941-0-3008-6

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: