ნიკას აჯანყება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკას აჯანყება (ბერძნ. Στάση του Νίκα) — აჯანყება, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონსტანტინოპოლში 532 წლის იანვარში, იუსტინიანე I-ის იმპერტორობისას. აჯანყებამ სახელწოდება მიიღო შეძახილისაგან, ”ნიკა!” (ბერძნ:Νίκα!), რაც ნიშნავს ”გაიმარჯვე!”. ამ შეძახილს აჯანყებულები ერთმანეთის ამოსაცნობად იყენებდნენ.

წინარე ისტორია[რედაქტირება]

იპოდრომი სტამბოლში

მთელი იმპერიის შიდა ცხოვრება იუსტინიანე I-ის ტახტზე ასვლისას მოცული იყო არეულობით. რასაც ამძაფრებდა მოსახლეობის ძირითადი მასის სიღარიბე, განსაკუთრებით პროვინციებში. გადასახადები ხაზინაში შემოდიოდა ცუდად. იუსტინიანე I-ს რამდენიმე სახის ოპოზიცია ჰყავდა: საზოგადოებრივი (ღარიბი ფენები), რელიგიური (მონოფიზიტები) და დინასტიური ანასტასიოს I-ის ძმისშვილებისა და მათი მომხრეების სახით.
ქრისტიანობის საახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ მთელი რომის იმპერიის მასშტაბით აიკრძალა გლადიატორთა ბრძოლები. მოსახლეობის გართობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა იპოდრომზე გამართული ეტლებით რბოლები. მეეტლეები იმოსებოდნენ ოთხ სხადასხვა ფერში: მწვანე, ცისფერი, თეთრი და წითელი. თანდათან თითოეული ფერის უკან ჩამოყალიბდნენ მათი მხარდამჭერი პარტიები, რომლებიც კარგად იყვნენ ორგანიზებულნი, მათ ჰქონდათ საკუთარი ხაზინა, რომლითაც ინახავდნენ მეეტლეებს, ცხენებს, იძენდნენ ეტლებს და მუდმივ ქიშპში და მტრობაში იყვნენ სხვა ფერის პარტიებთან. პარტიები აერთიანებდნენ სხვადასახვა წარმომავლობისა და ფენის წარმომადგენლებს. დროთა განმავლობაში პარტიებმა შეიძინეს პოლიტიკური დანიშნულებაც. მათ ბერძნულად დიმები ეწოდებოდათ.
კონსტანტინოპოლში განსაკუთრებით ძლიერი იყო ორი პარტია: ცისფერი - ვენეტები და მწვანე - პრასინები.
რბოლებს თვით იმპერატორიც ესწრებიდა თავისი უსაფრთხო ლოჟიდან, რომელიც კათისმას სახელითაა ცნობილი. მასზე მოხვედრა იმპერატორის სასახლიდან იყო შესაძლებელი. იპოდრომი მდებარეობდა სასახლის გასწვრივ. ვენეტები იყვნენ მართლმადიდებლები, ხოლო პრასინები - მონოფიზიტები. იმპერატორი და დედოფალი მფარველობდნენ ვენეტებს, ერთდროულდ მიდიოდა მონოფიზიტების დევნა. ამან წააქეზა ვენეტების არისტოკრატიული ახალგაზრდობა - სტასიოტები, რომლებიც თარეშობდნენ იმპერიის ქალაქებში და არბევდნენ ძირითადად პრასინებს. თავის მხრივ პრასინებმაც შექმნეს თავიანთი სტასიოტების რაზმები და მთელი იმპერიის ტერიტორიაზე გაჩაღდა შეიარაღებული შეტაკებები ორ მოქიშპე ბანაკს შორის. რაშიც ხშირად ზარალდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა.

აჯანყება[რედაქტირება]

კონსტანტინოპოლის სასახლის კვარტალი და იპოდრომი

ასეთ გამძაფრებულ ფონზე 532 წლის 11 იანვარს კვირადღეს, იპოდრომზე გამართული მორიგი რბოლებისას იფეთქა აჯანყებამ, რომელიც თავიდან პრასინების ინიციატივით დიწყო. მათმა წინამძღოლმა საჩივრით მიმართა იუსტინიანე I-ს, და ჩამოთვალა გრძელი სია იმ დანაშაულობებისა, რომლებიც ვენეტებს ჩადენილი ჰქონდათ პრასინების წინაშე, და მათდამი იმპერატორის მფარველობის გამო დაუსჯელი რჩებოდა. ამან იმპერატორი განარისხა და პრასინებს იუდეველები, მანიქეველები და სამარიტელები უწოდა. პრასინებიც, თავის მხრივ, არ ჩამორჩნენ და იმპერატორს ნესტორიანელების მფარველობაში დასდეს ბრალი.
საშინლად შეურაცხყოფილმა იმპერატორმა დატოვა იპოდრომი და სასახლეში გადაინაცვლა. ამასთან, კონსტანტინოპოლის ეპარქს ევდემონს უბრძანა დაეპატიმრებინა და დაესჯა ბუნტის ინიციატორები. იმავე საღამოს ეპარქის მითითებით დააპატიმრეს ბუნტის რამდენიმე ორგანიზატორი. ამასთან, დაპატიმრებული იქნენ, როგორც ვენეტების, ასევე, პრასინების ლიდერები. ამით იმპერატორს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის არცერთ პარტიას არ ემხრობოდა.
სამ დატუსაღებულს მიესაჯა ჩამოხრჩობა. სასჯელის აღსრულებისას ერთი მათგანი მაშინვე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენები ორჯერ ჩამოვარდნენ სახრჩობელიდან. ბრბომ მოახერხა და გადარჩენილები ეკლესიაში გადამალა. რათა შემდგომ შეეწყალებინათ, ძველი ტრადიციის თანახმად. ამასთან დიმების ლიდერები, რომლებიც ახალი შეტაკებების გეგმებს ადგენდნენ, სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, რამდენადც ორივე პარტიის ქვედა ფენები გაერთიანდნენ, და შეთანხმდენენ, რომ 13 იანვარს, მორიგი რბოლებისას იმპერატორთან ეშუამდგომლათ გადარჩენილი ტუსაღების შეწყალების შესახებ. თუმცა, იმპერატორმა ისინი უპასუხოდ დატოვა. რამაც გამოიწვია ბუნტის გადაზრდა ანტისამთავრობო გამოსვლებში. ისინი შეესივნენ ქალაქს და ცეცხლს აძლევდნენ ყველაფერს. დაიწვა და განადგურდა ბევრი აქიტექტურული ნეგებობა, მათ შორის აია-სოფიას ბაზილიკა. მთელი ქალაქი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ამ დროს იმპერატორის განკარგულებაში იყო 3000-მდე მეომარი, ძირითადად გუთები და გერულები.
იმპერატორმა დაავალა ველისარიუსს ჩაეხშო აჯანყება. მან სცადა მის ხელთ არსებული ძალებით აჯანყების ჩახშობა, თუმცა უშედეგოდ. აჯანყებულებმა სასტიკი შეიარაღებული წინაარმდეგობა გასწიეს. ამის შემდეგ იმპერატორმა სცადა მოლაპარაკება აჯანყებულებთან, რამაც ასევე, შედეგი ვერ გამოიღო.
ბრბო ითხოვდა იუსტინიანე I-ის გადადგომას და იმპერატორად ანასტასიოს I-ის ერთერთი ძმისშვილის არჩევას. რომლებიც ამ დროს სასახლეში იმყოფებოდნენ. იუსტინიანემ, იმის შიშით, რომ სიცოცხლისათვის არ გამოესალმებინათ, ყველა სენატორი და, მათ შორის, ანასტასიოს I-ის ძმისშვილებიც სასახლიდან დაითხოვა.
18 იანვარს ბრბომ იმპერატორად კორონაცია მოუწყო ანასტასიოს I-ის ერთერთ ძმისშვილს იპატიუსს.

აჯანყების ჩახშობა[რედაქტირება]

ახალი იმპერატორის იპატიუსის კორონაცია მოხდა იპოდრომზე, სადაც შეკრებილი იყო 50000-მდე აჯანყებული. ისინი ბჭობდნენ სასახლის შტურმით აღებაზე. იუსტინიანე, უკვე მზად იყო გასაქცევად. როდესაც სიმტკიცე გამოიჩინა დედოფალმა თეოდორამ, რის შემდეგაც იუსტინიანემ უბრძანა ველისარიუსს და მუნდუსს კიდევ ერთხელ ეცადათ აჯანყების ჩახშობა. მართლაც მათ, ისარგებლეს რა, კვამლში გახვეული ქალაქით და ხელთ არსებული ბარბაროსული შენაერთებით შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ იპოდრომს და ორი მხრიდან დაესხნენ თავს აჯანყებულებს. ამან გამოიწვია პანიკა და ატყდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა. სხვადსხვა წყაროების მონაცემებით დაიღუპა 35-45 ათასამდე აჯანყებული. იუსტინიანემ სრული გამარჯვება მოიპოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ. ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, თბილისი, 2006 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]