საქართველოს პარლამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს პარლამენტი
მე-8 მოწვევის პარლამენტი
ემბლემა
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია
2012-დან
თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, ქართული ოცნება
2012-დან
თავმჯდომარის მოადგილეები ზურაბ აბაშიძე, ზვიად ძიძიგური, მურმან დუმბაძე, გიორგი ბარამიძე
2012-დან
სტრუქტურა
წევრები 150
Georgian Parliament 2012.svg
პოლიტიკური ჯგუფები      ქართული ოცნება (85)
     ნაციონალური მოძრაობა (65)
საარჩევნო სისტემა 77 პროპორციული
73 მაჟორიტარული
სხდომების ადგილი
საქართველოს პარლამენტი
აბაშიძის ქუჩა №5
ქუთაისი
საიტი

საქართველოს პარლამენტისაქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას [1]. ამჟამად საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით და შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრისაგან[2]. თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი გახდება ორპალატიანი: ქვედა პალატა - რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა - სენატი. პარლამენტის უფლება-მოვალეობანი და სხვა მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მესამე თავში (მუხლები: 48-68), პარლამენტის შინაგანი სტრუქტურა და მუშაობის წესი კი — პარლამენტის რეგლამენტით.

პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა[3]. საქართველოს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი[შენიშვნა 1]. ამჟამად მოქმედებს 2012 წლის მოწვევის პარლამენტი.

ისტორია[რედაქტირება]

საქართველო
Greater coat of arms of Georgia.svg
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : გიორგი მარგველაშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი ღარიბაშვილი
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : დავით უსუფაშვილი
პარტიები პარლამენტში:
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ცალკეული ავტორების აზრით პირველი მცდელობა საქართველოში წარმომადგენლობითი ორგანოს შემქნისა მიეწერება XII საუკუნეს, როდესაც ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდგვაროვნებს შორის, სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანის თაოსნობით, შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვის და პარლამენტის ტიპის ორგანოს - კარავის შექმნის იდეა. დაპირისპირებაში საბოლოოდ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს, თუმცა მეფე იძულებული გახდა თავისი სათათბირო ორგანოს - დარბაზის როლი და ფუნქციები გაეზარდა.

პირველი საკანონმდებლო ორგანო საქართველოში ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1919 წლებში და ეწოდებოდა ეროვნული საბჭო. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადააბარა საქართველოს დამფუძნებელ კრებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა, რაც განსაზღვრულ იქნა კრების მიერვე მიღებული საქართველოს კონსტიტუციით.

საქართველოს პარლამენტის მოწვევა ვერ მოხერხდა საბჭოთა ოკუპაციის გამო. 1921 წელს საქართველოს რევკომმა დეკრეტით დათხოვნილად გამოაცხადა დამფუძნებელი კრება და გამოაცხადა საბჭოების ხელისუფლება. 1921-1938 წწ წარმომადგენლობითი ორგანოები იყო მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოები. 1938-1990 წლებში არსებობდა ერთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭო, რომელსაც უმაღლესი ხელისფულება ფორმალურად ეკუთვნოდა, სიანმდვილეში კი საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომლის საფუძველზე არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 1992 წელს საქართველოს სამხედრო საბჭომ, რომელიც დაპირისპირებული იყო მაშინდელ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან (პრეზიდენტი, უმაღლესი საბჭო) და იმ დროისთვის ფლობდა უკვე ფაქტობრივ ხელისუფლებას, გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენა და დანიშნა ახალი არჩევნები, არა უგვიანეს იმავე წლის შემოდგომისა. ცოტა ხანში სამხედრო საბჭო გარდაიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოდ, რომელიც გაცილებით ფართო, წარმომადგენლობითი ორგანო იყო. შემოდგომის არჩევნების საფუძველზე არჩეულ იქნა პირველი პარლამენტი დამოუკიდებლობის შემდეგ.

1995 წელს მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტკურ მოწყობაში:

ვიკიციტატა
„საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“
(საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48)

ამის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1995 და 1999 წლებში. ორივე არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა პარტიამ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით ვარდების რევოლუცია ეწოდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გააუქმა: ძალადაკარგულად გამოცხადდა პროპორციული წესით არჩეული მანდატები, თუმცა მანდატები შეუნარჩუნდათ მაჟრიტარული წესით არჩეული დეპუტატებს. ასევე ძალაში დარჩა იმავე დღეს გამართულ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება, მორიგ არჩევნებში პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების შესახებ. 2004 წლის მარტში გაიმართა რიგგარეშე არჩევნები.

საქართველოს პარლამენტი.

2008 წლის მაისში გამართული მორიგი არჩევნები ახალი წესის მიხედვით ჩატარდა და აირჩა 150 პარლამენტარი. არჩევნებში კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მანდატებზე უარი თქვა. 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას.[4] წინადადება, როგორც გააკრიტიკეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.[5] 2010 წელს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაში შევა.

ამ დროისთვის უკანასკნელი საპარლამენტი არჩევნები გაიმართა 2012 წლის 1 ოქტომბერს. არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი კოალიცია „ქართული ოცნება" იყო. საქართველოს ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები მმართველმა ძალამ წააგო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% და 85 მანდატი მოიპოვა.

სტრუქტურა[რედაქტირება]

პარლამენტის პლენარული სხდომა, 2009 წლის 4 დეკემბერი

პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთა შორის 77 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტის ყველა დეპუტატი ირჩევა ოთხი წლის ვადით.

პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც უძღვება პარლამენტის მუშაობას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 7 მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას.

პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი დარგობრივი კომიტეტები და დროებით საკითხთა კომისიები.

პარლამენტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ორგანოა ბიურო. ბიუროში შედიან თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. ბიურო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს პარლამენტის მუშაობას.

წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია: გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი-დეკემბერი)

პარლამენტის მუშაობს უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი.

თავმჯდომარე[რედაქტირება]

საქართველოს პირველი პარლამენტის — ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.

1992–1995 წლების მოწვევის პარლამენტს თავმდჯომარეობდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც, ამავე დროს, სახელმწიფოს მეთაურადაც იწოდებოდა. საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდგომ, 1995 წელს, პარლამენტის პირველი თავმჯდომარე გახდა მმართველი პარტიის, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის, ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომელიც 2001 წელს ნინო ბურჯანაძემ შეცვალა. 2008-2012 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო დავით ბაქრაძე. 2012 წლიდან თავმჯდომარეა დავით უსუფაშვილი.

ფრაქციები[რედაქტირება]

ამჟამად პარლამენტში შემდეგი ფრაქციები მოქმედებს[6]:

საპარლამენტო უმრავლესობა, 84 წევრი (ლიდერი დავით საგანელიძე):

საპარლამენტო უმცირესობა, 51 წევრი (ლიდერი დავით ბაქრაძე):

„უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ — 6 წევრი (თავმჯდომარე გოგი ლიპარტელიანი)

შენობა[რედაქტირება]

პარლამენტის ყოფილი შენობა

საქართველოს ყოფილი სსრ-ის მთავრობის სახლის შენობა საბჭოთა ხანის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. იგი მოიცავს რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ კვარტალს. შენობა ორი კორპუსისგან შედგება. ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს (არქ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავას მონაწილეობით), მეორე, რუსთაველის გამზირისპირა კორპუსი აიგო 1953 წელს (არქ. ვ. კოკორინიდა გ. ლეჟავა, ვ. ნასარიძის მონაწილეობით). ორივე კორპუსის გადაწყვეტაში ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებია გამოყენებული, როგორც ცალკეულ ნაწილთა კომპოზიციაში, ისე დეკორში და მოსაპირკეთებელ მასალაში. კორპუსებს აერთიანებს შიდა ეზო-ვესტიბიული, რომელიც კიბეებითა და შადრევნებით მიუყვება რელიეფს.[8]

2012 წელს პარლამენტი გადავიდა ქ. ქუთაისში, ახალ შენობაში, რომელიც აშენდა 2010-2012 წლებში. პროექტი ეკუთვნის ესპანურ საპროექტო ბიუროს „CMD Ingenieros“ (არქიტექტორები: ალბერტო დომინგო და კარლოს ლაზარო). შენობის კომპოზიცია სივრცით-მოცულობითია და შექმნილია მარტივი ფორმებით: მინის კამარა შუაზე გაყოფილია ბეტონის თეთრი სარტყელით, რომლის ბოლოებიც მიწის ზედაპირს ჰორიზონტალურად მიუყვება და შენობაში შესასვლელბს წარმოადგენს. მინის კამარა, რომელიც ფარავს 100×150 კვ.მ ფართობს, წარმოადგენს შენობის გარეთა გარსს, რომლის შიგნითაც განლაგებულია მთავარი ფოიე და სხვადასხვა დანიშნულების სათავსები/სამყოფები. შენობას გარშემო აკრავს ვრცელი გამწვანებული ტერიტორია.[9]

2013 წლისათვის არსებობს პარლამენტის კვლავ თბილისში, უკვე გარემონტებულ შენობაში დაბრუნების კონცეფცია.[10]

საინტერესო ცნობები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება]

  • გიორგი მჭედლიშვილი, ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან : [XII საუკუნეში ქართული პარლამენტის ისტორიული წარმოშობის ანალიზი]. ჟურნალი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ - XX, 2004. გვ.42-56 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენაზე).
  • ვახტანგ გურული, პირველი ქართული პარლამენტი : [საქართველოს ეროვნული საბჭო (1918]. ჟურნალი „ერთობა“ N3, 1994. გვ.4-5.
  • ეროვნლი საბჭოს რეორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ : [ეროვნული საბჭოს, როგორც საკანონმდბლო ორგანოს მოღვაწეობა 1918 წლის 1918 წლის 1 იანვრამდე]. ჟურნალი „კლიო“ N26, 2005. გვ.154-163 (რეზიუმე რუსულ ენაზე).
  • ვახტანგ გურული, პირველი ქართული პარლამენტი : [საქართველოს ეროვნული საბჭო. 1917 წ. 19-24 ნოემბერს თბილისში ჩატარებული პირველი ეროვნული ყრილობა]. ჟურნალი „მაცნე“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია - N3-4, 1993. გვ.142-173.
  • არჩილ ზანგურაშვილი, 1917-1919 წლების საქართველოს პირველი პარლამენტი (ეროვნული საბჭო). ჟურნალი „პრომეთე“ - სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმ. პედაგოგიური უნივერსიტეტი - N1-2, 2003. გვ.117-122 (რეზიუმე რუს. და ინგლ. ენ.)
  • შოთა ვადაჭკორია, საკანონმდებლო ორგანოების შექმნის საკითხი და ქართული სოციალ-დემოკრატია 1918-1921 წლებში . ჟურნალი „ახალი დროება “: საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხები - N1(7), 2001. გვ.17-24.
  • ლ. თოიძე, მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების პირველი საბჭოები საქართველოში [1921 წ.]. ჟურნალი „მოამბე“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება - N1, 1961. გვ.55-80.
  • თ. დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ორპალატიან წარმომადგენლობით ორგანოდ გარდაქმნის სამართლებრივი ასპექტები. ჟურნალი „ინტელექტუალი“ N1, 2005. გვ. 5361. (რეზიუმე ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე).
  • ქეთევან ერემაძე, ბიკამერალიზმის პერსპექტივები საქართველოში : [ორპალატიანი პარლამენტის აუცილებლობის საკითხი საქართველოში]. ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“ N1, 2005. გვ.22-33.
  • ნანა ჭიღლაძე, პარლამენტის საქმიანობის კონსტიტუციური საფუძვლები . ჟურნალი ადამიანი და კონსტიტუცია N2, 2005. გვ.14-22 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე).

წიგნები[რედაქტირება]

  • პაატა სურგულაძე, ქართული პარლამენტის სათავეებთან. - თბ.: „ცოდნა“, 1991. - 31 გვ.
  • მალხაზ მაცაბერიძე, უზენაესი ბატონი ქვეყნისა : როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი 1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებელთა აზრით . [რედ. ოთარ ჯანელიძე]; პოლიტოლ. ინ-ტი. - თბ.: „ახალი აზრი“, 2008. - 108გვ.
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. [რედ.: ა. აბესაძე]. - თბ.: თბილილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1992 (თბილ. უნ-ტის სტ.). 146გვ. ISBN 5-511-00574-6
  • საქართველოს პარლამენტი : ფუნქციები და სტრუქტურა. [შემდგ.: თინათინ ბოლქვაძე, ნინო ნოზაძე, ერეკლე ნათაძე ; რედ.: ქეთევან იმნაძე]. - თბ. : „სომა პრეს“, 2000. 128გვ.
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი : მიღებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე. - თბ. : საქ. პარლამენტის აპარატი, 1994. - 64გვ.
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი : ცვლილებებითა და დამატებებით 2006 წლის 25 აპრილამდე. - თბ. : [ბონა კაუზა], 2006. - 230გვ.
  • ნოდარ ჯანბერიძე, საქართველოს სსრ მთავრობის სახლის არქიტექტურა - [თბ.] : ხელოვნება, 1957 - 105გვ. : ნახაზ.; 39ფ. ილ. ; 26სმ. - რეზუმე რუს. ენ. - : 12მ., 2000ც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

შენიშვნა[რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს კონსტიტუციაში ორჯერ შეიცვალა: თავდაპირველად პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს დედაქალაქი თბილისი იყო, 2009 წლის ცვლილებების შემდეგ (24.09.2009 N1674), კონსტიტუციის მიხედვით, ადგილსამყოფელად ქალაქი თბილისი და ქალაქი ქუთაისი განისაზღვრა, თუმცა პლენარული სხდომები მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, 2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი (14.07.2011 N4985), რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქალაქი ქუთაისია.

წყარო[რედაქტირება]

  1. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48
  2. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 49
  3. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 50
  4. დაივიწყეთ რეფერენდუმი
  5. "რეფერენდუმი თუ არა?" საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო
  6. ფრაქციები. საქართველოს პარლამენტი. წაკითხვის თარიღი: 2013-11-27.
  7. ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციას ქუცნაშვილის ნაცვლად ვოლსკი უხელმძღვანელებს. სივილ ჯორჯია. წაკითხვის თარიღი: 2013-11-27.
  8. საქართველოს პარლამენტის შენობა. news. თბილისის მერია, პორტალი tbilisi.gov.ge (12 დეკემბერი, 2011(2011-12-12)). წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი, 2012(2012-10-26).
  9. New Parliament of Georgia. Building Works: Singular Buildings. CMD Ingenieros. წაკითხვის თარიღი: 15 ოქტომბერი, 2011(2011-10-15).
  10. პარლამენტის ყოფილ შენობას საპარლამენტოდ ამზადებენ
  11. საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“