ელგუჯა მეძმარიაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეძმარიაშვილი ელგუჯა
Elguja Medzmarishvili.jpg
გენერალ მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი
დაიბადა 17 აგვისტო 1946
ბათუმი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია

სამეცნიერო სფერო: კოსმოსური ტექნიკა და მექანიკა; სამხედრო-საინჟინრო მეცნიერებანი; სამხედრო-ტექნიკური მეცნიერებანი.

სამეცნიერო ხარისხი: სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სამეცნიერო წოდება: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი; პროფესორი.

ცნობილია როგორც: პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი.
ჯილდოები

▪ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (კოსმოსური და სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის განვითარებისათვის საქართველოში და პირველი ქართული კოსმოსური თანამგზავრული სისტემის შექმნისათვის).

▪ “ღირსების ორდენი” _ საქართველოში კოსმოსური სისტემების მიწისზედა სასტენდო კომპლექსის შექმნის და განსაკუთრებულ პირობებში მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისათვის.

▪ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მედალი (მიღწევები კოსმოსურ მექანიკაში).

▪ Медаль «За трудовую доблесть». (СССP).

▪ მედალი “საბრძოლო დამსახურებისათვის” (საქართველო).

▪ 9 საუწყებო და საერთაშორისო ორგანიზაციების მედალი.

ელგუჯა ვიქტორის ძე მეძმარიაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1946 წელი, ბათუმი, საქართველო) — ქართველი მეცნიერი და სამხედრო მოღვაწე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.

ელგუჯა მეძმარიაშვილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია, რომელიც 1999 წლის 23 ივლისს გავიდა ორბიტაზე და მისი გაშლის და გამოცდების შემდეგ, 28 ივლისს გადავიდა დამოუკიდებელ ორბიტაზე.

მან საქართველოში ჩამოაყალიბა და განავითარა კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების სამეცნიერო, აკადემიური და პრაქტიკული მიმართულებები. არის უმაღლესი სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს – ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ელგუჯა მეძმარიაშვილი დაიბადა 1946 წლის 17 აგვისტოს. 1964 წელს, ოქროს მედალზე, დაამთავრა ბათუმის პირველი საშუალო სკოლა. 1969 წელს, წარჩინების დიპლომით, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, ხოლო 1972 წელს ასპირანტურა – სივრცითი კონსტრუქციების განხრით.

1973 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იყო უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე (1985-1995 წლებში), შემდეგ, მის მიერ დაარსებული სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგე (1995-2004 წლებში). ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

1979 წელს ელგუჯა მეძმარიაშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, სადაც ფლობდა გენერალური კონსტრუქტორისა და გენერალური დირექტორის თანამდებობას. ინსტიტუტში შეიქმნა მრავალი კოსმოსური და მიწისზედა სამხედრო-საინჟინრო კომპლექსები და კონსტრუქციები.

1978-1989 წლებში სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებისა და სპეციალური დავალებების შესრულებისათვის, ელგუჯა მეძმარიაშვილი, როგორც მოსკოვის ცენტრალური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომეტა“-ს (ЦНПО „Комета“) თბილისის ქვედანაყოფის უფროსი და სამხედრო-კოსმოსური ტექნიკის მთავარი კონსტრუქტორი, თანამშრომლობდა თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯარების სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტთან, საინჟინრო ჯარებთან, გენერალური შტაბის და სამხედრო-საინჟინრო აკადემიების კათედრებთან, კოროლიოვის სახელობის სარაკეტო-კოსმოსურ გაერთიანება „ენერგია“-სთან, ხრუნიჩევის სახელობის რაკეტმშენებელ ქარხანასთან, მოსკოვის მექანიკის პრობლემების და საავიაციო ინსტიტუტებთან, ასევე დნეპროპეტროვსკის, სიკტივკარის, დუბნის, ნახაბინოს, პოდლიპკის, ხარკოვის და სხვა ქალაქების სპეციალურ სამეცნიერო დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან.

1995 წლიდან, როგორც სამუშაოთა მეცნიერ-ხელმძღვანელი და უშუალო მონაწილე, ასრულებს გერმანული კომპანიის „Daimler-Benz Aerospace“ - “Dornier-Satellitensysteme”–ს, იტალიური კომპანიის „Alenia Aerospazio“-ს, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი კონსტრუქციების ინსტიტუტის (LLB, Technische Universitat Munchen) და ევროპული კოსმოსური სააგენტოს („ESA“) შეკვეთებს.

1999 წლის 23 ივლისს ორბიტაზე გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რომელიც წარმატებული გაშლისა და გამოცდების შემდეგ, 28 ივლისს ჩამოსცილდა ორბიტალურ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე. ელგუჯა მეძმარიაშვილი არის პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი.

1999-2002 წლებში ელგუჯა მეძმარიაშვილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში. 1999-2004 წლებში იგი არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად, სადაც ეკავა ჯერ სამხედრო მრეწველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, შემდგომ კი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის და საპარლამენტო თემატური უმრავლესობის ლიდერის პოსტები.

2000 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია, სადაც ეკავა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა.

2006 წელს, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის რეორგანიზაციის შედეგად, მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, სადაც ელგუჯა მეძმარიაშვილი დღემდე იკავებს გენერალური კონსტრუქტორის და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს.

მას გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო სტატიები და გამოგონებები.

ელგუჯა მეძმარიაშვილმა შექმნა ტრანსფორმირებადი საინჟინრო სისტემების თეორია და ტრანსფორმირებადი გასაშლელი სამხედრო და სამოქალაქო, კოსმოსური და მიწისზედა კომპლექსები, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ. ჩამოაყალიბა სამეცნიერო, ტექნიკური და აკადემიური ბაზა სამხედრო-საინჟინრო დარგის განვითარებისა საქართველოში.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ჯილდოები და პრემიები:[რედაქტირება]

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (კოსმოსური და სამხედრო-საინჟინრო ტექნიკის განვითარებისათვის საქართველოში და პირველი ქართული კოსმოსური თანამგზავრული სისტემის შექმნისათვის)
  • “ღირსების ორდენი” – საქართველოში კოსმოსური სისტემების მიწისზედა სასტენდო კომპლექსის შექმნის და განსაკუთრებულ პირობებში მისი გადარჩენისა და შენარჩუნებისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მედალი (მიღწევები კოსმოსურ მექანიკაში) [1]
  • Медаль «За трудовую доблесть». (СССP) [2]
  • მედალი “საბრძოლო დამსახურებისათვის” (საქართველო)
  • 9 საუწყებო და საერთაშორისო ორგანიზაციების მედალი [3]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Medzmariashvili Elguja, V. – Who’s Who in Science and Engineering, 2006-2007; 2008-2009. MARQUIS WHO’S WHO PUBLICATION. USA.
  • Medzmariashvili Elguja, V. – Who’s Who in the World, 2008- 2009. MARQUIS WHO’S WHO PUBLICATION. USA.
  • Medzmariashvili Elguja, V. – IBC Foremosr Engineers of the World – 2008; Cambridge, England.
  • ვინ ვინ არის საქართველოში - Who’s Who in Georgia. “ბიოგრაფიული ცნობარი”. თბილისი. 2010 წ.
  • თბილისი. ენციკლოპედია. “ქართული ენციკლოპედია:. თბილისი. 2002 წ.
  • გენერლები საქართველოდან. ლევან დოლიძე. საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მაცნე. თბილისი, 2003.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილება 1996 წელი
  2. Указ Президиума Верховного Совета СССР от 20 августа 1986 года
  3. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 18 სექტემბრის № 615 ბრძანებულება; საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ივლისის № 896 განკარგულება; საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 მაისის № 674 განკარგულება.