ევგენი ხარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგენი ხარაძე
დაბ. თარიღი 18 (31) ოქტომბერი, 1907
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 10 ოქტომბერი, 2001(2001-10-10) (93 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ასტრონომი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და ღირსების ორდენი

ევგენი ხარაძე (დ. 31 ოქტომბერი [ძვ. სტ. 18 ოქტომბერი], 1907, თბილისი — გ. 10 ოქტომბერი 2001, თბილისი) — ქართველი ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1977), პრეზიდენტი (1978-1986). საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მოღვაწე. სკკპ წევრი 1942 წლიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1930). 1949 წლიდან პროფესორი იქვე, 1939 წლიდან ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959 წლის მარტიდან 1966 წლის მარტამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევგენი ხარაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს. სხვადასხვა წლებში, მრავალი წლის განმავლობაში, ეკავა არაერთი საპასუხისმგებლო პოსტი. 1932-1992 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი; 1936 წლიდან — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიუროს წევრი; 1962-1974 წლებში — ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე; 1976-1982 წლებში — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი; 1965-1970 წლებში — საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

საქართველოს სსრ საზოგადოება „ცოდნის“ თავმჯდომარე (1977-1980 წლებში; 1981 წლიდან საპატიო თავმჯდომარე); ჟურნალ „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ მთავარი რედაქტორი; უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიების წევრი, სასკოლო და საუნივერსიტეტო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ორიგინალური სახელმძღვანელოების ავტორი.

ხარაძის ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკვლავთა სპექტრული და ფოტომეტრიული მახასიათებლების, აგრეთვე ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკვლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კლიმატის, ტელესკოპთა ოპტიკური კვლევის საკითხებს.

აღმოაჩინა რომ P Cyg-ტიპის ვარსკვლავთა სპექტრში ხაზების დოპლერისეული წანაცვლებანი მოწმობენ ვარსკვლავის განვრცობილ ატმოსფეროში ელემენტების სტრატიფიკაციას. შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები, მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის შთანთქმა გალაქტიკაში.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“.

სსრკ მინისტრთა საბჭოს უმაღლესი საატესტაციო კომისიის წევრი; მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი; საქართველოს სსრ IV-VI, VIII და სსრკ IX-XI მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კპ ცკ-ის წევრი. სხვადასხვა დროს ევგენი ხარაძე დაჯილდოებულია: შრომის წითელი დროშის ორდენით (1951), 4-ჯერ ლენინის ორდენით (1955, 1961, 1966, 1977 წლებში), ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1971), ხალხთა მეგობრობის ორდენით (1987), ღირსების ორდენით (1997).

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ევგენი ხარაძის ძმა იყო მათემატიკოსი არჩილ ხარაძე.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზოგადი ასტროფიზიკის კურსი, თბ., 1960;
  • ასტრონომია, თბ., 1950;
  • ასტრონომიის საფუძვლები, [ტ] 1-2 თბ., 1971-1974;
  • Каталог показателей цвета 14000 звезд и исследование поглощения света в Галактике на основе цветовых избытков звезд;
  • მზე. მეცნიერულ-პოპულარული სერია, თბ., გვ 184. წ. 1940.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 436.
  • Развитие астрономии в СССР. — Москва: Наука, 1967;
  • Мгалоблишвили Л.И. Три президента Академии наук Грузии: Штрихи к портретам Н.И. Мусхешвили, И.Н. Векуа, Е.К. Харадзе. — Москва: Наука-М, 2003.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. როგორ გამოიყურება "გინესის" წიგნში შესატანი სოფელი-მუზეუმი ფარცხნალში ka. კვირის პალიტრა (14 აგვისტო, 2021). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2024