კობა კობალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კობა კობალაძე
დაბადების თარიღი 7 ივლისი, 1969 (1969-07-07) (54 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი, მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

კობა კობალაძე (დ. 7 ივლისი, 1969, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სამხედრო პირი.

1996 წელს დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი. 1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1986-1987 წლებში მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1987-1989 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში; 1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად; არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ავჭალის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]