როსტომ ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტომ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1943
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 2023 (79 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

როსტომ ლორთქიფანიძე (დ. 16 დეკემბერი, 1943, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 2023) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზის ხარისხში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე დაიბადა თბილისში 1943 წლის 16 დეკემბერს. 1960–1964 წლებში სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტუტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1964–1970 წლებში მუშაობდა კინოსტუდიაში – „ქართული ფილმი“, რეჟისორის ასისტენტად. 1970–1973 წლებში იყო ხალხური შემოქმედების სახლის თეატრისა და კინოს განყოფილების უფროსი (სხვა ცნობით, მეთოდისტი). 1973 წელს კვლავ ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში, ამჯერად, სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1978 წელს დაამთავრა. 1979–1984 წლებში იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს პირადი რეფერენტი (სხვა ცნობით, პირადი მდივანი). 1989 წლიდან არის ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე თბილისის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის დეკანოზი. 1991–1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი კომუნისტური პარტიის სიით.

2009 წელს დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე დაჯილდოვდა მიტრით.[1]

ანტიეკლესიური აზროვნების გამოვლინებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„წმიდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია დეკანოზ როსტომ ლორთქიფანიძის მიერ საერო პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შესახებ, რომლებშიც ვლინდება მისი ანტიეკლესიური აზროვნება. წმიდა სინოდმა განაჩინა: დაინიშნოს სინოდალური კომისია მთავარეპისკოპოს იობის (აქიაშვილი), ეპისკოპოს ანტონისა (ბულუხია) და ეპისკოპოს გერასიმეს (შარაშენიძე) შემადგენლობით, რომელმაც უნდა შეისწავლოს დეკანოზ როსტომ ლორთქიფანიძის საკითხი.[2]

წმინდა სინოდის განჩინება ეხებოდა გაზეთში – „ახალი თაობა“ გამოქვეყნებულ დეკანოზ როსტომის შემდგომ გამონათქვამებს:

ვიკიციტატა
„როგორც გითხარით, დღეს ყველაზე მეტად ხელოვნება მიტაცებს... თბილისში დღეს ნომრიანი თამადები გაჩენილან, მაგრამ ვიცი, რომ საპატიო სამეულში ჯერ კიდევ შევალ... იმაზე მწყდება გული, რომ საქართველოში ქეიფი აღარ არსებობს... ქეიფი აზროვნებაა... რა თქმა უნდა ყოფილა ისე, როდესაც ქალი სერიოზულად მყვარებია და ახლაც მაქვს დარდი აუხდენელი ოცნებისა...ქალი რომელსაც საიდუმლოება დაეკარგება ხაშლამაა... მე ვკვდები, როცა ჩვენები აგებენ ფეხბურთს... მე რეჟისორობა მაქვს აკვიატებული, მაგრამ ფილმს ვერ ვიღებ იმიტომ, რომ ეს დიდ თანხასთანაა დაკავშირებული... მე სამი სცენარი უკვე მიდევს მაგიდაზე-შეიძლება სცენაზე მოვსინჯო, ალბათ რუსთაველის სახელობის თეატრში...[3]

საზოგადოებისთვის უცნობია სინოდალური კომისიის მიერ დეკანოზ როსტომის საკითხის შესწავლის შედეგები.

  • როსტომ ლორთქიფანიძე მონაწილეობდა (პერსონალურად და არა საპატრიარქოს სახელით) „რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონპროექტის“ შემუშავებაში. 2002 წლის მარტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას, თბილისში აჭარის წარმომადგენლობაში გამართულ მორიგ დისკუსიაზე მან გააკეთა რიგი განცხადებებისა, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა:
ვიკიციტატა
„საქართველოში რომ ქრისტიანობაა, კამბოჯაში შეიძლება იყოს და არა საქართველოში. ქრისტიანობა არის ფილოსოფია ჯვარზე ასვლის შესახებ. ჩვენ ის პაჩი-პუჩის და სიყვარულის აპოლოგიად გადავაქციეთ, ტირილად, არ არის ეს ასე მარტივი და არ გვეკადრება ჩვენ ეს. მე შეურაცხყოფილი ვარ. გვჭირდება თუ არა რელიგიის შესახებ კანონი? მე თქვენ გეკითხებით: რა შეკითხვაა ეს? თუ სახელმწიფოს აშენება გვინდოდა, შენება ასეთი კანონის მიღებით და ამოქმედებით უნდა დაგვეწყო, მაშინ არც ამდენი სექტანტი იქნებოდა და არც მკალავიშვილის სადამსჯელო ექსპედიციები მოეწყობოდა. სახელმწიფომ, ოფიციოზმა არ იცოდა და არც დღეს იცის რელიგიის პოლიტიკური დანიშნულება, მაინცდამიანც ბომბების სროლა უნდა დავიწყოთ? უბრალოდ მოხდება ეს ამბავი, თუ პროცესი კიდევ გაჭიანურდება, მე გავხდები მკალავიშვილი და თქვენ ნახავთ, რომ უფრო ცუდ კლიმატს შევქმნი. უფრო ბევრ ხალხს ვიცნობ და უფრო მეტი ძალაც მაქვს.[4]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეაქცია აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უცნობია.

  • 2009 წლის ივნისში გაზეთში „საქართველო XXI“ გამოქვეყნებულ სტატიაში — „კორუფცია საპატრიარქოში“, ჟურნალისტ მარიკა კახიძესთვის მიცემულ ინტერვიუში დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე აღნიშნავდა:
ვიკიციტატა
„ჭკვიანი კაცი ჯერ სამშობლოს ააშენებს და მერე ტაძარს ... გამსახურდიამ საპატრიარქოს 10 მეურნეობა გადასცა, ჯერ კიდევ გაუძარცვავი და ყველა საჭირო ინვენტარით. შევარდნაძის დროს კი კრწანისის მეურნეობა და ხაშმის ღვინის ქარხანა დაემატა. ხაშმის საფერავი საუკეთესოა და იგი ლიტურგიისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, მაგრამ არც მეურნეობები ფუნქციონირებდა და არც ხაშმის საფერავს ვიყენებდით ლიტურგიის დროს. ასე იყო მაშინაც და ასეა დღესაც. მეურნეობებს ეკლესიის ეკონომიური და სულიერი გაძლიერებისათვის უნდა შეეწყო ხელი და მღვდლების სოციალური და ყოფითი პირობების დაკმაყოფილებასაც უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. მღვდელი აბსოლუტურად მინდობილია ბედისწერას. მღვდელს, თუ მრევლმა არ მისცა საარსებო წყარო - მოკვდება, მრევლის შემოწირულობაზეა დამოკიდებული. მღვდელიც ადამიანია, ცხოვრების მინიმალური მოთხოვნილებები მაინც ხომ უნდა დაიკმაყოფილოს, ამიტომაც ბევრი ტურად ან წურბელად გადაიქცა, რაც ერში ხდება, იგივეა ეკლესიაშიც, ვერ მოთხოვთ მავანსა და მავანს მაღალი იდეალების მატარებელი იყოს.[5]

აღსანიშნავია, რომ მღვდელმსახურის ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ, გაზეთმა — „საპატრიარქოს უწყებანი“, დეკანოზ როსტომ ლორთქიფანიძის მიტრით დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა[1]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1976: „ფაცურა“
  • 1985: „ლალე“

სცენარის ავტორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1985: „ლალე“

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]