საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
|
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
|||||||||
|
|||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||
| ჰიმნი „დიდება“ |
|||||||||
| დედაქალაქი | ტფილისი | ||||||||
| ენა | ქართული | ||||||||
| ფართობი | 107.600 კმ2 | ||||||||
| მოსახლეობა | სავარ. 2,500,000 კ. | ||||||||
| მთავრობის თავმჯდომარე | |||||||||
| - 1918 | ნოე რამიშვილი | ||||||||
| - 1918-1921 | ნოე ჟორდანია | ||||||||
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო ენა - ქართული.
სექციების სია |
[რედაქტირება] წინაისტორია
1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.
ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.
1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
[რედაქტირება] დამოუკიდებლობის გამოცხადება
1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნ.ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის ა.ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის, აღწერდა რა მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.
1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”[1], რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:
- ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
- დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
- საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.
[რედაქტირება] სახელმწიფო ხელისუფლება
| საქართველოს ისტორია | |
|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა |
|
| უძველესი ისტორია | |
|---|---|
| დიაოხის სამეფო | |
| კოლხეთის სამეფო | |
| იბერიის სამეფო | |
| ლაზიკა-ეგრისის სამეფო | |
| ძველი და ახალი ისტორიები | |
| ტაო-კლარჯეთის სამეფო | |
| აფხაზეთის სამეფო | |
| ჰერეთის სამეფო | |
| ქართლის სამეფო | |
| კახეთის სამეფო | |
| იმერეთის სამეფო | |
| ქართლ-კახეთის სამეფო | |
| სამცხე-საათაბაგო | |
| ერთიანი ქართული სახელმწიფო | |
| რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში | |
| უახლესი ისტორია | |
| საქართველოს დრ | |
| საქართველოს სსრ | |
| საქართველოს რესპუბლიკა | |
| საქართველო | |
|
საქართველოს პორტალი |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:
- მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი.
- საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი.
- შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი.
- სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრ. გიორგაძე.
- ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გ. ჟურული.
- იუსტიციის მინისტრი - შ. ალექსი-მესხიშვილი.
- სახალხო განათლების მინისტრი - გ. ლასხიშვილი.
- მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნ. ხომერიკი.
- მიმოსვლის გზების მინისტრი - ი. ლორთქიფანიძე.
1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.
[რედაქტირება] საშინაო მდგომარეობა
არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.
ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, პირველ რიგში - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.
[რედაქტირება] საგარეო მდგომარეობა
[რედაქტირება] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება
ერთ–ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე–ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე–იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე–ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).
სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
- თურქეთი – 1918 წლის 3 ივნისი
- გერმანია – 1918 წლის 10 ივნისი
- ავსტრია – 1918 წლის 18 ივნისი
- არგენტინა – 1919 წლის 15 სექტემბერი
- იტალია – 1920 წლის 12 იანვარი
- საფრანგეთი – 1920 წლის 12 იანვარი
- დიდი ბრიტანეთი – 1920 წლის 12 იანვარი
- იაპონია – 1920 წლის 7 თებერვალი
- ჩეხოსლოვაკია – 1920 წლის 8 აპრილი
- რუსეთი – 1920 წლის 7 მაისი
- ბელგია – 1920 წლის 26 აგვისტო
- პოლონეთი – 1921 წლის 28 იანვარი[2]
[რედაქტირება] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება
მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.
მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე–იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):
- თურქეთი – 1918 წლის 3 ივნისი
- რუსეთი – 1920 წლის 7 მაისი
- გერმანია – 1920 წლის 24 სექტემბერი
- შვეიცარია – 1920 წელი
- ბელგია – 1921 წლის 27 იანვარი
- საფრანგეთი – 1921 წლის 27 იანვარი
- ინგლისი – 1921 წლის 27 იანვარი
- იტალია – 1921 წლის 27 იანვარი
- იაპონია – 1921 წლის 27 იანვარი
- ავსტრია – 1921 წლის 17 თებერვალი
- რუმინეთი – 1921 წლის 18 თებერვალი
- ჰაიტი – 1921 წლის 9 მარტი
- ლიბერია – 1921 წლის 28 მარტი
- მექსიკა – 1921 წლის 14 აპრილი
- პანამა – 1921 წლის 26 აგვისტო
- სიამი – 1921 წლის 20 ნოემბერი
- ლუქსემბურგი – 1922 წლის 23 თებერვალი[3]
[რედაქტირება] ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია
1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.
გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია
- საქართველოს ეროვნული საბჭო
- საქართველოს დამფუძნებელი კრება
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ აქტი შემდგომ, დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს.
- ↑ საქართველოს ისტორია, XX საუკუნე,(რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 76–77
- ↑ საქართველოს ისტორია, XX საუკუნე,(რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 77
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- თენგიზ ვერულავა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – Democratic Republic of Georgia (1918-1921 წწ.). სტატიების, ნაშრომების კრებული. ინტერნეტ ბლოგ-ჟურნალი „ბურუსი“.;
- ჯამბულ ანჩაბაძე (2010-02-15). „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი“. მატიანე - ლევან რამიშვილის ბლოგი საქართველოს ისტორიის შესახებ. ;
- საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლებში. საბავშო ისტორია. children.wanex.net.;
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921. ფოტოქრონიკა. ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი.;
- 1919-1921 წწ. პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში. ისტორია-1919-1921. საქართველოს ეროვნული ბანკი.;
- დაზმირ ჯოჯუა, ტარიელ ფუტკარაძე. საქართველო 1918-21 წლებში (html). ისტორიული ნარკვევი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დეპუტატთა კლუბი-28 ოქტომბერი”.;
- ხათუნა თოდაძე. საქართველო XX საუკუნის დასაწყისში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (pdf). სტატია. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დეპუტატთა კლუბი-28 ოქტომბერი”.;
- თამარ ლობჯანიძე. საქართველოს ოკუპაცია 1921 წ. (pdf). ნარკვევი. საქართველოს პარლამენტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.;
- საქართველოს კონსტიტუცია (pdf). სრული ვერსია (1918–1921 წლები). სპებ, ციფრული ბიბლიოთეკა.;
- საქართველოს კონსტიტუცია (pdf). არსრული ვერსია - საკვანძო მუხლები. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დეპუტატთა კლუბი-28 ოქტომბერი”.;
- А. Ю. Безугольный, Демократическая республика Грузия и ее вооруженные силы. 1918-1921 гг.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნინო ვაშაყმაძე, ირაკლი ბარამიძე კარლ კაუცკი საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ (1918-1921 წწ.). — ბათუმი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, 2007. — ტომი: II. — გვ. 126-135. — ISBN 1987-524X