საქართველოს სახელმწიფო გერბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს სახელმწიფო გერბი

საქართველოს სახელმწიფო გერბი

მცირე სახელმწიფო გერბი

მცირე სახელმწიფო გერბი

დეტალები
დამტკიცდა

1 ოქტომბერი, 2004

გვირგვინი

ივერიული (ქართული) გვირგვინი

ფარი

მეწამული, ზედ ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი

ფარმჭერები

ორი ოქროს ლომი

დაფუძნება

ვაზის სტილიზებული ორნამენტი, საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა

დევიზი

„ძალა ერთობაშია“
(ქართული მხედრული ანბანით)

საქართველოს სახელმწიფო გერბისაქართველოს სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 10 ოქტომბრიდან (მიღებულია პარლამენტის მიერ და ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის 1 ოქტომბერს)[1][2]. სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი. თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი იმეორებდა ბაგრატიონთა საგვარეულო გერბის კონცეფციას და გამომსახველობას, თუმცა მრავალი განხილვის (სახალხო, თუ საპარლამენტო) შემდეგ, გერბის ძირითადმა ნაწილმა მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: წმინდა გიორგის ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ ფარზე[3]. 2004-2005 წწ ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯის რეკომენდაციებით მოხდა გერბის დახვეწა და ჩამოყალიბდა საბოლოო, დღევანდელი სახით, რაც პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებებით დაამტკიცა[4].

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორგანული კანონით დადგენილია საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობა, მისი გამოსახვის ფორმები, გამოყენების სფერო, გამოყენებისა და დაცვის წესი, ასევე შექმნილია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით, ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.

სახელმწიფო (დიდი) გერბი[რედაქტირება]

სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

მცირე სახელმწიფო გერბი[რედაქტირება]

მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.

გამოყენების სფერო და წესი[რედაქტირება]

საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“[2], რომლის თანახმადაც:

  1. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირების;
  2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის;
  3. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, საზღვარგარეთ საქართველოს სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების;
  4. საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების;
  5. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტების;
  6. სამხედრო ნაწილების;
  7. სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების);
  8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების;
  9. საქართველოს საერთო სასამართლოების.

ასევე:

  1. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისას;
  2. საქართველოს ფულის ნიშნებზე (ბანკნოტებსა და მონეტებზე);
  3. უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე.

მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება: საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე, სამხედრო ხომალდებზე და სხვა მცურავ საშუალებებზე. ასევე, შემდეგ სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირების, სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე[შენიშვნა 2]:

  1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების;
  2. ადმინისტრაციული ორგანოების, მათ შორის, რომლებზედაც დელეგირებულია სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.

სახელმწიფო გერბი შესაძლებელია გამოისახოს ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე. კანონით დადგენილია ასევე სახელმწიფო გერბის სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სუბიექტების, ან საწარმო ორგანიზაციების გერბებთან (ჰერალდიკური ნიშნებთან) გამოყენების წესი (განთავსების რიგითობა, ადგილი, ურთიერთზომები). იკრძალება: სახელმწიფო გერბის გამეორება ან საფუძვლად გამოყენება ხსნებული სუბიექტების გერბებისთვის (ჰერალდიკური ნიშნებისთვის); დაზიანებული სახელმწიფო გერბის გამოყენება; ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებისთვის, აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებისა და შემოქმედებით კავშირებისთვის სახელმწიფო გერბის გამოყენება შენობების ფასადზე და ბეჭდებზე. სახელმწიფო გერბის დაცვა ევალებათ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს.

ისტორია[რედაქტირება]

ბაგრატიონების დინასტიის საგვარეულო გერბი

ახალი სახელმწიფო ატრიბუტიკის შექმნაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1992 წლის მოწვევის პარლამენტმა მიიღო[5]. ახალი გერბის შემოღება მოხდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით[1], ახალი სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის მიღების შემდეგ[6][7][8], რაზეც მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი დროებითი სახელმწიფო კომისია, პარლამენტის წევრ ელდარ შენგელაიას თავმჯდომარეობით. აღნიშნულმა კომისიამ ჩაატარა „სახელმწიფო გერბის და გერბის დევიზის პროექტების“ კონკურსი, სადაც სახელმწიფო გერბის გამარჯვებულ ავტორად მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე დასახელდა, ხოლო დევიზისა - ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი (ორივე ავტორი საერთო გადაწყვეტილებამდე დამოუკიდებლად მივიდა)[5][8].

კონკურსში გამარჯვებული ვარიანტი

გერბის პროექტის პირველი ვარიანტი, ეფუძნებოდა მემკვიდრეობითობის პრინციპს და ავტორის განცხადებით ეხმიანებოდა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ისტორიას, ისე მის დღევანდელობას[5]. ის არსებითად ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გვიანი შუასაუკუნეების საგვარეულო გერბზე იყო აგებული: წარმოადგენდა ოქროს არშიიან, ოქროს ჯვრით გაკვეთილ-გადაკვეთილ ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ოქროს არშიიანი ფარით. მცირე ფარში, ძოწის ველზე გამოსახული იყო მაცხოვრის ვერცხლის (თეთრი) კვართი. სახელმწიფო გერბის პირველ-მეოთხე ნაწილებში, მეწამურ ველზე გამოსახული იყო ვერცხლის ჯვრით დაბოლოებული შუბით, ვერცხლის გველეშაპის განგმირავი ვერცხლის მხედარი, წმინდა გიორგი. ავტორის განმარტებით, წმ. გიორგი განასახიერებდა ქრისტიანულ ტრადიციებს და ქართველი ხალხის მებრძოლ სულს, ის აგრეთვე ერთგვარად „ახმოვანებდა“ გერბს, რადგან საქართველოს ბევრ ენაზე გეორგიად (Georgia) იწოდება. წმ. გიორგის გამოსახულების გამეორება იმით აიხსნა, რომ საქართველოში წმინდანს ხსენებას წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. მეორე ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე, გამოსახული იყო ორი ოქროს ისრით განგმირული ოქროს მთა-ვულკანი, რაც აღმოსავლეთ საქართველოს - იბერიის ისტორიულ სიმბოლოს წარმოადგენდა. მესამე ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე, გამოსახული იყო ოქროს საწმისი - კოლხეთის და საქართველოს ქრისტიანობამდელი კულტურის სიმბოლო. ფარს თავზე ედგა ქართული („ივერიული“) გვირგვინი, ხოლო ფარისმტვირთველები - ოქროს ორი ლომი. ფარის საფუძველი (საყრდენი) გამოსახავდა ვაზის ქართულ, სტილიზებულ ორნამენტს, ჩაწნული სადევიზე ბაფთით. ბაფთაზე მოთავსებული იყო დევიზი („ძალა ერთობაშია“), მხედრული ანბანით.[3][9].

სახელმწიფო გერბი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა 2004 წლის 1 ოქტომბერს „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღებით, რაც იმავე დღესვე იქნა ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ[1].

მანამდე, ამ ყველაფერს წინ უსწრებდა საერთო სახალხო ერთთვიანი განხილვა და შემდეგ, კანონ-პროექტის განხილვები საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პარლამენტში (მაისი-ოქტომბერი)[10], სადაც გამოითქვა არა ერთი მოსაზრება, თუ შენიშვნა (მაგ. ზედმეტი ეკლესიურობა - კვართი; ორი წმ. გიორგის ნაცვლად დარჩენილიყო ერთი; ლომების არაქართული გამომსახველობა; ნაკლი ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით და რომ სახელმწიფო სიმბოლიკა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „ცოცხლად“ უნდა ასახავდეს და ა. შ.), წარმოდგენილ იქნა აგრეთვე უცხოეთის ჰერალდიკური ორაგნიზაციებისა და ჰერალდიკოსების მოსაზრებები სახელმწიფო გერბის გამარჯვებულ პროექტთან დაკავშირებით, რომელთაც მხარი დაუჭირეს პროექტს[11]. საბოლოო ვარიანტად გადაწყდა დარჩენილიყო მხოლოდ წმინდა გიორგის გამოსახულება მეწამულ ფარზე, რაც იქნა კიდეც მიღებული. კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე 2004 წლის 10 ოქტომბერს[2].

2004 წელს მიღებული
2005 წელს შესწორებული

გერბზე მუშაობა მისი მიღების შემდეგაც გაგრძელდა: კონკურსის დამთავრებისა და გამარჯვებულის გამოვლინების შემდეგ, რომელიც 2004 წლის მაისში შედგა, გადაწყდა, რომ გერბის პროექტი სხვადასხვა ქვეყნის ჰერალდიკურ ორგანიზაციებში გადაგზავნილიყო, საქართველოში ჰერალდიკური ტრადიციის და შესაბამისი ბაზის არ ქონის გამო. ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების პერიოდში, ინგლისის ჰერალდიკურმა კოლეგიამ კომისიას წინადადებით მიმართა, გერბის ეტალონზე მუშაობა ინგლისში ჩატარებულიყო. პრეზიდენტთან შეთანხმებით, პროექტის ავტორი ორი კვირის განმავლობაში (11-26 დეკემბერი, 2004 წელი) გერბის ეტალონზე ლონდონში, ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა კოლეჯში (დაარსებულია მე-15 საუკუნეში) მუშაობდა. კოლეჯის მხატვარ-ჰერალდიკოსთა კონსულტაციების და რჩევების საფუძველზე, აგრეთვე ტექნიკური დახმარებით გერბის ავტორმა მამუკა გონგაძემ შექმნა საქართველოს სახელმწიფო გერბის და მცირე სახელმწიფო გერბის ფერითი ეტალონი, საქართველოს სახელმწიფო გერბის კონტურული და დაშტრიხული ეტალონი. სახელმწიფო გერბში შეტანილ იქნა ზოგიერთი არაკონცეპტუალური ხასიათის ცვლილება. კერძოდ: სადევიზე ბაბთა გახდა ორმხრიანი - წინა მხარე დარჩა უცვლელი და თავსა და ბოლოში გამოისახა საქართველოს სახელმწიფო დროშის მცირე ჯვრები, უკანა მხარეს კი გაუჩნდა წითელი-მეწამული ფერი - ამით სახელმწიფო გერბი და სახელმწიფო დროშა სიმბოლურად გაერთიანდნენ; ფარის ფორმა შესწორდა - მიიღო ე. წ. „ევროპული ფორმა“, რაც ტრადიციული იყო საქართველოსთვის; გვირგვინში დაამატეს ვერცხლისფერი თვლები (მარგალიტები); ფარისმტვირთველ ლომებს შეუსწორდათ ენის ფორმა და თვალები; მიღებულ გერბზე ვაზის ორნამენტი ნატურალურად იყო გამოსახული, რაც ჰერალდიკურად გაუმართლებლად მიიჩნიეს და საბოლოო ვარიანტში პოსტამენტი ჩამოყალიბდა ტრადიციული ქართული ორნამენტის „ვაზის წნულის“ სახით. მასზე გამოისახა ვაზის ოქროს ფოთოლი[12][13].

აღნიშნული და სხვა, იურიდიული ხასიათის შესწორებების გათვალისწინებით[14], პარლამენტმა შეიტანა ცვლილება ორგანულ კანონში (სულ სამი)[4], რითაც მიღებულ იქნა სახელმწიფო გერბის საბოლოო მიმდინარე ვერსია.

საქართველოს ძველი სახელმწიფო გერბები[რედაქტირება]

  • საქართველოს (რესპუბლიკის) გერბი (1990-2004):

გერბი შემოღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით 1990 წლის 14 ნოემბრის „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის [15] საფუძველზე, რომლითაც არსებითად აღადგინეს 1918-21 წლებში არსებული სახელმწიფო გერბი[შენიშვნა 3] 1990 წლის 28 დეკემბრის მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფო გერბის დებულების დამტკიცების თაობაზე“ კანონი, რომელმაც განსაზღვრა ახალი გერბის აღწერილობა და გამოყენების წესი:[შენიშვნა 4]

ვიკიციტატა
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი არის ეროვნული ოქროსფერი ჩუქურთმით შემოსაზღვრული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელსაც ორნამენტში ქიმების გასწვრივ ჩაწნული აქვს შვიდი შავარშიანი თეთრი ბოლნური ჯვარი. როგორც ჯვრების, ასევე ვარსკვლავის ქიმების შიდა ველები ქართული წითელი ფერისაა (შინდისფერია).

ვარსკვლავის გულზე მოთავსებულია მრგვალი ქართული ფარი ქართული წითელი ფერის (შინდისფერი) ველით, რომელზეც გამოსახულია ოქროსფლოქვებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი. მას მარჯვენა ხელში საბრძოლოდ შემართული ვერცხლისპირიანი ოქროს შუბი უპყრია, ხოლო მარცხენაში – ოქროსზოლიანი ფარი. თეთრ გიორგის აცვია ალისფერი შარვალი და ოქროსფერი წაღები, შემოსილია ვერცხლისფერუჯრედებიანი ცისფერი ჯავშნითა და თეთრი მოსასხამით, ჯავშნის ქვეშ მოუჩანს ყავისფერი (მიხაკისფერი) ტყავის პერანგი. თეთრი გიორგის ცხენს უნაგირის ქვეშ დაფენილი აქვს ვეფხვის ტყავი, უნაგირი ოქროსია, ხოლო უზანგი – ვერცხლისა. თეთრი გიორგის თავს ზემოთ რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია. ვარსკვლავის მარჯვნივ არის ვერცხლისფერი მთვარე, ხოლო მარცხნივ – ოქროსფერი მზე, მთვარისა და მზის გასწვრივ ორ-ორი რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია.

თეთრი გიორგის ცხენს ქვემოთ შავი ფერით გამოსახულია მთის მწვერვალი.“
  • საქართველოს სსრ გერბი (1921-1990):

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საქართველოს სსრ რევკომის მიერ, 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით „საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის გერბისა და დროშის შესახებ“, შემოღებულ იქნა ახალი სახელმწიფო გერბი, შემდეგი აღწერით:

ვიკიციტატა
„წრიულ წითელი ველი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია კაშკაშა ხუთქიმიანი ვარსკვლავი სხივებით განფენილი მთელ ველზე; ქვემოთ - ცისფერ-იასამნისფერი დათოვლილი ქედია, მარჯვენა მხარეს - ოქროსფერი ხორბლის თავთავები და მარცხენაზე - ოქროსფერი ვაზი ყურძნის მტევნებით. თავთავები და ვაზი ქედის ძირში, ველის ქვედა ნაწილში, ერთმანეთზეა გადაგრეხილი. ველის შუაში დიდი ადგილი უკავია ოქროსფერ ნამგალსა და უროს, რომელიც ზემოთ ვარსკვლავს ებჯინება და ქვემოთ - ქედის მწვერვალს, გვერდებზე კი - თავთავებსა და ვაზს. ველის გარშემო წარწერაა სამ ენაზე - ქართულად, რუსულად და ფრანგულად: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“. გერბი გარშემორტყმულია ქართული სტილის ორნამენტებით.“
(დეკრეტის მე-2 მუხლი[18])

გერბის ავტორები არიან: ძველი გერბის ავტორი, გრაფიკოსი და თეატრის მხატვარი იოსებ შარლემანი და მისი მეგობარი, მხატვარი აკადემიკოსი ევგენი ლანსერე. გერბში გამოყენებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის მოტივი (ქართულ სტილში ორნამენტირებული შვიდ-ქიმიანი ვარსკვლავი) და ცენტრალურ ნაწილში - საბჭოთა სიმბოლიკა (ნამგალი და ურო), თავთავები და ვაზი კავკასიონის ფონზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1922-24 წლების საქართველოს და ასფსრ ფულად ნიშნებზე (ავტ.: ი. შარლემანი და ტერ-მიქოელიანი) გამოყენებული გერბის ორნამენტირებული ვარსკვლავი თითქმის ძველი გერბის (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის) იდენტურია, მხოლოდ ხუთ-ქიმიანია. გერბი უცვლელი დარჩა I კონსტიტუციის მიღების შემდეგაც (28 თებერვალი, 1922)[18].

1937 წელს საქართველოს სსრ II კონსტიტუციის მიღებისას, რაც გამოწვეული იყო ამიერკავკასიის სფსრ-ს დაშლით და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უშუალო გაერთიანებით, შეიქმნა სპეეციალური კომისია, რომელმაც გერბის ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა. კომისიის აზრით გერბზე უნდა დამატებულიყო რესპუბლიკის სახელი, წითელი ვარსკვლავი (ჩაანაცვლა ძველი), ხოლო თავთავებსა და ვაზს შორის - ციტრუსი და ჩაი. ჩანს, მაშინვე მოხდა ფრანგული ტექსტის ამოღებაც. 1956 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის დებულების შესახებ“, რომლითაც დაზუსტდა გერბის აღწერილობა და დადგენილ იქნა გამოყენების წესი:

ვიკიციტატა
„საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბი შედგება წითელი წრიული ველისგან, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია კაშკაშა ხუთქიმიანი ვარსკვლავი სხივებით განფენილი მთელ ველზე; ქვემოთ - ცისფერი დათოვლილი ქედია; მარჯვენა მხარეს - ოქროსფერი ხორბლის თავთავებია და მარცხენაზე - ოქროსფერი ვაზი ყურძნის მტევნებით. თავთავები და ვაზი ქედის ძირში, ველის ქვედა ნაწილში, ერთმანეთზეა გადაგრეხილი. ველის შუაში დიდი ადგილი უკავია ოქროსფერ ნამგალსა და უროს, რომელიც ზემოთ ვარსკვლავს ებჯინება და ქვემოთ - ქედის მწვერვალს, გვერდებზე კი - თავთავებსა და ვაზს. ველის გარშემო წარწერაა ორ ენაზე - ქართულად და რუსულად: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“. გერბი გარშემორტყმულია ქართული სტილის ორნამენტებით.“
(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 159)

1978 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც იმავე წლის 24 აპრილს პრეზიდიუმმა გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ“[19], რომლითაც შემოღებულ იქნა გერბის ახალი გამოსახულება, ხოლო 1981 წლის 18 ივნისის ბრძანებულებით[20] – „საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის დებულების“ ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც ძველ გერბზე დამატებულ იქნა მხოლოდ წარწერა «საქ. სსრ»[18][21].

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი (1919-1921):

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი, მიღებული დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წელს. გერბი შექმნილია საქართველოში მოღვაწე მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ, ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით [22]. გერბი წარმოადგენს ქართულ (მრგვალ) ფარს, რომელიც მოთავსებულია ქართულსავე, ორნამენიტრებულ 7-ქიმიან ვარსკვლავში. ფარზე, დაბლა გამოსახულია შავ ფერში მთა (კავკასიონი), რომელზეც თეთრი მხედარია აღმართული, შეყენებულ თეთრსავე რაშზე (წმინდა გიორგი). თუმცა მას არ აქვს ტრადიციული შარავანდედი თავზე[შენიშვნა 5] და ის არავის ებრძვის (მაგ. გველეშაპს) - როგორც თავისუფალი, მშვიდობიანი სახელმწიფოს სიმბოლო. არსებულა კიდევ, „კლდეზე მიჯაჭვული ამირანის“ კომპოზიციის ვერსიაც, თუმცა მას არ გაუმარჯვია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნოე ჟორდანია, მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარე, შემდეგს იხსენებს:

ვიკიციტატა
„სოც.-დემ. ფრაქციაში პირველი დიდი დავა აგვიტყდა რესპუბლიკის ემბლემის შესახებ. ირ. წერეთელმა წამოაყენა მიჯაჭვული პრომეთეის ნაციონალურ ემბლემათ გამოცხადება; მე ეს არ მომეწონა, შევედავე. მთავარი ჩემი არგუმენტი ის იყო, რომ ტყვე, შებოჭილი პრომეთეი სრულიად არ შეესაბამება აშობილ, განთავისუფლებულ ქართველ ერს. მე წამოვაყენე ამ აზრის გამომხატველი თეთრი გიორგი, ცხენზე კოხტად შემჯდარი და ცის სივრცეში თავისუფლათ მარდათ მფრინავი. ბევრი კამათის შემდეგ გავიდა ეს წინადადება. მისი მოწინააღმდეგენი ასაბუთებდნენ თავის აზრს იმით, რომ თეთრი გიორგი იგივე წმინდა გიორგია, ეს კრელიკალიზმია, უკან დაბრუნებაა, საკლესიო ემბლემის რესპუბლიკის ემბლემათ გამოცხადებაა და სხ. ამათი აზრიც მივიღეთ სახეში და თეთრ გიორგის წმინდა გიორგის ყველა ნიშანი ჩამოვაშორეთ.“
(ნოე ჟორდანია[23])

გერბი რესპუბლიკის სიმბოლო იყო საქართველოს გასაბჭოებამდე, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინსიგნია ემიგრაციაში.

Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg
საქართველოს სახელმწიფო გერბი (1990-2004)
Emblem of the Georgian SSR.svg
საქართველოს სსრ–ს სახელმწიფო გერბი (1921-1990)
Emblem of the Transcaucasian SFSR (1923–1924).svg
ასფსრ-ს სახელმწიფო გერბი - გამოსახულება მანეთზე (1922-1936)
Emblem of the Georgian SSR (1921-1922).svg
საქართველოს გერბი გასაბჭოების შემდეგ - გამოსახულება მანეთზე (1921-1922)
DR of Georgia COA 1918.JPG
გერბის გამოსახულება მანეთზე (1918)
Georgia COA 1918-1921.png
საქართველოს სახელმწიფო გერბი (1918-1921)

საინტერესო ცნობები[რედაქტირება]

  • 2004 წელს ახალი სახელმწიფო გერბის მიღებისას, კონკურსში არ იქნა გათვალისწინებული ფულადი ჯილდო[5].
  • სახელმწიფო გერბის პროექტში გამარჯვებული გერბის პირველი ვარიანტი, საბოლოოდ საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტს (ავტ. მამუკა გონგაძე)[24][25].
  • 2004-2005 წწ საქართველოს სახელმწიფო გერბი, ბრიტანეთის ჰერალდიკოსების კოლეჯის რეკომენდაციებით დაიხვეწა (სადევიზე ბაბთა გახდა ორმხრიანი - წინა თეთრი მხარის ბოლოებზე გამოისახა სახელმწიფო დროშის მცირე მეწამული ჯვრები, უკანა მხარეს კი გაუჩნდა წითელი-მეწამული ფერი; ფარის ფორმა შესწორდა ე. წ. „ევროპული ფორმაზე“; გვირგვინში დაემატა მარგალიტები; ფარისმტვირთველ ლომებს შეუსწორდათ ენის ფორმა და თვალები; ვაზის პოსტამენტი ორნამენტი ნატურალური გამოსახულებიდან აგდაკეთდა „ვაზის წნულზე“, ცენტრში ვაზის ოქროს ფოთლით)[12][13].
  • 1990 წელს მიღებული სახელმწიფო გერბი გამოცხადებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მას იცავს კანონი [26].
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბზე, ცენტრში, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა - მეწამული ფარი წმინდა გიორგის თეთრი გამოსახულებით, თანახმად საქართველოს კონსტიტუციური კანონისა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“[27][28].

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ასანიშვილი, გიორგი. პარლამენტმა ქვეყანას ახალი სახელმწიფო გერბი „აჩუქა“ // გაზ. 24 საათი. 2 ოქტომბერი, 2004. N234(783). - გვ.A2;
  • სილაგაძე, აპოლონ. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა : [საქართველოს დროშა და გერბი]. - თბ., 1999 (გაზ. „სვობოდნაია გრუზია“-ს საგამომც. ცენტრი). - 32გვ. ; 20სმ.. - ნაშრომი ეძღვნება სახელმწიფო სიმბოლიკის საკითხს და მასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ პრობლემას - ტრადიციული ქართული სიმბოლიკის დადგენას
  • გამსახურდია, სვიმონ; შოშიაშვილი, ნოდარ; ხიდურელი, ზაზა (1990). საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები. თბილისი: „მერანი“, გვ. 38. 
  • (1991) საქართველოს დროშები და გერბები ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, საქ. რესპ. მეცნ. აკად., გეოგრაფიისა და გეოეკოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი: „სამშობლო“, გვ. 40. 
  • ფუტკარაძე, ი. (1981). სახელმწიფო წესწყობილება. ტომი: „საქართველოს სსრ“, ქსე. თბილისი: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი, გვ. 360. ;
  • ლომაშვილი, ფარნაოზ (2000). საქართველოს ისტორია IX, პირველი გამოცემა, ისტორიის სახელმღვანელო, თბილისი: „გამომცემლობა განათლება“. ISBN 99928-54-36-7. ;
  • ჟორდანია, ნოე [პარიზი, 1953] (1990). ჩემი წარსული (მოგონებანი), პირველი გამოცემა, ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი: „სარანგი“. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

შენიშვნა[რედაქტირება]

  1. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ჩამოთვლილი ორგანოების შენობების ფასადზე და სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში.
  2. ამ ორგანოების შენობებსა და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.
  3. იმ განსხვავებით, რომ გერბის ვარსკვლავი ნაკლებ ორნამენტირებულია.
  4. 1997 წ 14 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ' საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონი „'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე' და 'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე' საქართველოს რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც ადრე მიღებული კანონები შესაბამისობაში მოვიდა ახალ კონსტიტუციასთან.
  5. წმინდა გიორგის იდეას წინააღმდეგობა შეხვედრია და შედეგად წმინდანის ყველა ატრიბუტი ჩამოაშორეს (ჟორდანია 1990).

წყარო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს პარლამენტის სხდომა, 1 ოქტომბერი, 2004. საქართველოს პარლამენტი - საპარლამენტო კალენდარი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი. წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“
  3. 3.0 3.1 Грузия, Государственная символика
  4. 4.0 4.1 საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ". საქართველოს პარლამენტი - კანონმდებლობა. საქ. პარლამენტის ვებ-საიტი. წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 საინფორმაციო გამოშვება/2004, 21 მაისი. საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-05-21). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  6. საინფორმაციო გამოშვება/2004, 14 იანვარი. საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-01-14). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  7. საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ". საქართველოს პარლამენტი - კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-01-14). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  8. 8.0 8.1 საინფორმაციო გამოშვება/2004, 20 მაისი. საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-05-20). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  9. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის სხდომის ოქმი #5. საქართველოს პარლამენტი - კომიტეტის სხდომები. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-05-24). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  10. საძიებელი სიტყვით საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ ნაპოვნია 31 დოკუმენტი. საქართველოს პარლამენტი - ძიება. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (ძიება შესრულებულია 2010-12-21). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  11. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი #14. საქართველოს პარლამენტი - კომიტეტის სხდომები. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-09-24). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  12. 12.0 12.1 საინფორმაციო გამოშვება / 2005, 27 მაისი. საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2005-05-27). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  13. 13.0 13.1 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის სხდომის ოქმი #41. საქართველოს პარლამენტი - კომიტეტის სხდომები. საქ. პარლამენტის ვებ-საიტი (2005-06-02). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  14. საინფორმაციო გამოშვება / 2005, 3 ივნისი. საქართველოს პარლამენტი - პრესცენტრის დაიჯესტი. საქ. პარლამენტის ვებ-საიტი (2005-06-03). წაკითხვის თარიღი: 2010-12-21.
  15. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები: 1990 წ., №11, მუხ. 294; შეტანილია ცვლილება საქართველოს 14 ნოემბერი, 1997(1997-11-14) №1087-Iს ორგანული კანონით.
  16. დებულება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ, მუხლი 1.
  17. Cовременная Грузия
  18. 18.0 18.1 18.2 Гербы Советской Грузии
  19. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., N 4, მუხ. 68.
  20. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., N 6, მუხ. 108.
  21. ფუტკარაძე 1981: 39
  22. ლომაშვილი 2000: 124
  23. ჟორდანია 1990: 105-106.
  24. საქართველოს პრეზიდენტი 51–ე საჯარო სკოლის მე–10 კლასელს ინტერვიუს აძლევს (PHP). საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტოსურათი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-საიტი (2009-09-14). წაკითხვის თარიღი: 2010-12-22.
  25. სტატიიდან „მიხეილ სააკაშვილი: ახალი დანიშვნები ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო დავუახლოვდებით ევროპას“ (JPEG image). მთავარი » ახალი ამბები » საქართველო: სტატია და ფოტოსურათი. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-საიტი. წაკითხვის თარიღი: 2010-12-22.
  26. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“: მუხლი 11, პუნქტი 2;
  27. საქართველოს კონსტიტუციური კანონი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ". კანონი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-07-01). წაკითხვის თარიღი: 2011-01-16.
  28. აჭარას ახალი გერბი ექნება“, ნიუსი, აჭარის ტელევიზია Adjaratv.Ge. წაკითხვის თარიღი: 2011-01-16. 
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: