ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
Nacmozraoba.jpg
ლიდერი მიხეილ სააკაშვილი[1]
გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი[2]
დაფუძნდა სექტემბერი, 2001[3]
შტაბ-ბინა ლესია უკრაინკას ქ. 1, თბილისი, საქართველო
პოლიტიკური იდეოლოგია ნეოკონსერვატივიზმი
ევროპული აკრედიტაცია EPP-ს ასოცირებული წევრი
საერთაშორისო აკრედიტაცია IDU-ს სრული წევრი
ფერები         
ვებგვერდი http://www.unm.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — მოქალაქეთა უდიდესი მოქმედი პოლიტიკური პარტია საქართველოში, მმართველი პარტია 2004 წლიდან. თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დაფუძნდა 2001 წელს[3][4], ხოლო დღევანდელი რეგისტრაციით არსებობს 2004 წლიდან. პირველი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, ხოლო ხელისუფლებაში მოვიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც თავად იყო. გაერთიანების დეკლარირებული მისიაა თავისუფალ, განვითარებად და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დაფუძნებული ძლიერი საქართველოს მშენებლობა - თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა[5].

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

პოლიტიკური გაერთიანება დაფუძნდა 2001 წელს როგორც „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“ (ხელმძღვანელი: ზურაბ მელიქიშვილი, რეგ. №138, 29.09.2001წ), 2002 წელს მას შეუერთდა 1999 წლიდან არსებული გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ხელმძღვანელი: მირიან მირიანაშვილი) და ეწოდა სახელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2004 წელს კვლავ განიცადა სარეგისტრაციო ცვლილება, ძველი პარტია ამორიცხულ იქნა რეესტრიდან და ხელხლა დარეგისტრირდა (რეგისტრაციის №181, 10.12.2004წ)[4].

2002 წელს შექმნა ბლოკი კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან ერთად. ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. ამ უკანასკნელთან პოლიტიკური გარიგების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით. თუმცა ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „თავისუფალ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია) და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.

საპროტესტო აქციები ვარდების რევოლუციით დასრულდა, რამაც კვლავ გაზარდა პარტიის ავტორიტეტი, ხოლო მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96%-ით. ამავე დროს ერთ პარტიად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობა და „თავისუფალი დემოკრატები“. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. ამ დროს პარტიის პოპულარობის პიკი იყო.

იმავე წლის გაზაფხულზე ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა. ამას ხელი არ შეუშლია ნაციონალური მოძრაობისთვის მოეგო 2005 წლის შუალედური არჩეევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

2007 წელს პარტიას გამოეყო წევრთა ჯგუფი, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. ამის მიუხედავად პარტიამ წარმატება მოიპოვა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა მისი კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, კვლავ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 53%-ით. იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ნაციოონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმათა 59,18% და კვლავ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში.[6]

2008 წლის შემოდგომაზე ნაციონალური მოძრაობა კვლად დატოვა წევრთა ჯგუფმა. ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ნინო ბურჯანაძის მეთაურობით. ეს უკანასკნელი არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ 2004 წლიდან მჭიდროდ ასოცირდებოდა მასთან. ხოლო მეორე ნაწილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მთაურობით შექმნა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. 2009 წელს ნაციონალურ მოძრაობასთან ადრე ასოცირებულმა კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შექმნა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები.

ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით მიიღო ხმათა 74%, ხოლო თბილისში ხმათა 52%. პარტიის კანდიდატი, გიგი უგულავა გახდა ქალაქ თბილისის პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი.

[რედაქტირება] პოლიტიკური პლატფორმა

პარტიის მიერ მიღებული ხმების ბოლო საპარლამენტო არჩევნებში

ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. ის აქტიურად ეწევა პატრიოტიზმის იდეოლოგიურ პროპაგანდას (პროგრამები: „პატრიოტი“, „პატრინოტი“, „ტაძარი“). პარტიას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება.

საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებია: სახელმწიფო ინსტიტუტების რადიკალური რეფორმები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა, საბაზრო ეკონომიკა, ქვეყნის მოდერნიზაცია. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.

[რედაქტირება] ორგანიზაციული სტრუქტურა

ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურულ დაყოფას არეგულირებს 2004 წელს მიღებული წესდება.

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა. იგი ორ წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანებას პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. პოლიტიკური საბჭო ანგარიშვალდებულია ყრილობისა და თავმჯდომარის წინაშე. პარტიის უმაღლესი თანამდებობა თავმჯდომარეობაა. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. ჩვეულებრივ, პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ ლიდერები. თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია.

პარტიული სტრუქტურის ყველაზე ქვედა რგოლი პირველადი ორგანიზაციაა, შემდეგია ზონალური და რაიონული ორგანიზაციები. პარტიაში ძირითადი ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია. პარტია ამაყობს იმ საერთაშორისო კავშირებით, რომელიც ევროპის წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან დაამყარა, მათ შორისაა: ევროპის სახალხო პარტია (ქრისტიან-დემოკრატები), ჰოლანდიის ლიბერალური პარტია და სხვა. ის აქტიურად თანამშრომლობს IRI-სა და NDI-ს წარმომადგენლობებთან საქართველოში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი: «საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები» CIPDD, 2006 ISBN 90-5972-113-6

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ჩვენს შესახებ - თავმჯდომარე. ბიოგრაფია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. წაკითხვის თარიღი: 2010-08-06.
  2. ჩვენს შესახებ გენერალური მდივანი. გენ-მდივანის ბიოგრაფია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. წაკითხვის თარიღი: 2010-08-06.
  3. 3.0 3.1 პარტია - ფინანსური ანგარიში. აუდიტორული დასკვნა > ზოგადი ინფორმაცია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. წაკითხვის თარიღი: 2010-08-06.
  4. 4.0 4.1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რ ე ე ს ტ რ ი (.pdf). საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 2010-04-21.
  5. პარტია მიზნები და მისია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. წაკითხვის თარიღი: 2010-08-06.
  6. ცესკომ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე