ფილიპე მახარაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახარაძე.
ფილიპე მახარაძე
Филипп Махарадзе.jpg
დაბ. თარიღი 9 მარტი, 1868
დაბ. ადგილი გონებისკარი
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი, 1941
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება ვარშავის ვეტერინარული ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
რელიგია ათეისტი
პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
ძირითადი იდეები ბოლშევიზმი, ნაციონალ-უკლონიზმი
მამა ესე მახარაძე

ფილიპე მახარაძე (დ. 9 მარტი, 1868; — გ. 10 დეკემბერი, 1941) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბავშვობა და განათლება[რედაქტირება]

ფილიპე მახარაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ფაშარში, (კარისყურეში). ესაა ამჟამინდელი სოფელი გონებისკარი, სადაც შემორჩენილია სახლი, რომელშიც ფილიპე მახარაძე დაიბადა. მის მამას, მღვდელ ესე მახარაძეს განათლება ჰქონდა მიღებული, ამიტომ 10 წლის ფილიპე 1877 წელს მშობლებმა სასწავლებლად მიაბარეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს იქ სწავლობდნენ ეგნატე ნინოშვილი და სილიბისტრო ჯიბლაძე. 1884 წელს, მახარაძე გადავიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. იქ მან მოსწავლეთა გაფიცვაში მიიღო მონაწილეობა და სემინარიიდან რიცხავდნენ, მაგრამ ინსპექტორის თავდებობით დატოვეს სემინარიაში. 1889 წელს მახარაძე გადავიდა სემინარიის უკანასკნელ მე-6 კლასში, მას დაუწერეს ნიშანი 4 და დაუხშეს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. მახარაძემ რამდენიმე სხვა სტუდენტთან ერთად გაგზავნა საბუთები ვარშავის ვეტერიანრულ ინსტიტუტში, საიდანაც მიიღო დადებითი პასუხი ჩარიცხვის შესახებ და 1891 წის აგვისტოშიგემ „პუშკინით“ ოდესიდან ვარშავაში გაემგზავრა.

ვარშავაში ის გაეცნო „შრომის განთაისუფლების“ ჯგუფის მუშაობას, გაეცნო მარქსიზმისა და სოციალ-დემოკრატიის იდეებს. ინსტიტუტში სწავლა მახარაძეს არ დაუსრულებია. 1891 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და დაიწყო პროპაგანდსტული მუშაობა ვარშავის მუშებს შორის. ის ვარშავიდან საქართველოში აგზავნიდა სოციალ-დემოკრატიულ ლიტერატურას და საკუთარ წერილებს: „მწარე ფიქრები", „წერილები ჩვენი ცხოვრების შესახებ“, „უთავბოლობის ნაყოფი“. 1893 წლის აპრილში ვარშავის ჟანდარმერიამ გაანადგურა ქალაქის არალეგალური წერეები. მახარაძე დააპატიმრეს და მოათავსეს ალექსანდრეს ციტადელში. ორი წლის შემდეგ, 1895 წელს, ის საქართველოში გადაასახლეს.

რევოლუციური მოღვაწეობა[რედაქტირება]

1896-97 წლებში მახარაძე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა სიღნაღის მაზრაში და არალეგალურად ჩადიოდა თბილისში. ის ჩაერთო მესამე დასის საქმიანობაში და დაუახლოვდა სტალინს, ალექსანდრე წულუკიძეს, ლადო კეცხოველს. წულუკიძესთან ერთად მახარაძე 1901 წლის დასაწყისში მუშაობდა ბათუმში, მუშებთან. 1901 წელს თბილისში მონაწილეობა მიიღო პირველი მაისის დემონსტრაციაში, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს. 1902 წელს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა ქუთაისში. იქ წულუკიძესთან ერთად მუშაობდა იმერეთისა და გურიის კომიტეტებთან. 1903 წელს მახარაძემ მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კავკასიის პირველ ყრილობაში, სადაც შეიქმნა კავკასიის საკავშირო კომიტეტი, რომლის წევრადაც ისიც აირჩიეს. ამ პერიოდში ქართულად თარგმნა ლენინის ნაშრომი „სოფლის ღარიბებს“. 1905 წლის დამლევს ის დააპატიმრეს და მოათავსეს მეტეხის ციხეში, საიდანაც 1906 წლის მაისში გაათავისუფლეს. 1906 წელს გაემგზავრა ბერლინში. იქ დაუკავშირდა სერგო ორჯონიკიძეს. 1907 წელს დაბრუნდა თბილისში და მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციურ გამოსვლებში. 1907 წელს მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ „დროსა“ და „თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში“.

რევოლუციური მოღვაწეობისათვის ცარიზმი დევნიდა მახარაძეს და ის არაერთხელ დააპატიმრეს. 1908 წელს გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში სადაც დაჰყო 1911 წლამდე. 1911-13 წლებში იყო დონბასში, 19134-14 წლებში იყო ბაქოში და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩვენ წყაროს“. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მახარაძე დააპატიმრეს და გადაასახლეს ყუბის მაზრაში, 1915 წელს კი გადაასახლეს ბაქოს გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა ქუთაისში, 1916 წელს კი - თბილისში. 1917 წელს იყო გაზეთ „კავკასიელი მუშის“ და „ბრძოლის“ რედაქტორი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ მახარაძე ბოლშევიკურმა ბიურომ გაგზავნა პეტროგრადში აპრილის კონფერენციაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ოქტომბერში მახარაძემ მონაწილეობა მიიღო პარტიის სამხარეო ყრილობის მუშაობაში და შევიდა პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში. 1918 წლის მაისის დამლევს, მენშევიკური მთავრობის დამყარების დროს მახარაძე აღმოჩნდა არარეგალურ მდგომარეობაში. 1919 წელს ის იყო შეიარაღებული აჯანყების მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1919 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ 1920 წლის თებერვალში გაიქცა. ის ფარულად, ოსეთის გავლით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში არალეგალური მუშაობისთვის. 1920 წლის ივნისში მან მოახერხა მოსკოვში კომინტერნის მეორე კონგრესზე გამგზავრება.

ფილიპე მახარაძე, მირ ჯაფარ-ბაგიროვი და ლავრენტი ბერია. 1935 წ.

1921 წლის თებერვალში იყო წითელი არმიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოს ოკუპაციის დროს. 16 თებერვალს დაინიშნა საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ. ამავდროულად ის იყო საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის რეალურად საბჭოთა საქართველოს მმართველი აღმოჩნდა. მახარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს ავტონომიის შენარჩუნებას საბჭოთა კავშირის და არა ამიერკავკასიის სსრ-ს შემადგენლობაში და ამ პოზიციით დაუპირისპირდა სერგო ორჯონიკიძეს. მახარაძეს ქართულ ნაციონალურ-უკლონიზმში დასდეს ბრალი და იმავე წლის 7 ივლისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ამის შემდგომ მახარაძე სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობს იკავებდა: იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1921-23 წწ), ცაკ-ის თავმჯდომარე (1922 წ.), ამიერკავკასიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე (1929-1930 წწ.). 1931 წლიდან მახარაძე გახდა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. ამავე დროს 1936 წლამდე, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლამდე, იყო ამ რესპუბლიკის ცაკის ერთერთი თავმჯდომარე. 1938-1941 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

გარდაცვალების შემდეგ[რედაქტირება]

გარდაიცვალა 1941 წელს. დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში. 1987 წელს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს უცნობმა ტერორისტებმა ააფეთქეს ფილიპე მახარაძის საფლავი. კომუნისტური პარტიის მაშინდელი გენ-მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ბრძანებით საფლავი 12 საათში აღადგინეს[1]თუმცა მოგვიანებით, 1989 წელს ის, მიხა ცხაკაიასა და სილიბისტრო თოდრიასთან ერთად გადაასვენეს ხუდადოვის სასაფლაოზე. მახარაძისა და ცხაკაიას ადგილას 2008-09 წლებში ანა კალანდაძე და ნოდარ დუმბაძე დაკრძალეს.[2]

1934-1989 წლებში მის სახელს ატარებდა ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის რაიონი. ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე, რკინიგზის სადგურის წინ 1958 წლის 21 მარტს დაიდგა მისი ძეგლი, ხოლო 1957 წელს მის მშობლიურ სოფელში გაიხსნა სახლ-მუზეუმი. მუზეუმი ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა სახლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. მახარაძის სახელი დღესაც ეწოდება ერთ-ერთ ქუჩას კურორტ ბახმაროში და სოფელ ფილიპოვკას ჯავახეთში.

პუბლიცისტიკა[რედაქტირება]

მახარაძე ავტორია რამდენიმე ნაშრომისა. მოღვაწეობდა ლიტერატურულ კრიტიკაში. დაწერილი აქვს წერილები „კრიტიკული განხილვა“ (1896), „ხალხური პოეზია და ბ-ნი მელიტონ კელენჯერიძე“ (1897), „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო“ (1904, 1929), „ეგნატე ნინოშვილის დრო, ცხოვრება და შემოქმედება“ (1930), „მაქსიმ გორკი“ (1932), „მხცოვანი მწერალი ვასილ ბარნოვი“ (1934).

მახარაძეს აგრეთე დაწერილი აქვს ბოლშევიკური პარტიის ისტორიასთან დაკავშირებული ნაშრომები: „ამიერკავკასიაში რევოლუციური მოძრაობის ნარკვევები“ (1927) და „რჩევები და ბრძოლა საქართველოში საბჭოთა ძალაუფლებისათვის“ (1928).

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება]

მახარაძე მიეკუთვნებოდა იმ იშვიათ ადრეულ ბოლშევიკთა რიცხვს, რომლებიც სტალინურ წმენდას გადაურჩნენ.

მახარაძე დაქორწინებული იყო მასწავლებელ და რევოლუციონერ ნინო სმოლნიაკოვაზე. სმოლნიკოვას მოწაფეთა შორის იყო ვლადიმერ მაიაკოვსკიც. სმოლნიაკოვა თან ახლდა მახარაძეს 1908 წლის გადასახლებიდან და აგრეთვე რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა. მათი შვილი, არჩილ მახარაძე საბჭოთა ინჟინერ-პოლკოვნიკი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლ. თოიძე, ს. ყუბანეიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 516, თბ., 1983 წელი.
  • ნ. ბარამიძე „საბჭოთა სახელმწიფოს გამოჩენილი მშენებელი“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N145, გვ. 3, — 1956 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]