რეზო ჭეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ჭეიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჭეიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
რეზო ჭეიშვილი
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1933(1933-04-24)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 სექტემბერი, 2015(2015-09-11)[1] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქუთაისი, იმერეთის მხარე, საქართველო
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი და დრამატურგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ცისფერი მთები
ჯილდოები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, რუსთაველის პრემია, პრემია „საბა“ და სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
მეუღლე სოფიო ჩოხელი და მარინა ვერულაშვილი
გავლენა მოახდინეს

რევაზ (რეზო) ჭეიშვილი (დ. 24 აპრილი, 1933, ქუთაისი — გ. 11 სექტემბერი, 2015, ქუთაისი[2]) — ქართველი მწერალი და დრამატურგი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მე-8 საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1959 წელს. სტუდენტობის პერიოდში უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.

1961 წლის ჩათვლით, 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი“ და „საუნჯე“.

სკკპ წევრი 1968 წლიდან.

1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ „განთიადის“ მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. მისი მეცადინეობით ალმანახი (ამას კრემლის ნებართვა სჭირდებოდა) გადაკეთდა ჟურნალად და განთიადი რევოლუციური კატაკლიზმების (1989 წლის 9 აპრილი, 1991-1993 და მომდევნო წლები) დაწყებამდე გამოდიოდა რეგულარულად, სოლიდური მოცულობითა და დიდი ტირაჟით.

თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი „მოწამეთა“, შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი „მწვანეყვავილა“. უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე ორგანო დაიხურა.

1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე.

1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“.

გამოქვეყნებული აქვს მხატვრული წიგნები (ტომეულები, კრებულები და სხვა) მრავალათასიანი (60000) ტირაჟებით ქართულ და უცხო ენებზე. რეზო ჭეიშვილის სცენარების მიხედვით შეიქმნა კინოფილმები: „გათენების წინ“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ბზიანეთი“, „გამოაღეთ ფანჯრები“, „ჭიდაობას რა უნდა“, „ზღვის მგელი“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია), რისთვისაც ჭეიშვილს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია.

რეზო ჭეიშვილი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით. მიღებული აქვს რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოებისა და მთელი შემოქმედებისათვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გამოცემული წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაიმე, ჩემო ვენახო : მოთხრობები - თბ. მერანი, 1987
  • პირველი : [მოთხრობები] - თბ. საბჭ. საქართველო, 1988
  • თხზულებანი : 2 ტომად - თბ. საბჭ. საქართველო, 1989
  • ჩემი მეგობარი ნოდარი! : [მოთხრობა] - თბ. : ნაკადული, 1990
  • რკინის სახკომი : [სერგო ორჯონიკიძე / რედ.: მანანა ასათიანი] - თბ. : მერანი, 1992
  • დალი : რომანი - თბ. მერანი, 1992
  • ყაჩაღები : რომანი / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე, თემურ ამყოლაძე] - [I-ლი გამოც.] - ქუთაისი მოწამეთა, 1995
  • კუდიანი ვარსკვლავი : [რომანი]; ნოველები; ყაჩაღები : [რომანი / რედ.: ლია შარვაშიძე ; მხატვ.: სპარტაკ ცინცაძე] - თბ. : მერანი, 1999
  • სამი რომანი / [რედ.: თემურ ამყოლაძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი საგამომც. ცენტრი, 2003
  • წიფობისთვე / [რედ.: თემურ ამყოლაძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი, საგამომც. ცენტრი, 2003
  • რჩეული ნოველები / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე ; მხატვ.: გიორგი წერეთელი] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2003
  • მესამე გზა : ქუთაისის შესახებ და სხვაც : (გიორგობიდან გიორგობამდე) / [რედ.: ელგუჯა თავბერიძე] - ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2005
  • „ცისფერი მთები“ : [მოთხრობები / მხატვ.: ვახტანგ რურუა] - თბ. : ლაშარელა, 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://historygreatest.com/rezo-cheishvili-georgian-writer-died-at-82
  2. რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა. newpress.ge (11 სექტემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2018.