კობა დავითაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კობა დავითაშვილი
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1971
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 2020 (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ხალხის პარტია
ჯილდოები
საქართველოს ღირსების მედალი
საქართველოს ღირსების მედალი

კობა დავითაშვილი (დ. 31 ივლისი, 1971, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2020,[1] იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავითაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წელს მონაწილეობდა ქართულ–აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტში, მსახურობდა არტილერიის გაერთიანების ოცმეთაურად. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და 2004-2006 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“. 2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე. 2006 წლის ნოემბერში კონსერვატიული პარტიის რიგები დატოვა, მას შემდეგ, რაც იმავე წლის ოქტომბერში ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელშიც დავითაშვილი იღებდა ქრთამს პარტიულ სიაში კანდიდატის შეყვანის სანაცვლოდ.[2]

დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალადობრივად დაშლის დროს ერთ-ერთი დაზარალებულია. ის ფიქრობდა, რომ საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას ორგანიზება ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაუწია.[3]

2007 წლის ივლისში დააარსა „ხალხის პარტია“ და გახდა მისი თავმჯდომარე. საარჩევნო ბლოკ „ეროვნული საბჭოს“ სიით გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (07-06-2008 - 20-06-2008), მაგრამ დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა.[4][5][6] ამავე ბლოკის სიით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. იყო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ (2012-2016).

2013 წელს კობა დავითაშვილმა საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გამო მალე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში. დავითაშვილმა განაცხადა, რომ დატოვებდა პოლიტიკას, თუ ვერ მოაგროვებდა ხმათა 3%-ს. არჩევნებში ხმათა 0,6%-ის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას ტოვებდა.[7]

2017 წელს დაუდგინდა ე.წ. ბეხტერევის დაავადება. 2020 წლის ნოემბერში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაიცვალა 2 დეკემბერს. გარდაცვალების მიზეზი გახდა პოლიორგანული უკმარისობა, მას განუვითარდა სეფსისი და სეპტიური შოკი.[8] დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ნიაბში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში.[9]

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა (7 ნოემბერი, 2021).[3]

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავითაშვილს დარჩა მეუღლე და ხუთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „გარდაიცვალა კობა დავითაშვილი“. 1tv.ge. 2 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. კობა დავითაშვილმა კონსერვატიული პარტია დატოვა. "სივილ ჯორჯია". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-02-23.
  3. 3.0 3.1 „პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა“. რადიო თავისუფლება. 7 ნოემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. ოპოზიციის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს. "სივილ ჯორჯია". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-02-24.
  5. გაერთიანებული ოპოზიცია დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობს და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება". ციტირების თარიღი: 2013-02-24.
  6. გაერთიანებული ოპოზიციის წევრთა უმრავლესობამ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. "ადამიანის უფლებათა ცენტრი". ციტირების თარიღი: 2013-02-24.
  7. დავითაშვილი: ვტოვებ ქართულ პოლიტიკას და გემშვიდობებით ნეტგაზეთი 2013.10.30
  8. „გარდაიცვალა კობა დავითაშვილი“. radiotavisupleba.ge. 2020-12-02. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  9. „კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელ ნიაბში, ტაძრის ეზოში დაკრძალეს“. imedinews.ge. 2020-12-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)