ნიკოლოზ რურუა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ რურუა
ნიკოლოზ რურუა
საქართველო
საქართველოს
საქართველო
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ოქტომბერი, 2008 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ნიკოლოზ გილაური
მემკვიდრე გურამ ოდიშარია

დაბადებული 17 მარტი, 1968
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები GEO Vakhtang Gorgasal Order 3rank BAR.svg ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი

ნიკოლოზ (ნიკა) რურუა (დ. 17 მარტი, 1968. ქ. თბილისი, საქართველო) — იურისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2008 წლის 10 ოქტომბრიდან2012 წლის 25 ოქტომბრამდე. იყო საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის მე-9 მუსიკალურ და 53-ე საშუალო სკოლაში, რომლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-2 მუსიკალურ სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტზე. თეატრალურ ინსტიტუტში სტუდენტობის პარალელურად იღებდა მონაწილეობას ეროვნული მოძრაობის მიერ წამოწყებულ საპროტესტო საქმიანობაში საქართველოში კომუნისტური წყობილების შეცვლისა და საქართველოსათვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მისაღწევად. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როგორც მოხალისე იღებდა მონაწილეობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, რისთვისაც დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

1997-2001 წლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსტეტის სამართალმცოდნეობის სკოლაში. შეერთებულ შტატებში სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის (ACLU) პრაქტიკანტად. 2001 წელს მიენიჭა იურისპრუდენციის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (JD).

2001 წელს რურუა დაბრუნდა საქართველოში და მუშაობას დაიწყო ევროგაერთიანების პროგრამა GEPLAC-ში (სამართლებრივი ანალიზისა და იურიდიული რჩევის ქართულ-ევროპული ცენტრი), სადაც ხელმძღვანელობდა საქართველოს სამეწარმეო სამართლის ნორმების ევროპულ სამეწარმეო სამართლის ნორმებთან ჰარმონიზაციის პროექტს. ამის პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად აარსებს ყოველდღიურ გაზეთ 24 საათს სადაც მუშაობას იწყებს როგორც სამართლებრივი მიმომხილველი და ამავე გაზეთის ყოველკვირეული დამატება „სამართლის” რედაქტორი. 2003 წელს გამოუშვა ესსეებისა და სტატიების კრებული “თავისუფლების კანონი”.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება]

2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

იყო ავტორი იდეისა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების თაობაზე, რისი რეალიზაციაც თანამოაზრეებთან ერთად შეძლო კიდეც 2006 წელს. ამავე წელს თანამოაზრეებთან ერთად უხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.

2009 წელს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღების ინიციატორი.

ნიკოლოზ რურუა და მწერალი რევაზ ჭეიშვილი

პირადი ცხოვრება და ჰობი[რედაქტირება]

ნიკოლოზ რურუას ჰყავს სამი შვილი, ელისაბედი, მარიამი და გიორგი. რურუა არის ჯაზური მუსიკის კოლექციონერი და ქალაქ ბათუმის Black Sea Jazz Festival-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გატაცებულია სპორტით, კალათბურთითა და კრივით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]