საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1893
დაიშალა 1954
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
მემარცხენე ნაციონალიზმი[1][2]
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია ლეიბორისტული და სოციალისტური ინტერნაციონალი
გაზეთი ერთობა
წარმომადგენლობითობა
საქართველოს დამფუძნებელი კრება
109 / 130
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიაპოლიტიკური პარტია საქართველოში 1917-1923 წლებში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე დიდი და გავლენიანი პარტია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც „მესამე დასის“ სახელით იყო ცნობილი 1892 წლის 25 დეკემბერს, დაბა ყვირილაში (ზესტაფონი), ი. კაკაბაძის ბინაში, არალეგალურად ჩატარებულ კონფერენციაზე შეიქმნა. 1893 წლის თებერვალში თბილისში მესამე დასელთა მეორე კრება იქნა მოწვეული. განიხილეს და დაამტკიცეს ნ. ჟორდანიას მიერ წარმოდგენილი პროგრამის პროექტი. 1895 წლიდან მესამედასელები თავიანთი იდეების პროპაგანდას ჟურნალ „კვალის“ მეშვეობით ეწეოდნენ. ამ პერიოდში ქართული სოციალ-დემოკრატია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. 1903 წლიდან ქართულმა სოციალ-დემოკრატიულმა მიმდინარეობამ დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა და რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაერთიანდა, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. მესამედასელები რუსული მარქსიზმის დოგმებს დაემორჩილნენ და ქართულ ეროვნულ მოძრაობას დაუპირისპირდნენ. ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეას ეროვნული ავტონომიის ფორმით. რსდმპ-ის II ყრილობაზე (1903) ქართველი სოციალ-დემოკრატები (ჟორდანია, თოფურიძე) მენშევიკურ ფრთას მიემხრნენ.

კარლ კაუცკი ხვდება ქართველ სოციალ-დემოკრატებს, 1920

1905 წლიდან ნ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით თბილისში გამოვიდა გაზ. „სოციალ-დემოკრატი“. მისივე ინიციატივით მოიწვიეს კავკასიის ორგანიზაციების პირველი კონფერენცია, რომელზეც შეიქმნა კავკასიის რსდმპ მენშევიკების კავკასიის ბიურო. რსდმპ IV, V და VI ყრილობებზე ქართველი სოციალ-დემოკრატების მრავალრიცხოვანი დელეგაციები აქტიურად მონაწილეობდა და მწვავედ უპირისპიდებოდა ბოლშევიკურ ფრაქციას. 1906 წლის სექტემბერში რსდმპ ამიერკავკასიის მენშევიკებისა და ბოლშევიკების გაერთიანებულ საოლქო კომიტეტში უმრავლესობა მენშევიკებმა მოიპოვეს. ამ დროიდან ბოლშევიკები კარგავენ გავლენას საქართველოში და პოლიტიკურ სადავეებს ქართული მენშევიკური სოციალ-დემოკრატია ეუფლება. რევოლუციურ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, ნოე რამიშვილი, ისიდორე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი. რუსეთის ოთხივე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში ქართველი სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელ როლს ასრულებდნენ.სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეები ზედიზედ იყვნენ ნ. ჟორდანია - I სათათბიროში, ი. წერეთელი - II სათათბიროში და ნ. ჩხეიძე - III-IV სათათბიროებში.

პირველი მსოფლიო ომის წინა და მისი მიმდინარეობის წლებში ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ შეცვალა ეროვნული საკითხისადმი დამოკიდებულება. მასზე გავლენა მოახდინა აშშ-ის პრეზიდენტის, ვ. უილსონის, 1916 წლის 21 დეკემბრის ცნობილმა დეკლარაციამ. ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის სასარგებლოდ სააგიტაციო საქმიანობის დაწყებას პრინციპულად მოითხოვდა ნ. რამიშვილი. ეს საკითხი სოციალ-დემოკრატების 1916 წლის დეკემბრის თბილისის საგანგებო თათბირის მსჯელობის საგანი გახდა. იგივე საკითხი ლანჩხუთში, სოფ. ჯონჯუათში გამართულმა სოციალ-დემოკრატების კონფერენციამ განიხილა. სოციალ-დემოკრატები შეუთანხმდნენ სოციალისტ-ფედერალისტებს და ეროვნულ-დემოკრატებს, რომ ხელსაყრელ ვითარებაში მხარს დაუჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ქართული სოციალ-დემოკრატიის ლიდერები რუსეთის, ამიერკავკასიისა და საქართველოს პოლიტიკური მოვლენების სათავეში იდგნენ. ისინი ხელმძღვანელობდნენ სრულიად რუსეთის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტს (ნიკოლოზ ჩხეიძე), ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოებს (ნოე ჟორდანია), ამიერკავკასიის კომისარიატს (ევგენი გეგეჭკორი), ამიერკავკასიის სეიმს (ნიკოლოზ ჩხეიძე), ამიერკავკასიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკას (აკაკი ჩხენკელი), საქართველოს ეროვნულ საბჭოს (ნოე ჟორდანია), საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას (ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია).

ადგილების გადანაწილება საქართველოს დამფუძნებელი კრებაში

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, რომელმაც მიიღო დადგენილება: „დღეიდან ჩვენი პარტია იწოდება საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიად“. დამფუძნებელი ყრილობა საქართველოს სოციალ-დემოკრატების პირველ ყრილობად ჩაითვალა. საქართველოს სდპ-ამ 1919 წლის თებერვალში დამფუძნებელი კრების არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ერთპარტიული მთავრობა შეადგინა. 1920 სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გამოეყო „ახალი სხივის“ ჯგუფი (კირილე ნინიძე, მუხრან ხოჭოლავა, ნიკიფორე იმნაიშვილი, ილია ფირცხალაიშვილი).

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთი ნაწილი საქართველოში დარჩა, არალეგალური ბრძოლა გააგრძელა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში, ხოლო მეორე ნაწილი ემიგრაციაში გაიხიზნა და საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიი, ორგანიზაციების, დასავლეთის სახელმწიფოების დახმარებით იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელმძღვანელობდა 1924 წლის აჯანყებას და წამყვანი ადგილი ეკავა პარიტეტულ კომიტეტში. 1925 წლის აპრილში არალეგალურად ჩატარდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის III კონფერენცია.

1934 წლის 21 აპრილს პარიზში მუშაობა დაიწყო საქართველოს სდ საზღვარგარეთული ორგანიზაციების კონფერენციამ. 1923-1940 წლებში საქართველოს სოციალ-დემოკატიული პარტია იყო ლეიბორისტული და სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი.[3]

1986 წლის 18 მაისს პარიზში, წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის დარბაზში ჩატარდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის IX ყრილობა. მან დაამტკიცა ახალი ვითარების შესაბამისი პარტიის პროგრამა და წესდება, განიხილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესაძლებლობის საკითხი. საჭიროდ იქნა მიჩნეული პარტიის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kotkin, Stephen (2014). Stalin: Volume I: Paradoxes of Power, 1878-1928. Vol. 1. Penguin. p. 263
  2. გოცირიძე ქ., „სამოქალაქო ნაციონალიზმის ფორმირების მცდელობა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“, თბ., 2017, გვ. 65
  3. Kowalski, Werner. Geschichte der sozialistischen arbeiter-internationale: 1923 - 19. Berlin: Dt. Verl. d. Wissenschaften, 1985. p. 336.