ქრისტინე შარაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარაშიძე.
ქრისტინე შარაშიძე
დაბადების თარიღი დეკემბერი, 1889
დაბადების ადგილი ბახვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 1973
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი, პედაგოგი, მეცნიერი
მამა გიგო შარაშიძე
დედა ნინო ქიქოძე

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (დ. დეკემბერი, 1889, ბახვი — გ. 10 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, პირველი ქართველი ქალი ლექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტინე დაიბადა პედაგოგების, გიგო შარაშიძისა და ნინო ქიქოძის ოჯახში. ქრისტინე შარაშიძის მშობლები სოფელ ბახვში ეწეოდნენ ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ბახვის სკოლაში მათი საქმიანობის შედეგად ბახვის სკოლა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქრისტინემ ოთხი წლისამ ისწავლა კითხვა. დაწყებითი განათლება ბახვის სკოლაში მიიღო.

1899 წლიდან სწავლა გააგრძელა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიაში, III კლასში. 1904 წელს გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 15 წლის გოგონა არალეგალური სასწავლო წრის - მიწისქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი იყო. ამ წრის წევრებმა რამდენიმეჯერ გამართეს ქუთაისელ მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. შარაშიძე მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში, რაც საბოლოოდ სკოლიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა. დედის დაჟინებული მოთხოვნით ერთი წლის შემდეგ ჩააბარა დამამთავრებელი გამოცდები ქუთაისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში.

1905 წელს შარაშიძეების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. ქრისტინე და მისი და-ძმები აქტიურად ჩაებნენ 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. ქრისტინე გახდა რსდმპ წევრი. რევოლუციის მიმდინარეობისას აქტიურად მონაწილეობდა გამოსვლებში, ამზადებდა საგაზეთო პუბლიკაციებს „მოგზაურსა“ და „სხივში“, 1905 წლის ნოემბერში სომეხ-თათართა შეტაკების განმუხტვისას მსახურობდა მედდად თბილისის ქუჩებში.

1906 წელს შარაშიძეების ოჯახი ჭიათურაში გადავიდა საცხოვრებლად. ქრისტინე შარაშიძე ჯერ კერძოდ ამეცადინებდა მოსწავლეებს, 1907 წლიდან კი ასწავლიდა ქუთაისში, მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიაში. 1910-1911 წლებში იყო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი. ამავე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაში თემებზე ქართველი ქალის სახე ქართულ ლიტერატურაში, ნ. ბარათაშვილი, ეგნატე ნინოშვილი და სხვა.

1915 წელს საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, ჩაირიცხა ქალთა უმაღლესი კურსების საისტორიო დარგზე, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1917 წლიდან 1921 წლამდე იყო საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1917 წელს არჩეულ იქნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად, 1918 წელს სათანადო თანხის შეწირვის შემდეგ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი კომიტეტის წევრი.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტინე შარაშიძე საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმში, პრეზიდიუმის სხვა წევრებთან ერთად

1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში როგორც სოციალ- დემოკრატიული პარტიის წევრი. შარაშიძემ კრების პრეზიდიუმის წევრისა და მდივნის თანამდებობა დაიკავა, იყო განათლების კომისიის წევრი. როგორც კომისიის წევრმა, მოიარა ქიზიყის სკოლები და წარადგინა ანგარიში მათი მდგომარეობის შესახებ. პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. 1920 წელს გამოვიდა მისი ნარკვევი „მებრძოლი ფიქრის პოეტი ნ. ბარათაშვილი“. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო წევრი ქალთა კომიტეტისა, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარებას. პირველად დააპატიმრეს 1921 წლის აგვისტოში ოზურგეთში. 1922 წლის 25 თებერვალს, ქვეყნის გასაბჭოების წლის თავის გამო გამართულ საყოველთაო ზეიმის ფონზე, მისი თაოსნობითა და მისივე მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი პროტესტის ნიშნად გაიფიცა. ამის გამო დააპატიმრეს. დაკითხვაზე განაცხადა:

ვიკიციტატა
„საქართველოში არსებულ წეს-წყობილების წინააღმდეგ მე არ ვმუშაობ იმიტომ, რომ არსებული რეჟიმი პოლიტიკურ მუშაობას შეუძლებლად ხდის. მე არც ის ვიცი, არსებობს თუ არა ცენტრალური კომიტეტი მენშევიკურ პარტიისა და ეწევა თუ არა რაიმე მუშაობას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვსთქვა, რომ აქ არის ხსენებული ძალაუფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი ქართველებისგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა“
([1])

1922 წლის 23 მარტს მიესაჯა ექვსი თვით დაპატიმრება, წინასწარი პატიმრობის ვადის ჩაუთვლელად, მოათავსეს მეტეხის ციხეში. 1922 წლის 6 მაისს გაათავისუფლეს ძმის, შალვა შარაშიძის თავდებობით ავადმყოფობის გამო. ამის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1924-1925 წლებში იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე. რეპრესიებში მოყვა მისი ოჯახი, ორჯერ დააპატიმრეს მისი მამა, გიგო შარაშიძე, რომელიც 1932 წელს გარდაიცვალა. 1924 წლის სექტემბერში დააპატიმრეს მისი ძმა შალვა შარაშიძე, რომელიც 1934 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ თამარ და ქრისტინე შარაშიძეებმა დედა, ნინო ქიქოძე, თბილისში გადაიყვანეს. 1935 წელს უცხოეთში გარდაიცვალა მისი კიდევ ერთი ძმა, დავით შარაშიძე. 1922 წელს დააპატიმრეს მისი სიძე ნიკოლოზ ქარცივაძე, რომელიც ხელმეორედ დააპატიმრეს და დახვრიტეს 1937 წელს, ხოლო და თამარ შარაშიძე შუა აზიაში გადაასახლეს.

ვიკიციტატა
„24-ს ნაშუადღევს, პირველ საათზე გადავიხდით პანაშვიდს მამის საფლავზე...ჩვენ ვთმობთ ჩვენი ოჯახის ერთადერთ საკუთრებას, ჩვენს აკვანს, ჩვენს ბედნიერ ბავშვობას, ვეთხოვებით ჩვენ საყვარელ ბახვს — მამაჩემის საფლავს!“

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927-1931 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1924-1925 წლებში იყო მასწავლებელთა სახლში ქართული ენის კაბინეტის გამგე. 1927-1931 წლებში იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის საბიბლიოთეკო განყოფილების გამგე. 1932 წელს მისი ორგანიზებით მოეწყო ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოფენა. 1934 წელს ამ ბიბლიოთეკის უნივერსიტეტში გადატანის გამო ჩაირიცხა უნივერსიტეტის შტატში. იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც უცხოელ მეცნიერებს, კერძოდ სტოკჰოლმის სამეფო ბიბლიოთეკის მკვლევარს ბიორკბომმს, მიაწოდა ინფორმაცია ქართული შრიფტის შესახებ. 1935 წელს უნივერსიტეტის რექტორის, ლევან აღნიაშვილის ბრძანებით გაათავისუფლეს ბიბლიოთეკის გარშემო წარმოშობილი კონფლიქტის გამო. 1935 წელს მუშაობდა მეტეხის ბიბლიოთეკაში.

1936-1937 წლებში მონაწილეობდა შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოწყობაში. მისი ხელმძღვანელობით შედგენილ იქნა შოთა რუსთაველის პირველი ვრცელი ბიბლიოგრაფია. 1938-1941 წლებში წიგნის პალატის დავალებით მუშაობდა „ქართული წიგნის ბიბლიოგრაფიის“ პირველი ტომის შედგენაზე. 565 გვერდიან გამოცემაში ქრისტინე შარაშიძეს ეკუთვნის შესავალი, ძველი ნაბეჭდი წიგნების აღწერილობა, სასტამბო და საგამომცემლო ტერმინები. მანვე შეაგროვა ილუსტრაციები წიგნისთვის.

1940 წლიდან ივანე ჯავახიშვილისა და სიმონ ჯანაშიას მიწვევით მუშაობა დაიწყო ქართული ხელნაწერების ანდერ-მინაწერების გადმოღება-შესწავლაზე. ამ საკითხზე მუშაობდა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში. დაამუშავა და შეისწავლა IX-XIX საუკუნეების 1500-ზე მეტი ხელნაწერი, იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები სამ ნაკვეთად" ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ. ასევე მოამზადა მნიშვნელოვანი შრომები ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. 1950 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია „პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722)“ (215 გვ.). ამავე წელს საკვალიფიკაციოდ წარადგინა ნაშრომი „ვახუშტი ბაგრატიონი და მისი შრომები“ (279 გვ.) მაგრამ მისი ბოლომდე მიტანა ვერ მოახერხა. 1952 წელს მონაწილეობდა მოსკოვში მოწყობილ გამოფენაში „ქართველები მოსკოვში“. 1953 წლის 21 თებერვალს, როცა ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, ვაშლოვანის ქუჩიდან გამოსვენების დროს, აკაკი შანიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან და რამდენიმე ადამიანთან ერთად, მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, დაკრძალვისას სიტყვით გამოვიდა და გარდაცვლილს პატივი ბოლომდე მიაგო. 1958-1964 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო მუშაობის განმავლობაში არ მიუღია არცერთი ხარისხი ან ჯილდო. 1964 წლამდე მილიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო. 1964 წლიდან გახდა რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

ვიკიციტატა
„ჩემი მუშაობა ნივთიერ უზრუნველყოფას არასოდეს არ მაძლევდა, მაგრამ ზნეობრივად ყოველთვის მაკმაყოფილებდა — შეძენის, კეთილი ცხოვრების მოწყობის უნარიც, ალბათ, თანდაყოლილი ნიჭია. მე კი და მთლად ჩვენი ოჯახი იმთავიდანვე მოკლებული ვიყავით ამ უნარს“

გარდაიცვალა 1973 წლის 10 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალეს 13 ნოემბერს, ვაკის სასაფლაოზე. მისი პირადი არქივი: ბიოგრაფიის ამსახველი მასალები, შემოქმედებითი, მიმოწერა, ფოტოები და სხვადასხვა მასალები, ჯამში 2938 საარქივო საქმე დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 479.
  • ხვადაგიანი, ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • „ქალები წარსულიდან“, თბილისი, 2015.
  • „დაკარგული ისტორია, მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2012.
  • მეგრელაძე, დ., „ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის ცხოვრება და მოღაწეობა“ // მრავალთავი, ტ. XV, თბილისი: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 183-189.
  • მეტრეველი ე. „შინაარსიანი ცხოვრების გზა“ — „ლიტერატურული საქართველო“ N45, 16 ნოემბერი, 1973 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქრისტინე შარაშიძის დაკითხვის ოქმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: 2021-01-10.