მიხეილ სააკაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ სააკაშვილი
Standard of the President of Georgia.png
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი საქართველო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი 2008 – 17 ნოემბერი 2013
პრემიერ-მინისტრი   ლადო გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკა გილაური
ივანე მერაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედი ნინო ბურჯანაძე
(დროებითი)
მემკვიდრე გიორგი მარგველაშვილი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი 2004 – 25 ნოემბერი 2007
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი
ლადო გურგენიძე
წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე
ნინო ბურჯანაძე
(დროებითი)
მემკვიდრე ნინო ბურჯანაძე
(დროებითი)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ოქტომბერი, 2000 – 19 სექტემბერი, 2001
პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედი ჯონი ხეცურიანი
მემკვიდრე როლანდ გილიგაშვილი

დაბადებული 21 დეკემბერი, 1967 (1967-12-21) (46 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მეუღლე სანდრა რულოვსი
შვილები ედუარდი და ნიკოლოზი
პროფესია იურისტი
რელიგია მართლმადიდებელი
ხელმოწერა Mikheil Saakashvili Signature.svg

მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან – 2013 წლის 17 ნოემბრამდე. პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში).

მეუღლე წარმოშობით ნიდერლანდელისანდრა რულოვსი, ჰყავთ შვილები, ედუარდი და ნიკოლოზი.

განათლება

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორია. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი სამ ძმას შორის ყველაზე უფროსია.[1]

სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1992 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო. იმავე წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში „Patterson, Belknap, Webb & Tyler“. 1994 წელს მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა.[1][2]

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

1995 წელს სააკაშვილს დაუკავშირდა ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით მიიწვია პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წევრად. 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 1995-1998 წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 1998-99 წლებში - ფრაქცია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილმა კვლავ მოიპოვა დეპუტატის მანდატი „მოქალაქეთა კავშირის“ სიით. 2000 წლის იანვარს დაინიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად .

2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. 2001 წელს ის დაუპირისპირდა ეკონომიკის მინისტრ ივანე ჩხარტიშვილს, უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაურს — იოსებ ალავიძეს და ისინი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. 2001 წლის 19 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით, რომ ვერ მიიღო დახმარება შევარდნაძისაგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.[3] იმავე წელს, 21 ოქტომბერს იყარა კენჭი ვაკის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად და კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.[4][5]

2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატულ პარტიასთან ლოზუნგით „თბილისი შევარდნაძის გარეშე“. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით გამარჯვებული იყო,[6][7] თუმცა ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „გაერთიანებულ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე) და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.

ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ვარდების რევოლუციით დამთავრდა. სააკაშვილი პირადად შეუძღვა ხალხს საქართველოს პარლამენტის შენობაში 22 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩასაშლელად, რასაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. სააკაშვილი, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერი, აღმოჩნდა ერთადერთი რეალური კანდიდატი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. 4 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96,27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით სააკაშვილი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მისი საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის ასევე მოსახლეობას შეჰპირდა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებების მიღწევას. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

მისი პირველი გადაწყვეტილებები ეხებოდა საქართველოს დროშას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან გადმოსვენებას, გამსახურდიას მომხრე პატიმრების გათავისუფლებას. ამის შემდეგ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლითაც დაფუძნდა მთავრობის ინსტიტუტი, გაძლიერდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები პარლამენტის ხარჯზე.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა სააკაშვილის ძალაუფლება, რადგანაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ასევე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.

სააკაშვილის რეიტინგი დაეცა 2007 წლის შემოდგომაზე. ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასა მოჰყვა 2-7 ნოემბრის აქციები, რომლის ორგანიზატორები ერთიანი ოპოზიცია და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყვნენ. საპროტესტო აქციები 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით და ოპოზიციური ტელევიზიებში პოლიციის შეჭრით დასრულდა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ „ჭარბი“ ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა. 2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

სააკაშვილის კრიტიკა გაიზარდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში. 2009 წლის აპრილსა და მაისში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ატარებდა ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

პოლიტიკა

ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოედანზე 2005 წლის 10 მაისს
მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგში 2006 წლის ივნისში შეხვედრისას.
ლეხ კაჩინსკი და ვალდას ადამკუსი თბილისში 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს.

კონფლიქტები

სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერის, ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა 2004 წლის 6 მაისის აქციების გამო აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაქცეულიყო. აჭარაში წარმატებით იმედმოცემულმა სააკაშვილმა იმავე მეთოდებით სცადა სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება, რაც სიტუაციის გამწვავებით და 2004 წლის აგვისტოში შეიარაღებულ დაპირისპირებით დასრულდა.

2006 წლის ივლისში სააკაშვილის მთავრობამ წარმატებით მოახერხა აფხაზეთის კოდორის ხეობის შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდა და იქ ქართული იურისდიქციის დაწესება. დაჯგუფებების მეთაური ემზარ კვიციანი რუსეთში გადაიხვეწა. ოპოზიციური ძალების მიერ ეს ოპერაცია მკვეთრად უარყოფითად შეფასდა.

სააკაშვილის მთავრობის მიერ 2005-06 წლებში მიმდინარეობდა პირდაპირი დიალოგი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერებთან ირაკლი ალასანიასა და გოგა ხაინდრავას ხელმძღვანელობით, მეორე მხრივ ძლიერი იყო მილიტარისტული ტენდენციები, რაც, ძირითადად, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებში გამოიხატებოდა.

სააკაშვილი განსაკუთრებით გააკრიტიკეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მას ბრალად სდებენ რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში საქართველო ჩაბმას, ასევე სამხედრო ოპერაციების არაეფექტურად წარმართვას.

საგარეო პოლიტიკა

სააკაშვილის საგრეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი იყო საქართველოს გაწევრიანება ნატოში, რაც დაადასტურა საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 13 მარტის დადგენილებით და 2008 წლის პლებისციტმა.

სააკაშვილი განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან. მან გააორმაგა ქართული სამხედრო პერსონალის რაოდენობა ერაყში, რითაც კოალიციის ძალების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი გახდა. მან ასევე გაზარდა კონტინგენტი კოსოვოსა და ავღანეთში "გლობალური უშიშროების" საქმეში საქართველოს წვლილისთვის. სააკაშვილი სარგებლობდა ბუშის ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით, რაც გამოიხატა ბუშის ვიზიტით საქართველოში 2005 წლის მაისში. 2009 წლის იანვარში კი გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოსა და აშშ-ს შორის.

სააკაშვილის სახელს უკავშირდება 2006 წლიდან გართულებული ურთიერთობები რუსეთთან, რაც გამოიხატა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებაში, 2006 წელს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტაში, ასევე ღვინოსა და სხვა საქონელზე დაწესებულ ემბარგოში.

2004 წელს სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა, ამავდროულად, უწოდა მას „დროის საკითხი“.

საშინაო პოლიტიკა

სააკაშვილის წარმატებებად მიიჩნევა სახელმწიფო აპარატის რეფორმირება და გაძლიერება, სამხედრო და პოლიციური სტრუქტურების რეორგანიზაცია, სახელმწიფო სექტორში კორუფციის აღმოფხვრა. მეორე მხრივ, მას „ელიტური კორუფციის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.[8][9]

საშინაო პოლიტიკაში სააკაშვილს აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.[10] საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სააკაშვილს ავტორიტარული სტილის მმართველი უწოდა.[11]

ეკონომიკური პოლიტიკა

სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაცია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება. ეკონომიკური რეფორმები სააკაშვილის მთავრობის წევრთან, კახა ბენდუქიძესთან ასოცირდებოდა.

2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა. ასევე, საქართველო რანგით მე-18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით. მშპ-ის ზრდამ 2004-2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9% შეადგინა. მაგრამ 2007 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა, ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, იმათა ღარიბი და ღატაკი მოსახლეობის რიცხვმა.

სამართლებრივი დევნა

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიწყო ლექციების კითხვა.

2014 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. საქმე მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს ეხებოდა.[12] სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, 28 ივლისს პროკურატურამ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე კვლავ დაიბარა, თუმცა სააკაშვილი არც ამჯერად გამოცხადდა. ამავე დღეს, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოიტანეს ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.[13]

2014 წლის 2 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ბრალდებულების დაუსწრებლად შეუფარდა.[14]

ჯილდოები და წოდებები

  • 2004 — დაჯილდოვდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან „წლის ევროპელის“ ყოველწლიური პრემიით.
  • 2005უკრაინის წლის ადამიანი.
  • 2005 — დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აშშ-ის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნენ ნობელის მშვიდობის პრემიაზე.
  • 2005„ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის“ პრიზი „კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის“.
  • 2006 — ხაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
  • 2008 — საპატიო მედალი „10 წელი ასტანაში“
  • 2009სომხეთის ღირსების ორდენი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი და საპატიო დოქტორის წოდება.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ბიოგრაფია. მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური საიტი.
  2. მიხეილ სააკაშვილი - 2000-2001. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
  3. სააკაშვილი თანამდებობას ტოვებს და დეპუტატობას აპირებს. „სივილ ჯორჯია“. 20 სექ.'01.
  4. მიხეილ სააკაშვილი ვაკის არჩევნებში ლიდერობს. „სივილ ჯორჯია“. 21 ოქტ.'01.
  5. საკაშვილი ხელისუფლების ძირეულ შეცვლას გეგმავს. „სივილ ჯორჯია“. 23 ოქტ.'01
  6. "ეგზით პოლის" წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ნაციონალები ლიდერობენ. „სივილ ჯორჯია“. 3 ნოე.'03.
  7. ნაციონალური მოძრაობა ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ლიდერობს. „სივილ ჯორჯია“. 3 ნოე.'03
  8. გაზეთი „კვირის პალიტრა“
  9. რადიო თავისუფლება
  10. Freedom House: ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა. სივილ ჯორჯია. 30 აპრილი, 2008.
  11. სახალხო დამცველი „ავტორიტარიზმის„ დემოკრატიით შეცვლისკენ მოუწოდებს. სივილ ჯორჯია. 26 სექტემბერი, 2008.
  12. სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
  13. სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
  14. სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ჯონი ხეცურიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2000—2001
შემდეგი:
როლად გილიგაშვილი
წინამორბედი:
ნინო ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტი
2004—2007
შემდეგი:
ნინო ბურჯანაძე
წინამორბედი:
ნინო ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტი
2008 – 2013
შემდეგი:
გიორგი მარგველაშვილი