ზვიად გამსახურდია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამსახურდია.
ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია
Flag of Georgia (1990-2004).svg საქართველოს პრეზიდენტი Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 1991 – 31 დეკემბერი, 1993
მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1990 – 1991
მემკვიდრე აკაკი ასათიანი

დაბადებული 31 მარტი, 1939
თბილისი
გარდაცვლილი 31 დეკემბერი, 1993
სოფელი ძველი ხიბულა, ხობის მუნიციპალიტეტი
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო
მეუღლე 1. დალი ლოლუა
2. მანანა არჩვაძე-გამსახურდია
შვილები კონსტანტინე, ცოტნე, გიორგი
პროფესია ფილოლოგი
რელიგია მართლმადიდებელი

ზვიად გამსახურდია (დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1993, სოფ. ძველი ხიბულა, ხობის რაიონი) — მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი.

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:

  • პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
  • მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.

სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა (1962-1990)

წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს — მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.[1] ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).

დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.

გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც წერია:

ვიკიციტატა
„...ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს". საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: "მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს"-ო“
(ემიგრანტული ჟურნალი "თავისუფლების ტრიბუნა" , პარიზი, # 21, 1978.)
ეროვნული მოძრაობის ლიდერები 80-იანი წლების ბოლოს, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა

დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი 1989.

მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".

სახელმწიფო სამსახურში (1990-1992)

1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.

სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.

ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება

ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები[2]. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

ზვიად გამსახურდიას ძეგლი ზუგდიდში

სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ). მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ. ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსახურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის".[3]

1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.[4]

სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები "კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად" გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.

ოპოზიციის გაძლიერება

თენგიზ სიგუა

გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს". ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".

გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "სასაცილო" (ინგლ. ridiculous) უწოდა.

სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. სინამდვილეში, ეროვნული გვარდია უკვე ისედაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი, ხოლო გამსახურდიას ოპონენტებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერ მოიყვანეს. უფრო მეტის, თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას.[5] ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24 აგვისტოს. ამ დროისთვის პუტჩი მოსკოვში ჩავარდა და გამსახურდიამ სახალხოდ მიულოცა ბორის ელცინს პუტჩისტებზე გამარჯვება[6] საქართველო ამ გადატრიალებას გადაურჩა სისხლისღვრის გარეშე, თუმცა მისი ოპონენტები აკრიტიკებდნენ მას არამკაფიო პოზიციისთვის. გამსახურდია ამგვარ კრიტიკას მწვავედ გამოეხმაურა, დააბრალა რა ბნელ ძალებს მოსკოვში კონსპირაცია მის შინაურ მტრებთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩასაშლელად.

გიორგი ჭანტურია

გამსახურდიას განკარგულებით დაიხურა ოპოზიციური გაზეთი "მოლოდიოჟ გრუზიი" იმ მიზეზით, რომ ის ღიად მოუწოდებდა ეროვნული წინააღმეგობისკენ. გიორგი ჭანტურია, რომლის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო იმ პერიოდში, დააპატიმრეს ლეგიტიმური მთავრობის დასამხობად მოსკოვიდან დახმარების ძიების ბრალდებით. ასევე გაჩნდა ცნობები, რომ საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი ასევე დაიხურა, ვინაიდან მისმა თანამშრომლებმა მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა.[7]

მთავრობის ქმედებებმა გაამწვავა საზოგადოების დამოკიდებულება შინ და საზღვარგარეთაც. აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციამ, რომელსაც წარმომადგენელი სტენი ჰოიერი უძღვებოდა, საკუთარ ანგარიშში განაცხადა, რომ არსებობდა "ადამიანთა უფლებების მწვავე პრობლემები ახალი მთავრობის შიგნით, რომელსაც არ სურდა მათი გადაჭრა ან ცნობდა მათ ან საერთოდ რამის გაკეთება ამაზე ჯერ". ამერიკელი კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რაც ხელს უშლიდა საქართველოს საყოველთაო საერთაშორისო აღიარებას. საქართველო უკვე აღიარებული იყო რამდენიმე ქვეყნის მიერ (რუმინეთი, თურქეთი, კანადა, ფინეთი, უკრაიანა, ბალტიისპირეთის ქვეყნები), თუმცა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა ის ფორმალურად მხოლოდ 1991 წლის შობისთვის აღიარა.

პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის გაყოფა პრო- და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი იყო "მხედრიონი", ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.

სამხედრო გადატრიალება (1991-1992)

თენგიზ კიტოვანი
სასტუმრო "თბილისი" ოპოზიციის მიერ პარლამენტის აღების შემდეგ. 1992 წლის იანვარი.

1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს.[8] მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.

6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი უბოძა.

მოგვიანებით გაჩნდა მტკიცებები (თუმცა დაუზუსტებელი), რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას საბჭოთა ჯარები უწყობდნენ ხელს. 1992 წლის 15 დეკემბერს რუსულმა გაზეთმა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლოვნიკ სუფიან ბეპაევს გაგზავნილი ჰქონდა ქვედანაყოფი სამხედრო ოპოზიციის დასახმარებლად. მათ ჩაურევლად, გაზეთის მტკიცებით, "გამსახურდიას მომხრეების გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა". გაზეთი ასევე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას ასევე დაეხმარა სპეც. ნაწილი 28 დეკემბერს სატელევიზიო ანძის აღებაში.

მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო. სამხედო საბჭომ მოგვიანებით თავი "სახელმწიფო საბჭოდ" გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია 1992 წლის მარტში. ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა, როგორც fait accompli, რაიმე ფორმალური რეფერენდუმისა ან არჩევნების გარეშე. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, როგორც "დე ფაქტო" პრეზიდენტი, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ ჩატარდა არჩევნები, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

სამხედრო გადატრიალების დღეებში, 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნო კიდევ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (რომელმაც დე-ფაქტოდ საქართველოს სუვერენიტეტი სცნო 1991 წლის 9 აპრილსვე).

სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. არსებობს გადაუმოწმებელი მტკიცებები ზოგიერთ ამ მომიტინგეთა წამებისა და დახვრეტის შესახებ.

სამხედრო გადატრიალების შემდგომ ორგანიზაციამ "მხედრიონმა" და გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება საქართველოში.

დევნილობა (1992-93)

მთავრობიდან გადაყენების შემდეგ გამსახურდია აგრძელებდა საკუთარი თავის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად წარმოჩენას. 1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის მიწვეულ იყო ფინეთში (ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ) და ავსტრიაში (ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მიერ). ორივე ქვეყანაში მან პრეს-კონფერენციები და შეხვედრები გამართა პარლამენტარებთან და ოფიციალურ პირებთან[9]

შეტაკებები პრო- და ანტი-გამსახურდიას ძალებს შორის გრძელდებოდა 1992-93 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა თბილისში 1992 წლის 24 ივნისს, როდესაც გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს. მათ მოახერხეს რადიო გზავნილის გაშვება ტექსტით: "ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია. წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება." თუმცა ისინი ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიიდან რამდენიმე საათში გამოდევნა. მათი მიზანი შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხის წამოწყება უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მთავრობამ საპასუხოდ მკაცრი რეჟიმი დაამყარა მთელს საქართველოში "ზვიადიზმის" ჩასახშობად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადამიანთა უფლებების დარღვევებს მკაცრად აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შევარდნაძის პირადი პრესტიჟის წყალობით ქვეყანამ ფორმალური აღიარება მაინც მოიპოვა.

გამსახურდიას დაბრუნება

"ჰაუბიცა" ბარიკადებთან საქართველოს ტელევიზიის შენობის წინ.

1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში). ზუგდიდში მან "დევნილი მთავრობა" აღადგინა. მისი განცხადებით ის განაგრძობდა "მშვიდობიან წინააღმდეგობას არალეგალური სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ" და კონცენტრაციას ახდენდა ანტი-შევარდნაძის კოალიციის შექმნაზე, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მან ასევე მოახერხა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის შემოკრება, რომელსაც საკმაოდ თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ცენტრალური ხელისუფლების სუსტი თავდაცვის სისტემის წყალობით. თავდაპირველად გამსახურდია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა, თუმცა მისმა ჯარებმა სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებული დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციის ხელთ ჩაგდება, რამაც 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ საქართჳელოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. გამსახურდიას მომხრეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქისა და სატრანსპორტო კვანძი ჩაიგდეს ხელთ. სამთავრობო ძალები უკან არაორგანიზებულად იხევდნენ და გამსახურდიას ძალებსა და თბილისს შორის მცირე წინააღმდეგობას ტოვებდნენ.

თუმცა გამსახურდიას ძალების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის ხელში ჩაგდებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ ერთბაშად ერთგვარი "quid pro quo" სვლა გააკეთა და შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას. მხარდაჭერა სომხეთისა და აზერბაიჯანისგან მხოლოდ პოლიტიკური იყო, რუსეთმა კი სწრად მოახდინა ჯარების მობილიზება საქართველოს ცენტრალური მთავრობის დასახმარებლად. 20 ოქტომბერს, დაახლოებით 2 000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა ქართული რკინიგზის დასაცავად და მწირად აღჭურვილ ქართულ ჯარებს ლოჯისტიკური და იარაღით დახმარება გაუწია. აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა და ზუგდიდი იმავე წლის 6 ნოემბერს დაეცა.

დაღუპვა

1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.

თვითმკვლელობის ვერსია

მოგვიანებით , გამსახურდიას ქვრივმა ინტერფაქსის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა 31 დეკემბერს, როდესაც ის და მისი კოლეგების ჯგუფი ერთ-ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს მხედრიონელთაგან. რუსული მედიის განცხადებით მისმა მცველებმა გაიგონეს მოგუდული სროლის ხმა მეზობელ ოთახში და შემდეგ ნახეს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა სტეჩკინის პისტოლეტით. მოგვიანებით ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა მათი თქმით თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი:

ვიკიციტატა
„ნათელი გონებით, მე ამ ქმედებას ვასრულებ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად და რადგან მე არ მაქვს საშუალება, როგორც პრეზიდენტს, სიტუაცია მოვაგვარო, აღვადგინო კანონი და წესრიგი.“

ამ მოვლენათა კომენტატორები საქართველოს ფარგლებს გარეთ იზიარებენ მოსაზრებას, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა.

სიკვდილი ბრძოლაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით გამსახურდია მისმა მომხრეებმა განზრახ მოკლეს, ან ის დაიღუპა მის ყოფილ სამხედო ხელმძღვანელთან, ლოთი ქობალიასთან, შელაპარაკების გამო.

გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა აცხადებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში. გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს საქართველოში ჩამოასვენეს.

გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.[10][11] პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით:

ვიკიციტატა
„ჩვენ ვასრულებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს – დაგვეკრძალა პრეზიდენტი გამსახურდია მის მშობლიურ მიწაზე. ეს არის სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

რეაბილიტაცია

ზვიად გამსახურდიას ნეშთის დაკრძალვის ცერემონია. 2007 წლის 1 აპრილი.

2003 წლის 21-23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მიღებული იქნა რამდენიმე აქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად მისი ხელისუფლების რეაბილიტაციისათვის. შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დევნა.

საქართველოში ეროვნული დაპირისპირების აღმოფხვრისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა 1991-1993 წლებში რეპრესირებულთა რეაბილიტაციისა და სხვა დაკავშირებული აქტები. მათ შორის 2004 წლის 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია. შესაბამისად საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შექმნა პროცესუალური საგამოძიებო ჯგუფი.

პროცესუალურმა საგამომძიებლო ჯგუფმა დიდი მუშაობა ჩაატარა და გამოიტანა დადგენილება ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული # 7492801 სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დანაშაულის არარსებობის გამო.

ოფიციალური დოკუმენტები

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ¹174
1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების
შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

„საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის
2004 წლის 14 თებერვლის ¹60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7
პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში
1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული
ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად
გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით
ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი
(1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია
შემდეგი შემადგენლობით:

  • ივანე მერაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული

უშიშროების საკითხებში - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი,
კომისიის თავმჯდომარე;

  • ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი;
  • ირაკლი ოქრუაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი;
  • გიორგი ანდრიაძე - საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი;
  • მანანა არჩვაძე-გამსახურდია - კომისიის წევრი;
  • ტარიელ ფუტკარაძე - კომისიის წევრი;
  • მანანა ტაბიძე - კომისიის წევრი;
  • მერაბ რაფავა - კომისიის წევრი.
მიხეილ სააკაშვილი
2004 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი

ამონარიდი გენპროკურორის 2003 წლის 29 დეკემბრის #50-7 ბრძანებიდან:

ვიკიციტატა
„საქართველოს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელიც მოახდენს 1991-92 წლებში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი) სხვა მოვლენების ირგვლივ გამოძიებულ საქმეთა გადასინჯვას.“

თბილისის ქაშვეთის ეკლესიაში გამოსვლისას (25 იანვარი, 2004 წ.) პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატივი მიაგო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას. ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდა თბილისის მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ცენტრალურ ქუჩას ზუგდიდში, საჯარო სკოლას რუსთავში. ამასთან, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ მისი მხარდამჭერი პოლიტიკური პატიმრები. 2004 წელი ოფიციალურად გამოცხადდა ზვიად გამსახურდიას წლად. 2005 წელს კულტურის სამინისტრომ კულტურის ძეგლის სტატუსი მიაკუთვნა კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახლ-მუზეუმს თბილისში - „კოლხურ კოშკს“. ზვიად გამსახურდიას და მის დისიდენტურ მოღვაწეობას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 2006 წლის 26 მაისს თბილისში დაფუძნებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში.

შრომები

ძირითადი სამეცნიერო შრომები და ლიტერატურული თხზულებები

რჩეული თარგმანები

  • უილიამ შექსპირი, ზამთრის ზღაპარი, თბილისი, გამომცემლობა ,,ნაკადული,, , 1969.
  • ამერიკელი პოეტები.- ჟ. ,,ხომლი,, , #2, 1969.
  • ამერიკელი პოეტების ანთოლოგია, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება,, , 1971.
  • ნ. გოგოლი, საშინელი შურისგება.- ჟ. ,,საუნჯე,, , #3, 1983.
  • ძველეგვიპტური ,,მკვდართა წიგნიდან,,.- ჟ. ,,ცისკარი,, , #7, 1985.
  • ლეონარდ კოტრელი, ანტიკურობის საოცრებანი, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება,, , 1987.
  • შარლ ბოდლერი, ლექსები პროზად, თბილისი, გამომცემლობა ,,საქართველო,, , 1991.
  • სახარება მათესი, თბილისი, 2003.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ნაშრომები

ლიტერატურა

სქოლიო

  1. ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმების ხელშემწყობი ადამიანის უფლებათა დამცავი პირველი ლეგალური ჯგუფი ყოფილ საბჭოთა კავშირში (1989 წლიდან ჯგუფი იწოდებოდა საქართველოს ჰელსინკის კავშირად).
  2. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" , 11.04.1991
  3. [1], ბოსტონის უნივერსიტეტი.
  4. Hastening The End of the Empire, ტაიმი (ჟურნალი), 28 იანვარი, 1991
  5. ზვიად გამსახურდია. "ნომენკლატურის რევანში საქართველოში", 1993.
  6. რუსული ჟურნალი "რუსსკი კურიერ", პარიზი, სექტემბერი, 1991.
  7. ნიკოლას ჯონსონი: საქართველოს მედია 1990-ებში, აიოვას უნივერსიტეტის საიტი
  8. გაზ. "მოსკოვსკიე ნოვოსტი" , 15.12.1992)
  9. გაზეთი "იბერია-სპექტრი", თბილისი, 15-21 დეკემბერი, 1992.
  10. საქართველოს ექსპრეზიდენტის ხელახალი დასაფლავება. BBC News. წაკითხულია 1 აპრილს, 2007.
  11. Thousands Pay Tribute to the First President, Civil Georgia, 31 მარტი, 2007

რესურსები ინტერნეტში

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
საქართველოს პრეზიდენტი
1991 – 1993
შემდეგი:
ედუარდ შევარდნაძე