გორის საცხოვრებელი სახლი (ე. ნინოშვილის 3)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ქალაქ გორში, ე. ნინოშვილის ქ. 3. აგებულია 1900 წელს ხურო-ხელოსანი გიგა ქორქაძის მიერ. სახლი ი. კახნიაშვილისაა. საცხოვრებელი სახლი (14,7X11,9 მ) აგურითაა ნაშენი, სარდაფის კედლები — აგურითა და რიყის ქვით. შესასვლელი ნინოშვილის ქუჩიდანაა. ზედა სართულზე, შუაში გრძელი კორიდორია, რომლის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებულია ორ-ორი ოთახი. გამოირჩევა ქუჩის ფასადი. ამ ფასადზე კუთხეებში და სარკმლებს შორის პილასტრებია. სარკმლები ლილვებითაა მოჩარჩოებული და დასრულებულია სწორკუთხა ან თაღოვანი ფრონტონით. ასევეა შემკული შესასვლელი კარიც. ხის მასიური კარის ფრთების თაღოვანი ღიობები დაფარულია რკინის ცხაურით. პარაპეტის ზედა ნაწილს აგურის კბილანებიანი ლავგარდანი გასდევს. სახლს ეზოს მხარეს აქვს აივანი, რომელსაც მოგვიანებით დამატებითი სათავსები მიაშენეს. სარდაფი ძირითადად სახლის გეგმას იმეორებს. სარდაფში ჩასასვლელი ეზოდანაა, სარდაფის კუთხის სათავსში — ქუჩის მხრიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]