შინაარსზე გადასვლა

სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამარხი (სახსარი).

სამარხი — მიცვალებულის დასაკრძალავი ორმო, მოედანი, ნაგებობა, მოწყობილობა. იმის გამო, რომ მიცვალებულისათვის ინვენტარის ჩატანება წესად ჰქონდათ, სამარხი ძველი ისტორიის პერიოდების შესწავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ იქცა. სამარხები ცნობილია ძველი ქვის ხანიდან. პირველყოფილ ადამიანს თავი უნდა ეხსნა ხრწნადი ლეშისაგან. პრიმიტიული სამარხების მოწყობა უკავშირდება მიცვალებულის კულტს.

ევროპაში უკვე მუსტიეს ხანიდან ცნობილია სამარხი ორმოები, რომლებშიც მიცვალებულები ხელ-ფეხმოკეცილნი, „მძინარე პოზაში“ ესვენა. მათ ატანდნენ „საგზალს“, ქვის იარაღს, სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგიერთი ფაქტი მოწმობს მსხვერპლთშეწირვის წესის არსებობას, რომელიც მიცვალებულის პატივისცემას და თაყვანისცემას უკავშირდება. ევროპაში ცნობილია სამარხები ზედა პალეოლითური ხანის მღვიმეებშიც. ჩატანებული სამკაულების სიმრავლით (ნიჟარები, ძვალი) გამოირჩევა გრიმალდის სამარხები. სამარხებში ჩონჩხები წითლად იყო შეღებილი ჟანგმიწით (სისხლის ფერი მარადიული სიცოცხლის იდეასთან არის დაკავშირებული). ხშირია მიცვალებულის მოკრუნჩხულ პოზაში დაკრძალვა, რასაც სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს (მძინარე თუ ჩანასახოვანი მდგომარეობის განსახიერება და სხვა). აზილის ეპოქის სამარხებიდან (საფრანგეთი) ცნობილია მეორადი დაკრძალვის შემთხვევა. ოფნეტის გამოქვაბულში (გერმანია) წითელ ჟანგმიწათმოყრილ მრგვალ ორმოებში აღმოჩნდა თავის ქალების გროვები სამკაულებთან ერთად, რაც მიუთითებს თავის ქალის კულტზე. მრავალ ხალხში არსებობს რწმენა, რომ სულის სამყოფელი არის თავი.

მესოპოტამიის უძველეს ქალაქთა ნეკროპოლებში (ძვ. წ. III ათასწლეული) კრემაციის შემდეგ მიცვალებულის ფერფლს ალიზის, თიხის ან ქვის სამარხში კრძალავდნენ. ხშირ შემთხვევაში თიხის ურნებს (ქოთნებს), ვარცლისებურ თიხის კუბოებს იყენებდნენ. ალიზის აგურით ნაგები თაღიანი სამარხები უპირატესად ასურეთში გვხვდება. ცნობილია ე. წ. მეფეთა აკლდამები (ქ. ური სამხრეთ მესოპოტამიაში), რომელშიც მდიდრული ინვენტარი, მონები, ეტლები და სხვა ნივთები აღმოჩნდა. კასიტი და ასურელი მეფეები დასაკრძალავად ძველ, მიტოვებულ სასახლეებს ირჩევდნენ ხოლმე. ცნობილია ქ. ასურის სამეფო აკლდამები და სასახლეში მდგარი ბაზალტის სარკოფაგები.

ეგვიპტეში პრეისტორიული ხანიდან ცნობილია დიდი სამაროვნები. დამახასიათებელია მარცხენა გვერდზე „მოკრუნჩხულ პოზაში“ დაკრძალვა, თავით სამხრეთისაკენ, თავით აღმოსავლეთისკენ დაკრძალვა გაბატონებულია უკვე ძველ სამეფოს ხანაში და დაკავშირებულია რელიგიურ წარმოდგენებთან: მიცვალებულს ქვესკნელში მზე აღმოსავლეთით უნდა დაენახა. დასტურდება კოლექტიური ან წყვილადი დაკრძალვა, მეორადი დაკრძალვა და სხვა. ოთხკუთა ორმოები, რომლებიც შიგნით მოპირკეთებული და გადახურული იყო, კენოტაფებს წარმოადგენდა. გვიანდელი პრეისტორიული ხანიდან ცნობილია სარეცლები. ადრინდელ დინასტიურ ხანაში აგებდნენ მრავალკამერიან სამარხებს მიწისზედა ნაგებობიანად, რომელთაგან შემდეგში (ადრინდელ დინასტიურ ხანაშივე) განვითარდა ე. წ. მასტაბები. ეგვიპტის მეფეები ორ სამარხს იშენებდნენ - ზემო და ქვემო ეგვიპტეში (მათ შორის ერთი კენოფატი იყო). შუა სამეფოს შემდეგ მასტაბა აღარ გვხვდება. ყველაზე გრანდიოზულ ნაგებობას წარმოადგენს ეგვიპტის პირამიდა. მას მასტაბისაგან წარმოშობილად მიიჩნევენ. უფრო ძველია საფეხურიანი პირამიდები. V დინასტიის დროიდან (ძვ. წ. 2563-2423) ეგვიპტის სამეფო სახლის წარმომადგენლებს კრძალავდნენ კლდეში ნაკვეთ კამერებსა და დარბაზებში, რადგან ნილოსის ვიწრო ხეობა ვეღარ იტევდა მასტაბებს.

არქიტექტურული ნაგებობებითა და სამარხეული ინვენტარით გამოირჩევა მიკენის შახტური სამარხები (ძვ. წ. XVI საუკუნე). სამარხების თავზე იდგა სკულპტურულგამოსახულებიანი სტელები. ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისში ამ აკლდამების ადგილს, როგორც წინაპართა კულტისას, შემოავლეს მაღალი ფილების ორმაგი წრე, რომელსაც ღია, ფართო შესასვლელი ჰქონდა. შახტური სამარხები შეცვალა გუმბათოვანმა დიდმა დასაკრძალავმა ნაგებობებმა (ძვ. წ. XVI-XIII საუკუნეები). ე. წ. ატრევსის სამარხი მიკენეში და ამგვარივე ორქომენოსში წარმოადგენს ყველა დროის არქიტექტურულ შედევრს.

სხვადასხვა დროის დასაკრძალავი მიწისქვეშა და მიწისზედა სამარხი ნაგებობანი მრავალ ქვეყანაში გვხვდება. ესენია აკლდამები, პირამიდები, დერეფნიანი ნაგებობები. საფლავის ქვები, სტელები, ქანდაკებები, არქიტექტურული და ორნამენტული დეტალები ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს. ბევრ ხალხს ჰქონდა წეს-ჩვეულება და მისწრაფება თვალსაჩინოებითა და დიდი მასშტაბის ძეგლებით უკვდავეყო თავისი მიცვალებულები, შეესრულებინა კულტმსახურება და უზრუნველეყო მათი „საიქიო ცხოვრება“. ამას ემსახურებოდა გორამარხების, დოლმენებისა და სხვა მონუმენტური ძეგლების აგება, რომლებიც მოფენილია ევროპის, აზიისა და აფრიკის ვრცელ ტერიტორიაზე.

სამარხები კავკასიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში უძველესი სამარხები ჯერჯერობით მხოლოდ ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურიდანაა ცნობილი. საქართველოს ტერიტორიაზე შესწავლილია ამ ხანის გორასამარხები (ტყვიავი, შულავერი, საჩხერე), ქვისსამარხები და ორმოსამარხები (კიკეთი, ოზნო, ქვაცხელები). ქვაცხელების კრემაციული და ინჰიმაციური (ზოგი კოლექტიური) ქვაყრილიანი ორმოსამარხები გამოირჩეოდა თავისი ინვენტარით (ბრინჯაოს იარაღი და სხვა). ამირანის გორის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა 7 მიცვალებულის ჩონჩხი. საჩხერის რაიონის გორასამარხების დიდ ქვაყრილში მოწყობილი ინდივიდუალური სამარხები განსაკუთრებით ცნობილია ბრინჯაოს ინვენტარით, რაც მეტალურგიის განვითარების მაღალ საფეხურს მოწმობს. ადრინდელი ბრინჯაოს დასასრულისა და შუა ბრინჯაოს ხანა კავკასიის ტერიტორიაზე აღინიშნება სოციალურ-ეკონომიკური და კულტურის განვითარების სწრაფი ტემპით. ამავე დროს მიმდინარეობს სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციის პროცესი. უფრო გამოკვეთილად ჩანს გვაროვნულ-ტომობრივ გაერთიანებათა დაწინაურება. ყოველივე ამას ასახავს ამ ხანაში უმთავრესად გავრცელებული დიდი გორასამარხები მდიდრული ინვენტარით, ესაა, მაგ., თრიალეთის გორასამარხები და სხვა ანალოგიური ძეგლები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გორასამარხები ხშირად ჯგუფებადაა განლაგებული (ყორღანული ველი). გრანდიოზულობითა და სიმდიდრით ჩრდილოეთ კავკასიის ადრინდელი გორასამარხებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ყუბანის დიდი გორასამარხები (მაიკოპის კულტურა ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანები). ეს მასალა ენათესავება ალაჯაჰუიუქის „მეფეთა სამარხების“ დაახლოებით თანადროულ ინვენტარს. აფხაზეთსა და კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია დოლმენური სამარხები (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული და II ათასწლეულის I ნახევარი), უფრო ჩრდილოეთით ისინი ტამანის ნახევარკულძულამდე და ყირიმის ზღვისპირა ზოლში ვრცელდება. ცნობილია ყორღანულ და დოლმენურ სამარხთა ტიპების შერწყმის შემთხვევებიც. გორასამარხები არსებობდა გვიანდელ ბრინჯაოს ხანაშიც (აღმოსავლეთ საქართველოს, სევანის ტბისა და სხვა რაიონების ძეგლები), განსაკუთრებით მის ადრეულ საფეხურზე. ამ ხანაში უფრო მკაფიოდ ვლინდება უფლებრივი და ქონებრივი განსხვავება. ზოგიერთი წარჩინებულისა და ბელადის სამარხში ჩაყოლებულნი არიან მსხვერპლად შეწირული მონები თუ მისი მსახურები და მეომრები. გვიანდელ ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ჭარბობს ორმოსამარხები და ქვაყუთები (ქვის ფილებით ნაგები სამარხები). მიცვალებულები უმეტეს შემთხვევაში ხელ-ფეხმოკეცილი არიან, ხშირად ამ სამარხთა მრავალრიცხოვანი და მჭიდრო დაჯგუფებები დიდ სამაროვნებს ქმნიდა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მოქმედებდნენ (მაგ., სამთავროს სამაროვანი). ზოგჯერ სამაროვნებისათვის დამახასიათებელია სამარხთა შერეული ტიპები. აფხაზეთის ზღვისპირა სამაროვნებზე გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში ვხვდებით როგორც ოსუარიუმებს, ისე ორმოსამარხებს. აფხაზეთი ადრინდელი რკინის ხანის ორმოსამარხებში მიცვალებულები ინჰუმაციური წესით იყვნენ დაკრძალული, ზოგი ნაწილობრივ კრემაციაქმნილი ესვენა, მოხრილი ან ზურგზე გაშოტილი.

კოლხეთის დაბლობ რაიონებში ამ დროს (ძვ. წ. IX-V საუკუნეები) ცნობილია მასობრივი სამაროვნები (დასაკრძალავი მოედნები ან ცალკეული კოლექტიური სამარხები კრემაციული თუ მეორადი ინჰუმაციური დაკრძალვით). მიცვალებულის დაკრძალვა (ზოგჯერ ორისა ან სამისა) „მოკრუნჩხულ მოზაში“ თიხის დიდ ჭურჭელში ან მისი ნაწილების გამოყენებით — დაგება-გადაფარებით (ქვევრსამარხები) კოლხეთში თავს იჩენს ძვ. წ. IV საუკუნიდან, აღმოსავლეთ საქართველოში ძვ. წ. III საუკუნეში გაჩნდა და გვიანობამდე არსებობდა, კახეთში და აზერბაიჯანში — ახ. წ. I-III საუკუნეებამდე. ქვევრსამარხების გავრცელებას მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას უკავშირებენ და უმთავრესად ადგილობრივ ნიადაგზე წარმოშობილად თვლიან (იხ. ქვევრი, ქვევრსამარხი).

ჭურჭელში (პითოსებში) დაკრძალვის წესი სრულიად განსხვავებულ ეპოქებში ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ანტიკური ხანის კოლხეთსა და იბერიაში იცვლება სამარხთა ტიპები და დაკრძალვის წესი. იბერიის დედაქალაქის მცხეთისა და მისი მიდამოების იმდროინდელ სამარხებს შორის გამოყოფენ ორმოსამარხებს და ქვისსამარხებს (არსებობენ დედაქალაქობის ხანის მთელ მანძილზე, დამახასიათებელი იყო პროვინციებისათვისაც, ქვესამარხებს (ძვ. წ. I - ახ.წ. III საუკუნეები), აგურისა და კერამიკული ფილების ნაგებ სამარხებს (I - III საუკუნეები). სამარხების ინვენტარი გამოხატავს საქალაქო ცხოვრების თავისებურებებს (გაქრა საბრძოლო იარაღი, გაჩნდა ხელოსნობა-ვაჭრობისა და სხვა დარგების ამსახეველი საგნები და ა. შ.). სიმდიდრით განსაკუთრებით გამოირჩევა წარჩინებულთა სამარხები, მათ შორის ვანის, ახალგორისა და წინწყაროს ორმპიანი სამარხები (ადრინდელი ანტიკური ხანა), არმაზისხევის ქვის სარკოფაგები, თავისი ძვირფასი სარეცლებით, მცხეთისა და ბაგინეთის აკლდამები, ზღუდრის, სიონის, ჟინვალის, კლდეეთის, მოდინახეს გრუნტული სამარხები (გვიანდელი ანტიკური ხანა) და სხვა. ფეოდალურ ხანაში ქრისტიანულმა წესმა თანდათან განდევნა სამარხებში ინვენტარის ჩატანების ძველი წარმართული წესი.