ფარსადან გორგიჯანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გორგიჯანიძე, ფარსადან)
ფარსადან გორგიჯანიძე (გიორგიჯანიძე)
დაბადების თარიღი 1626
გარდაცვალების თარიღი 1696
პროფესია ქართველი ისტორიკოსი; მოურავი

ფარსადან გორგიჯანიძე (გიორგიჯანიძე; დ. 1626 — გ. 1696 ახლო ხანა) — ქართველი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღიზარდა ქართლის მეფე როსტომის კარზე. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ გაგზავნეს ირანში (ყაზვინი, გილანი) სხვადასხვა დავალებით. 1656 წელს როსტომმა, რომელიც შაჰის მიერ ისპაანის ტარუღად (მოურავად) იყო დანიშნული, გორგიჯანიძე თავის ნაცვლად გაგზავნა ირანის დედაქალაქში. შაჰმა მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ დართო ნება გორგიჯანიძეს, შესდგომოდა ისპაანის მოურავის მოვალეობის შესრულებას. 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იგი აბას II-ისა და სულეიმანის კარის სამსახურში. ცნობილია გორგიჯანიძის თხზულება „საქართველოს ისტორია“, რომელიც მას 1696 წელს დაუმთავრებია. მასში აღწერილია საქართველოს ისტორია გაქრისტიანების დროიდან XVII საუკუნის მიწურულამდე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს XVI-XVII საუკუნეების ისტორიის მომცველ ნაწილს, როგორც პირველხარისხოვან წყაროს. ნაშრომი უფრო ადრინდელი პერიოდის ამბების გადმოცემაშიც ბევრგან აზუსტებს და ავსებს ქართულ წყაროებს („ისტორიანი და აზმანი...“, „ჟამთააღმწერელი“) და, ამდენად, მნიშვნელობა ენიჭება „ქართლის ცხოვრების“ მეცნიერული ტექსტის დადგენისთვისაც. გარდა ქართულისა, გორგიჯანიძე სარგებლობდა სპარსული და სომხური წყაროებით. განსაკუთრებით უხვად იყენებდა სპარსელი ისტორიკოსის, ისქამდერ მუნშის, ნაშრომს.

გორგიჯანიძეს კარგად აქვს დანახული მისი დროის ირანის, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ფეოდალური საზოგადოების მანკიერი მხარეები, ცდილობს ისტორიული მოვლენათა მიზეზების ახსნას და ხშირად სწორ დასკვნებს იძლევა. გორგიჯანიძის თხზულება მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ირანის, ოსმალეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიისათვის. გორგიჯანიძე სუსტად ფლობდა ლიტერატურულ ქართულ ენას, წერდა ხალხური კილოთი. გორგიჯანიძეს ეკუთვნის აგრეთვე „ჯამი-აბასის“ (მუსლიმანთა სამართლის წიგნი) ქართული თარგმანი და სხვა. ჩვენამდე მოუღწევია გორგიჯანიძის ქართულ-არაბულ-სპარსულ ლექსიკონს, იგი ერთ-ერთი უძველესი ქართულ-უცხოენოვანი ლექსიკონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან ტ. 3, თბ., 1968;
  • კიკნაძე რ., ფარსადან გორგიჯანიძე და "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", თბ., 1975;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945;
  • ჯანაშვილი მ., ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი, ტფ., 1896;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]