შინაარსზე გადასვლა

თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანელ ჯარისკაცებს მიჰყავთ ტყვე ქართველები (ნაქარგობა, ირანი, XVI ს.; მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი)

თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში — ირანის სეფიანი შაჰის თამაზ I-ის (ზეობდა 1524–1576 წლებში) დაპყრობითი ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის სამეფოს დასამორჩილებლად. დაკავშირებული იყო ირან-ოსმალეთის ომთან სამხრეთ კავკასიაში გაბატონებისათვის.

1541 წელს „საღვთო ომის“ საბაბით თამაზი 12 ათასი ყიზილბაში მეომრით ყარაბაღიდან ქართლში შემოიჭრა, ღამით თავს დაესხა თბილისს, აიღო ქალაქი, გაძარცვა და გადაწვა. ქართლის მეფე ლუარსაბ I იქ არ იმყოფებოდა. იმავე პერიოდში ყიზილბაშებმა მოტყუებით აიღეს ბირთვისის მიუვალი ციხე და ლუარსაბის ხელში ჩაგდებაც სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ამ ლაშქრობის შედეგად თბილისი ყიზილბაშებმა დაიკავეს, მცველთა რაზმი ჩააყენეს და უკან გაბრუნდნენ.

1547 წლის იანვარში თამაზ I შირვანიდან დაიძრა და ანისის გზით ახალქალაქში მივიდა. მისმა ლაშქარმა მოარბია ჯავახეთი, ქვემო ქართლი და დიდი ნადავლით განჯაში დაბრუნდა.

1551 წელს თამაზ I-მა მესამედ გამოილაშქრა საქართველოში. ამჯერად ომის საბაბი ლუარსაბ I-ის მიერ სამცხის ნაწილის დაკავება და ქართლის მეფისგან შევიწროებული ათაბაგ ქაიხოსრო II ჯაყელისგან გაგზავნილი დახმარების თხოვნა იყო. ირანის ჯარმა ააოხრა ჯავახეთი და დაიპყრო თმოგვი, აწყური, ვანის ქვაბები, გაძარცვა ვარძია, საიდანაც დიდძალი სიმდიდრე წაიღეს. შაჰმა ქაიხოსროს ლუარსაბისაგან წართმეული ქვეყანა დაუბრუნა და ყარაბაღში დაბრუნდა.

1554 წელს თამაზ I მეოთხედ შემოესია საქართველოს. მან თავდაპირველად საბარათიანო დაიკავა, შემდეგ აიღო გორი, ზოგიერთი სხვა სიმაგრეც და შემოადგა ატენის ციხეს, სადაც იმყოფებოდნენ ქართლის მეფისა და დიდებულთა ოჯახები. ყიზილბაშებმა შინაგამცემლობის შედეგად შეძლეს ციხის აღება. დიდ ნაალაფევთან ერთად 30 ათასი ტყვე წაიყვანეს, მ. შ. მეფის დედა ნესტან-დარეჯანი, და უკან გაბრუნდნენ. ლუარსაბი დაედევნა მტერს, რამდენჯერმე შეებრძოლა და დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა ტყვეები მაინც ვერ დაიხსნა.

თამაზ I-ის ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს. მტერმა დაარბია და გაძარცვა ბევრი ქალაქი და სოფელი, მრავალი ადამიანი ბრძოლაში დაიღუპა ან ტყვედ წაიყვანეს. 1555 წელს დაიდო ამასიის ზავი, რომლითაც ირანმა და ოსმალეთმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები გაინაწილეს.

  • კიკნაძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 454.
  • გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», ტ. 2, ტფ., 1925.
  • ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1959.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
  • ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969.
  • ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი და თარგმანი ვ. ფუთურიძის, შენიშვნები რ. კიკნაძის, თბ., 1966.