გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან გაერო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაეროს დროშა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization, UNO; შემოკლებით - United Nations, UN) - საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

ორგანიზაციის შექმნის ისტორია[რედაქტირება]

გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ჰიტლერული გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს “გაერთიანებული ერების დეკლარაციას”, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ “ერთა ლიგის” არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.

გაეროს წესდება[რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლითაც წესდება ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და ფუნქციები. მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. წესდების თანახმად, გაეროს მთავარი მიზნებია:

  • დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;
  • განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა , დაფუძნებული ხალხათა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე;
  • განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;
  • ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად.

ამ მიზნების მისაღწევად გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:

  • გაერო დაფუძნებულია ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობაზე;
  • ურთიერთშორის დავა მათ უნდა გადაწყვიტონ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რათა საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და სამართლიანობას;
  • საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავონ ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ;
  • ყოველნაირად უნდა დაეხმარონ გაეროს და თავი შეიკავონ იმ სახელმწიფოთათვის დახმარებისაგან, რომლის წინააღმდეგ გაერო პრევენციულ თუ იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს;
  • გაერო ვერ ჩაერევა ისეთ საქმეში, რომელიც არსებითად სახელმწიფოს შინაგან კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაერო მოვალეა იძულების ზომები მიიღოს საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად ან აღსადგენად.

გაეროს სტრუქტურა[რედაქტირება]

გაეროს მთავარი ორგანოებია:

გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკში
  • გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა). გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები.
  • უშიშროების საბჭო - გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
  • ეკონომიკური და სოციალური საბჭო - გაეროს ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში
  • სამეურვეო საბჭო - გაეროს ორგანო, რომლის მიზანია კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა მათ დამოუკიდებლობამდე.
  • საერთაშორისო სასამართლო - გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.
  • სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებლბის პირი - გენერალური მდივანი.

გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე:

ორგანიზაციის ფუნქციონირება[რედაქტირება]

შტაბ-ბინა. გაეროს მთავარი ბინა ნიუ-იორკშია. იქ არის მისი მუდმივმოქმედი ორგანოები - უშიშროების საბჭო და სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება სხვა მთავარი და დამხმარე ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში.

ოფიციალური ენები. გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური. ამ ენებზეა შედგენილი წესდების ავთენტიკური თარგმანები, შეიძლება სიტყვით გამოსვლა გაეროს ორგანოებში და ქვეყნდება ოფიციალური დოკუმენტაცია. გაეროს სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული, ზოგიერთ ორგანოებში ასევე ესპანური და რუსული.

ბიუჯეტი. გაეროს ბიუჯეტი შედგება წევრი სახელმწიფოების ყოველწლიური შენატანებისაგან. ორგანიზაციის ბიუჯეტის 25%-ს აშშ ავსებს. “მსხვილი გადამხდელები” არიან აგრეთვე: იაპონია (10,8%), გერმანია (8,3%), საფრანგეთი (6,4%), დიდი ბრიტანეთი (4,9%).

გაეროს წევრები[რედაქტირება]

გაეროს წევრად სახელმწიფო მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს, და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს. ამჟამად გაეროს წევრია 193 სახელმწიფო, ამას გარდა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.

გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოები (51)[რედაქტირება]

ავსტრალიის დროშა ავსტრალია, დროშა: არგენტინა არგენტინა, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ, ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია, ბელგიის დროშა ბელგია, დროშა: ბელარუსი ბელარუსი, ბოლივიის დროშა ბოლივია, ბრაზილიის დროშა ბრაზილია, გვატემალის დროშა გვატემალა, დანიის დროშა დანია, დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი, დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტის დროშა ეგვიპტე, ეთიოპიის დროშა ეთიოპია, ეკვადორის დროშა ეკვადორი, ერაყის დროშა ერაყი, ვენესუელის დროშა ვენესუელა, თურქეთის დროშა თურქეთი, ინდოეთის დროშა ინდოეთი, ირანის დროშა ირანი, იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია, კანადის დროშა კანადა, კოლუმბიის დროშა კოლუმბია, კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა, კუბის დროშა კუბა, ლიბანის დროშა ლიბანი, ლიბერიის დროშა ლიბერია, ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, მექსიკის დროშა მექსიკა, ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი, ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა, ნორვეგიის დროშა ნორვეგია, პანამის დროშა პანამა, პარაგვაის დროშა პარაგვაი, პერუს დროშა პერუ, პოლონეთის დროშა პოლონეთი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი, სალვადორის დროშა სალვადორი, სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი, სირიის დროშა სირია, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, უკრაინის დროშა უკრაინა, ურუგვაის დროშა ურუგვაი, ფილიპინების დროშა ფილიპინები, ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია, ჩილეს დროშა ჩილე, ჩინეთის დროშა ჩინეთი, ჰაიტის დროშა ჰაიტი, ჰონდურასის დროშა ჰონდურასი.

აღსანიშნავია, რომ გაეროს დამფუძნებლებს შორის იყვნენ ბელორუსია და უკრაინა, რომლებიც არ იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და წარმოადგენდნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში მყოფ მოკავშირე რესპუბლიკებს.

გაეროს სხვა წევრი სახელმწიფოები (წევრად მიღების ქრონოლოგიის მიხედვით)[რედაქტირება]