ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სააგენტოს დროშა
სააგენტოს შტაბ-ბინა ვენაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, აესს — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ხელი შეუწყოს ატომური ენერგიის გამოყენების მშვიდობიან საშუალებებს და ცდილობს წინ აღუდგეს მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას, მათ შორის ატომური იარაღის ჩათვლით. აესს დაფუძნდა 1957 წლის 29 ივლისს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ის დამოუკიდებელი სტატუსით მოქმედებს, მაინც ანგარიშვალდებულია, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის, ისე გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე.

აესს-ს სათავო ოფისი მდებარეობს ვენაში, ავსტრიაში. მისი „რეგიონული დაცვითი ოფისები“ მდებარეობენ ტორონტოსა და ტოკიოში. აესს-ს ასევე აქვს ორი საკონტაქტო ოფისი, რომლებიც მდებარეობენ ნიუ-იორკსა და ჟენევაში. ასევე, ატომური ენერგიის საერთაშორისო ცენტრს გააჩნია ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები, სეიბერსდოფში (ავსტრია), მონაკოსა და ტრიესტში.

2005 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მის დირექტორს მოჰამედ ალ-ბარადეის გადაეცა. ოფიციალურ მიმართვაში ეწერა, რომ ნობელის პრემია მათ დაიმსახურეს: „ძალისხმევისთვის არ გამოყენებულიყო ატომური იარაღი სამხედრო მიზნებისთვის, ასევე იმისთვის, რომ მათ უზრუნველყვეს მისი დაცული გამოყენება, სამშვიდობო მიზნებისთვის“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეიქმნა 1957 წელს, დიდი შიშებისა და მოლოდინების კვალდაკვალ, რომლებიც გამოწვეული იყო ატომური ტექნოლოგიების აღმოჩენითა და გავრცელებით. სააგენტოს დასაბამი აშშ პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის „ატომი მშვიდობისთვის“ მიმართვა გახდა, რომელიც 1953 წლის 8 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერდა.

სტატუტის აშშ-ს მიერ რატიფიცირება 1957 წლის 29 ივლისს, გახდა სააგენტოს დაბადების ოფიციალური თარიღი. ვაშინგტონში, თეთრი სახლის ვარდების ბაღში, ხელმოწერის ცერემონიალთან ერთად გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და გაიხსენა 1953 წელს დადებული პირობა, რომელიც გულისხმობდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შექმნას. მან ასევე განაცხადა შემდეგი:

ვიკიციტატა
„სინამდვილეში, ჩვენ კრისტალიზებული გავხადეთ იდეა, რომელიც მრავალ ადგილას, მრავალ გონებაში ყალიბდებოდა. ატომთა გახლეჩვამ, შესაძლოა გააერთიანოს დაყოფილი მსოფლიო“

აესს მჭიდროდ დაკავშირდა ატომურ ტექნოლოგიებთან და მის სხვადასხვაგვარ გამოყენებასთან. იდეები, რომლებიც პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა 1953 წლის სიტყვაში ჩამოაყალიბა, 1956 წელს გაეროს 81 ქვეყნის მიერ მიღებულ სტატუტში იქნა გათვალისწინებული.

ორგანიზაციის წესდების მეორე მუხლში შემდეგი სახის ჩანაწერია:

ვიკიციტატა
„სააგენტო მიისწრაფვის ატომური ენერგიის ფართო და სწრაფი ათვისებისკენ, რომელიც არის მსოფლიო მშვიდობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საწინდარი. შესაძლებლობების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს, რომ მათ მიერ განსახორციელებელი კონსულტაციები, კონტროლი, დაკვირვება არ იყოს სამომავლოდ გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის“

1957 წლის ოქტომბერში, პირველ გენერალურ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ორგანზიაციის სათავო ოფისი იქნებოდა ავსტრიაში, ქალაქ ვენაში. 1979 წლის აგვისტოში, სანამ ცენტრის სათავო ოფისი გაიხსენებოდა, ორგანიზაციის დროებითი ადგილსამყოფელი ვენის ოპერის სახლის მოპირდაპირედ მდებარე „Grand Hotel“ წარმოადგენდა.

თუმცა, ეიზენჰაუერის ხედვა და იდეა ორგანიზაციის შექმნის ინიციატივის პირველ ეტაპზე სულაც არ წარმოადგენდა მსგავსი ფუნქციების მქონე საერთაშორისო ცენტრის შექმნას. ეიზენჰაუერის მოსაზრებები ბევრად უფრო თამამი იყო.

მისი იდეები ერთი მხრივ მკაცრად გააკრიტიკეს, ხოლო მეორე მხრივ შეაქეს და მოიწონეს. ეიზენჰაუერის თავდაპირველი კონცეპტი, წარმოადგენდა აესს-ს როლს, როგორც ბანკისა, რომელიც მსოფლიო ატომურ ნედლეულს შეინახავდა, განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს, რომლებსაც ორგანიზაციისთვის უნდა დაეთმოთ იმ ოდენობით ნედლეული, რა ოდენობაც საკმარისი იქნებოდა შეემცირებინათ საკუთარი მარაგები იმდენად, რომ ატომური იარაღის საშუალებით ვერ მიეყენებინათ მნიშვნელოვანი ზიანი ერთმანეთისთვის. იდეა „ატომები მშვიდობისთვის“ უმრავლესად სკეპტიკურად აღიქვეს. პირველ რიგში, ინიციატივის რეალიზების არ სჯეროდათ საბჭოთა კავშირში.

აშშ-ს შეხედულებები ერთი იყო, მართალია მას სურდა, რომ სააგენტოს ფუნდამენტური როლი ეთამაშა მსოფლიო ატომურ ცხოვრებაში, თუმცა ეს ინიციატივა დიდწილად დამოკიდებული იყო საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებაზე, მიიღებდნენ თუ არა ისინი მონაწილეობას მოლაპარაკებებში ან იქნებოდნენ თუ არა ისინი ატომური ნედლეულის კონტრიბუტორები. თუ საბჭოთა კავშირი სააგენტოში აქტიურ მონაწილეობაზე თანხმობას განაცხადებდა, ეიზენჰაუერის კონცეპტი შესაძლოა განხორციელებულიყო, როგორც სააგენტოსი, რომელიც შეინახავდა ატომურ ნედლეულს. თუ საბჭოთა კავშირი არ მიიღებდა მონაწილეობას ორგანიზაციის დაფუძნებაში აესს-ს მომავალი ბუნდოვანი ხდებოდა, რადგან მხოლოდ აშშ-სა და ბრიტანული ნედლეულის შენახვა აესს-ში აზრს მოკლებული იყო. საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირი დათანხმდა ორგანიზაციის წევრობას, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, სააგენტომ, როგორც ატომური ნედლეულის შემნახეველმა ბანკმა განხორციელება ვერ ჰპოვა. პირველ რიგში ეიზენჰაუერის იდეას წინააღმდეგობა ამერიკის კონგრესში გაუწიეს, რადგან კონგრესის უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სტატუტის პროექტის IX და XII.B. მუხლები.

საბჭოთა კავშირის თანხმობამ, რვა დამფუძნებელი ქვეყანა გახადა თორმეტი (დაემატნენ საბჭოთა კავშირი, ჩეხოსლოვაკია, ბრაზილია და ინდოეთი და სტატუტზე მუშაობა სწორედ თორმეტმა ქვეყანამ დაასრულა. იმჟამად მიღებული სტატუტი დღესაც თითქმის უცვლელი სახით არის დატოვებული.7

სტრუქტურა და ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აესს-ს მისია განისაზღვრება წევრი ქვეყნების ინტერესებითა და საჭიროებებით, სტრატეგიული გეგმები და ხედვის დოკუმენტები ორგანიზაციის წესდებასთან არიან შესაბამისობაში. სამი ძირითადი პრინციპია: უსაფრთხოება და დაცულობა; მეცნიერება და ტექნოლოგიები; უსაფრთხოების ოფისები და ვერიფიკაცია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავტონომიური ორგანიზაციაა და გაერთიანებული ერების წინაშე პირდაპირ ანგარიშვალდებული არ არის, თუმცა მათ წინაშე ანგარიშვალდებულება მაინც გააჩნია. განსხვავებით სხვა სააგენტოებისგან აესს-ს საქმიანობის განხორციელების პროცესში კოორდინაცია ძირითადად უსაფრთოხების საბჭოსთან უწევს და არა გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საბჭოსთან. სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები გაწერილია სადამფუძნებლო დოკუმენტში, აესს-ს სტატუტში. სააგენტოში სამი ძირითადი ორგანო ფუნქციონირებს: ხელმძღვანელთა საბჭო, გენერალური კონფერენცია და სამდივნო.

აესს უზრუნველყოფს ატომური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უსაფრთხო, დაცულ და მშვიდობიან გამოყენებას.8 ორგანიზაცია საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს: არსებული ატომური დანადგარების ინსპექცია, მათი მშვიდობის მიზნით გამოყენების ჭრილში; ატომური დანადგარებისთვის სტანდარტებისა და საინფორმაციო მასალების შემუშავება, მათი უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით; ასევე, სააგენტო თანამშრომლობს მეცნიერებების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ორგანიზაციებთან, რომლებიც იყენებენ ატომურ ნედლეულს სხვადასხვა მიზნისთვის.

აესს აცნობიერებს, რომ შესაბამისი ცოდნა ატომური ენერგიის სფეროში არის გარანტი იმისა, რომ ენერგია გამოიყენონ უსაფრთხოდ და ეკონომიურად. ამისთვის აესს გენერალურ კონფერენციაზე 2002 წელიდან მოყოლებული ახორციელებს სპეციალური პროგრამას, რომელიც ემსახურება ატომურ ენერგიასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასა და მის გაზიარებას.

2004 წელს, სააგენტომ შეიმუშავა პროგრამა კიბოს თერაპიასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ: Programme of Action for Cancer Therapy - (PACT). PACT გულისხმობს განვითარებად ქვეყნებში რადიოთერაპიის საშუალებით მკურნალობის პროგრამების დანერგვის, განვითარებისა და გავრცელების ხელშეწყობას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხელს უწყობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას აესს-ს წევრ ქვეყნებს შორის სეისმური საშიშროებების ჭრილში. 2008 წელს აესს-მ ჩამოაყალიბა სეისმური დაცულობის საერთაშორისო ცენტრი. ცენტრის ფუნქციაა უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა.

ხელმძღვანელთა გამგეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, ხელმძღვანელთა გამგეობა (2019 წლის სექტემბერი — 2020 წლის სექტემბერი) შედგება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35 წევრი ქვეყნისგან, თითოეულ მათგანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქვს ერთი ხმის უფლება. ცამეტი წევრი აირჩევა წინამორბედი გამგეობის მიერ, ათეულის მსგავსად, რომლებიც ასევე აირჩევიან წინამორბედი გამგეობის მიერ და ხასიათდებიან ატომურ ენერგიაში პროფესიონალიზმით, წარმოადგენენ დარგის მოწინავე სპეციალისტებს. შემადგენლობაში ასევე შედიან რეგიონული ჯგუფებიდან არჩეული სხვა წარმომადგენლები, რომლებიც პირველ ათეულში არ არიან, რათა წარმომადგენლობა იყოს თანაბარი.

გენერალური კონფერენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალური კონფერენცია შედგება 171 წევრი ქვეყნისგან. კონფერენცია წელიწადში ერთხელ იკრიბება, ხშირ შემთხვევაში სექტემბრის თვეში. მათი ფუნქციაა გამგეობის მიერ შემუშავებული ღონისძიებებისა და ბიუჯეტის დამტკიცება. გენერალური კონფერენცია ასევე ამტკიცებს გენერალური დირექტორის კანდიდატურას და საჭიროებისამებრ ავალებს გამგეობას მოამზადოს ანგარიშები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თითოეულ წევრს გააჩნია ერთი ხმის უფლება.

გენერალური კონფერენციის მთავარი ფუნქციაა, წევრი ქვეყნებისთვის, ფორუმის ფორმატის შეთავაზება, რომელზეც იმართება მსჯელობები მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

სამდივნო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აესს საკუთარი საქმიანობების რეალიზებას სამდივნოს მეშვეობით ახორციელებს. სამდივნოს გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს. გენერალურ დირექტორს ირჩევს გამგეობა, ხოლო მისი დამტკიცება გენერალური კონფერენციის კომპეტენციაა. გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს ექვს დეპარტამენტს: ატომური ენერგია, ატომური ენერგიის დაცვა და უსაფრთხოება, ატომური ენერგიის მეცნიერება და პროგრამები, დაცვითი ოფისები, ტექნიკური კოოპერაცია, მენეჯმენტი.

აესს-ს ბიუჯეტი ორ ნაწილად იყოფა. რეგულარული ბიუჯეტი ივსება წევრი ქვეყნების მიერ, ხოლო კოოპერაციის ფონდი ივსება ნებაყოფლობითი კონტრიბუციებით.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშვიდობიანი გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუტის მეორე მუხლის მიხედვით, ორგანიზაციას აქვს ვალდებულება: „ხელი შეუწყოს და გაავრცელოს ძალისხმევა ატომური ენერგიის მშვიდობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნით გამოყენებაში“. სტატუტის მესამე მუხლის მიხედვით, ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას წევრი ქვეყნებისთვის უზრუნველყოს: კვლევები, ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლა, ტრენინგები, ინფორმირება და ა.შ, რომლებიც უზრუნველყოფენ ატომური ნედლეულის მშვიდობიან გამოყენებას, გადამუშავებასა და მოპოვებას.

დაცვითი ოფისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაცვითი ოფისების დეპარტამენტს ევალება ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის სრული ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა. სააგენტოს ეს ფუნქცია, ორგანიზაციის სტატუტის მეორე მუხლიდან გამომდინარეობს.

ატომური უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე და უმთავრესი პრიორიტეტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის არის უსაფრთხოება. ორგანიზაცია რეგულარული ბიუჯეტის 10%-მდე ფინანსურ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ატომური სადგურები ინციდენტებისგან დაიცვას.

1986 წლის ჩერნობილის შემთხვევამ ორგანიზაციის ძალისხმევა ატომური უსაფრთხოების მიმართულობით გააორმაგა, საფრთხეები ნამდვილია და ეს ფუკუშიმას რეაქტორის კატასტროფამაც ცხადჰყო.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ატომური კატასტროფების რუსმა მკვლევარმა ანდრეევმა, კრიტიკული მოსაზრება გააჟღერა ფუკუშიმას ატომური სადგურის კატასტროფასთან დაკავშირებით და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დაადანაშაულა. მისი აზრით, 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფიდან სწორი დასკვნები გამოტანილი არ იქნა, რამაც განაპირობა კიდეც იაპონური კატასტროფა.

ატომური საერთაშორისო სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ცალკეული გამოცემების მხრიდან ხშირად კრიტიკდება.

წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აესს-ში გაწევრიანება საკმაოდ მარტივია. სტანდარტულად, ქვეყანა ატყობინებს გენერალურ დირექტორს გაწევრიანების სურვილის შესახებ. დირექტორი აჯამებს მოთხოვნის შესახებ წარდგენილ განცხადებას და წარუდგენს გამგეობას. გამგეობის თანხმობის შემთხვევაში, გენერალური კონფერენცია დაადასტურებს მოთხოვნას. შესაბამისი პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ ქვეყანა ხდება სააგენტოს წევრი.

აესს 171 წევრი ქვეყნისგან შედგება. ოთხი ქვეყანა წარსულში გაირიცხა სააგენტოდან: ჩრდილოეთ კორეა, 1974-1994 წლების განმავლობაში იყო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, თუმცა გაირიცხა დაწესებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ნიკარაგუა, ჰონდურასი და კამბოჯა იგივე მიზეზებით გარიცხეს ორგანიზაციიდან, თუმცა შემდგომში კვლავ შეუერთდნენ სააგენტოს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუერთდა. საქართველო ხელმძღვანელობს აესს-სთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული სტანდარტებით.

გენერალური მდივნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "IAEA Offices and Contact Information". International Atomic Energy Agency. International Atomic Energy Agency. n.d. Retrieved 29 ნოემბერი 2018.
  • HISTORY OF THE INTERNATIONAL ATOMIC ENERGY AGENCY The First Forty Years by David Fischer, 10, ISBN 92–0–102397–9
  • HISTORY OF THE INTERNATIONAL ATOMIC ENERGY AGENCY The First Forty Years by David Fischer, 34-35, ISBN 92–0–102397–9
  • "What We Do". IAEA. Retrieved 29 January 2012.
  • Jonathan Tirone (9 დეკემბერი 2011). "UN Atomic Agency Funds Anti-Terrorism, Not Safety". Bloomberg.
  • "IAEA Nuclear Safety Action Plan Approved by General Conference". International Atomic Energy Agency. Retrieved 2 ნოემბერი 2013.
  • Michael Shields (15 March 2011). "Chernobyl clean-up expert slams Japan, IAEA". Reuters.
  • Geoff Brumfiel (26 April 2011). "Nuclear agency faces reform calls". Nature.
  • Stephen Kurczy (17 March 2011). "Japan nuclear crisis sparks calls for IAEA reform". The Christian Science Monitor.
  • "A watchdog with bite". Nature. 472 (7344): 389. 28 April 2011. doi:10.1038/472389a.
  • "Process of becoming a member state of the IAEA". IAEA. Retrieved 16 ნოემბერი 2013.
  • "Member States of the IAEA". International Atomic Energy Agency. Retrieved 16 September 2013.
  • "NFCIRC/447 – The Withdrawal of the Democratic People's Republic of Korea from the International Atomic Energy Agency" (PDF). International Atomic Energy Agency. 21 June 1994. Retrieved 16 January 2014.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]