ბრაზილია
|
|||||
| ჰიმნი: Hino Nacional Brasileiro | |||||
| დევიზი: წესრიგი და პროგრესი | |||||
| დედაქალაქი | ბრაზილია |
||||
| უდიდესი ქალაქი | სან-პაულუ | ||||
| ოფიც. ენები | პორტუგალიური | ||||
| მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | დილმა რუსეფი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
8,514,877 კმ²(მე-5) 0.65% |
||||
| მოსახლეობა - 2009 სავ. - 2000 ცენზი - სიმჭიდროვე |
192,272,890 (მე-5) 169,799,170 22 ად/კმ² (182-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2007მიახლ. $1.804 ტრილიონი (მე-8) $11,873 (65-ე) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | რეალი (BRL) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC -2-დან -5-მდე) | ||||
| ქვეყნის კოდი | BRA | ||||
| ccTLD | .br | ||||
| სატელეფონო კოდი | +55 |
||||
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა.
- პორტუგალიური: República Federativa do Brasil.
- ეტიმოლოგია: - ქვეყნის სახელწოდება Brasil მიღებულია აქ გავრცელებული წითელი ხისაგან, რომელსაც ადგილობრივი ინდიელები უწოდებენ „პაუ-ბრაზილს“.
- ქვეყნის კოდი: BR.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. ესაზღვრება კონტინენტის 12 სახელმწიფოდან 10-ს (ყველას, ეკვადორისა და ჩილეს გამოკლებით). ესენია: ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბოლივია, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა.მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ბოლივიასთან 3400 კმ, ყველაზე პატარა კი სურინამთან - 597 კმ. საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან არ წარმოადგენს რთულ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რაც აადვილებს მის ეკონომიკურ კავშირებს კონტინენტის ქვეყნებთან. აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილიას ფართო გასასვლელი აქვს ატლანტის ოკეანეზე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7491 კმ. ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4348 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი - 4320 კმ-ზე. ბრაზილია ფართობით ორჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას.
ბრაზილიის უზარმაზარ ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი მსხვილი ბუნებრივი ოლქი: ამაზონის დაბლობი, რომელიც ვრცელდება ქვეყნის ჩრდილოეთით და ბრაზილიის მთიანეთი, რომელიც იკავებს ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებს. ბრაზილიის ტერიტორიაზე არ გვხვდება ის გრანდიოზული მთათა სისტემები, რომლებიც წარმოდგენილია კონტინენტის დასავლეთ ნაწილში.
ბრაზილიის მთიანეთი მოიცავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ს. იგი აგებულია ძველი კრისტალური ქანებისაგან, სადაც ჭარბობს გრანიტი, გნეისი, კვარციტი. ეს ყველაფერი დაფარულია დანალექი ქანებით. ზოგ ადგილებში, კრისტალური ქანები გამოდიან ზედაპირზე. მთიანეთი ძირითადად ხასიათდება გორაკ-ბორცვიანი ზედაპირით, რომელიც მაღლდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.
მთიანეთი დასავლეთით გადადის პანტანალის ვაკეში, ხოლო სამხრეთით - ლა-პლატის დაბლობში. ჩრდილო დასავლეთით იგი თანდათან იშლება და უერთდება ამაზონის დაბლობს, რომლის ფართობიც 1.6 მლნ კვ.კმ-ია. მსოფლიოში უდიდესი ეს ტროპიკული დაბლობი მდებარეობს ტექტონიკური ჩაღუნვის ოლქში, რომელიც ამოვსებულია ზღვიური და კონტინენტური დანალექი მასალით.
ბრაზილია მდიდარი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულით, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია გეოლოგიური აგებულების თავისებურებით. ქვეყანა პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში რკინის, მანგანუმის, ქრომიტების, ბარიტის, პირიტის, ნიობიის და გარსის მარაგით. მეორეზეა ტიტანის, ვოლფრამის, კობალტის, კალის, აზბესტის და კალიუმის მარილების მარაგით. ამავე დროს, ქვეყანა ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის.
- ფართობი: 8.511.965 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პიკო-და-ნებლინა, 3,014 მ; მთავარი მდინარეები (კმ) – ამაზონი 3.500 (სულ 6.280), პურუსი 3.000 (სულ 3.210), რიო სან-ფრანსისკუ 2.900, ტოკანტისი 2.700, არაგუაია 2.600, რიო პარანა 2.400 (სულ 4.700); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ლაგოა მირიმი 3.000; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - მარაჟუ 47.573, დიდი გურუპა 4.864; კლიმატი - ეკვატორული, ტროპიკული.
- ბუნებრივი რესურსები: ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, ოქრო რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, პლატინა, კალა, ურანი, ნავთობი, ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).
[რედაქტირება] კლიმატი
ბრაზილიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ტროპიკულ სარტყელში, მისი სამხრეთი ნაწილი კი ექცევა სუბტროპიკულ სარტყელში. დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის რადიაციის სიუხვეს და ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც მერყეობს +14,7 გრადუსიდან 28,3 გრადუსამდე. ეს ტემპერატურები თანდათან კლებულკობს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით,თვიური და წლიური ამპლიტუდა კი მატულობს.
ქვეყნის მტელი ტერიტორია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის გამოკლებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ტენს იღებს - 1000 მმ-ზე მეტს წელიწადში. ტროპიკული ბრაზილიის ყველაზე ცივი თვის და ყველზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებს შორის განსხვავება დაახლოებით 3-4 გრადუსია. ნალექები წლის მანძილზე არათანაბრად არის განაწილებული, განასხვავებენ ორ სეზონს: მშრალს და ტენიანს.
ბრაზილიის მთაინეთისათვის დაახლოებით 24-იან განედამდე, ბატონობს სუბეკვატორული კლიმატი ცხელი (22-28 გრადუსი) და ტენიანი ზაფხულით და თბილი (17-20 გრადუსი),მშრალი ზამთრით. მთიანეთის აღმოსავლეთით, კლიმატი ტროპიკული, ცხელი და ტენიანია (800-1600 მმ).
ბრაზილიის კლიმატური პირობები ხელსაყრელია ყველა სახის სოფლის მეურნეობის კულტურის მოსაყვანად. ცივი პერიოდის არარსებობა კარგ საშუალებას იძლევა წელიწადში ორი, ზოგიერთი კულტურისთვის კი სამი მოსავლისათვის.
[რედაქტირება] შიგა წყლები
ბრაზილიის სამდინარო ქსელი ძლიერ ხშირი და წყალუხვია. დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ქვეყნის მთელს ტერიტორიას კვეთს მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი, ყველაზე წყალუხვი და აუზის ფართობით ყველაზე დიდი მდინარე ამაზონი, რომლის საშუალებითაც ხდება ქვეყნის ჩრდილოეთის რაიონების მორწყვა. ეს მდინარე წარმოიშვება მდინარეების - მარანიონის და უკაიალის შეერთებით და თუ მის სიგრძეს პირველი მდინარის სათავიდან გამოვითვლით, მაშინ იგი გაუტოლდება 6 400 კმ-ს, ხოლო თუ მეორე მდინარიდან, 7 000 კმ-ს. მდინარე ამაზონი ბრაზილიის ტერიტორიაზე 3 165 კმ გაედინება. ქვეყნის ტერიტორიაზე მისი აუზი შეადგენს 4,8 მლნ კვ.კმ-ს. პერუს საზღვართან მისი სიგანე 1,5 კმ-ია, შუა დინებისას, ქალაქ მანაუსთან 5 კმ, ხოლო ქვემო დინებისას 20 კმ. შესართავთან კი 80-150 კმ. შუა დინებისას ამაზონის სიღრმე 70 მეტრია, ქალაქ ობიდუსთან 135 მ, ხოლო შესართავთან 15-45 მ. ამაზონს მრავალი შენაკადი აქვს. მათგან აღსანიშნავია პურუსი, ჟურუა, ტაპაჟოსი, მადეირა, რიუ-ნეგრუ, ჟაპურა, ისა. ამაზონის რეჟიმი რთული და მრავალფეროვანია.
ბრაზილიის და ზოგადად სამხრეთ ამერიკის მეორე უდიდესი მდინარეა პარანა, რომლის წყლებითაც ირწყვება ქვეყნის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი. მისი მნიშვნელოვანი შენაკადებია: პარაგვაი, ტიეტე, იგუასუ და სხვა. პარანა ჰიდროენერგიის დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ბრაზილიის სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებდან აღსანიშნავია: სან-ფრანსისისკუ, პარაიბა, ტოკანტისი, პარანაიბა, ჟაკუი. ქვეყანა შედარებით ღარიბია მნიშვნელოვანი ტბებით. გვხვდება ლაგუნური და ჭალის ტბები. ყველაზე დიდი ტბაა პატუსი (10.000 კვ.კმ).
[რედაქტირება] ფლორა და ფაუნა
ბრაზლიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაფარულია ტყეებით, რომელიც გავრცელებულია წითელ ფერალიტურ ნიადაგებზე. ბრაზილიის მცენარეული საფარი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი ფლორისტული შემადგენლობა 50.000 მცენარეს შეიცავს, საიდანაც 12.000 ენდემურია. ტყეების ჯიშობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნებით, სიმჭიდროვით და მრავალიარუსლინობით გამოირჩევა ტენიანეკვატორული მარადმწვანე ტყე,რომელიც ცნობილია, როგორც ჰილეები (ბრაზილიაში მას სელვას უწოდებენ). ისინი ვრცელდებიან ძირითადად ამაზონის დასავლეთ ნაწილში. ამაზონის ტყეები ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია 4.000-ზე მეტი ჯიშის მერქნიანი ხე, ვხვდებით ასობით პალმის ჯიშს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 60 მეტრამდე იზრდება.
უფრო მრავალფეროვანი მცენარეული საფარით ხასიათდება ტყის ის ნაწილი, რომელიც წყლით არ იფარება. აქ იზრდება ისეთი ძვირფასი ჯიშები, როგორებიცაა მონგო, პაუ-ბრაზილი, "რძის ხე", "ნესვის ხე", უხვადაა ლიანები. მდინარე ამაზონის მცენარეთაგან სახელგანთქმულია ყვავილოვანი მცენარე ვიქტორია რეგია, რომლის ფოთლის დიამეტრი 2,5 მეტრს აღემატება.
ბრაზილიის ყველაზე მშრალი ადგილი - მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შიგა რეგიონები ძირითადად დაფარულია დაბალი ეკლიანი ბუჩქებითაა და კაქტუსებით. ქვეყნის უკიდურესი სამხრეთი წარმოდგენილია ტენიანი სუბტროპიკული სავანებით. ატლანტის ოკეანის სანაპირო დაფარულია მანგოს ბარდით.
მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბრაზილიის ცხოველთა სამყარო. აღსანიშნავია: ბრაზილიური კურდრელი, იაგუარი, პუმა, ბუჩქნარის ძაღლი, ტაპირი, ჭაობის ირემი, ბრაზილიური შველი, ანაკონდა, სხვადასხვა სახის თუთიყუში, ჭიანჭველაჭამია, ნიანგი და ა.შ. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას და ამ მიზნით შექმნილია ეროვნული პარკები.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა (2003).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (81+513 წევრი).
ბრაზილიის ნაპირებთან პირველი ევროპელები - ზღვაოსან კარბალის მეთაურობით 1500 წელს გამოჩნდნენ. დაიწყო ბრაზილიის კოლონიური ისტორია. მეტროპოლიის განსაკუთრებული ყურადღება პირველად გამახვილდა ძვირფასმერქნიან ხე პაუ-ბრაზილზე, რომლისგანაც წარმოიშვა შემდგომში მთელი ქეყნის სახელწოდება და რომელიც დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ევროპაში. პორტუგალიელთა კოლონიური ბატონობა გაგრძელდა 1822 წლამდე. ამ წლის 7 სექტემბერს კი ქვეყანამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიიღო. ბრაზილია 67 წლის განმავლობაში მონარქიულ ქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო 1822 წლის 15 ნოემბერს იგი რესპუბლიკად გამოცხადდა.
დღეისათვის მოქმედი კონსტიტუცია ქვეყანამ 1988 წელს მიიღო, რომლის ძალითაც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. მას 5 წლის ვადით ირჩევენ.
ბრაზილიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული კონგრესი, რომელიც შედგება დეპუტატთა პალატისგან (487 ადგილი, არჩევა ხდება 4 წლის ვადით) და ფედერალური სენატისგან (72 ადგილი, არჩევა ხდება 8 წლის ვადით).
პრეზიდენტისა და ეროვნული კონგრესის ადგილსამყოფელია დედაქალაქი ბრაზილია. სახელმწიფოს მეთაურის დეპარტამენტები განლაგებულია განთიადის სასახლეში. ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიებიდან აღსანიშნავია: ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია, ლიბერალური ფრონტი, სოციალურ-დემოკრატიული პარტია.
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
ბრაზილია ფედერაციული სახელმწიფოა, რომელიც შედგება 26 შტატისა (estado) და 1 ფედერალური ოლქისაგან (distrito federal). შტატებს აქვთ თავიანთი კონსტიტუცია, საკანონმდებლო ორგანო და ჰყავთ გუბერნატორები.
- ჩრდილოეთ ამაზონეთი: აკრი – ამაპა – ამაზონასი – პარა – რონდონია – რორაიმა – ტოკანტინსი
- ჩრდილო-აღმოსავლეთი: ალაგოასი – ბაია – მარანიანი – პარაიბა – პერნამბუკუ – პიაუი – რიუ-გრანდი-დუ-ნორტი – სეარა – სერჟიპი
- სამხრეთ-აღმოსავლეთი: ესპირიტუ-სანტუ – მინას-ჟერაისი – რიო-დე-ჟანეირო – სან-პაულუ
- სამხრეთი: პარანა – რიუ-გრანდი-დუ-სული – სანტა-კატარინა
- ცენტრალური დასავლეთი: ფედერალური ოლქი – გოიასი – მატუ-გროსუ – მატუ-გროსუ-დუ-სული
[რედაქტირება] დემოგრაფია
თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორია ძველად ინდიელებით იყო დასახლებული, რომლებიც ახლაც არიან შემორჩენილი ამაზონის ჯუნგლებში. XVI ს-ის დასაწყისში ბრაზილია დაიპყრეს პორტუგალიელმა კონკისტადორებმა, რომლებმაც პრაქტიკულად გაანადგურეს ადგილობრივი ინდიელები. პორტუგალიელებმა დააარსეს მსხვილი პლანტატორული მეურნეობები, რომლებიც აფრიკიდან შემოყვანილი მონების შრომას იყენებდნენ.
ბრაზილიელი ერი ჩამოყალიბდა სამი ძირითადი რასის - აქ ჩამოსული ევროპული მოსახლეობის (ძირითადად პორტუგალიელების და იტალიელების), ზანგების და ინდიელი აბორიგენების შერევით. ქვეყნის ეროვნული შემადგენლობა ერთფეროვანია, მთელი მოსახლეობის 97% ბრაზილიელია. მნიშვნელობნად იზრდება ქვეყნის მოსახლეობა, ძირითადად ბუნებრივი მატების ხარჯზე. მიგრაციის როლი უმნიშვნელოა.
საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 18 კაცს 1 კმ.კვ-ზე. მოსახლეობა ქვეყნის ტერიტორიაზე ძალიან არათანაბრად არის განლაგებული. მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის სანაპირო ზოლში,მთელი ტერიტორიის 1/10-ზე. ამაზონის ტროპიკული ტყეები,სავანები და მთიანეთის შიგა რაიონები მეჩხერად არის დასახლებული. ქვეყნის დასავლეთის და ჩრდილოეთის შვიდ შტატში (აკრი, ამაზონასი, პარა, მატუ-გროსუ, ამაპა, რორაიმა, რონდონია) რომლებიც ბრაზილიის ფართობის ნახევარზე მეტს მოიცავს,ცხოვრობს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 5%.
ბრაზილია ურბანიზაციის მაღალი დონით და ამ პროცესის ინტენსიურობით ხასიათდება.
- მოსახლეობა: 192,272,890 მლნ (2009), მათ შორის 55% თეთრი (წარმოშობით პორტუგალიელები, გერმანელები, იტალიელები, ესპანელები, პოლონელები), 38% შერეული, 6% შავი.
- ენები: პორტუგალიური-სახელმწიფო ენა, რომელზეც მოსახლეობის 92% ლაპარაკობს, ესპანური, ინგლისური, ფრანგული.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) : ბრაზილია (2.160, დედაქალაქი), სან-პაულუ (10,195; აგლომ. 18,847), რიო-დე-ჟანეირო (6,120; აგლომ. 11,437), ბელუ-ორიზონტი (2,347; აგლომ. 4,519), სალვადორი (2,590; აგლომ. 3,253), ფორტალეზა (2,278; აგლომ. 3,044), კურიტიბა (1,670; აგლომ. 2,907), მანაუსი (1,644), რესიფი (1,515; აგლომ. 3.646).
[რედაქტირება] ეკონომიკა
ბრაზილია ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფოა, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით და სამრეწველო პოტენციალით. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდამდე, ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ მთავრობის ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ცნობილია როგორც განვითარების "ბრაზილიური მოდელი", მნიშვნელოვნად დააჩქარა ეროვნული ეკონომიკური პოტენციალის შემდგომი წინსვლა.
ბრაზილია ეროვნული შემოსავლის პოტენციალით პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში და მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლებით შედის მსოფლიოს უმსხვილეს სახელმწიფოთა ათეულში. ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აშშ-ს,ჩინეთს, გერმანიას, იაპონიას, შვეიცარიას, გაერთიანებულ სამეფოს. მათი პოზიციები დიდია ქიმიურ, ფარმაცევტულ და ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში (განსაკუთრებით საავტომობილო მრეწველობაში), გემთმშენებლობაში.
ბრაზილიის ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა. საერთო სამრეწველო პოტენციალით იგი შედის მსოფლიოს 15 დიდ სახელმწიფოს შორის. მრეწველობა წარმოების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, ასევე მარალია ტერიტორიული კონცენტრაცია, მაგალითად, სან-პაულუს შტატი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 3% უკავია და როემლზეც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 20 %, აწარმოებს ეროვნული მრეწველობის 55%-ს.
ბრაზილიის ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს განეკუთვნება კვების (შაქრის მრეწველობა, ხორცის, თამბაქოს, ზეთსახდელი) და მსუბუქი მრეწველობა. განვიტარებულია ასევე ცემენტისა და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა.
სოფლის მეურნეობა ბრაზილიის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი დარგია.იგი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი და ექსპორტიორი უდიდესი ქვეყანაა. მეურნეობის ამ დარგში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 30 %-ია დასაქმებული. ჭარბობს მსხვილი მემალულური (ლატიფუნდისტური) და კაპიტალისტური მეურნეობები, გვხვდება ფერმერული ტიპიც.
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მემცენარეობა. წამყვან საექსპორტო კულტურებს წარმოადგენს ყავა, კაკაო, ბამბა, შაქრის ლერწამი, ბრინჯი და სოიო. ყავის მოყვანით, ბრაზილია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. იგი ძირითადად მოყავთ პარანას შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, სან-პაულუს შტატის ჩრდილო-დასავლეთით, მინას-ჟერაისის შტატის სამხრეთ ნაწილსა და ესპირიტუ-სანტუს შტატში. ამ კულტურამ სერიოზული კრიზისი განიცადა 1975 წლის ყინვებისას.
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 784 მლრდ $ (მე-8 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 4.790 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 11, მრეწველობა 39, მომსახურება 50.
- ექსპორტი: ყავა, შაქარი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხე-ტყე, რკინა, მარგანეცი, მანქანები, იარაღი.
- ბიუჯეტი: 100,600 მლნ $.
- ვალუტა: რეალი (BRL).
[რედაქტირება] ტრანსპორტი
ბრაზილიის ტრანსპორტის უმნიშვნელოვანეს სახეობას საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, გზების უმრავლესობა მყარი საფარის გარეშეა. ქვეყნის ავტოპარკი 15 მლნ ავტომანქანას აჭარბებს.
სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენციას ვერ უწევს საავტომობილოს. სარკინიგზო ქსელის სიხშირით გამოირჩევა სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ოკეანის სანაპირო.
სამდინარო ტრანსპორტს ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობა გააჩნია. განსაკუთრებულია მდინარე ამაზონის სისტემის როლი (ამაზონის აუზის მნიშვნელოვანი ნავსადგურებია: ბელენი, მანაუსი, სორტუ-სანტანა).
დიდი მნიშვნელობა აქვს კაბოტიჟურ გადაზიდვებს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. საზღვაო ტრანსპორტი უმნიშვნელოვანეს როლს თამშობს ქვეყნის საგარეო კავშირების განვითარებაში. უდიდესი ნავსადგურებია: სანტუსი, რიო-დე-ჟანეირო, ტუბარანი, სან-სებასტიანი, რიუ-გრანდი).
მნიშვნელოვანია საჰაერო ტრანსპორტის როლი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ტვირთბრუნვის საქმეში. ქვეყანაში 1500-ზე მეტი აეროპორტია, რომელთა შორის 21 საერთაშორისო კლასისაა.
[რედაქტირება] ისტორია
პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს. 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმიგრაციამ - 1808 წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. 1988-92 წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
ბრაზილია სამხრეთ-ამერიკის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფეხბურთით, ყავით, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალით და სამბასა და ბოსანოვას მუსიკით. ღირშესანიშნაობანი - დედაქალაქი ბრაზილია, სალვადორ დე ბაიას, ოლინდას, გოიას, დიამანტინას და ოურუ პრეტუს ისტორიული ცენტრები, იგუასუს, ჟაუს, სერა და კაპივარას ეროვნული პარკები.
[რედაქტირება] ცნობილი ბრაზილიელები
- არქიტექტორი - ოსკარ ნიმეიერი,
- მწერლები – ჟორჟი ამადუ, პაულო კოელიო;
- პოლიტიკოსები - ჟუსელინუ კუბიჩეკი, ფერნანდო კარდოსო;
- სპორტსმენები - პელე, გარინჩა, ზიკო, ბებეტო, რომარიო, რონალდო,რონალდინიო,კაკა, (ყველა ფეხბურთი), ემერსონ ფიტიპალდი, აირტონ სენა, ნელსონ პიკე (ყველა ავტორბოლა).
- მომღერლები - მარისა მონტე, ივეტი სანგალო, სალომე დე ბაია
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Tourist Guide of Brazil
- Brazilian Federal Government
- Chief of State and Cabinet Members
- Brazilian Institute of Geography and Statistics
- Information and Pictures Tourism of Brazil
- Brazil entry at The World Factbook]
- Brazil at UCB Libraries GovPubs
- Brazil at the Open Directory Project]
- Country Profile from the U.S. Library of Congress (1997)
|
|||||||||||
|
|||||
|
|||||